კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არ ისურვა ქართველმა კაპიტანმა საქართველოს საელჩოსთან დაკავშირება მის გემზე 2 400 კილოგრამი ნარკოტიკის აღმოჩენის გამო დაპატიმრების შემდეგ

10 დეკემბერს ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, გემიდან, რომელსაც ქართველი კაპიტანი ბადრი ბერიძე მართავდა, ფრანგმა სამართალდამცველებმა 10 მილიონი ევროს ღირებულების 2 400 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს. ეკიპაჟი სულ 12 წევრისგან შედგებოდა და მათგან მხოლოდ კაპიტანია ქართველი. ახლა ისინი საფრანგეთის ქალაქ ლილში არიან დაკავებულები. ბერიძის ოჯახის განცხადებით, ბადრი ბერიძე ერთ-ერთმა თურქულმა კომპანიამ  დაასაქმა, რომელთან დაკავშირებაც ახლა ვერ ხერხდება. მომხდართან დაკავშირებით ბადრი ბერიძის შვილს ვესაუბრეთ.

 გიორგი ბერიძე: ამ გემზე მამაჩემი კაპიტნად პირველად წავიდა, თუმცა უკვე დიდი ხანია, რაც მეზღვაურია – ამ სფეროში მოღვაწეობა 1993 წელს დაიწყო. საზღვაო წესების დაცვით, მან ყველა საფეხური გაიარა და ცოტა ხნის წინ კაპიტანიც გახდა. ახლა 56 წლისაა და ასეთი პრობლემა არასდროს შეჰქმნია. ერთადერთი, რაც უკმაყოფილებას იწვევდა, ანაზღაურების საკითხი იყო. ხელფასებს უგვიანებდნენ ხოლმე ეკიპაჟის წევრებს, არადა, ოჯახი მატერიალურად მასზე იყო დამოკიდებული და ეს დიდ სირთულეებს ქმნიდა.
– ძირითადად რომელ ქვეყნებსა და კომპანიებში იყო ხოლმე დასაქმებული?
– ძირითადად საქართველოსა და თურქეთის რამდენიმე კომპანიაში იყო დასაქმებული. ადრე ძალიან დიდხანს იყო ხოლმე ზღვაში – 8-9 თვის განმავლობაში, თუმცა მერე სახლშიც დიდ დროს ატარებდა. ბოლოს 6 თვე იყო წასული. ამჯერად სექტემბრის ბოლოს დაუკავშირდა ერთ-ერთი თურქული კომპანია, რომელმაც უთხრა, რომ უცხოეთში გემი შეიძინა და, სთხოვა, მისი ტრანსპორტირება განეხორციელებინა, ანუ, დანიშნულების ადგილზე ჩამოეყვანა.
– ეს ის გემია, რომელზეც ნარკოტიკები აღმოაჩინეს?
– არა, დანიშნულების ადგილზე რომ ჩავიდა, საიდანაც გემი უნდა წამოეყვანა, იქ სინამდვილეში სხვა გემი დახვდა. თურქები მანამდე ურეკავდნენ და ეუბნებოდნენ, რომ დომინიკის რესპუბლიკაში შეიძინეს გემი და თუ შეძლებდა მის ჩამოყვანას. ვინაიდან მამაჩემს ყველანაირი საბუთი წესრიგში ჰქონდა, ჩვეულებრივ, დათანხმდა. წინასწარ იცოდა, გემი საიდან უნდა წამოეყვანა, თუმცა, შემდეგ სად წაიყვანდა, ამას მეპატრონე გადაწყვეტდა – ასე გვითხრა ოჯახს.
– მანამდე თუ ჰქონდა კავშირი კონკრეტულად ამ კომპანიასთან?
– არა. სხვადასხვა თურქულ კომპანიასთან კავშირი მანამდეც ჰქონია, მაგრამ კონკრეტულად ამასთან პირველად ჰქონდა ურთიერთობა. ეუბნებოდნენ, სასწრაფოდ უნდა ჩამოხვიდე, სხვა შემთხვევაში ჩვენ რაღაც პრობლემა გვექმნებაო. წავიდა და დაახლოებით ორი კვირა თურქეთში იყო გაჩერებული. მიზეზს რომ ვეკითხებოდით, გვეუბნებოდა – დამქირავებლების თქმით, ჯერ ეკიპაჟის დანარჩენი წევრები არ ჩამოსულანო;  ამას უამინდობაც დაერთო და ამიტომ გადაიდო გამგზავრება – ასე ეუბნებოდა მეპატრონე, მაგრამ, რეალურად რაში იყო საქმე, ვერ გავიგე. საბოლოოდ, იქ რომ ჩავიდა, დაგვირეკა და გვითხრა: გემი ძალიან ცუდ მდგომარეობაში დამხვდა: არ ვიცი, ამით ამხელა გზა როგორ უნდა გამოვიარო. დამსაქმებელს რომ დავურეკე, მითხრა – არ ინერვიულო, მე სპეციალისტებს გამოვგზავნი ჩემი ხარჯებით და გემს ისე შეაკეთებენ, რომ გადაადგილება შეძლოს. კაპიტალურ რემონტს კი, აქ რომ ჩამოიყვანთ, მაშინ გავუკეთებ, რადგან მანდ ძვირი ჯდებაო. მამა რამდენიმე დღეში ერთხელ გვიკავშირდებოდა. ოქტომბრის ბოლო ან ნოემბრის დასაწყისი ექნებოდა, როცა გვითხრა: გემი გააკეთეს და უნდა გამოვიდეთო. ჩვენ გემის სახელი ვიცოდით და მის გადაადგილებას თვალყურს ვადევნებდით. წამოვიდა პოლონეთის მიმართულებით და, შემდეგ, როცა ოკეანეში გავიდა, რადარებიდან გაქრა. ეს  ასე ხდება და, როცა გემი სახელმწიფოს უახლოვდება, რადარზე მაშინ ჩნდება. ევროპასთან რომ გამოჩნდა, დაახლოებით 8-9 დეკემბერი იყო. იქიდან გამომდინარე, რომ გემი ავარიული იყო, მინიმალური სიჩქარით მოდიოდა და ამის შესახებ თვითონაც აღნიშნა მამამ. 11-ში ტელეფონით უცნობი პიროვნება დამიკავშირდა და დამტვრეული რუსულით მითხრა: მამათქვენის თხოვნით ვრეკავ, ახლა ის საფრანგეთის ქალაქ ლილშია, პოლიციაში და, მთხოვა, თქვენთვის გადმომეცა, რომ ოჯახმა არ ინერვიულოსო. ეს მითხრა და გაითიშა. თან, ისეთი ნომრიდან დამირეკეს, რომ მე თვითონ გადარეკვა ვეღარ შევძელი.
– როგორ გაიგეთ, რომ გემზე ნარკოტიკები აღმოაჩინეს და მამათქვენი დააკავეს?
– როცა ინფორმაცია ვეღარ მოვიპოვეთ მის შესახებ, გემის სახელის მიხედვით ინტერნეტში ვეძებდით ცნობებს. 12-13 დეკემბერს რუკაზე დავინახეთ, რომ გემი საფრანგეთთან იყო გაჩერებული. მერე ვნახეთ ინფორმაცია, რომ 10 დეკემბერს, გამთენიისას, გარკვეული ეჭვების საფუძველზე ეს გემი ზღვაში გააჩერეს  და 9-საათიანი ჩხრეკის შედეგად აღმოაჩინეს დიდი რაოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება, რომელიც ისეთ ადგილას იყო დამალული, ადვილად ვერ მიაგნებდით – წინ რკინის წინაღობები ჰქონდა გაკეთებული. კადრებში ვნახეთ, რომ რკინის კედელი გამოჭრეს, შიგნით შეძვრნენ და ნარკოტიკებს იქ მიაგნეს. ეს რომ ვნახე, მაშინვე საზღვაო-სატრანსპორტო სააგენტოში დავრეკე და მომხდარის შესახებ ვაცნობე. მათ ეს ინფორმაცია საფრანგეთის საელჩოში გადაამოწმეს და მათაც დაადასტურეს, მაგრამ ინტერნეტში მამაჩემის სახელი და გვარი არ ფიგურირებდა. იქ ეწერა, რომ გემზე თურქეთისა და უკრაინის მოქალაქეები იმყოფებოდნენ. მითხრეს, შეიძლება, იმ დროს მამაშენი იქ არ იყოო, მაგრამ, მე ხომ დამირეკა მანამდე უცნობმა და მითხრა, მამაშენი საფრანგეთშიაო და, ამიტომ, დარწმუნებული ვიყავი, რომ იქ იყო. შემდეგ უკვე საელჩომ გვაცნობა, რომ გემზე ქართველიც იმყოფებოდა, მაგრამ საელჩოში გვითხრეს, რომ თავიდან ამის შესახებ არ იცოდნენ, რადგან მამაჩემს იქ ისეთ საბუთებზე  ჰქონია ხელი მოწერილი, რომლის მიხედვითაც მას არ უთხოვია საქართველოს საელჩოსთან დაკავშირება და, თქვენც ამიტომ ვერ შეგატყობინათო.
– დიახ, საელჩოს განცხადებით, მამათქვენის სურვილი იყო, რომ ამის შესახებ საქართველოს საელჩოსთვის ინფორმაცია არ მიეწოდებინათ.
– მეც სულ ამას მეუბნებიან, მაგრამ, როდის მიიღეს ეს ინფორმაცია, ამაზე პასუხი ვერ გამცეს. შეიძლება მამაჩემმა დაკავების მომენტში არ ჩათვალა საჭიროდ საელჩოს ჩართვა, რადგან წარმოდგენა არ ჰქონდა ამ ყველაფრის შესახებ და, იფიქრა, სიმართლეს ჩემით დავამტკიცებო; თუმცა, შემდეგ, როცა სიტუაციაში გაერკვა,  არ ვიცი, რა მოხდა. ამის შესახებ ოფიციალურად კი არ აქვს გაცხადებული, უბრალოდ, ისეთი საბუთები აქვს შევსებული, რომელშიც წერია, რომ იმ ეტაპზე საქართველოს საელჩოსთან დაკავშირება საჭიროდ არ მიაჩნია. ვიმეორებ: ალბათ, ჩათვალა, რომ სიტუაციას თვითონ მოაგვარებდა. მაგ გემზე პირველად იყო და, თან, ნარკოტიკები ისეთ ადგილას იპოვეს, სადაც კაპიტანს ჩასვლა, გაჭრა და გაჩხრეკა არ ევალება;  ისეთ დეტალებში იყო ჩამალული, რომლებიც არ ჩანდა, გარედან კი ჩვეულებრივად იყო შეღებილი კედელი და, მის უკან რა იმალებოდა, ვის უნდა სცოდნოდა იმის გარდა, ვინც იქ ჩადო. არც კაპიტანს და არც ეკიპაჟის დანარჩენ წევრებს არ ევალებოდათ იმის შემოწმება. დარწმუნებული ვარ, საფრანგეთმა იცოდა მისი ადგილსამყოფლის შესახებ, სხვა შემთხვევაში ასე არ შეამოწმებდნენ.
– მამათქვენის დამსაქმებელ თურქულ კომპანიასთან დაკავშირების მცდელობა გქონდათ?
– კი, მათგან ორი ადამიანის სახელი და ნომერი მქონდა. თუ მამაჩემი რამდენიმე დღე არ გამოჩნდებოდა, მე მათ ვუკავშირდებოდი და მეუბნებოდნენ, რომ ყველაფერი რიგზე იყო. როცა უკვე მომხდარის შესახებ შევიტყვე, ერთ-ერთმა მათგანმა ტელეფონი გათიშა. მეორე თურქულენოვანი იყო და თარჯიმნის დახმარებით ავუხსენი, რატომაც ვურეკავდი, რის შემდეგაც ჩემი ნომერი დაბლოკა. სხვა ნომრიდან რომ დავურეკე, მიპასუხა, მაგრამ, როცა გაიგო, ვინ ვიყავი, კვლავ დამბლოკა და მას შემდეგ ვეღარ ვუკავშირდები.
როგორც ვიცი, წინასწარ პატიმრობაში მყოფს ერთი ზარის უფლება აქვს და, ვერ დავადგინე, რატომ არ დაგვიკავშირდა, ან, მასთან დასაკავშირებლად რა პროცედურებია საჭირო. საგარეო საქმეთა სამინისტროში გვეუბნებიან, ხელს მხოლოდ ის გვიშლის, რომ მან საჭიროდ არ ჩათვალა, ეს ფაქტი საელჩოსთვის ეცნობებინაო.

скачать dle 11.3