კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ლავრენტი ბერიას სპეცოპერაციები აღმოსავლეთ ევროპაში

1944 წელს საბჭოთა  არმიამ  აღმოსავლეთ ევროპის ოკუპაცია  დაიწყო და ამ  საქმეში საიდუმლო პოლიციის როლი უზარმაზარი  იყო.  სპეცოპერაციებს, რომლებიც აღმოსავლეთ ევროპაში ჩატარდა,  ლავრენტი ბერია უშუალოდ ხელმძღვანელობდა.  ამაზე გვესაუბრება  ისტორიის დოქტორი, საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი, ნიკა  თევზაძე.
– როგორც  ცნობილია,  1943  წელს სტალინმა საიდუმლო პოლიციის მორიგი რეორგანიზაცია განახორციელა. სამხედრო კონტრდაზვერვა (სმერში)  უშუალოდ თავდაცვის სახალხო კომისარიატს დაექვემდებარა. „შინსახკომს”  გამოეყო უშიშროება, შეიქმნა უშიშროების  სამმართველო,  რომელსაც  სათავეში ვსევოლოდ მერკულოვი ჩაუდგა. ბერია „შინსახკომის” სათავეში დატოვეს და პარალელურად, ყველა ძალოვანი  სტრუქტურის კურირება  დაავალეს.   სტალინის ბრძანებით, ლავრენტი უშუალო კონტაქტში შედის   აღმოსავლეთ ევროპის ყველა  ანტიფაშისტურ ძალასთან.  ის უშუალოდ კურირებს სპეცოპერაციებს, რომლის შედეგადაც  ხელისუფლებაში პრორუსული ძალები უნდა მოსულიყვნენ. ამით, დასავლეთი  უკვე მომხდარი ფაქტის წინაშე უნდა დაეყენებინათ. სტალინი დარწმუნებული იყო,  რომ არც ლონდონი და არც ვაშინგტონი მოსკოვთან კონფრონტაციაზე  არ წავიდოდნენ  და აღმოსავლეთ ევროპას დათმობდნენ. ლავრენტი თავისი ემისრების მეშვეობით კონტაქტში  შევიდა როგორც აღმოსავლეთ ევროპის  მთავრობებში არსებულ ანტინაცისტურ წრეებთან, ასევე ეგრეთ წოდებულ „ფრონტებთანაც“. მას უშუალო შეხვედრები ჰქონდა ბულგარელ არქიტექტორ ლულჩევთან,  რომელიც პრინც კირილეს (მეფე ბორის მესამის ძმა)  დავალებით საიდუმლოდ ჩავიდა მოსკოვში. ბერია, როგორც სტალინის სრულუფლებიანი წარმომადგენელი, ლულჩევს უშუალოდ შეხვდა  და სტალინის სახელით მისცა გარანტია, რომ მოსკოვს   მხოლოდ  ბულგარეთის  ჰიტლერული ბლოკიდან გასვლა  სურს და ამ ქვეყნის სოვეტიზაციას არ აპირებს.  იგივე განუცხადა ლავრენტრიმ გენერალ ლაკატოშსაც,  რომელიც  ადმირალ ჰორტის დავალებით მოსკოვში ჩავიდა.  თუმცა, ყველაზე ახლო ურთიერთობები  რუმინეთის მეფე მიხაი პირველთან  ჩამოუყალიბდა. მიხაის ემისარს,  პოლკოვნიკ ბუტესკუს  ბერიამ განუცხადა: ჩვენ  რუმინეთის შიდა საქმეებში არ ჩავერევით,  მეტიც,  არ გვსურს  არც მონარქიის გაუქმება,  არც სოვეტიზაცია.  მხოლოდ რუმინეთის  ჰიტლერული ბლოკიდან  გასვლა გვინდა.  მიხაი  ამას სიხარულით დაეთანხმა.
– რატომ?
– 1940 წელს რუმინეთში სახელმწიფო გადატრიალება მოხდა.  დამყარდა გენერალ ანტონესკუს დიქტატურა.  მიხაის მამა მეფე კაროლ მეორე ქვეყნიდან გააძევეს,  ტახტხზე კი 17 წლის მიხაი აიყვანეს. ბუნებრივია  ახალგაზრდა მეფეს სძულდა ანტონესკუ, რომელმაც მამამისი დაამხო  და ამ სიძულვილით დაბრმავებული რუსებთან ალიანსზე წავიდა.   1944  წლის  აგვისტოში  ბერიამ რუმინეთში ბოევიკების ჯგუფი  გადასხა.  მათ ბუქარესტამდე მშვიდობიანად ჩააღწიეს. მეფე მიხაის მათ განუცხადეს,  მზად ვართ დაგეხმაროთ! მეფემაც  ეს სიხარული მიიღო.
– გადატრიალება როდის მოხდა?
– 1944 წლის 23  აგვისტოს იასი-კიშინიოვის  წარმატებული ოპერაციის შემდეგ რუმინეთის არმიამ რღვევა დაიწყო. გენერალი ანტონესკუ აწარმოებდა მოლაპარაკებებს  როგორც რუსებთან,  ისე გერმანელებთანაც, რათა რუმინეთისათვის საპატიო ზავი უზრუნველეყო.  მიხაი რომ  არა, სტალინი იძულებული იქნებოდა,  ასეთ ზავზე წასულიყო.  რუმინეთის მეფე უნებლიეთ რუსებს ძალიან დაეხმარა. მან ანტონესკუ სასახლეში გამოიძახა და დააპატიმრა.  ამის შემდეგ მეფემ ხალხს რადიოთი მიმართა   და ამცნო:  ანტონესკუ დამხობილია,  რუმინეთი კი გერმანიას ომს უცხადებს! იმის გამო, რომ მიხაი  სამხედროებს არ ენდობოდა (მათი დიდი ნაწილი ანტონესკუს ერთგული  იყო)  გენერალი  ბერიას ბოევიკებს ჩააბარა. ანტონესკუ   იმ ოთახში გამოამწყვდიეს, სადაც მეფე თავისი მარკების კოლექციას ინახავდა.  მას ბერიას ბოევიკები დარაჯობდნენ.  მალე ბუქარესტში რუსები შევიდნენ.  სტალინის აღფრთოვანება იმდენად დიდი იყო,  რომ მიხაის სამამულო ომის პირველი ხარისხის ორდენი უბოძეს, ომის დამთავრების შემდეგ კი, გამარჯვების ორდენითაც დააჯილდოვეს. თუმცა, ამან  მიხაი ვერ იხსნა.  1947 წელს რუსული არმიისა და სპეცსამსახურების პირდაპირი მონაწილეობით, ეწყობა გადატრიალება.  მიხაი დაამხეს და ქვეყნიდან გააძევეს.  რუმნეთშიაც პრორუსული  კომუნისტური დიქტატურა დამყარდა.
–  მართალია,  რომ ბერიამ  მეფე მიხაის შუბლზე რევოლვერი მიადო და ტახტიდან გადადგომა  ამგვარად აიძულა?
– ეს ინფორმაცია მთლად ზუსტი  არაა.  ბერია  ბუქარესტში მართლაც ჩავიდა,  რათა ოპერაციისთვის ეხელმძღვანელა,  რომლის მიზანი მიხაის გადადგომა  იყო.  რუმინეთში ძალზე დაძაბული მდგომარეობა  შეიქმნა.  პრო-კომუნისტური ელემენტები ქუჩაში გამოვიდნენ.  პასუხად, ამას მოჰყვა გლეხთა არანაკლებ მასობრივი დემონსტრაციები. ისინი მეფეს იცავდნენ. მიხაიმ ჟანდარმერიას უბრძანა,  ქვეყანაში წესრიგი აღედგინათ. მეფემ მოსახლეობას რადიოთი მიმართა: ჩავატაროთ რეფერენდუმი, თუკი  ხალხი იტყვის, რომ უნდა წავიდე,  წავალ, მაგრამ  დიქტატით ამის გაკეთებას ვერავინ  მაიძულებსო.  მაშინდელ რუმინეთში ასეთი რეფერენდუმი მართლა რომ ჩატარებულიყო,  ხალხი მხარს მონარქიის შენარჩუნებას დაუჭრდა.
ბერია,  რომელიც საბჭოთა საელჩოში იმყოფებოდა, მეფეს ტელფონით დაუკავშირდა და უთხრა: თუკი  ძალას გამოიყენებთ, ისეთივე დღე დაგადგებათ, როგორც ნიკოლოზ მეორეს. მაგრამ, თუ გადადგებით და რუმინეთს დატოვებთ, უფლებას მოგცემთ,  მთელი ქონება წაიღოთ და ოჯახიც  თან გაიყოლოთო. ამის შემდეგ  მიხაი ამერიკის ელჩს  დაუკავშირდა.  თხოვნაზე,  რუსებთან ბრძოლაში დაგვეხმარეთო, ელჩმა მიუგო: ჩვენ  დავეხმარებით რუმინეთის მეფეს,  რათა გადარჩეს, მაგრამ  ახლა  არ შეგვიძლია  რუმინელები  რუსებისაგან დავიცვათ.
საღამოს  მეფესთან    რუმინელი კომუნისტების ბელადი გეორგიუ-დეჟი,  პეტრუ გროზა და საბჭოთა კავშირის ელჩი –  ქავთარაძე მივიდნენ.  საუბრისას  პეტრუ გროზამ ანაზდად  რევოლვერი ამოიღო.  მეფის  რეპლიკაზე,  ჩემი შეშინება თქვენს ძალ-ღონეს აღემატებაო, გროზამ მიუგო: მე მოვედი და წავალ, მაგრამ  თუკი თქვენი გადადგომის განცხადება ბერიას არ მივუტანე, აქ  რუსი ჯარისკაცები შემოვლენო. მიხაიმაც დაწერა განცხადება გადადგომის შესახებ.   მას უფლება მისცეს, დაეტოვებინა ქვეყანა, თან წაეღო მთელი თავისი ქონება და წაეყვანა ოჯახიც.
– სხვა ქვეყნებშიაც მსგავსი რამ მოხდა?
– რუმინელებისაგან განსხვავებით, ბულგარელები ყოყმანობდნენ.  1944 წლის სექტემბერში რუსული არმია ბულგარეთში შევიდა. საბჭოთა კავშირმაც ბულგარეთს ომი გამოუცხადა. ბერიამ ბულგარეთის მაშინდელ თავდაცვის მინისტრს, გენერალ მარინოვს  შეუთვალა: ან  მოაწყობთ გადატრიალებას და ხელისუფლებაში „სამამულო ფრონტის“ მთავრობას მოიყვანთ, ან ბულგარეთი ოკუპირებული იქნება! ბერია სტალინის სახელით, პირობას დებდა, რომ გადატრიალების შემთხვევაში,  სოვეტიზაცია  არ მოხდებოდა. მარინოვმაც  1944 წლის 9 სექტემბერს  გადატრიალება მოაწყო.
– რა  მოხდა უნგრეთში?
– ადმირალი ჰორტი  უნგრეთის ომიდან გამოყვანას ცდილობდა,  თუმცა  ინგლის-ამერიკასთან  სეპარატიული ზავის დადება ჩაიშალა. ბერია,  როგორც სტალინის სრულუფლებიანი წარმომადგენელი, უშუალოდ შეხვდა ჰორტის ემისარ ლაკატოშს,  რომელიც მოსკოვში საიდუმლოდ ჩავიდა. ბერიამ მოლაპარაკებების შედეგი უშუალოდ სტალინს მოახსენა.  სტალინმა  პირდაპირ ჰკითხა: „ჰორტის ენდობით?“ „არავითარ შემთხვევაში,“– მიუგო ბერიამ.  „მაშინ  ის ხელისუფებას უნდა ჩამოვაშოროთ და ვილაპარაკოთ მათთან, ვისაც ვენდობით“.
ჰორტი კატეგორიულად  მოითხოვდა,  რომ  რუსეთის არმიას უნგრეთი გაევლო და აქ არ შეჩერებულიყო.  სტალინი იძულებული გახდა, ამაზე დათანხმებოდა. მისი  დავალებით, ბერიამ ლაკატოშს უთხრა: „როგორც თქვენ გინდათ, ისე იქნება!“  რამდენიმე დღის  შემდეგ, ჰორტიმ მოსახლეობას რადიოთი მიმართა და ომიდან გამოსვლის შესახებ ამცნო. გახარებული ხალხი ბუდაპეშტის ქუჩებში გამოვიდა. იყო  ერთი ცეკვა-თამაში, სიმღერები. ანაზდად ქალაქის თავზე  რამდენიმე საბჭოთა გამანადგურებელი გამოჩნდა.  მათ  ხალხს ბომბები დააყარეს. ჰორტი დაამხეს და ხელისუფლებაში  სალაში მოვიდა,  რომელმაც „უნგრეთის ფრონტის“ წევრები, ანუ ბერიას აგენტები   ბუდაპეშტის ცენტრში საჯაროდ ჩამოახრჩო. უნგრეთმაც განაგრძო ბრძოლა ჰიტლერული გერმანიის მხარეზე. საბჭოთა არმიისთვის,  რომელიც დასავლეთისკენ მიიწევდა, ბუდაპეშტი უკანასკნელი სერიოზული დაბრკოლება იყო.  სალაშიმ კატეგორიულად უარყო სტალინის წინადადება კაპიტულაციის შესახებ. ომი კარგა ხანს გრძელდებოდა.   ქალაქი პირწმინდათ  დაინგრა,  მაგრამ  რუსებს  არ დანებდა. ომის შემდეგ სალაში, როგორც სამხედრო დამნაშავე, ჩამოახრჩვეს. ნილაშისტების ფიურერი მართლაც ვაჟკაცურად   მოკვდა,  თუმცა მთელ მის ცხოვრებისეულ გზას ღირსეულს  ნამდვილად ვერ ვუწოდებთ. სალაშიმ   ამაზრზენი დანაშაულებები ჩაიდინა (ებრაელების მასობრივი ხოცვა, სისხლიანი ეგზეკუციები...) უნგრელებსაც  სცხვენოდათ, რომ  ნაცისტი გმირად გამოეცხადებინათ.
– ამრიგად,  ლავრენტი ბერიას წვლილი აღმოსავლეთ  ევროპის  ოკუპაციაში, უდიდესია...
– დიახ,  ასე იყო  1944-45 წლებში...  ასე იყო ომის შემდეგაც,  როცა  აღმოსავლეთ ევროპაში პრორუსული კომუნისტური რეჟიმი დამყარდა.   ბერიამ  ამაში მართლაც უდიდესი წვლილი შეიტანა.

скачать dle 11.3