კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ იგერიებს ვანო ტურაბელიძის გამო ქალბატონების შემოტევებს და რა სიურპრიზს გეგმავს ვანო შეყვარებულისთვის პირდაპირ ეთერში

„ახალი ხმის“ მონაწილე ვანო ტურაბელიძე ანრი ჯოხაძის ერთ-ერთი ფავორიტია. მისმა გამორჩეულმა ხმამ არა მხოლოდ მწვრთნელი, მაყურებელიც მოხიბლა. ვანოს განსაკუთრებულად და გულშემატკივრობს, რომელთან ერთადაც მან კარიერა დაიწყო. თუმცა, მის გულშემატკივრებს შორის კიდევ ერთი ადამიანია – ვანოს შეყვარებული, თიკო ჯიშკარიანი, რომლისთვისაც ვანო პირდაპირ ეთერში დიდი სიურპრიზის მოწყობას გეგმავს. ასე რომ, დაუმესიჯეთ ვანოს, ნომერზე: 0903 300 367.

 ვანო ტურაბელიძე: ჩემს ოჯახში ყველა მღერის  და ეს მამაჩემის დამსახურებაა. თვითონ 7 ინსტრუმენტზე უკრავს. ძალიან პატარები ვიყავით მე და ჩემი და, როდესაც მამაჩემმა მოინდომა, ერთად გაგვეკეთებინა სიმღერები. მერე რაიონის მასშტაბით გამოვდიოდით კონკურსებზე, კონცერტებზე, ფესტივალებზე. თითქმის ყველგან პირველ ადგილზე გავდიოდით. მე და ჩემი და როგორც დუეტი, ისე გამოვდიოდით ყველგან. 15 წლის ასაკში გადავწყვიტეთ, ჩვენი ფული გვეშოვა და მუშაობა დაგვეწყო. მივედით ქუთაისში, რესტორანში „ბაგრატი 1003“. მისი მეპატრონეა ქალბატონი მანანა გოგლიჩიძე, რომელმაც როგორც შვილები, ისე მიგვიღო. მოგვისმინა, მოვეწონეთ და გადაწყვიტა, ყველანაირად დაგვხმარებოდა. „ბრავო 2013-ში“ რომ გამოვედით, სწორედ ქალბატონი მანანას დაფინანსებით ვიყავით და პირველ ადგილზეც გავედით. ვოკალის პედაგოგიც აგვიყვანა, შემოგვთავაზა სწავლა, მუშაობა, სიმღერების ჩაწერა. დღესაც გვერდში მიდგას, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი მას. ის რომ არა, აქამდე ვერ მოვიდოდი. ერთ-ერთ ახალ წელს ქალბატონმა მანანამ ჯული მასინო ჩამოგვიყვანა. მის გვერდით მოგვიწია სიმღერა, აკომპანირება, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ამან დიდი სტიმული მომცა.
– დიდი ხანია, კლასიკას მღერი?
– კლასიკური სიმღერის არსს ჩავწვდი ქუთაისში. პროფესორი რამაზ კუბლაშვილი ქუთაისის სამუსიკო კოლეჯში ასწავლის. მასთან მივედი, მომისმინა, მითხრა: კარგი მონაცემები გაქვს და ჩვენთან ჩააბარეო. სრულიად უსასყიდლოდ მომამზადებინა 4 ნაწარმოები და წელს ჩავაბარე კოლეჯში. პროექტის გამო, სამწუხაროდ, ვერ დავდივარ და იმედია, არ გამომაგდებენ. ჯერჯერობით ეს ჟანრი უცხოა ჩემთვის. რამდენიმე ლექციაზე ვარ ნამყოფი და იმ ოთხი სიმღერიდან ვიცი ეს ყველაფერი. 2-3 პოზიცია ვიცი, არადა, ძალიან ბევრია და 10 წელი მაინც გჭირდება, რომ საოპერო მომღერლად ჩამოყალიბდე. ახლა ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვარ, ვერ გადამიწყვეტია, რა ვქნა. საოპერო მიმართულებით რომ წავიდე, ბევრი დრო მჭირდება, მინიმუმ 10 წელი. კლასიკით არ დამიწყია და ალბათ, კლასიკით არ დავამთავრებ. ამიტომ, ვეცდები, ორივე ჟანრში ვიყო – კლასიკაშიც და საესტრადოშიც. კონკურსში მოგისმენენ, მაგრამ რესტორანში ვერ მიხვალ მხოლოდ კლასიკით. რადგან თბილისში ვარ, ვიფიქრე, საკუთარ თავს დავიფინანსებ-მეთქი და სანაპიროზე რესტორნებში ჩავიარე. ვიკითხე: ვაკანსია ხომ არ გაქვთ-მეთქი. გული დამწყდა ძალიან... ყველა უყურებს ამ პროექტს, მიცნეს, მაგრამ ისე უხეშად მპასუხობდნენ: ვერ ხედავ, გვყავს მომღერლებიო. შეიძლება, ჟანრი არ მოგწონდეს, მაგრამ ამით მომღერალს ხაზი არ უნდა გადაუსვა. რესტორანში კლასიკის მღერას არც ვაპირებდი. 8 წელია, რესტორანში ვმუშაობ, კლასიკის აზრზე არ ვიყავი და შესაბამისად, კარგად ვიცი, რა არის საჭირო რესტორანში მუშაობისას.
– შენი და ისევ შენთან ერთად მღერის?
– ჩემი და გათხოვდა. ჩვენ სულ ერთად ვიყავით, აბსოლუტურად ყველგან. თავიდან რომ გამაცნო, ჩემი შეყვარებულიაო, ჩვეულებრივ მივიღე. რაღაც მომენტში ხელსაც ვუწყობდი, რადგან ძალიან კარგი პიროვნებაა. ყველაფერი ტრადიციულად მოხდა და მერე, რომ გავაცნობიერე: ვაი, მიდის სახლიდან-მეთქი, ძალიან განვიცადე. მაგრამ, წავიდა და მეც გამოვყევი. ქუთაისში ცხოვრობს და მეც წამოვედი, რადგან ძალიან გამიჭირდა. მეორე ნახევარი რომ ჩამოგაჭრან – აი, ასე ვიყავი. გარკვეული პერიოდი ერთად ვცხოვრობდით, მასაც გაუადვილდა ოჯახთან შეგუება და მეც მისი წასვლა. თან, ვმღეროდით, ერთად დავდიოდით. ახლა 9 თვის ფეხმძიმეა და დღე-დღეზე ველოდებით ბავშვს, თუმცა ახლაც მღერის.
– რატომ გადაწყვიტე „ვოისში“ მონაწილეობა?
– ადრე მე და ჩემი და „საქართველოს ვარსკვლავში“ ვმონაწილეობდით, 25 კაცში მოვხვდით, მაგრამ შემდეგ ეტაპზე ვეღარ გადავედით. წელს „ნიჭიერში“ გასვლა გადავწყვიტეთ, გავედით შესარჩევზე, მოვეწონეთ. იმ დღეს სახლში რომ დავბრუნდი, „ვოისის“ აპლიკაციაც შევავსე და იქიდანაც დამირეკეს, საბოლოოდ, „ახალ ხმაში“ გადავწყვიტე მონაწილეობა. ყველა მწვრთნელი მაგარია, მაგრამ ანრი შორს იყურება, იცის, შენგან რა გამოვა. ჩემი ერთი ბგერა დაიჭირა, მეტის საშუალებას არც მაძლევდა ის სიმღერა. მიხარია, რომ მასთან მოვხვდი.
– როგორ მოგწონს ის, რომ ანრიმ კლასიკური ჟანრით წაგიყვანა?
– ახლაც მეშინია ჟანრებში არ დავიკარგო. ანრი პროფესიონალია, რასაც მირჩევს, ის უნდა გავაკეთო და რა თქმა უნდა, მეც მივყვები. რინგზე შესრულებულმა სიმღერამ გაამართლა, დიდ ფსონზე რაც ვიმღერე, იმას დილით უკვე 90-ათასამდე ნახვა ჰქონდა და ძალიან გამიხარდა. კომფორტულად ვრძნობ თავს, როცა კლასიკას ვმღერი, მაგრამ ნერვიულობა მიშლის ხელს. რეპეტიციაზე რომ მინდა გადავიდე სხვა ოქტავაში, გადავდივარ, მაგრამ სცენაზე მეშინია, რადგან ამ ჟანრში გამოუცდელი ვარ. ფინალში თუ გადავალ, ძალიან მაგარი სიურპრიზი მაქვს ერთი ადამიანისთვის.
– შენი შეყვარებულისთვის?
– კი, რომელიც უმაგრესი ადამიანია, ძალიან მიყვარს. დიდი ხანია, ვიცნობ. მამიდაჩემის მეზობლად ცხოვრობენ მისი ბებია და ბაბუა, შესაბამისად, სულ ვხედავდი. თუმცა, მაშინ მისით არ დავინტერესებულვარ. როდესაც ქუთაისში ბარში ვუკრავდი, მეგობრის დაბადების დღეზე მოვიდა. დიდი ხანი არ მყავდა ნანახი, ვერც ვიცანი. თვითონ გამომეცნაურა. რადგან მამიდაჩემის მეზობელი იყო, შევთავაზე: სახლში გაგაცილებ-მეთქი. მეორე კვირას სხვა მეგობრის დაბადების დღეზე იყო, კიდევ გავაცილე, „ფეისბუქზე“ დავიმატე.
– ნომერი გამოართვი?
– გოგონებს ასე ადვილად ვერ გამოართმევ ნომერს. „ფეისბუქზეც“ მამიდაჩემის ხათრით დამამატა. ნომრის გამორთმევაც არ გამჭირვებია, სწორი კუთხით მივუდექი. ერთ კვირაში მივხვდი, რომ ძალიან მიყვარდა. მანამდე არ მჯეროდა ერთი ნახვით შეყვარების, მაგრამ ახლა დავრწმუნდი. ერთ დღესაც მესიჯად დავუწერე ის, რასაც ვფიქრობდი. გაუკვირდა: ერთ კვირაში როგორ შეგიყვარდიო. მაგრამ მალევე დარწმუნდა ჩემს გრძნობაში. დიდი ხანი არ მაწვალა, მოგვიანებით, თვითონაც გამომიტყდა სიყვარულში და დაახლოებით წელიწად-ნახევარია, შეყვარებულები ვართ. დღევანდელი თაობისგან ძალიან განსხვავდება: არ არის მატყუარა, ეჭვიანი, გაუნათლებელი. ხშირად ვსეირნობთ ერთად, თითქმის სულ. ყურებამდე ვარ შეყვარებული, უფრო და უფრო მიყვარდება, თან მასაც უფრო და უფრო ვუყვარდები. ჩვენს ერთად ყოფნამდე ერთი ნაბიჯია დარჩენილი და მინდა ეს „ვოისიც“ ამაში დაგვეხმაროს – ქალაქში, თბილისში იქნება თუ ქუთაისში, ჩვენი პატარა ბუდე მოვიწყოთ, რადგან ვფიქრობ, ახლადაქორწინებულმა წყვილმა მარტო უნდა იცხოვროს. ის რომ არ იყოს ჩემი გამოსვლისას, შეიძლება, ვერც ვიმღერო. დღეში 4-5 საათი ვსაუბრობთ. ჯერ არ დამიძინია ისე, რომ მისი ხმა არ მოვისმინო.
– შენი და, ალბათ, განსაკუთრებულად გგულშემატკივრობს.
– ჩემი და კულტურულად იგერიებს ინტერნეტ-სივრცეში ბოღმიან ქალბატონებს. კრიტიკას არავის ვუშლი, მაგრამ შეურაცხყოფაზე არ უნდა გადავიდნენ: გაასაზიზღრა სიმღერა, რა აცვია, თმა როგორი გაბურძგნული აქვს, როგორ დგას, ხელს როგორ იქნევს. საესტრადო სიმღერა რომ მემღერა, მეცეკვა, ალბათ, ჩამომახრჩობდნენ.

скачать dle 11.3