კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ განხორციელდა თბილისში მსოფლიო კრიმინალის ისტორიაში უპრეცედენტო ძარცვა და რისთვის მიანიჭეს სახელმწიფო პრემია ძარცვაში მონაწილე ქართველ ინჟინერს

საახალწლო ნობათი
1963 წლის 26 დეკემბერს სახელმწიფო ბანკის საინკასაციო სამსახურის უფროსს, აპოლონ სალიას, ცენტრალური ფოსტიდან გზავნილის მისაღები ქვითარი სახლში მიუვიდა. 56 წლის სალია იმავე დღეს მივიდა ფოსტაში და მოსკოვიდან გამოგზავნილი ამანათი გამოიტანა. ყუთი სამსახურში მიიტანა, გახსნა და ლენინის პატარა ბიუსტი ამოიღო, რომელიც თაბაშირისგან იყო დამზადებული. ამანათში წერილიც იდო, რომელიც საბჭოთა კავშირის საინკასაციო სამმართველოს სპეციალურ ბლანკზე იყო დაბეჭდილი და ხელს აწერდა სამსახურის უფროსი ევგენი კალინინი. წერილში ეწერა: „ამხანაგო აპოლონ ავთანდილოვიჩ, გილოცავთ დამდეგ 1964 წელს, გისურვებთ ჯანმრთელობასა და წარმატებებს! გიგზავნით საჩუქარს, რომელიც თქვენს კაბინეტს დაამშვენებს. იმედს გამოვთქვამ, რომ მომავალშიც მუხლჩაუხრელად იღვაწებთ საბჭოთა ხალხისა და მშობლიური კომუნისტური პარტიის საკეთილდღეოდ“. სალიამ, შესაძლოა, გულში შეუკურთხა კიდეც პარტიასაც და ევგენი კალინინსაც, მაგრამ, რადგან კომუნისტი იყო, ლენინის თაბაშირისგან დამზადებული ბიუსტი საწერი მაგიდის ცენტრში დადგა. წერილი კი საქაღალდეში შეინახა და მუშაობას შეუდგა.
უპრეცედენტო ძარცვა
1963 წლის 29 დეკემბერს თბილისში გრანდიოზული ძარცვა განხორციელდა, რომელსაც მანამდე პრეცედენტი არ ჰქონია არა მარტო საბჭოთა კავშირის, არამედ მსოფლიო კრიმინალისტიკის ისტორიაში – გაძარცვეს საინკასაციო მიკროავტობუსი და გაიტაცეს 16 მილიონი საბჭოთა მანეთი... ეს თანხა 29 დეკემბერს, დილის 8 საათსა და 30 წუთზე მოსკოვიდან ჩამოიტანეს თვითმფრინავის სპეციალური რეისით და განკუთვნილი იყო საქართველოს ყველა მსხვილი ქარხნის თანამშრომლებისთვის საახალწლო ხელფასებისა და პრემიების დასარიგებლად. მსგავსი პროცედურა ყოველი წლის ბოლოს ხორციელდებოდა, თუმცა, არა ერთსა და იმავე დღეს. თანხის რაოდენობისა და ტრანსპორტირების ზუსტი თარიღის შესახებ ინფორმაციას მოსკოვიდან თბილისში ცენტრალური საინკასაციო სამსახური სპეციალური კოდირებული ფოსტით გზავნიდა წინა დღეს. შიფრი თბილისში მხოლოდ აპოლონ სალიამ იცოდა და თვითონვე ახორციელებდა მის გაშიფვრას. შემდეგ თავის კაბინეტში იბარებდა ოთხ, თითქმის შეუიარაღებელ (მათ ან „ტეტეს“ პისტოლეტები ან „ნაგანის“ რევოლვერები ჰქონდათ) ინკასატორებსა და მძღოლს, აუწყებდა საგანგებო ტვირთის მიღების თარიღს და მათთან ერთად მთელი ღამის განმავლობაში დალუქულ, უფანჯრებო და უტელეფონო ოთხაში ატარებდა ღამეს, რათა გამორიცხულიყო ინფორმაციის გაჟონვა. დილით კი გუშაგი ლუქს აძრობდა კარს, სალია და მისი ხელქვეითები ოთახიდან გამოდიოდნენ, აეროპორტიდან ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე მიჰქონდათ მოსკოვიდან ჩამოსული თანხა და ცენტრალური ბანკის მთავარ სეიფში ინახავდნენ. ფული „ერაზის“ მარკის უფანჯრებო მიკროავტობუსით მოჰქონდათ, რომელსაც არც ჯავშანი ჰქონდა და არც არავინ აცილებდა. აეროპორტიდან ბანკამდე მისასვლელ გზას 20-25 წუთი სჭირდებოდა და მათ არასდროს არანაირი დაბრკოლება არ შეჰქმნიათ. 1963 წლის 29 დეკემბერს კი, 60 კილომეტრ-საათი სიჩქარით მოძრავ „ერაზს“ აეროპორტის გზაზე, რძის კომბინატის მიმდებარე ტერიტორიასთან, მოულოდნელად „ურალის“ მარკის სატვირთო მანქანამ ჩაუჭრა გზა. მიკროავტობუსი ამოყირავდა და გზის მარჯვენა სავალ ნაწილზე გადავარდა. სანამ „ერაზის“ ექვსიოდე მგზავრი გონს მოეგებოდა, სატვირთო მანქანის საბარგული გაიღო და გამოჩნდა რამდენიმე შეიარაღებული ნიღბიანი ადამიანი. მათ „ერაზიდან“ თექვსმეტი ტომარა გამოიტანეს და გაურკვეველი მიმართულებით გაუჩინარდნენ. „ერაზის“ ვერცერთმა მგზავრმა ვერ დაასახელა ვერც მძარცველების ზუსტი რაოდენობა, ვერც მათი იარაღი და ვერც ზუსტი სქესი; საგამოძიებო ექსპერიმენტმა კი აჩვენა, რომ ძარცვამ 15-20 წამს გასტანა.
ხელმოცარული გენიოსი
ძარცვის შესახებ „კაგებეს“ თავმჯდომარეს, ალექსი ინაურს შეატყობინეს. გენერალი უკიდურესად განრისხდა და შემთხვევის ადგილზე პირადად მივიდა. ამ საქმის გამოძიება, რა თქმა უნდა, „კაგებემ“ საკუთარ თავზე აიღო. იქვე დააკავეს სალია და მისი ხელქვეითები. პირველმა დაკითხვამ ვერანაირი შედეგი ვერ გამოიღო და ყველანი საკანში გამოამწყვდიეს. ერთადერთ ხელჩასაჭიდად სატვირთო „ურალი“ რჩებოდა, მაგრამ გაირკვა, რომ ის ავტოსადგომიდან ყოფილა გატაცებული და ეს ძაფიც არაფრის მომცემი გამოდგა გამოძიებისთვის. ჩატარდა სასწრაფო ტრასოლოგიური ექსპერტიზები და დაადგინეს, რომ ბოროტმოქმედები, სავარაუდოდ, სხვა „ერაზის“ მარკის ავტომობილით მიიმალნენ ნაძარცვ ფულთან ერთად. ასეთი დასკვნის საფუძველი კი უშიშროების გამომძიებლებს ასფალტზე აღბეჭდილმა საბურავების კვალმა მისცა. დანაშაული მაინც გაიხსნა და ფული სულ რაღაც ორი დღის მერე, 1963 წლის 31 დეკემბერს აღმოაჩინეს ახალმშენებარე დიღმის მასივის ერთ-ერთი ბოლომდე დაუსახლებელი ხუთსართულიანი „ხრუშჩოვკის“ სამოთახიან ბინაში და შვიდივე ბოროტმოქმედიც დააპატიმრეს, რომელთა შორის ერთი ქალი იყო... დანაშაული კი ასე გაიხსნა: ხელმეორე დაკითხვისას სალიას მოსკოვიდან 26 დეკემბერს გამოგზავნილი ამანათი გაახსენდა. წერილი ყალბი აღმოჩნდა. ლენინის ბიუსტი რომ შეამოწმეს, მასში იმ პერიოდისთვის ჯერ კიდევ „უცხო ხილი“ – მიკროტალღოვანი რადიოგადამცემი აღმოაჩინეს, დანარჩენი კი უკვე ტექნიკის საქმე იყო: გადამცემის კვალს მიჰყვნენ, რადიოქარხანას მიადგნენ და 46 წლის კოტე ქავთარაძეზე გავიდნენ, რომელიც ამ უწყების ყოფილი თანამშრომელი გახლდათ, იმ პერიოდისთვის კი უმუშევარი იყო.
– ქავთარაძე შერეკილია და უსარგებლო მოწყობილობების დამზადებით იყო დაკავებული. თავის ძირითად მოვალეობას უგულებელყოფდა, ჩვენ კი გეგმა გვაქვს. ამიტომ ის სამსახურიდან დავითხოვე, – განუცხადა ქარხნის დირექტორმა უშიშროების გამომძიებელს.
მოგვიანებით რადიოქარხნის დირექტორი თავადვე დაითხოვეს ქარხნიდან არაპროფესიონალიზმის გამო. ის პირადად ცეკას პირველმა მდივანმა, ვასილ მჟავანაძემ შეახურა და უთხრა:
– თქვენი არაკომპეტენტურობის გამო გენიოსები ხელმოცარულები რჩებიან, მათი გამოგონება კი მავნე ნაყოფს ისხამს...
ამ საქმის მთავარი „შემოქმედი” კი 41 წლის ელენე ჯანდიერი იყო. ანტონ მელაძის ქვრივი. ანტონი ადრე სალიას მოადგილედ მუშაობდა. ქალმა ქმრისგან იცოდა მოსკოვიდან თბილისში დიდი თანხების ჩამოტანის შესახებ და სწორედ მან ჩაიფიქრა მთელი ეს კომბინაცია. ერთ-ერთ თანამზრახველს მან მოსკოვიდან გამოაგზავნინა გადამცემიანი ლენინის ბიუსტი, რომელიც სალიამ საკუთარ კაბინეტში დადგა და მისგან გასულ რადიოსიგნალებს, ანუ ლაპარაკს, კოტე ქავთარაძე ისმენდა მიმღები მოწყობილობით. სწორედ ამგვარად შეიტყვეს ბოროტმოქმედებმა თბილისში ჩამოსატანი თანხის დრო და რაოდენობა, ძარცვაში კი ცირკის აკრობატი მსახიობები მონაწილეობდნენ, რომლებსაც ერთადერთი საბრძოლო პისტოლეტი  – „ტეტე“ ჰქონდათ, ავტომატები კი ხისგან იყო დამზადებული და „მულიაჟს“ წარმოადგენდა... შვიდიდან ექვსი ბოროტმოქმედი სხვადასხვა ვადით ჩასვეს ციხეში, კოტე ქავთარაძეს კი პირობითი სასჯელი მისცეს. ის მოსკოვში წაიყვანეს სამუშაოდ და ხელმოცარულმა რადიოინჟინერმა თავისი იდეები საბჭოთა სამხედრო ელექტრონიკის საიდუმლო პროექტში განახორციელა...
P.S. 1973 წელს კონსტანტინე ქავთარაძეს სახელმწიფო პრემია მიანიჭეს.

скачать dle 11.3