კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2019 (54)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)

როგორი ურთიერთობა ჰქონდა სტალინს უფროს ვაჟთან – იაკობთან

სტალინს სამივე შვილი ჰგავდა გარეგნულად, მაგრამ ყველაზე მეტად მისი პირველი ვაჟი – იაკობი. არაერთხელ უთქვამს დიდ ბელადს, იაკობს რომ ვუყურებ, ასე მგონია, ახალგაზრდა კობა მიმზერს სარკიდან, ოღონდ, მარტო გარეგნულად, თორემ, მე და ჩემი უფროსი ვაჟი ისევე განვსხვავდებით ერთმანეთისგან, როგორც ცა და დედამიწაო.
დიდი ბელადისადმი ჩემი უდიდესი პატივისცემის მიუხედავად, ნამდვილად არ იყო ასე, იაკობი და ამხანაგი სტალინი ხასიათითაც ძალიან ჰგავდნენ ერთმანეთს. თუმცა, სტალინი, რა თქმა უნდა, გრანდიოზული ფიგურა იყო და მასთან იაკობი ახლოსაც ვერ მივიდოდა. მიუხედავად ამისა, იაკობი ყოველთვის ცდილობდა, მამის სიტყვა არ დაეჯერებინა, თავის ჭკუაზე ემოქმედა და საკუთარი პრინციპები გაეტარებინა ცხოვრებაში, რაც, რბილად რომ ვთქვა, ყოველთვის სწორი არ იყო. მუდამ გაწონასწორებული სტალინისგან განსხვავებით, იაკობი ფეთქებადი, ემოციური ადამიანი იყო და მხოლოდ მას გამოჰყავდა ხოლმე წყობიდან ამხანაგი სტალინი. მამა-შვილს შორის დავა თითქმის ყოველთვის რაღაც კონკრეტულით იწყებოდა ხოლმე, შემდეგ ამის განზოგადება ხდებოდა და კაცობრიულ ფარგლებს სწვდებოდა. სტალინს მსჯელობაში, აბა, ვინ აჯობებდა, მაგრამ იაკობი ყოველთვის ჯიუტად ამტკიცებდა თავისას და სწორედ ამას გამოჰყავდა წყობიდან დიდი ბელადი.
მაისის ერთ საღამოს სასწავლებლიდან დაბრუნებულ იაკობს აშკარად ეტყობოდა, რომ უკიდურესად აღგზნებული იყო. სახლში მარტო სტალინი იყო. ნადეჟდა სერგეევნა და ბავშვები კი ორი დღით ლენინგრადში იმყოფებოდნენ სტუმრად.
– მამაჩემი სახლშია? – მკითხა იაკობმა.
სანამ პასუხს გავცემდი, სტალინი თავად გამოვიდა კაბინეტიდან და შვილს უთხრა:
– საღამო მშვიდობისა, იაშა.
– მამა, შენთან სასწრაფო საქმე მაქვს, – მიუგო აღგზნებულმა იაკობმა სტალინს.
– ისეთი სასწრაფო, რომ გამარჯობის თქმის დრო არ გაქვს?
– ჰო, – თქვა იაკობმა, რომელიც ჯიუტად არ მიესალმა მამამისს.
სტალინს, რა თქმა უნდა, არ გამოჰპარვია შვილის ასეთი საქციელი და უთხრა:
– აბა, გისმენ.
– კაბინეტში ხომ არ ვილაპარაკოთ? – უთხრა იაკობმა.
– აქ თქვი, შენ ხომ ძალიან გეჩქარება, – მიუგო სტალინმა შვილს. თან, მანიშნა – აქ დარჩიო.
– მამა, შენი ჯალათი ჩეკისტები სულ მთლად თავს გავიდნენ. კაცები აღარ ჰყოფნით და უკვე უდანაშაულო ქალებს აწამებენ.
იაკობის სიტყვებიდან მაშინვე მივხვდი, რაშიც იყო საქმე. სტალინმა კი კოპები შეკრა და შვილს უხეშად მიუგო:
– რაებს ბოდავ, იაშა?
– მე ვბოდავ? გუშინწინ ჩემი თანაკურსელის, ვადიმ ხვოსტოვის დედა „ჩეკამ“ წაიყვანა. იქ საბრალო ქალი აწამეს და ისე გამოუშვეს. სიკვდილს ძლივს გადაურჩა.
– რა დააშავა, რომ ასე მოექცნენ? – ჰკითხა სტალინმა შვილს.
– შენი ძმის ადგილსამყოფელი გათქვიო, – მიუგო იაკობმა.
– რა გვარია ის ქალი?
– ხვოსტოვა, – მიუგო იაკობმა.
სტალინი ჩაფიქრდა, შემდეგ თავი გააქნია და იაკობს უთხრა:
– რაღაც, არ მეცნობა გვარი. ასეთ უკიდურეს ზომებს „ჩეკაში“ მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში მიმართავენ – მაშინ, როდესაც საქმე ეხება ქვეყნის უსაფრთხოებას, ჩემთვის კი არავის არაფერი მოუხსენებია. ხომ არაფერი გეშლება?
– არა, სრულ სიმართლეს ვამბობ. სწორედ ხვოსტოვებისგან მოვედი და ამ ცოტა ხნის წინ პირადად მოვინახულე ლოგინში მწოლიარე, ნაწამები ქალი. – მიუგო სტალინს აღშფოთებულმა იაკობმა.
მართალია, სტალინი არ დაბნეულა, მაგრამ, გაკვირვებული სახე ჰქონდა. ამიტომ ლაპარაკში ჩავერთე და დიდ ბელადს ვუთხარი:
– ამხანაგო სტალინ, იაშა, ალბათ, სემიონ მალცევის ამბავს გულისხმობს. იმ ქალის ნამდვილი გვარი კი მალცევაა. ხვოსტოვი მეუღლის გვარია.
– ყველაფერი გასაგებია, – გაეცინა სტალინს, შემდეგ იაკობს მიუბრუნდა და უთხრა:
– რა გინდა, რა პრეტენზიები გაქვს? ყველაფერი რიგზეა.
– რა არის რიგზე? – აღშფოთდა იაკობი, – შენ ნორმალურ მოვლენად მიგაჩნია ქალის წამება?
სტალინს ჩაეცინა და მიუგო:
– მე არა თუ ნორმალურად, არამედ გადაუდებელ აუცილებლობად მიმაჩნია სახელმწიფოს უსაფრთხოების, ანუ ხალხის, მოქალაქეების სიცოცხლის დაცვა. გასაგებია?
– და ამისთვის უდანაშაულო ქალის წამებაა აუცილებელი? – სარკასტულად გაეცინა იაკობს.
– ეგ სარკაზმი მიწაში ღრმად ჩამარხე, გაიგე? – თქვა სტალინმა.
იაკობმა ისეთი მოძრაობა გააკეთა ხელით, თითქოს მიწა ამოთხარა და ორმოში რაღაც ჩაფლო. შემდეგ კი მამას უთხრა:
– ღრმად ჩავმარხე. რა, მერე?
– მერე ის, რომ ამ ორი დღის წინ კინემატოგრაფთა კლუბის შენობაში უამრავი ასაფეთქებელი აღმოაჩინეს და ჩეკისტებმა ტროცკისტი ტერორისტები გაანეიტრალეს. ეს რომ არ ექნათ, უამრავი ადამიანი დაიღუპებოდა, მათ შორის ბავშვებიც. ამ ყველაფრის ორგანიზატორი კი სემიონ მალცევი იყო, იმ ნაწამები ქალის ღვიძლი ძმა. ქალი უარს აცხადებდა ძმის ადგილსამყოფლის გათქმაზე და ჩეკისტებმაც ამიტომ მიიღეს გადამჭრელი ზომები, დრო არ ითმენდა და იმიტომ. ახლა გასაგებია?
იაკობი შეცბა, თუმცა იხტიბარი არ გაიტეხა და მამამისს უთხრა:
– ქალის წამება სიმდაბლეა.
– ტერორისტის მფარველობა კი უზენაესი სიკეთე, ხომ? – უმალვე მიუგო სტალინმა.
– ჰო, ფრთიანი ანგელოზები არიან ეგ შენი  ჩეკისტები და უზენაეს სიკეთეს სჩადიან.
– იაშა, მოდი, ერთ კითხვაზე მიპასუხე.
– გისმენ.
– ანალოგიურ სიტუაციაში შენ რას იზამდი?
– მე არ ვაწამებდი ქალს! – გადაჭრით მიუგო იაკობმა.
– ბომბები რომ აფეთქდებოდა და ასეულობით ადამიანი დაიღუპებოდა, მათ შორის ბავშვებიც, დიდად მაინტერესებს, რა ჭკუაზე დადგებოდი და როგორ გააგრძელებდი სიცოცხლეს?
იაკობი აწრიალდა, სტალინს ვერაფერი უპასუხა და შურდულივით გავარდა თავის ოთახში. დიდ ბელადს კი ჩაეცინა და მითხრა:
– ლაყბობა ადვილია. ძნელი საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღებაა, მით უმეტეს, მილიონებზე და უზარმაზარ ქვეყანაზე. იაშა უჭკუო არაა, მაგრამ ძალიან ემოციური და ჯიუტია. ცოდოა, უკან დასახევ გზას არ იტოვებს ხოლმე და, შეიძლება, ისეთ ჩიხში შევიდეს, საიდანაც გამოსვლა ძალიან ძნელია....
დიდი ბელადი არ შემცდარა. ერთ-ერთი მორიგი კამათის შემდეგ იაკობი ძალიან დათრგუნული შევიდა თავის ოთახში. ცოტა ხნის შემდეგ კი პისტოლეტიდან საფეთქელში ისროლა ტყვია და სასწაულებრივად გადარჩა... სტალინმა ეს ამბავი რომ შეიტყო, ჯერ გაფითრდა, შემდეგ კი გამწარებულმა თქვა:
– სულელი! უნებისყოფო! თავის მოკვლაც კი ვერ შეძლო!..
მიხეილ თევდორაძის ჩანაწერების მიხედვით

скачать dle 11.3