კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ მოხდა შეტაკება ირაკლი აბაშიძესა და კონსტანტინე გამსახურდიას შორის

„არაერთგზის დამიწერია და ტრიბუნიდან მითქვამს: ჩვენ უნდა ვისწავლოთ სიყვარული ჩვენს თანამედროვეთა მიმართ... ჟამის უსასრულო სრბოლაში ჩვენმა ხალხმა შექმნა თავისი ეროვნული მწერლობა და ისტორია, თავისი ისტორიული პროზა და ფოლკლორი. ჩვენ ყოველივე ამის მემკვიდრენი ვართ“... წერს კონსტანტინე გამსახურდია ირაკლი აბაშიძეზე (წყარო „ბურუსი“)  „...ირაკლი აბაშიძე მეწვია ამ ოცდაათი წლის წინათ ჩემს  მარტოხელა, დაღვრემილ ბინაზე, ჯაფარიძის ქუჩაზე. უნდა ვაღიარო ჩემი სისუსტე, მე მუდამ განსაკუთრებულ გულისყურს ვაპყრობდი ადამიანის გარეგნობას. მაშინაც მომეწონა ეს მშვენიერი, კეთილად აღზრდილი, ბეჭბრტყელი ვაჟკაცი. მან მოკრძალებულად ამოიღო ჯიბიდან თავისი ლექსები და ჩემი თხოვნისამებრ, რეჩიტაციას შეუდგა. ეს ლექსები შეეხებოდა სიყვარულსა და ბუნებისადმი ტრფიალს, მეგობრებს, ამხანაგებს და, რაც უმთავრესია, სამშობლოს. გამოხდა ჟამი. მე გულმოდგინედ თვალს ვადევნებდი ირაკლი აბაშიძის ზრდასა და პერმანენტულ წარმატებას. უნდა გამოვტყდე: საქართველოს მწერალთა კავშირის მდივნობის პირველ პერიოდში, მე მასთან არაერთხელ მქონია შეპაექრება; ისიც უნდა აღინიშნოს: იგი წამკიდეს ზოგიერთმა ენატანიებმა. წარმოიდგინეთ, ამ ხვანჯებში ლომის წილი დაიდვეს ზოგიერთმა უპარტიო მწერლებმა. ესენი ოდესღაც ჩემი თანამებრძოლები იყვნენ. მე მათთვის სიკეთის გარდა, არაფერი გამიკეთებია... ჩემი ბობოქარი ცხოვრების გადამკიდეს, არაერთხელ დამიკარგავს წონასწორობა. ირაკლი აბაშიძე ბედნიერი ბუნების ადამიანად მყავს მინიშნებული. ამას მე იმადაც ვიხსენებ, რომ მწერლობა მარტო ლექსების, რომანებისა და დრამების წერას არ ნიშნავს. თუ მწერლის ქმნილების უკან არა დგას კეთილშობილი ვაჟკაცი, ეს ყოველივე ამაო ჩმახვა აღმოჩნდება. მე არაერთხელ მძაფრად დავჯახებივარ ჩვენს ირაკლის, მაგრამ იგი მუდამ მიფრთხილდებოდა. ერთ-ერთი შეტაკების დროს, ირაკლი გამოვიდა ჩემი რომანის დისკუსიაზე და პირდაპირ გამაოცა მისმა გულტფილობამ და კაიკაცობამ. ირაკლი გახდა „მნათობის” რედაქტორი. იმ ატმოსფეროს, რომელსაც 1953 წლამდე ხელს უწყობდა ერთი გარემოება, რომელიც დღესაც ალპივით აწევს თავზე ჩვენს მწერალთა ორგანიზაციას. ეს არის ზენორმული გადიდება მწერალთა კავშირის წევრებისა. ცხადია, 450 მწერალი იაკობ ცურტაველიდან დღემდის არა ჰყოლია საქართველოს... მე ხშირად მისაყვედურნია ი. აბაშიძის, გ. ლეონიძის, ს. ჩიქოვანისა და ა. მირცხულავასათვის: თქვენი კაიკაცობისა და გულჩვილობის მეოხებით, მწერალთა კავშირის კარები ფართოდ გაუღეთ უნიჭოებს და მათი გაუგონარი მომძლავრების მეოხებით, მაკულატურით ნაგვიანდება ჩვენი ჟურნალ-გაზეთების პორტფელები და გამომცემლობათა გეგმები... ამ აკადემიაში მხოლოდ ელიტას უღებენ კარს. რჩეულთაგან რჩეულს და არა ხელმოცარულ ადამიანებს, რომელთა ნაცოდვილარი მჭლე კატას აეკიდება...
ქართველი ხალხის მოუშუშებელი გულისტკივილი იყო და დარჩება თამარისა და შოთას დაკარგული საფლავი... შვიდნახევარი საუკუნის შემდეგ ქართული პოეტი საყარიბოდ მიდის პალესტინასა და შესანიშნავ ლექსებს უძღვნის ამ ამბავს. სამმა ჩვენმა აკადემიკოსმა – ირ. აბაშიძემ, ა. შანიძემ და გ. წერეთელმა პოეტის ნეშთის ნაცვლად, ჩამოიტანეს რუსთაველის პორტრეტის ანაბეჭდი და ჩვენმა ხალხმა გაიხარა უკვე მოხუცი პოეტის ნახვით... პალესტინური ლექსების ციკლში მრავალი მარგალიტია, მაგრამ ჩემს გულს ყველაზე მეტად მოხვდა სავსებით იშვიათი, დიდი ოპტიმიზმის სხივით გამთბარი „ხმა კატამონთან”. „ო, ენავ, ჩემო, დედაო ენავ, შენ, ჩვენო ნიჭო, სრბოლავ და ფრენავ, შენ, ჩვენი სუნთქვის დიდო ალამო, შენ, ჭირთა ჩვენთა ტკბილო მალამო...”
(ნაწყვეტი წიგნიდან „პალესტინის დღიური“)
24 ოქტომბერი
ისრაელში ღამით, 24 ოქტომბერს დავეშვით.
ეს შორეული და დამქანცველი ფრენა ჩვენმა მეცნიერებმა – აკადემიკოსებმა აკაკი შანიძემ და გიორგი წერეთელმა – მშვენივრად აიტანეს. მეც – როგორც ყოველთვის…
25 ოქტომბერი
…დაუყოვნებლივ, ამ დილიდანვე უნდა შევუდგეთ საქმეს… მაგრამ ჯერჯერობით ჩვენ ისრაელზე არაფერი ვიცით. ჯერ ჩვენ ვდგავართ ფრანცისკანელთა კათოლიკური მონასტრის სახურავზე, მის ფართო ვერანდაზე, და გავცქერით ძველსა და ახალ იერუსალიმს. აგერ გოლგოთა… აგერ აღდგომის ტაძარი… ქრისტეს საფლავი… ომარის მიზგითი… ელეონის მაღალი კოშკი… სიონი… გეთსიმანიის ბაღი… ზეთისხილის მთა… შორს, მთის ძირში „მკვდარი ზღვა“. გეთსიმანიის ბაღი... პატარა სკვერსა ჰგავს მთის ფერდობზე, შიგ თეთრი მონასტერია. სულ ჩვენს ბოდბეს მოგაგონებს კახეთში...
26 ოქტომბერი
…მივედით ჯვარის მონასტერთან, სულგანაბულნი მივადექით გალავნის დაბალ, მაგრამ უზარმაზარ ქვაბში მოთავსებულ რკინის კარებს. ზედ საბელით დაკიდებული რკინის ჩაქუჩით მივუკაკუნეთ. ცოტა ხანიც და… სადღაც შორიდან გამობმულმა მავთულმა გადასწია რკინის ურდული. გალავნის კარები გაიღო. მე არ ვიცი, რომელი ჩვენგანი უფრო ვაჟკაცურად შევიდა მონასტრის გალავანში. შევედით კი სამივე... ესეც ჯვარის მონასტრის საყდარი! შევდგით შიგ ფეხი. სამასი წელი მაინც იქნება, ქართველთაგან აქ არავის უგალობნია. გაკვირვებული შემოვიდა მონასტრის ახალგაზრდა დიაკვანი ბიკენტიოსი. მოგვისმინა, მოგვაჩერდა, აგვზომ-დაგვზომა და წყნარად თქვა: მონასტრის ნამდვილ და ძველ პატრონებს დღესა ვხედავო. როგორ მოგვეწონა ეს სიტყვები ჩვენი უცნაური მღელვარების დროს. თვითონ ეს ახალგაზრდა კაციც მოგვეწონა, რომელიც, აგერ, იერუსალიმის უნივერსიტეტის არქიტექტურული ფაკულტეტის სტუდენტი ყოფილა… შევდგით ფეხი და თვალებით პირდაპირ ვეძგერეთ კედლის მოხატულობას, ფრესკებს, წარწერებს... ჩქარა, ჩქარა, ქართული წარწერები ძველ ქართველ მოღვაწეთა პორტრეტები!.. საზოგადოდ უნდა შევნიშნოთ, რომ ყველა მონასტერში, რომელიც კი დაფუძნებულია ქართველთაგან, ბერძნები სპობენ ყოველ კვალსა ქართველთა მოღვაწეობისას… და მოუსპიათ, მოუსპიათ კიდეც...  – დავაგვიანეთ, ასი წლით მაინც დავაგვიანეთ! – მწუხარედ ამბობს აკაკი შანიძე... იატაკში ჩაჭედილი ლითონის დისკო შევნიშნე, ზედ ქართული, ასომთავრული წარწერით. სწრაფად გავუძახე კედლების წარწერებითა და ფრესკებით გართულ აკაკი შანიძესა და გიორგი წერეთელს, ისინიც მოვიდნენ.. ამოვიკითხეთ: „იდექით მტკიცე და შეურყევლად“… ჟრუანტელმა ამიტანა, ამ პატარა ლითონის დისკომ თითქოს ქვემოდან ამწია და ჰაერში შემისროლა... რით არ ჰგავს ეს ძველი ქართული ახალს: „არც ერთი ნაბიჯი უკან!” დავდექით და ერთ ხანს მდუმარედ ვუცქირეთ ამ დისკსა და ერთმანეთს… საკურთხევლის წინ, იატაკზე, შესანიშნავი მოზაიკური სურათებია: ფარშევანგები, თევზები… „რუსთაველის ნაკვალევზე“… კარგად მიკარნახა ეს სათაური ჩემი სტრიქონებისთვის ჩემმა წინათგრძნობამ ინდოეთში. მივდევთ, მივდევთ „რუსთაველის ნაკვალევს“, ნუთუ ვერაფერს მივაკვლევთ, ნუთუ ვერაფერს ვნახავთ? ნუთუ აქ დამთავრდა და გაქრა კიდეც უდაბნოს მდინარესავით მისი კვალი?
უნდა ვნახოთ, უეჭველად უნდა ვნახოთ!
28 ოქტომბერი
…ჯვარის მონასტერს ნაშუადღევს მივადექით. აკადემიკოსი აკაკი შანიძე მაშინვე შესასვლელი კარების ზღურბლის წარწერას ჩაუჯდა. მას გადაწყვეტილი აქვს, უპირველესად, ზედმიწევნით ეს წარწერა შეისწავლოს. ამოიკითხა ახალი სიტყვა „მსგეფსს“… ჩაჰკირკიტებს შემდეგ სიტყვებს, შემდეგ ასოებს. მე და აკადემიკოსი გიორგი წერეთელი შესვლისთანავე მარჯვენა სვეტს მივადექით. სად უნდა ყოფილიყო აქ დიდი შოთას პორტრეტი?.. შემოვუარეთ სვეტს ირგვლივ, შემოვუარეთ საკურთხევლის მხრიდანაც. გიორგი წერეთელი კითხულობს ბერძნულად: „მაქსიმე აღმსარებელი“, „იოანე დამასკელი“. სწორედ აქ, აი აქ, უნდა იყოს რუსთაველიც, – ვამბობთ ჩვენ. წმიდანთა შორის დარჩენილი ადგილი დღეს მთლიანად ლურჯი, შავი საღებავებითაა დაფარული, მაგრამ აი აქ, ეტყობა, რაღაც უნდა ყოფილიყო და შემდეგ შეგნებულად წაუშლიათ. კარგად ვაკვირდებით ამ ადგილს: ერთგან, საღებავის ქვეშ, რაღაც ძნელად გასარჩევი კვალია ამობურცული. ჩვენ დიდხანს შევცქერით ამ კვალს, აკაკი შანიძეც თავს ანებებს თავის საქმეს და ჩვენ გვიერთდება. სასწრაფოდ სანთელს ვანთებთ და ამობურცულ ადგილს გვერდიდან ვაშუქებთ. ამობურცული ადგილები სინათლის შუქზე გარკვეულ ჩრდილს გვაძლევს. დაბეჯითებით, თვალმოუშორებლად ვაკვირდებით სვეტის ამ ადგილს და ჩვენი მეცნიერები ხმადაბლა, დაფარული მღელვარებით მოულოდნელად კითხულობენ... „ამისა დამხატავსა“, უსათუოდ „ამისა დამხატავსა“ – ამბობს გიორგი წერეთელი, – აქაა წარწერა, ცნობილი წარწერა, მივაგენით... მერე მე წარწერის ქვემოთ, მუქ ლურჯ, შავ საღებავს კარგად ვაკვირდები, აქ კიდევ რაღაც არის ამობურცული. ეს ხომ თითებსა ჰგავს, თითების ლანდს, თითების კვალს. აგერ თვალიც, ნამდვილად თვალი… აკაკი შანიძეც ადასტურებს, რომ იგი თითქოს ამჩნევს თითებისა და თვალის კვალს... ბერძენი ბერი დიონისიოც გვიდასტურებს. ეს კიდევ ქუდი, ესეც მეორე ხელი… ნამდვილად მეორე ხელი. მივაგენით. ნამდვილად მივაგენით! აქ არის რუსთაველის პორტრეტი!.. მაგრამ, რა მდგომარეობაშია ახლა ის? კიდეც რომ გავწმინდოთ, რა დაგვხვდება შავი საღებავის ქვემოთ? ვნახავთ კი მის სახეს?.. ან როგორ შეიძლება, გაიწმინდოს ამ მუქ-ლურჯი, შავ საღებავისგან ისე, რომ თვითონაც არ გაქრეს და წაიშალოს?! არა, გაწმენდა არ შეიძლება, უნდა მოინახოს სხვა რამე საშუალება, რომ საღებავის ქვემოთ გადავიღოთ ის. ხომ არის ასეთი საშუალებანი დღევანდელ ფოტოტექნიკაში?!. უნდა ვეძებოთ, უნდა ვიშოვოთ!..
29 ოქტომბერი
…ისევ ჯვარის მონასტრისკენ. გადაწყდა: აკაკი შანიძე და გიორგი წერეთელი სასწრაფოდ ინახულებენ ისრაელის გამოჩენილ მეცნიერებს, რომელთაც ისინი ამ ზაფხულს გაეცნენ მოსკოვში, ორიენტალისტთა მსოფლიო ყრილობაზე. არ შეიძლება, მათ არ ჰყავდეთ ნაცნობი სპეციალისტები ძველ წარწერათა და ფრესკათა გადაღების საქმეში. მაგრამ დღეს შაბათია... დღეს კვლავ ჯვრის კედლებსა და სვეტებს ვსწავლობთ. როგორც ჩანს, მაქსიმე აღმსარებელსა და იოანე დამასკელსაც ქართული წარწერები ჰქონიათ. ეს წარწერებიც ახლა გულმოდგინედაა წაშლილი. ასევე, ეტყობა, პეტრე და პავლე მოციქულებსაც ჰქონიათ ქართული წარწერა ოდესღაც...
4 ნოემბერი
ცხრა საათზე მოიტანეს რუსთაველის ფოტოსურათის ანაბეჭდი, რომელიც საგანგებოდ შერჩეულმა ფოტოგრაფმა გადაიღო გუშინ... არაფერიც არ გამოსულა. შავ ფონზე რაღაც უსახური ნაკვალევი!
5 ნოემბერი
ეს ერთი კვირა ერთი მძიმე კვირათაგანია ჩემს ცხოვრებაში. იმედის კი არა, სიხარულის ნაპერწკალი ღვივის... არ შეიძლება ყველაფერი ასე დამთავრდეს. ჯერ დრო კიდევ არის. რუსთაველის სურათი მინიშნებულია ზუსტად და ნამდვილად. ის ეტყობა, გადაფხეკილი არაა, მხოლოდ შავი საღებავი აქვს გადაფარებული, ისე როგორც მთელ მის ბიოგრაფიას.. ხომ სულ ერთია, ბოლოს და ბოლოს რომელმა სამღვდელოებამ მოუნდომა მას მოსპობა? თვითონ ჩვენივე ძალებით უნდა მივაღწიოთ ყველაფერს. ასეთია ჩვენი მტკიცე გადაწყვეტილება. მე და გიორგი წერეთელი ვასველებთ წყალში ტილოს ნაგლეჯს და მთელი ძალღონით ვცდილობთ, რაიმე დავაკლოთ რუსთველის შავ საღებავს. ოფლს ვიწმენდთ და ერთმანეთს ვენაცვლებით. არავითარი შედეგი...
6 ნოემბერი
ადრიანად მივდივართ საქმეზე... ვეკვეთეთ რუსთაველის შავ საღებავს ახალი საშუალებებით, რომლითაც დღეს უკვე აღჭურვილები ვართ ფრესკების წმენდის სპეციალისტებისგან.  გამოდის, გამოდის… მოჰკიდა ხელი შავ სუდარას, ქიმიურად შლის, ნელ-ნელა, ძლივს სულ უფრო და უფრო იწმინდება რუსთაველის წითელი ტანსაცმელი... მივყვებით მაღლა, სულ მაღლა. გამოჩნდა თეთრი წვერი, ერთმანეთს ვენაცვლებით, ვღელავთ, ვფუსფუსებთ. სახეს რომ მივუახლოვდით, ვცდილობთ ზედმეტი ძალა არ დავატანოთ მარჯვენას, ერთმანეთს ვაფრთხილებთ, ალერსით, მსუბუქად ვწმენდთ. გვეშინია, თვით რუსთაველის პორტრეტზეც არ ვიმოქმედოთ. სასწაულია, რუსთაველის სურათის ფერებს არაფერი ეკარება, თუ რუსთაველის სურათის ფერები არ იკარებს არაფერს...
ნაშუადღევი, 6 ნოემბერი
ვაშა, გამოჩნდა, გამოჩნდა, დიდებული სახე ბრძენი მოხუცისა!.. მთელ სვეტზე აღმართული წმიდანების: იოანე დამასკელისა და მაქსიმე აღმსარებლის ფერხთა შორის დგას იგი, ხელაპყრობილი... ხოლო ქვემოთ პორტრეტზე „რუ-სთვლი“ – თეთრად გამოანათა მსხვილმა ქართულმა ასომთავრულმა. ჩვენ გადავეხვიეთ ერთმანეთს. რა დიდებული მხატვრობაა! აწ ვეღარსად დაგვეკარგება. ვერავინ წაშლის ჯვრის მონასტრის შოთა რუსთაველს!..

скачать dle 11.3