კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ აიძულა ვახტანგ გორგასალმა ერთმორწმუნე ოკუპანტი, მისი მოწინააღმდეგის სამხედრო ძალების გამოყენებით დაებრუნებინა ოკუპირებული ტერიტორიები

დაახლოებით 461 წელს, სამი წლის ომის შემდეგ – მას შემდეგ, რაც ქართულმა არმიამ, სპარსული და კავკასიელი ხალხების სამხედრო ნაწილების დახმარებით, ჩრდილოეთ კავკასიაში დაამარცხა ოვსები, ჰუნები და მათი დამხმარე სხვა მომთაბარე ხალხები, ხოლო აფხაზეთში – ბიზანტიური საოკუპაციო გარნიზონები, – დაბრუნდა ქართლში გამარჯვებული ხელმწიფე, უკვე 19 წლის ვახტანგ გორგასალი. მიეგებნენ საგდუხტ დედა-დედოფალი და დები. ტრიუმფით შევიდა მცხეთაში. მრავალი დღის განმავლობაში ადიდა უფალი ვახტანგ მეფემ, სვეტიცხოვლის ძველ ტაძარში, ლოცვითა და ღამისთევებით, და დიდი საბოძვარი გასცა მოქალაქეებისთვის. განსაკუთრებით დააჯილდოვა ჩრდილო კავკასიისა და აფხაზეთის ბრძოლებში დამსახურებული მეომრები.
ომში მოპოვებული ალაფიდან დიდი საჩუქრები გაუგზავნა თავის ბიძას, რანის მთავარს, ვარაზ-ბაკურს, რომელმაც სამხედრო ნაწილები მიაშველა – ათასი მონა, ორი ათასი ცხენი.
თავის იმდროინდელ მოკავშირეს, სპარსეთის შაჰს გაუგზავნა ათი ათასი მონა, ოცი  ათასი ცხენი. ეს ყველაფერი გაატანა ბინქარან მოგვს სპარსეთში და შაჰ ჰორმიზდ მესამისაგან მისი ასულის ხელი ითხოვა. შაჰმა გამოაგზავნა თავისი ასული ბალენდუხტი იბერიის სამეფოს დედოფლად. მზითვად მისცა სომხითი და კავკასიის მეფეების სუზერენობა. წერილი მოსწერა ჩვენს საამაყო მეფეს, სადაც ახალი ლაშქრობისკენ მოუწოდა.
„ჰორმისდისგან, ყოველთა მეფეთ მეფისგან,  ვახტანგისადმი, ათი მეფის მეფისადმი“. შაჰი სთხოვდა ერთობლივ გალაშქრებას ბიზანტიის კეისრის წინააღმდეგ.
ვახტანგ გორგასალს თავისი პრეტენზიები ჰქონდა ბიზანტიელებისადმი. ბიზანტიას ოკუპირებული ჰქონდა ქართული მიწები. მეფეს უნდოდა, აფხაზეთის შემომტკიცება, რათა საბოლოოდ გაედევნა იქიდან ბიზანტიელები და სამხრეთ-დასავლეთ საქართველო დაებრუნებინა, სადაც ბიზანტიელების გარნიზონები ჩამდგარიყვნენ. აბა, ასეთ ხელსაყრელ ვითარებას როგორ გაუშვებდა ხელიდან დიდი პოლიტიკოსი.
ორასი ათასი მეომარი შეკრიბეს ვახტანგმა და სხვა კავკასიელმა მეფეებმა. დადგნენ მტკვრის პირას. ვახტანგს დედის ძმამ, ვარაზ ბაკურმა, რანის მმართველმა, სპარსთა მეფის ბრძანებით, რანის, ადარბადაგანისა და მოვაკანის ჯარი მოიყვანა, ასევე ორასი ათასი მეომარი (ალბათ, რიცხვი გადაჭარბებულია).
მაშინ 22 წლის იყო ვახტანგ მეფე – ახოვანი, მაღალი, უმშვენიერესი სახითა და ძალიან ძლიერი.
გაემართნენ ბიზანტიისკენ. შევიდნენ სომხეთში. ქართველთა და ალბანელთა არმიას შეუერთდნენ სომხეთის ერისთავები: არევ სივნელი, ჯუანშერ ასფურაგნელი, ამაზასპ ტაროვანელი,  თრდატ მეფის შთამომავალი თრდატი. მიადგნენ ქალაქს, რომელსაც ერქვა კარახპოლა, მერე კარნუ-ქალაქი უწოდეს, ახლა არზრუმი ჰქვია. ვერ შეძლეს ქალაქის აღება, რადგან ძალიან მაგარი და მაღალი სამი გალავნით იყო შემოზღუდული და კარგად დაცული. დატოვეს ორი ერისთავი 12 000 მეომრით მეალყედ და დაიძრნენ პონტოსკენ.
გზაზე ვახტანგ მეფემ აიღო და მოაოხრა სამი ქალაქი – ანძორეთი, ეკლეცი და სტერი. მიადგნენ პონტოს ნაპირზე დიდ ქალაქს და უტევდნენ სამი თვე (ეს ან ტრაპიზონია ან სინოპი).
საფრთხე დაემუქრა ბიზანტიას. სპარსები, როგორც კი ხელთ ჩაიგდებდნენ ეკლესიის მსახურებს, კლავდნენ. ვახტანგ გორგასალმა მოსთხოვა სპარსელებს, არ მოეკლათ სასულიერო პირები, არამედ ტყვედ აეყვანათ. გასცა ბრძანება და გააგზავნა ქადაგები, რათა ყველა სასულირო პირი, ეკლესიის მსახურები გამოსულიყვნენ სამალავიდან. გაათავისუფლა სასულიერო პირები.
გამოვიდნენ სამალავებიდან, ტყეებიდან და გამოქვაბულებიდან მღვდლები და დიაკვნები, მორჩილები, ბერები და მონაზვნები. მათ შორის პონტოს ქალაქიდანაც, რადგან უკვე ოთხი თვე ალყაში იყვნენ შევიწროებულნი.
მათ შორის იყო ორი კაცი – პეტრე მღვდელი, რომელიც ნაზიანზში, გრიგოლ ღვთისმეტყველის საფლავზე მღვდლობდა და სამოელ ბერი. ისინი მივიდნენ ვახტანგ მეფესთან და მადლობა მოახსენეს ტყვეების გათავისუფლებისთვის. დალოცეს ქართლის მეფე. გორგასალმა ბრძანა, მასთან მიეყვანათ ყოფილი ტყვეები, მოხუცები და სასულიერო მოღვაწენი. უძლურებს და მოხუცებს სახედრები დაურიგა, ახალგაზრდებს – სამ-სამი დრაჰკანი და გაუშვა. პეტრე მღვდელი და სამოელ ბერი თავისთან დაიტოვა. კარგად იცოდა მეფემ, რასაც აკეთებდა. იქაური მოსახლეობა ხომ ქართული წარმომავლობის იყო. ალბათ, პეტრე და სამოელიც ქართული სისხლის იყვნენ.
კარავში რომ შევიდნენ სერობად (სავახშმოდ), პეტრე მღვდელმა საყვედური უთხრა მეფეს: „რატომ ებრძვი ბერძნებს, სპარსელების მხარეს რატომ ხარ? განა არ იცი, ბერძნები ღვთის ნათესავები არიან, რადგან ჭეშმარიტება აღიარეს და უფალმა მათ უწოდა შვილი და მისცა ბეჭედი, რომლითაც შემუსრავენ ჯოჯოხეთს. ეს ბეჭედი არის ჯვარი“. მამა პეტრემ შესთავაზა ქართლის მეფეს გადასულიყო ერთმორწმუნე ბერძნების მხრეს. მაგრამ, ვახტანგ გორგასლის მიზანი სხვა იყო. ბიზანტიელებს ოკუპირებული ჰქონდათ სამხრეთ საქართველოს ტერიტორიები და ასევე აფხაზეთის ნაწილი. სწორედ ამ ტერიტორიების გასათავისუფლებლად მიემხრო ვახტანგ გორგასალი სპარსეთის შაჰს. ასე რომ, ერთმორწმუნეობას მნიშვნელობა არ ჰქონდა, ოკუპანტი ოკუპანტია.
 გარდა ამისა, იყო სხვა პრობლემაც. მიმდინარეობდა ომი. უამრავი ტყვე ჰყავდათ აყვანილი. სპარსეთის მეფე თავისი დიდი არმიით უკვე წამოსული იყო საომრად. კეისარმა ადრე მოაოხრა სპარსეთის ტერიტორიები. სპარსელები შურისძიებას ლამობდნენ. „ახლა კეისარი მოიწევს ჩემი არმიის გასანადგურებლად, სპარსთა მეფე კი ჩემი არმიის დასახმარებლად. სომხური და ქართული ნაწილები გაცილებით მცირერიცხოვანია, ვიდრე სპარსული. რომ გადავუდგე სპარსელებს, გამიწყრება დედის ძმა ჩემი, რანის მთავარი ვარაზ-ბაკური და მოგვიწევს ერთმანეთს შორის ომი... ასე მოვიქცევი. როცა მაუწყებენ კეისრის მოსვლას, უკან დავიხევთ, არ შევუტევთ... ჩემი განზრახვა ამცნეთ კეისარს, და დაველოდოთ მის პასუხს“.
განზრახვა კი ასეთი ჰქონდა ვახტანგ გორგასალს – ერთმორწმუნე ბიზანტიას უნდა დაებრუნებინა ოკუპირებული მიწები. ქართლის მეფე ბიზანტიის იმპერატორს უნდა ეცნო თავის თანასწორად, ანუ სახელწიფოებს შორის უნდა დამყარებულიყო თანასწორუფლებიანი ურთიერთობა; ბიზანტიის კეისარს და ბერძნულ საპატრიარქოებს უნდა ეცნოთ ქართული ეკლესიის ავტოკეფალია. ხელშეკრულების განმტკიცების მიზნით, იმპერატორს უნდა მიეცა ვახტანგ მეფისთვის თავისი ასული ცოლად (ამ დროს მეფე ვახტანგი უკვე დაქვრივებული იყო).
„თუ ამას გააკეთებს კეისარი, წმიდა მამაო, არც ერთ ტყვეს არ დავიტოვებ და ყველაფერს შევასრულებ,“ - შეჰპირდა გორგასალი.
პეტრე მღვდელი წავიდა კეისარ ლეონ პირველთან ვახტანგ მეფის პირობების გადასაცემად. მეორე დღეს ვახტანგმა მოიწვია კარავში ბიძამისი და სხვა მეფე-სარდლები და უთხრა: „იცით, რომ ბიზანტიელების არმია ძალიან მრავალრიცხოვანია, ბრძოლაში ვერაგულ ხერხებს იყენებენ, ზღვაში მათი გემები მარჯვედ იბრძვიან. როცა სპარსებს ებრძოდნენ, თვით სპარსეთის ძალამაც ვერ გაუძლო. ახლა ვშიშობ, რომ უკნიდან მოგვადგებიან გემებით, წინიდან არმია მოდის, გზებს შეგვიკრავენ და დაგვამარცხებენ მთებსა და ზღვას შორის გამომწყვდეულებს. ავდგეთ და დავიბანაკოთ ზღვიდან უფრო სამხრეთით, რათა გვქონდეს გზა ლხინისა თუ ჭირისათვის“.
აიყარნენ და ხუთი დღის სავალზე სამხრეთით დაბანაკდნენ სპერის ახლოს. ტრაპიზონის (თუ სინოპის) მოქალაქეებმა დაუმადლეს ვახტანგ მეფეს, რადგან უკვე ძალიან უჭირდათ გაძლება. გადარჩა უამრავი ქრისტიანი. და ვახტანგ მეფეს ძღვნად გამოუგზავნეს ათასი ლიტრა ოქრო და ხუთასი თავი სტავრა (ოქრომკედით ნაქსოვი ძვირფასი ქსოვილი).
ამასობაში კეისარს შეხვდა მამა პეტრე და გადასცა ვახტანგ მეფის მოთხოვნები. სპარსელების, ქართველების, სომხებისა და რანების ბიზანტიაში შეჭრით დაშინებულ იმპერატორს, ძალიან გაუხარდა ქართველი მეფის საზავო წინადადება. თანხმობა შემოუთვალა ჩვენს ხელმწიფეს და შემოჰფიცა, რომ ყველაფერს შეასრულებდა.
დასავლეთის მიმართულებით მიზანი მიღწეული გახლდათ, ახლა სხვა ამოცანები იყო გადასაწყვეტი.

скачать dle 11.3