კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ოთხიდან ერთ-ერთი

ტკივილმა ხელ-ფეხი წაართვა. ერთბაშად ვერც გააცნობიერა, რა მოხდა, მწვავე, გაუსაძლისი ტკივილი კი მთელ სხეულში იწყებდა გავრცელებას – მკერდი, მუცელი, თავიც კი მოიცვა. თვალები გახელილი ჰქონდა თუ დახუჭული, ამასაც ვერ ხვდებოდა. „მე დონ დენტონი ვარ, ცნობილი ტელეწამყვანი, ყველაზე პოპულარული შოუს წამყვანი. ჩემი გადაცემის რეიტინგი ძალიან მაღალია... თვალები უნდა გავახილო... უნდა გავახილო... შეუძლებელია, რომ მოვკვდე...“
დონ დენტონი ტელევიზორის წინ, სავარძელში იჯდა და ჩართული ტელევიზორის ეკრანს მისჩერებოდა. ტელევიზორში მის შოუს უჩვენებდნენ. ჩვეულებრივ, გადაცემას დღისით იწერდნენ, მაგრამ ეთერში საღამოს რვაზე უშვებდნენ. დენტონი ყოველთვის უყურებდა გადაცემას და შენიშვნებს პატარა ბლოკნოტში იწერდა. ზუსტად ორ საათს ატარებდა ხოლმე ტელევიზორთან. წინასწარ ბურბონს დაისხამდა, ბუხარს აანთებდა და ამ დროს მას ვერავინ შეაწუხებდა. იმ საღამოსაც ასე იყო – წამყვანმა ჭიქა სასმლით შეავსო და ვეება ტელეეკრანის წინ მოთავსდა. გადაცემა უკვე დაიწყო. დენტონმა ბლოკნოტი გადაშალა და ეკრანზე მისი მოღიმარი სახე გამოჩნდა.  გვერდით თანაშემწე, შოუმენი ედი ბეილიკი ედგა ჩვეულ, მასხარას ამპლუაში – მას ასეთი როლი ჰქონდა გადაცემაში. დონმა არცთუ ნიჭიერი მსახიობი ერთ იაფფასიან ვარიეტეში იპოვა და თავისთან წაიყვანა. ედი მალე ძალიან პოპულარული გახდა. მას უკვე სხვადასხვა კორპორაციულ წვეულებაზე ეპატიჟებოდნენ და სერიოზულ თანხებსაც უხდიდნენ...
კარი ჩუმი ჭრიალით გაიღო. დონმა აშკარად გაიგონა, რომ ოთახში ვიღაც შემოვიდა. წამყვანი გაბრაზდა – ყველამ იცოდა, რომ არ უნდა შეეწუხებინათ, ამ დროს ის არავისთვის არ იყო სახლში. სავარძლიანად შებრუნდა, რომ სიმყუდროვის დამრღვევისთვის რისხვა დაეტეხა თავზე. ცუდად განათებულ შემოსასვლელში ვიღაცის ფიგურა აღიმართა. გეგონებოდათ, იანვრის თვეში ალპებში წასასვლელად გამოეწყოო, ისე იყო გახვეული ვეება ქურქში და, უფრო ცხოველს ჰგავდა, ვიდრე ადამიანს...
– ეშმაკმაც წაგიღოს, ვინ ხარ?
უცებ, პასუხის ნაცვლად, იმ ადგილას, სადაც, წესით, ფიგურის მუცელი უნდა ყოფილიყო, უცნაურად განათდა და ფორთოხლისფერი ალიც ავარდა. გრუხუნი ბინის კედლებს მიასკდა და დონი მიხვდა – მას ესროლეს, თანაც, ტყვია სადმე კი არ მოხვდა, მაგალითად, ფეხში ან ხელში, არამედ, გულში და ახლა მოკვდებოდა. მარტოდმარტო, ამ სავარძელში. ფეხებს უკვე ვეღარ გრძნობდა... ვის, ვის შეიძლებოდა, მოეკლა?
მისი ბინის გასაღები ოთხ ადამიანს ჰქონდა, რომელთაგან დამლაგებელი ქალი სათვალავში ჩასაგდებიც არ იყო. რჩებოდნენ მისი ყოფილი ცოლი – ნენსი, რომელმაც საყვარელთან, დონის პროდიუსერთან – ჰერბი მარტინთან ამჯობინა საცხოვრებლად გადასვლა; ედი ბეილიკი – თანაშემწე და, მისი სტენმენი – შოუს სცენარისტი. დონმა დაიგმინა... რომელი, რომელი მათგანი იყო? მოტივი სამივეს ჰქონდა: დონს ყოფილ ცოლთან და მის საყვარელთან დაძაბული საუბარი გაახსენდა:
– განქორწინება მინდა, დენტონ, – უთხრა ნენსიმ და ჰერბის ხელი ჩასჭიდა.
დონმა კბილები გააღრჭიალა და ბიფშტექსის მოზრდილი ნაჭერი პირისკენ გააქანა.
– განქორწინება მინდა-მეთქი, –  გაუმეორა ქალმა.
– არა, შენ ჩემი საკუთრება ხარ – ეს ასე იყო და ასეც დარჩება, გეყოფა ამაზე ლაპარაკი, მადას წამიხდენ.
– სიამოვნებით დაგინაყავდი ცხვირ-პირს, მაგრამ, ნენსი არ მაძლევს ამის უფლებას, – გამოსცრა ჰერბიმ, – ჩვენ მაინც ერთად ვიქნებით, გინდა შენ ეს თუ არა... გისურვებ, მაგ ლუკმამ დაგახრჩოს, ან მანქანა დაგეჯახოს, ან სტუდიაში განათება დაგეცეს და იატაკზე გაგაბრტყელოს...
დონს მაშინ დიდი ყურადღება არ მიუქცევია ცოლის საყვარლის მიერ ღვარძლით ნათქვამი ამ სიტყვებისთვის, მაგრამ ახლა, როცა მკერდში ტყვიაშერჭობილი იწვა, კარგად ხვდებოდა, რომ მისი მკვლელობის მოტივი ნენსისაც ჰქონდა და ჰერბისაც. ნენსის საყვარელზე გათხოვება უნდოდა, თან, ქმრის ქონების ერთადერთი მემკვიდრეც იყო, ანუ მარტო მოტივი კი არა, დონის მოკვლის დიდი სურვილიც სახეზე იყო. დონს სახე შეეჭმუხნა ტკივილისგან. სიკვდილს სულ ახლოს გრძნობდა, ისე ახლოს, თითქოს მის ცივ სუნთქვასაც კი შეეხო. მაინც, რომელი იყო – ნენსი თუ ჰერბი? რა უნდა გაერჩია იმხელა ქურქში, მით უფრო, რომ წესიერად არც კი დაუნახავს. დონმა დაიგმინა. ტელეფონამდე მისვლა მაინც რომ მოეხერხებინა... მაგრამ, უსიცოცხლო, მომჩვარული სხეული მისი ბრძანების შესრულებაზე უარს ამბობდა. მალე მზერაც ბუნდოვანი გაუხდა, მხოლოდ ტელევიზორის ხმა ჩაესმოდა გარკვევით – ახლა ედი ბეილიკი გაჰყვიროდა თავის უნიჭო ხუმრობებს... ედი... ჰო, მასაც აუცილებლად ექნებოდა დონის მოკვლის სურვილი. ბოლო დროს ზედმეტად ამბიციური გახდა და წამყვანს მასთან ბოლო, დაძაბული საუბარი ჰქონდა:
დონი სარკის წინ იჯდა და სახიდან გრიმს იშორებდა – ის წუთია, გადაცემის ჩაწერა  დაასრულეს. ზურგს უკან მასხარას ფიგურა აღიმართა – ის უხმაუროდ შემოვიდა საგრიმიოროში და კედელს მიეყრდნო... პარიკი ზედმეტი პუდრისგან გაშეშებოდა და ყალყზე შემდგარი ფაფარივით ჰქონდა. ცხვირი და ნიკაპი მკვეთრად ჰქონდა წინ წამოწეული. ოდნავ შესამჩნევად დაუვლიდა ხოლმე ნერვული კანკალი...
– დღევანდელი შენი გამოსვლა საშინელი იყო, – უკან მოუბრუნებლად მიახალა დონმა.
– რას ამბობთ, დონ...
– გაჩუმდი! შენ ბოლო დროს საერთოდ აღარ ფიქრობ გადაცემაზე, ერთი სული გაქვს, დროზე მორჩე და გაიქცე კერძო შეკვეთებზე. დაგავიწყდა, ვინ იყავი, როგორი წუმპიდან ამოგათრიე და პოპულარული გაგხადე... კორპორაციულ ღონისძიებებზე ფულს რომ შოულობ, ეგ მხოლოდ ჩემი დამსახურებაა. მორჩა, ამიერიდან არანაირი კერძო შეკვეთა! ფეხს ვერ გადადგამ, ან, საერთოდ დატოვებ გადაცემას!
– დონ, შენ მაგას არ იზამ!
– არა-მეთქი! ჩემი ნებართვის გარეშე სხვაგან გამოსვლის უფლება არ გაქვს. კონტრაქტი ჯერ ისევ მოქმედებს. თუ იმას არ გააკეთებ, რასაც მე გეუბნები, დაგაჯარიმებ, თანაც, ძალიან დიდი თანხით.
– დონ, მე წავალ, აუცილებლად უნდა ვიყო ბოსტონში, ერთ-ერთ ღამის კლუბში...
– დაივიწყე!
– დონ, გეხვეწები...
– დაივიწყე-მეთქი და გადი აქედან!
– როგორ მძულხარ, დონ... ნამდვილი ურჩხული ხარ...
...მასხარას სიტყვები ახლაც კი გარკვევით გაიგონა და ტკივილი კიდევ უფრო გაუძლიერდა.
„რატომ ვარ ურჩხული, რატომ!” – უნდოდა, მთელი ხმით ეყვირა ეს სიტყვები, მაგრამ, ვერ შეძლო – ყელიდან მხოლოდ ხავილი აღმოხდა, მომაკვდავის უბადრუკი ხროტინი...
– გილოცავ! შენ ის მოკალი, – უთხრა ერთმა მძარცველმა მეორეს, დიდ, უშნო ქურქში გამოწყობილს, – დამიზნება ვერ ისწავლე... დროზე მოვუსვათ აქედან, სანამ „სველზე“ დავუჭერივართ...
– მერე, ნივთები? ტელევიზორი მაინც წავიღოთ...
– მანამდე უნდა გეფიქრა ნივთებზე, სანამ ტყვიას გულში მიარჭობდი. არ მაქვს სურვილი, ელექტროსკამზე მოვხვდე. მე ქურდი ვარ, მკვლელი კი არა, შენ კი ნამდვილი იდიოტი ხარ...

скачать dle 11.3