კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

ქართველმა ხელოვანმა რომის პაპის პირად სამლოცველოში რაჭული ქვები ჩააყოლა და მსოფლიოს 200-ზე მეტ ეკლესიაში იმუშავა მოზაიკაზე

ამირან ბაკურაძე ქართველი მოზაიკოსია, რომელმაც ემიგრაციაში 23 წელი გაატარა და ამ დროის განმავლობაში 200-ზე მეტი ეკლესია შეამკო საკუთარი ოსტატობით. რუსეთში სასწავლებლად წასული, მასწავლებლის წყალობით, რომის პაპთან მოხვდა ვატიკანში და მისი პირადი სამლოცველო შეამკო მოზაიკით, რომელშიც მშობლიური კუთხის, რაჭის ქვები ჩააყოლა. წლების შემდეგ, გადაწყვიტა, რომ უნდოდა საკუთარი ხელობა სამშობლოშიც გამოეყენებინა, უარი თქვა იმ სახელსა და მდგომარეობაზე, რომელიც იტალიაში ჰქონდა და საქართველოში დაბრუნდა.

 ამირან ბაკურაძე: ჯერ კიდევ დაწყებით კლასებში ვიყავი, როცა მასწავლებელმა დაგვავალა, დაგვეხატა ან დაგვეწერა ის, რაზეც ვოცნებობდით და რაც ყველაზე მეტად გვინდოდა. მე ჩვენი სკოლა დავხატე თავისი ფანჯრებით – ასეთი უნდა ავაშენო-მეთქი. ხატვა და მშენებლობა ბავშვობიდან მიყვარდა და რადგან ამ ორ სფეროს არქიტექტურა აერთიანებს, პროფესიად ეს საქმე ავირჩიე და ტექნიკური ინსტიტუტი დავამთავრე. სტუდენტობის პარალელურად, ხეზე ვჭრიდი და ჩემი ერთი ნამუშევარი პატრიარქთან მოხვდა, რომელიც იმ დროს ახალგაზრდებს არჩევდა. უნდოდა, მოსკოვში მოზაიკის შესასწავლად გაეგზავნა. მე და კიდევ ორი ბიჭი შეგვარჩიეს და ასე მოვხვდით მოსკოვში, სადაც მოზაიკაზე მუშაობას ცნობილი მაესტრო, ალექსანდრე კარლაუხოვი მასწავლიდა. ამ ხელობას ხუთი წელი ვეუფლებოდი. შემდეგ ალექსანდრე კარლაუხოვის წყალობით რომში, კონკრეტულად კი, ვატიკანში მოვხვდი. კარლაუხოვი რომის პაპის კაპელას აკეთებდა და მე და კიდევ ერთი ქართველი ბიჭი – ლევან ნავერიანი თანაშემწეებად წაგვიყვანა. კაპელაზე მუშაობის დასრულების შემდეგ იქ დავრჩი და წლების განმავლობაში, საერთო ჯამში, მსოფლიო მასშტაბით ორასზე მეტ ეკლესიაში ვიმუშავე მოზაიკაზე. თავიდან ბუნებრივია, იტალიით დავიწყე. იქ ძალიან ბევრ ტაძარში გავაკეთე მოზაიკა, მარტო რომში დაახლოებით 5-6 ტაძარში ვიმუშავე. მათი მთავარი ტაძარი პადრე პიოა, რომელშიც წელიწადში რვა მილიონზე მეტი მომლოცველი მიდის. შემდეგ იყო ევროპა, აზია, ბეირუთი, ლიბანი, სირია, ამერიკა და სხვა. ყველგან კათოლიკურ ეკლესიებში ვმუშაობდი. ერთადერთი ქვეყანა, სადაც მართლმადიდებლურ ეკლესიაში ვიმუშავე, რუმინეთია. ყველა ქვეყანაში ვატიკანთან არსებული სახელოსნოს სახელით მივდიოდი და არა პირადად ჩემი. იტალიის გარდა, სხვა ქვეყნებში ჩემ მიერ გაკეთებული მოზაიკის გრანდიოზულობის მიხედვით, პორტუგალიის ფატიმას ეკლესიას გამოვარჩევ. ესაა უზარმაზარი თანამედროვე ეკლესია, რომელშიც ცხრა ათასი სკამი ეტევა. კიდევ გამოვარჩევდი საფრანგეთში ლურდს. ჩემი მოზაიკის თემატიკა, ბუნებრივია, რელიგიურია, თუმცა იქ დავალებული მქონდა, რომ მემუშავნა ტრადიციულისგან განსხვავებული სტილით, რომელიც ყველა ასპექტში გამოიხატებოდა. მისი შესრულება უამრავ პროცესთანაა დაკავშირებული. ამიტომ, მხოლოდ ერთი ადამიანი საკმარისი არაა. ვერც მისი შესრულების დროის ხანგრძლივობას განსაზღვრავ, ზოგადად, რადგან სხვადასხვა თემა, ადგილი, ფორმა და სხვა ასპექტი სხვადასხვა დროს მოითხოვს შესასრულებლად. თუმცა, შემიძლია ვთქვა, რომ ყველაზე დიდხანს ბათუმის სამებაში ვმუშაობდი. ეს ეკლესია თითქმის ორი წელი კეთდებოდა. ამდენ ხანში იტალიაში, ალბათ, ხუთ-ექვს ეკლესიას მოვრჩებოდით.
– ქართული ელემენტები თუ გამოგიყენებიათ სხვა ქვეყნებში?
– მოზაიკაში ასეთი ელემენტების გამოყენება პირობითია. ზოგიერთ ეკლესიას ეს თემატურად უხდება, ზოგს არა. იყო შემთხვევა, როცა ეკლესია ზღვის ნაპირას ყოფილა და უკან ფონად ბადე დამიხატავს. ამ მხრივ მათთან თავისუფლებაა. მთავარია, თვალმა აღიქვას სილამაზე და არა გულმა. ჩვენთან, როცა საქმე რწმენას ეხება, კონკრეტული შეხედულებები სახლში უნდა დატოვო და ტრადიციულად დამკვიდრებულ წესებს მიჰყვე. რაც შეეხება ქართულ ელემენტებს, იტალიაში ერთ-ერთ ეკლესიაში ფონზე ქართული წარწერა გავაკეთე (იცინის). ძალიან ლამაზი გამოვიდა, ჩუქურთმას ჰგავდა.
– საერთო ჯამში, ემიგრაციაში რამდენი წელი გატარეთ?
– საქართველოდან სწავლის დამთავრების შემდეგ წავედი, ეს იყო 1993 წელი. ამ წლების განმავლობაში აქ ძალიან იშვიათად ჩამოვდიოდი. რომ შევკრიბო, ალბათ, სულ 15-ჯერ იყო ასეთი შემთხვევა და თითქოს მიმავიწყდა კიდეც აქაურობა. იქ ძალიან დაკავებული ვიყავი, ბევრს ვმუშაობდი და როცა მე ვმუშაობ, სხვა რამეზე კონცენტრირება კი არა, ფიქრიც არ შემიძლია. მთელ დროს სახელოსნოში ვატარებ და საქმეში ვარ ჩაფლული. მუშაობაში გართულისთვის, საღებავებში რომ ვიყავი ამოსვრილი, ხშირად მოუმართავთ კითხვით: ამირან ბაკურაძე სადააო? (იცინის) იტალიაში ვცხოვრობდი, თუმცა მუშაობის გამო, გარშემო რა ხდებოდა, ისიც კი არ  ვიცოდი. სამი წელიწადი იტალიურადაც ვერ ვლაპარაკობდი და ჩემთან ურთიერთობისთვის რუსული ისწავლეს. ქართულს ვერ ვსწავლობთო – ერთულებოდათ. მარტო ის იცოდნენ – ფრთხილად, კარი იკეტებაო (იცინის). მეტროში ჰქონდათ სადღაც გაგონილი. რუსული უფრო გაუმარტივდათ. მე სამი წლის შემდეგ იტალიური ენა თავისთავად ვისწავლე. ასეთი პირობების გამო საქართველოსთან კონტაქტს ნელ-ნელა ვწყვეტდი, მაგრამ, საბედნიეროდ, გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც ამის უფლება არ მომცეს. აქედან იქ მიკვეთავდნენ სამუშაოს საქართველოსთვის. ჩამოვდიოდი, ვაკეთებდი და უკან ვბრუნდებოდი. მათი დამსახურებაა, რომ საკუთარი სამშობლო არ დამავიწყდა, თუმცა, ადრე თუ გვიან, მაინც ყველა თავის სახლს უბრუნდება.
– რომის პაპის პირად სამლოცველოზე მუშაობის წლები გაიხსენეთ.
– რომის პაპის პირად სამლოცველოზე 1997-2000 წლებში ვმუშაობდით. ჩემთან ერთად კიდევ ერთი ქართველი, ლევან ნავერიანი იყო. იმ პერიოდში საქართველოში ვიყავი ჩამოსული. ჩემს მხარეში, რაჭაში ჩავედი, სადაც მდინარეზე ძალიან ლამაზი ქვები ვნახე. შევაგროვე, იტალიაში წავიღე და რაჭის ქვები რომის პაპის პირადი სამლოცველოს მოზაიკაში ჩავაყოლე. პაპი იქვე, ძალიან ახლოს ცხოვრობდა. მუშაობის პროცესში ხშირად მოდიოდა და რაღაცეებს გვეკითხებოდა, მაგრამ ეს არაოფიციალურად ხდებოდა. გარდა ამისა, იყო ოფიციალური შეხვედრები, რომლებიც პრესისთვის იმართებოდა და ასეთ დროს ყველაფერი განსაზღვრული იყო: სად უნდა მდგარიყავი, რა გეთქვა, როგორ მოქცეულიყავი და ასე შემდეგ. ერთ-ერთი ასეთი შეხვედრის დროს, მე ავდექი, პირდაპირ მივაჭერი პაპთან და საქართველოში დავპატიჟე, ვკითხე, როდის ჩამოხვალთ-მეთქი (იცინის). ამას არ ელოდნენ და უცებ ყველა დაიბნა.  მერე მართლა ჩამოვიდა საქართველოში, მაგრამ არა ჩემი დაპატიჟების გამო (იცინის). ჩემი იქ მუშაობის დროს პაპს შევარდნაძე ესტუმრა. აუდიენციის გვერდით ვიყავით, მაგრამ გაგვაფრთხილეს, არავითარ შემთხვევაში გარეთ არ გამოხვიდეთო. ისე მინდოდა, შევარდნაძეს ჩემი ხმა გაეგო, რომ შიგნით ხმამაღლა ქართულად ვყვიროდი, მაგრამ, სამწუხაროდ, უშედეგო აღმოჩნდა ჩემი მცდელობა (იცინის).
– იქიდან წამოსვლა რატომ გადაწყვიტეთ?
– ბოლოს დავიღალე იმათთვის მუშაობით. ვიფიქრე, რაღა აქ ვაკეთო, ხომ შეიძლება, ჩემს ქვეყანაშიც შევქმნა რაიმე-მეთქი? მაისში გადავწყვიტე, წამოვსულიყავი და მაშინვე წამოვედი. თუმცა, აქ ჩამოსვლამდე გარკვეულ პროექტებში ვიღებდი მონაწილეობას, როგორც უკვე გითხარით, იმ ადამიანების დახმარებით, ვინც უფლება არ მომცა საქართველოსთან კონტაქტი გამეწყვიტა. უკვე სამი წელია, საქართველოში პატარა სახელოსნო გვაქვს, რომელიც კრწანისის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვრის, მამა ბესარიონის ხელმძღვანელობით გაიხსნა. ის უკვე ოცდაათი წელია, ჩემი მოძღვარია და მასთან ურთიერთობა არ გამიწყვეტია. ერთად გადავწყვიტეთ ამ საქმის კეთება. როგორც ვთქვი, ბათუმის სამების მოზაიკა უკვე დავასრულეთ და მიხარია, რომ ეს კომპლექსი მნახველებს ძალიან მოსწონთ. პატრიარქმა სიგელებიც გვაჩუქა. ბათუმის კომპლექსი, შეიძლება, ქართული თანამედროვე ხუროთმოძღვრების ნიმუშად და სკოლადაც კი ჩაითვალოს. მოზაიკამ, ალბათ, ადამიანების აღფრთოვანება უნდა გამოიწვიოს, მაგრამ მე მაშინ მივიჩნევ ჩემს მიზანს შესრულებულად, როცა ადამიანი ეკლესიაში შევა და ხატების დანახვისას პირჯვარს გადაიწერს. მაშინ ჩავთვლი, რომ ის გაკეთდა, რაც უფალს სურდა.
– პატრიარქს თუ შეახსენეთ, რომ თქვენ სწორედ ის ხართ, ვინც მისი წყალობით გაემგზავრა ამ ხელობის შესასწავლად?
– კი, პატრიარქი მიცნობს. ორი წლის წინ შევხვდი სვანეთში, სადაც ერთ-ერთ ეკლესიაში რამდენიმე მოზაიკური ხატი შევასრულე და მკითხა, როდის დაბრუნდებიო? მაშინ მე ჯერ არ მქონდა მიღებული გადაწყვეტილება სამშობლოში დაბრუნების შესახებ.
– იტალიაში დაბრუნებას აღარ აპირებთ?
– იტალიაში ოჯახი მყავს – მეუღლე და ორი შვილი, 14 და 10 წლისები არიან. შარშან აქაც მყავდნენ ჩამოყვანილები, მაგრამ ახლა კომპიუტრების ეპოქაა და ურთიერთობებიც აღარ ჭირს. რაც შეეხება საქმეს, იტალიაში ძალიან ბევრი მაქვს, მაგრამ იქ დაბრუნება აღარ მინდა. ბოლოს რომ ვიყავი, მთელი ჩემი სახელოსნო აქ წამოვიღე. დავიღალე იქაურობით. ვერც მანქანამ მომხიბლა, ვერც სახლმა, ვერც გამართულმა მატერიალურმა მდგომარეობამ. მით უმეტეს, რომ აქ არც სახლი მაქვს და არც კარი. მხოლოდ ერთი ძველი მანქანა წამოვიყვანე, დანარჩენი, ყველაფერი დავტოვე, მაგრამ ერთი წამითაც არ მინანია გადაწყვეტილება.
– იქ, სხვა ქართველ ემიგრანტებთან თუ გქონდათ ურთიერთობა?
– ბოლო სამი წელიწადში ქართველი ემიგრანტები ამყავდა და ვცდილობდი, მათაც ჩემთან ერთად ემუშავათ მოზაიკაზე. ამბიციები ნამდვილად არ მაქვს, თუმცა, ერთხელ, 2010 წელს რომში ჩემი გამოფენა მოვაწყვეთ. ეს საქართველოს ელჩის, ქალბატონ ქეთევან ბაგრატიონის სურვილით მოხდა. 35 ნამუშევარი იყო გამოფენილი. მათ შორის: მოზაიკა, მინანქარი, ქანდაკება, ტილო და სხვა. გამოფენა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს დავამთხვიეთ და ბევრი სტუმარი მოვიდა – ქართველიც და არაქართველიც. როგორც ჩანს, ძალიან კარგი გამოვიდა, რადგან ექვსი საათი გრძელდებოდა.

скачать dle 11.3