კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
თებერვალი 2020 (106)
იანვარი 2020 (195)
დეკემბერი 2019 (257)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)

როგორ აღმოაჩინა კომპანია „გუგლმა” ქართველი თვითნასწავლი მხატვარი და რა იშვიათი უნარი აქვს ვახტანგ აბაშიძეს

პროფესიით ექიმი ვახტანგ აბაშიძე პირველი ქართველია, ვინც კომპანია „გუგლის“ რჩეული გახდა და მისი ნახატები „გუგლის” სპეციალურად შექმნილ პლატფორმაზე განთავსდა. მის მიერ შექმნილი რეკორდული რაოდენობის ფუტურისტული ავეჯის ესკიზებისთვის გასულ წელს რეკორდების ფედერაციამ დააჯილდოვა. თუმცა მისი ნიჭი მხოლოდ ხატვით არ შემოიფარგლება – ვახტანგ აბაშიძეს მრავალნიშნა რიცხვების ზეპირად გამრავლებაც შეუძლია. როგორ აღმოაჩინა საკუთარ თავში ზემოთ ხსენებული უნარები და რა ახალი რეკორდების დამყარებას აპირებს მომავალში, ამის შესახებ თავად ვახტანგ აბაშიძე გვესაუბრა.

 – სამედიცინო ფაკულტეტზე როგორ მოხვდი?
– არ ვიცი. მე ვფიქრობ, 17 წლის ასაკში ადამიანი არ არის საიმისოდ ჩამოყალიბებული, რომ დამოუკიდებლად გადაწყვიტოს თავისი მომავალი პროფესია და მეც ცოტა დაუფიქრებლად და გაუაზრებლად გადავდგი ეს ნაბიჯი, თუმცა სწავლა არ მიმიტოვებია, დავამთავრე უნივერსიტეტი და ექვსი თვე ვიმუშავე კიდეც ჩემი პროფესიით. მერე მივხვდი, რომ მედიცინა არ იყო ის სფერო, სადაც მე ჩემი შესაძლებლობების რეალიზებას მოვახდენდი და თავი დავანებე სამსახურს.
– როდის დაიწყე ხატვა და ვისგან გერგო ეს ნიჭი მემკვიდრეობით?
– მამაჩემი თვითნასწავლი მხატვარია, თუმცა მე არასდროს მიცდია, რამე დამეხატა. რამდენიმე წლის კი წინ ქუჩაში ვსეირნობდი და უცებ ძალიან მომინდა ხატვა. მოვედი სახლში, შევქმენი პირველი ნამუშევარი და მას მერე აღარც გავჩერებულვარ.
– რა არის შენი შთაგონების წყარო?
– ხატვის დროს აუცილებლად მარტო უნდა ვიყო; გარდა ამისა, ვერ ვხატავ, როცა ცუდ ხასიათზე ვარ და ამიტომ ჩემი შთაგონების წყარო ძირითადად კომედიური ჟანრის ფილმებია. კომპიუტერში მუშაობისას, ნახევარ ეკრანზე აუცილებლად მაქვს ჩართული რამე კომედია, მეორე ნახევარზე კი ვხატავ: ცალი თვალი ფილმისკენ მაქვს, მეორეს ნახატს ვადევნებ (იცინის).
– შენი ნამუშევრების რაოდენობით თუ ვიმსჯელებთ, დროის უმთავრეს ნაწილს ხატვაში ატარებ. დღის განმავლობაში მაქსიმალურად რამდენი ნახატი შეგიქმნია?
– საერთოდ, ღამე ხატვა მირჩევნია, თუმცა, როცა მარტო ვარ და არავინ მიშლის ხელს, შემიძლია, მთელი დღე ვხატო. ერთ დღეში, ყველაზე ბევრი, 220 ნახატი მაქვს დახატული. რაც მთავარია, ხატვის დროს არასდროს ვფირობ იმაზე, რომ ნახატი არ განმეორდეს, თუმცა, ამის მიუხედავად, ჩემი გრაფიკული ნამუშევრები 14 ათასს აჭარბებს და მაინც არასოდეს მეორდება.
– რეკორდებზე მოგვიყევი.
– საერთოდ, პირველ ყოვლისა, სიამოვნებითვის ვხატავ. ცხოვრების ამ ეტაპზე ხატვა არის ჩემი მთავარი გატაცება. არ ვმუშაობ, სხვა საქმით არ ვარ დაკავებული და ეს არის ის, რაც ყველაზე მეტად მომწონს და მაინტერესებს. A 4 ფორმატის ფურცელზე კალმით ფუტურისტული ავეჯის ხუთი ათასზე მეტი ესკიზი მაქვს შექმნილი. ამ ეტაპზე შევეშვი ფურცელზე ხატვას და ძირითადად კომპიუტერში ვმუშაობ, სადაც დღეისთვის თოთხმეტი ათასზე მეტი გრაფიკული ნამუშევარი მაქვს. აღმოჩნდა, რომ მსგავსი პრეცედენტი არ დაფიქსირებულა და ამიტომ გასულ წელს საქართველოს რეკორდების ფედერაციამ დამაჯილდოვა, როგორც რეკორდსმენი ამ დარგში.
– „გუგლის” რჩეული როგორ გახდი?
– ორი წლის წინ „გუგლმა” ხელოვანებისთვის ახალი პროექტი – Google Open Gallery წარადგინა. ამ პროექტის ფარგლებში ეძებდნენ ხელოვანებს, რომელთა ნამუშევრებსაც „გუგლი” სპეციალურად გამოყოფილ სივრცეს დაუთმობდა. პირველ ეტაპზე დაახლოებით 15 ხელოვანი უნდა აერჩიათ, მე გავგზავნე ჩემი ნაშრომები და მონაცემები. მალევე მომივიდა შეტყობინება, რომ მსოფლიო მასშტაბით იმ რამდენიმე ხელოვანს შორის ამირჩიეს, ვისაც „გუგლის”  ხელოვანების პლატფორმაზე საკუთარი ადგილი ექნებოდა.
– ვიცი, რომ სამხატვრო აკადემიაშიც მიგიწვიეს, სადაც სტუდენტებს შეხვდი. როგორ ჩაიარა შეხვედრამ?
– თავდაპირველად, აკადემიაში მისვლა რომ მთხოვეს, ცოტა მომერიდა. მე ხომ არანაირი განათლება არ მაქვს ამ კუთხით და, ამიტომ, ძნელია, ვინმეს გავუზიარო ჩემი ცოდნა – ვერ ავხსნი, ვერ გადმოვცემ და ვერც ვინმეს ვასწავლი, რადგან მე ეს არ მისწავლია, თავისით მოვიდა ჩემში ხატვის უნარი. ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო და საოცარი შეფასებები მივიღე ისეთი პროფესიონალი ადამიანებისაგან, ვისი აზრიც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
– ხატვის გარდა, როგორც ვიცი, გაქვს კიდევ ერთი განსაკუთრებული ნიჭი – მრავალნიშნა რიცხვების ზეპირად გამრავლება. რა ასაკიდან აღმოაჩინე შენში ეს უნარი?
– 7-8 წლის ვიქნებოდი. ზაფხული იყო და სოფელში ვისვენებდი, ეზოში ვთამაშობდით ბავშვები და, მახსოვს, უცებ სახლში გავიქეცი და ოჯახის წევრებს ვთხოვე დიდი რიცხები მითხარით და ზეპირად გავამრავლებ-მეთქი. მანამდე არ მახსოვს, მსგავსი რამე გამეკეთებინა, ხატვის მსგავსად, ესეც უცბად მოვიდა.
– ამ კუთხით არ გაქვს რეკორდი დამყარებული?
– არაოფიციალურად მაქვს – ვიდეომასალა არსებობს, სადაც ზეპირად, ეგრეთწოდებული სარკისებური მეთოდით, შვიდნიშნა რიცხვები გავამრავლე ერთმანეთზე.
– რაიმე განსაკუთრებული ხელშეწყობა თუ გჭირდება იმ დროს, როცა ასეთ დიდ რიცხვებს ამრავლებ ერთმანეთზე?
– არა, მთავარია, არ ვიყო დაღლილი და გამოუძინებელი – ასეთ დროს უფრო მიჭირს, დასვენებულ გონებაზე კი უპრობლემოდ ვახერხებ გამრავლებას. გონებაში ვაკეთებ მხედველობით დაფებს, რაც ძალიან მეხმარება.
– ყველაზე დიდი რამდენნიშნა რიცხვები გაგიმრავლებია ერთმანეთზე?
– ჩვიდმეტნიშნა რიცხვი ავიყვანე კვადრატში, ანუ გავამრავლე თავის თავზე, რასაც დაახლოებით ორმოცდახუთი წუთი მოვანდომე, თუმცა ამის შემდეგ ძალიან ვიტვირთები და ვიღლები გონებრივად.
– რაიმე სახის გონებრივი სავარჯიშოები თუ გაქვს, რაც გეხმარება ამ გამოთვლებში?
– არაფერი განსაკუთრებული. სიმართლე გითხრათ, ადრე უფრო ადვილად ვამრავლებდი რიცხვებს; ახლა კი, რაც დრო გადის, ვხვდები, რომ ცოტა უფრო მიჭირს – წინანდელთან შედარებით უფრო მეტ დროს ვანდომებ გამრავლებას.
– რატომ არ გიცდია, მსოფლიო მასშტაბის კონკურსზე გასულიყავი?
– იყო ასეთი შემთხვევა, გერმანიაში გავგზავნე ჩემი მონაცემები და „მეხსიერებითი გამოთვლების მსოფლიო თასზე” მიმიწვიეს, სადაც ორმოცი ქვეყნის წარმომადგენლები იკრიბებოდნენ და ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს, მაგრამ, ვერ წავედი – გამგზავრებასთან დაკავშირებით შემექმნა პრობლემები, რასაც დამოუკიდებლად ვერ მოვაგვარებდი. მივმართე შესაბამის ორგანოებს და ვთხოვე დახმარება – ჩვენი ქვეყნის სახელს გავიტან-მეთქი, მაგრამ, რატომღაც, არ დამეხმარნენ და ვერ წავედი. მას შემდეგ ცოტა იმედგაცრუებული ვარ. მერე, როცა შედეგები დაიდო და გადავხედე, მესამე ადგილს უპრობლემოდ დავიკავებდი.
– როგორია შენი სამომავლო გეგმები?
– მინდა, რომ ჩემი გრაფიკული ნამუშევრები 25 ათასამდე გავზარდო და კიდევ ერთხელ დავაფიქსირო ახალი რეკორდი. ასევე აუცილებლად ვაპირებ ჩემი ნახატების ონლაინ-მაღაზიის გაკეთებას, რითაც ძირითადად უცხოელი დამთვალიერებელია დაინტერესებული.

скачать dle 11.3