კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ შეხვდა სტალინი შობის დღესასწაულს 1945 წელს

1945 წლის დადგომას სტალინი ბრწყინვალე განწყობით შეხვდა. ისე იყო გახალისებული, მისი შემხედვარე იფიქრებდით, მეორე სუნთქვა გაეხსნაო. თუმცა, ახალგაზრდული ასაკიდან უკვე კარგა ხნის გამოსული იყო, შესანიშნავად გამოიყურებოდა. საბჭოთა არმია უკვე ევროპაში ანადგურებდა ფაშისტებს, დიდი ბელადი კი გათავისუფლებული ევროპის ახლებურად მოწყობაზე ინტენსიურად მუშაობდა. საბჭოთა პარტნომენკლატურასა და უშიშროებას აუარებელი, თავზე საყრელი სამუშაო დაუნაწილა. 6 იანვარს, 18 საათზე სტალინმა ვლასიკს უბრძანა, ელოხოვის ღვთის გამოცხადების სახელობის ტაძარში წასასვლელად მოვმზადებულიყავით. ვლასიკმა თვალები ჭყიტა, მაგრამ არაფერი უკითხავს. დიდ ბელადს ეს გაოცება არ გაჰკვირვებია და მიუგო: „დღეს ქრისტიანულ-მართლმადიდებლური საშობაო ლოცვა იწყება და ხვალ უდიდესი დღესასწაულია მართლმადიდებლებისთვის. იყო დრო, როდესაც ღამეებს ვათენებდით ტაძარში და სტიქაროსნობისას მღვდელს ვეხმარებოდი. შენ თუ გილოცია ოდესმე?“ – მოულოდნელად ჰკითხა, ისედაც დაბნეულ ვლასიკს სტალინმა და თან, დასძინა: „პირჯვრის სწორად გადაწერა თუ იცი?“ ვლასიკი მალევე გამოერკვა და სხაპასხუპით, პატარა ბავშვს რომ გააზეპირებინებენ, ისე მიუგო: „ამხანაგო სტალინ, მე უღმერთო ვარ და არავინ მწამს“. სტალინს გაეღიმა და კვლავ ჰკითხა: „არც კომუნიზმის და ჩემი?“ ვლასიკი გაფითრდა, ენა ჩაუვარდა და წაიბოდიალა: „არა... რა თქმა უნდა, მწამს, მაგრამ ღმერთის კი არა, თქვენი...“ სტალინს კვლავ გაეღიმა, თუმცა თემა შეცვალა და ისევ საქმეზე გადავიდა: „მიშა (ლაპარაკი ჩემზე იყო) ჩისტი პერეულოკში (ამ მისამართზე მდებარეობდა რუსეთის პატრიარქ სერგის ახალი რეზიდენცია, სადაც ადრე გერმანიის ელჩი, შულენბურგი ცხოვრობდა) გააგზავნე და პატრიარქ სერგის აუწყოს, რომ წირვა-ლოცვაზე ვაპირებ მცირე ხნით მისვლას. შემდეგ კი მასთან ერთად ჩემს აგარაკზე გავემგზავრებით და საშობაო ლიტურგიის გასაგრძელებლად ვინმე შეიგულოს წინასწარ“. როდესაც ვლასიკმა სტალინის ბრძანება გადმომცა, უმალვე მის შესასრულებლად გავეშურე და პატრიარქ სერგის სწორედ ბეწვზე მივუსწარი, ტაძრისკენ მიემართებოდა ფეხით. მაშინ, რა თქმა უნდა, წარმოდგენაც კი არ მქონდა, როგორ უნდა მიმემართა სასულიერო პირისთვის და  ასე დავიწყე: „ამხანაგო სერგი, ამხანაგმა სტალინმა დამიბარა, გადმოქცეთ, რომ ტაძარში წირვა-ლოცვაზე მოვა. შემდეგ კი თქვენთან ერთად კუნცევოში  აქვს გადაწყვეტილი გამგზავრება და გევალებათ, თქვენი შემცვლელი მოძებნოთ საშობაო ლოცვისთვის.” მეუფე სერგი დიდი სიდინჯით მისმენდა, შემდეგ გაეღიმა, პირჯვარი გამომსახა და მხოლოდ ამის შემდეგ გადაულაპარაკა მის თანმხლებ მიტროპოლიტ ალექსის: „მეუფეო, ტაძარში შენ შემცვლი ლოცვისას“. მე თავი დავუკარი მათ და კრემლში მოვბრუნდი. ვლასიკმა რომ დამინახა, მანიშნა და ორივენი დიდ ბელადს ვეახლეთ. სტალინმა გულდასმით მოისმინა და როცა თხრობა დავამთავრე, მითხრა: „პატრიარქი პარტიული არაა, ამხანაგი რომ უწოდო, სასულიერო იერარქიის უმაღლესი წარმომადგენელია და მისთვის მეუფე უნდა დაგეძახა“.  ღვთის გამოცხადების ტაძარში რომ მივედით, იქაურობა მრევლით იყო გაჭედილი. თუმცა, ჩვენები ყველაფერს აკონტროლებდნენ. ვლასიკის ბრძანებით, ყოველი კუთხე-კუნჭული უნდა ყოფილიყო დაცული. ამდენი მორწმუნე ქრისტიანის ხილვამ გულწრფელად გამაოცა. ვერ ვიფიქრებდი, რომ ჩვენს დიად ქვეყანაში ასეთი რამ კიდევ იყო შესაძლებელი. ტაძარში შესვლამდე სტალინმა მკაცრად გაგვაფრთხილა: „არანაირი აქტიურობა არ დავინახო თქვენი მხრიდან, მორწმუნეებს ნუ შეავიწროებთ. ნუ გეშინიათ, ეს ადგილი ისევე უსაფრთხოა, როგორც კრემლი ან კუნცევო!“ ტაძარში შესვლისას დიდ ბელადს პირჯვარი არ გადაუწერია. თუმცა, შევამჩნიე, რომ აშკარად რაღაცას ამბობდა გუნებაში და რატომღაც ვიფიქრე: ლოცულობს-მეთქი. მრევლი თავდაპირველად ისე იყო ლოცვაში ჩართული, რომ სტალინი არავის შეუმჩნევია. შემდეგ ვიღაცამ დაინახა, მიაჩერდა და გვერდით მდგომს ჯერ მუჯლუგუნი გაჰკრა, შემდეგ კი გადაულაპარაკა – სტალინიო. ამგვარად, სულ რაღაც ხუთიოდ წუთში მთელი მრევლი დიდ ბელადს მისჩერებოდა და ერთმანეთს მუჯლუგუნებს ჰკრავდნენ. ამასობაში, პატრიარქი სერგი წირვა-ლოცვას ატარებდა და თან ეტყობოდა, რომ დიდი ბელადის ნიშანს ელოდებოდა, რათა ლოცვა გადაებარებინა და სტალინთან ერთად კუნცევოში გამგზავრებულიყო. როგორც კი პატრიარქი საკუთრხეველში შევიდა, მე, სტალინის ბრძანებით, მასთან მივედი და მოწიწებით, უკვე კარგი მორწმუნესავით, მივმართე: „მეუფეო, ამხანაგი სტალინი მანქანაში გელოდებათ“. სტალინს მთელი გზა მანქანის შუშა აწეული ჰქონდა და არაფერი მესმოდა, რაზე ესაუბრებოდა პატრიარქს. აგარაკზე რომ მივედით, ავტომობილიდან გადმოვხტი, რათა სტალინისთვის კარი გამეღო, მაგრამ მან თვალით მანიშნა, პატრიარქს მიხედეო – დიდ ბელადს კარი გავუღე, ავტომობილს შემოვუარე, პატრიარქს გადმოსვლაში მოვეხმარე, მკლავზე ხელი მოვკიდე და ისე შევუძეხი აგარაკის შენობაში. დიდ სასადილოში, სადაც ბელადი, ჩვეულებისამებრ, სტუმრებს იღებდა, უკვე შეკრებილიყვნენ: ბერია, მოლოტოვი, მიქოიანი, ვოროშილოვი, ჟდანოვი, კალინინი, ხრუშჩოვი და კაგანოვიჩი. სტალინი და მოხუცი პატრიარქი ერთდროულად შევიდნენ ოთახში და ყველამ, ბერიას გარდა, საკმაოდ გაოცებულმა შეხედა უჩვეულო წყვილს. დიდმა ბელადმა მოხუცი პატრიარქი სუფრის თავში დასვა და თავად გვერდით მიუჯდა. მეორე თავში კი ბერია გაამწესა და ტრადიციულად, თამადობა დაავალა. სანამ ბერია ჭიქას აწევდა, სტალინმა წითელი ღვინით სავსე ბოკალი აიღო და წარმოთქვა: „რუსეთი ტრადიციების მიმდევარი ქვეყანაა. ხალხს დღემდე სჯერა ღმერთის და, ვფიქრობ, სწორედ მოვიქეცით, ქვეყანაში მართლმადიდებლობა რომ აღვადგინეთ და მრევლს თავისუფალი არჩევნის საშუალება მივეცით. ვფიქრობ, რუსეთის პატრიარქი სერგი ღირსეულ მამობას გაუწევს ყველა მორწმუნეს. დღეგრძელი და ჯანმრთელი იყავით, მეუფეო!“ სტალინმა მოხუც პატრიარქს ბოკალი მიუჭახუნა და ბოლომდე გამოსცალა სასმისი. იგივე გააკეთეს სუფრის სხვა წევრებმაც. სანამ მეუფე სერგი რამეს იტყოდა, ჯერ სუფრა აკურთხა და მხოლოდ ამის შემდეგ დალია სამადლობელი, რომელიც ასე დაასრულა: „გამარჯვება ახლოა და გარწმუნებთ, ჩვენი ხალხის, მხედრობისა და მთავრობის შეუპოვარი, გმირული საქმიანობის მიღმა, უფალი დგას, რომელმაც ეს ყოველივე შეგვაძლებინა“. ხმა არავის ამოუღია, ხრუშჩოვის გარდა, რომელმაც, აშკარად მაამებლობის გამო წამოიყრანტალა: „რა შუაშია ღმერთი, რომელიც არ არსებობს, როდესაც ჩვენი ხატი და სალოცავი ამხანაგი სტალინია“, – კიდევ რაღაცის დამატება უნდოდა, მაგრამ დიდი ბელადის პირქუშ სახეს წააწყდა და ენა ჩაუვარდა. სუფრაზე ზოგადი საუბარი მიმდინარეობდა, რომელშიც აქა-იქ რელიგიის თემაც გამოერეოდა. არცერთ თანამესუფრეს, ხრუშჩოვისნაირი სისულელის ნატამალიც კი არ უთქვამს და ცდილობდნენ,  არ ჩართულიყვნენ საუბარში. სტალინი აშკარად დაინტერესებული იყო ამ საკითხით და პატრიარქს სხვადასხვა კითხვას აძლევდა: „თქვენ კადრები ახსენეთ და საინტერესოა, სად წავიდნენ ისინი?“ – ჰკითხა სტალინმა სერგის. პატრიარქს ჯერ ჩაეღიმა, რადგან სასულიერო კადრების დიდი ნაწილი რეპრესიებს შეეწირა, შემდეგ კი უპასუხა: „ჩვენ ხალხს პატრიარქად ვამზადებთ, ისინი კი გენერალური მდივნები ხდებიან“. ამით, სერგიმ სტალინზე მიანიშნა, რომელიც ადრე სემინარიელი იყო. სტალინს გაეღიმა, თავი გააქნია და ჩაილაპარაკა: „დედაჩემს სიცოცხლის ბოლომდე უნდოდა, რომ მღვდელი ვყოფილიყავი!“ თანამესუფრეებს ჩაეღიმათ. ერთი საათის შემდეგ კი პატრიარქმა შობა მოგვილოცა და სასადილო ოთახი დატოვა, რათა მოსკოვში გამგზავრებულიყო. მეუფე სერგი თავად სტალინმა მიაცილა მანქანამდე.
მიხეილ თევდორაძის ჩანაწერების მიხედვით

скачать dle 11.3