კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ ატარებს პენტაგონში ზვიად ციკოლიას მიერ შექმნილ საათებს და როგორ მიუძღვნა მან ავიაგამანადგურებელს საათი

მათთან ურთიერთობა განსაკუთრებულად სასიამოვნოა, ბევრი პოზიტივით, დადებითი ემოციითა და ინფორმაციით დატვირთული. ამაში ჯერ კიდევ ბევრი წლის წინ დავრწმუნდი, როდესაც მარინა ხორავასა და ზვიად ციკოლიას ოჯახი გავიცანი. მას შემდეგ ეს უსაზღვროდ ნიჭიერი და საინტერესო ადამიანები ჩემთვის ძვირფას და საყვარელ პიროვნებებად იქცნენ. რაც მთავარია, მათ ოჯახში ორი ძალიან ნიჭიერი ბიჭი იზრდება, რომლებიც, ალბათ, თავიანთი ნიჭით გააგრძელებენ მშობლების წარმატებულ გზას. 
მარინა ხორავა: საერთოდ არ ვართ ტრადიციული ხალხი, არაფრის ტრადიცია არ გაგვაჩნია, გარდა იმისა, რომ, ტრადიციულად, შვილები გავზარდოთ კარგ ადამიანებად.
ზვიად ციკოლია: როგორ არ გვაქვს – დილით ვიღვიძებთ, მერე ყავა მიგვაქვს ერთმანეთთან. ვინც პირველი იღვიძებს, ის სთავაზობს მეორეს ყავას საწოლში.
მარინა: თუმცა, არ „მოსულა” რომელიმეს მიერ ყავის მირთმევის გამო თავის მომძინარება.
ზვიადი: ჩვენთან ასეთი ტრადიციაა: ვინც წევს, იმას ემსახურებიან, მაგრამ ამით არავინ სარგებლობს, რადგან ძირითადად არ ვწევართ და დილიდან საქმეს შევუდგებით ხოლმე. თან, სრული იმპროვიზაცია გვაქვს, რაც საინტერესოა, თუმცა ცოტა დამღლელიც. ჩვენს შემთხვევაში დღეს ვერ დაგეგმავ – შეიძლება, იყოს სრულიად თავისუფალი, ან, პირიქით, სრულიად დატვირთული.
– ზოგჯერ, მეუღლეებს არ უყვართ, როდესაც მუშაობის პროცესში აწუხებენ. თქვენს შემთხვევაში როგორ ხდება?
– მაგალითად, როცა ავღანეთში და ერაყში შევედი, არ ვკითხე აზრი, პირდაპირ შევიყვანე ჯარი – როცა საქმე დიდ პოლიტიკას ეხება, დამოუკიდებლად ვიღებ გადაწყვეტილებებს (იცინის). რაც შეეხება დიზაინს, რა თქმა უნდა, ვეკითხები აზრს.
მარინა: ჩვენ ვაწუხებთ ერთმანეთს, ერთმანეთის აზრი მუდმივად გვაინტერესებს. ზვიკომ იცის, რომ ტყუილად არ მეკითხება აზრს, ისევე, როგორც მე ვეკითხები.
– დიდი ხანია, გიცნობთ და ყოველთვის ჰარმონიული, მოსიყვარულე წყვილის შთაბეჭდილებას ტოვებთ.
– ვინმე თუ ამბობს, რომ მის ოჯახში ყველაფერი მუდმივად ჰარმონიულად არის, ის აუცილებლად იტყუება. ყოველთვის ასე ვერ იქნება. ის, რაც პრიორიტეტულია ურთიერთობაში, საქმეში, მეგობრობაში და ეს პრიორიტეტები მეტ-ნაკლებად ემთხვევა, დამაკმაყოფილებელია, უნდა იმყოფინო. ამ მდგომარეობას უკვე შეხმატკბილებულს ვეძახი, თორემ, რასაც ჰქვია შეხმატკბილებული ურთიერთობა, ის არაფერში არ არსებობს ამქვეყნად. უბრალოდ, არის უკეთესი ან უარესი ვარიანტი, ყველაფერი მაინც შედარებითია. 
ზვიადი: გეტყვი, რაში არ ვართ შეხმატკბილებულები: ამას უყვარს „სტამბულის ცა“, მე – ინდური სერიალი, ვერ გაგვიგია, რომელზე გადავრთოთ და ამაზე გვაქვს კამათი. თან, გვიყვარს სერიალების ერთმანეთისთვის მოყოლა, საბოლოოდ, არ ვაცდით ერთმანეთს ყურებას  და ამაზე გვაქვს ჩხუბი (იცინის).
– არაჩვეულებრივი შვილები გყავთ – ძალიან სიმპათიურები, კარგად აღზრდილები და ნიჭიერები. მგონია, გადანაწილებულიც გყავთ გარეგნობითა და ხასიათით.
მარინა: ბიჭები არიან და, არც მინდა, მე მგავდნენ. თუ მამისისნაირები იქნებიან, მივესალმები და ასეც არის. ივა გარეგნობით ზვიკოს ჰგავდა ყოველთვის, ჩემი არაფერი აქვს. ზუსტად ვიცი, ჩემი გაჩენილია, თორემ, ეჭვი შემეპარებოდა. ბუბა მე მგავდა და ისიც ზვიკოს დაემსგავსა გარეგნობით.
ზვიადი: გითხარი, რომ შენ მონაწილეობა არ გაქვს მაგ ბავშვების გაჩენაში-მეთქი, მე ვიყავი მარტო (იცინის).
– ნიჭიერი ბიჭები არიან, მათი ნამუშევრები მინახავს.
– ჩემზე ნიჭიერები არიან. თუ ისეთივე შრომისმოყვარეები იქნებიან, როგორც მე, დიდ სიმაღლეებს მიაღწევენ.
– მათ ასაკში და უფრო პატარაშიც, შენ სერიოზული წარმატებები გქონდა.
– დიახ, გამოფენები მქონდა, ჯილდოები, რადგან, არ მეზარებოდა და სულ რაღაცის კეთებაში ვიყავი. თან, ახლა რა შესაძლებლობებიც არის, მაშინ სად იყო. რა თქმა უნდა, ვარიგებ, ჩემს გამოცდილებას ვუზიარებ, უბრალოდ, ხატვაში, შემოქმედებაში არ ვერევით.
მარინა: ძალიან კარგად ხატავს ორივე, თან, სხვადასხვა მიმართულებით, არ ჰგვანან ერთმანეთს. ძალიან მინდოდა, ბუბა ქირურგი გამოსულიყო, მაგრამ თავს არასდროს მომიხვევია ჩემი სურვილი. თვითონ ფილოსოფია-ფსიქოლოგია უნდა. ივა, ალბათ, უფრო ხელოვნების, დიზაინის სფეროს აირჩევს.
– ზვიად, რა გახსოვს ყველაზე ემოციურად და მძაფრად იმ ასაკიდან, რომელშიც ახლა შენი შვილები არიან?
ზვიადი: წარსული ემოციები, ის ინერცია, ბიძგი, რაც იმ ემოციებმა მომცა დღემდე მომყვება, დღემდე ერთგული დავრჩი, ამიტომაც ვარ ჩემს საქმეში და ყველა იმ მიზნებს, სურვილებს ვახორციელებ. 12 წლის ვიყავი, როდესაც პირველი საბჭოთა გამანადგურებელ თვითმფრინავში – MIG 15-ში ჩავჯექი და დღემდე გამომყვა ის ემოცია, ამიტომაც, ერთი საათი სწორედ მას მივუძღვენი. საათი SEVEN-იც, რომელიც ცოტა ხნის წინ გავაკეთე, ბავშვობის ემოციაა. ჩემი საყვარელი ავტომობილი იყო „ლოტუსი სევენი“ – მისი შავ-თეთრი სურათი ცხრაასჯერ გადაბეჭდილ-გადმობეჭდილი, კედელზე მქონდა გაკრული, დღისითაც მას ვუყურებდი და ღამითაც, საკულტო მანქანა იყო და მივუძღვენი საათი, ისევე, როგორც „ვილისს“, რომელიც ჩემი უსაყვარლესი მანქანაა ანუ ჩემს ემოციებს მივუძღვენი ეს საათები.
მარინა: მარინას როდის უნდა მიუძღვნა, თუ, არ ვწერივარ ჯერ სიაში?
ზვიადი: ჩვენ ვსაუბრობთ ჩემს 16 წლამდე ემოციებზე, შენ კი 16 წლის მერე ხარ. სიზმარში რომ გნახე, ეს იყო 10 წლამდე – 7 წლის ვიყავი.
მარინა: და, რა შექმენი ამ ემოციისთვის?
ზვიადი: ბუბა, ივა, გამოდით! – აი, ვინ შევქმენი. შენ გეძღვნება „დაივერის“ საათი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული პროექტია. მაღალ ტექნოლოგიებს მოითხოვს, ტრიტიუმის პატარა მანათობლები უყენია – პროფესიონალი დაივერების საათია. ზოგადად, ყველა საათს თავისი ისტორია და თემა აქვს, ყველა მოდელის უკან ლეგენდაა. დაივერების საათის რეკლამას აწერია კიდეც „მარინა“. ყველაზე ძვირად ღირებული და მაღალტექნოლოგიური საათი მოგიძღვენი, თან, როგორც ყოველთვის, ახლაც შენ იქნები პირველი მომხმარებელი.
მარინა: პირველი მომხმარებელი და შემფასებელი მე ვარ. წელს დაბადების დღეზე მივიღე პირველი „სევენი“, რომელსაც უკან ჩემი დაბადების თარიღი აწერია. პირველი შავი „ვოლგაც“ მე მქონდა – აეროპორტში დავხვდი და ხელზე გამიკეთა. ჯერ არ იყო გამოსული და ჩემთვის შეუკვეთა თავისი წარწერებით. სამხედო საათიც სამხედროებამდე მე მეკეთა.
– საათების თემა რამდენიმე წლის წინ დაიწყო, თუმცა, არ ამხელდი, შენ რომ იდექი ამის უკან. რატომ?
ზვიადი: არ მინდოდა და არც ახლა არ მინდა, მაგრამ, ჩემმა უცხოელმა პარტნიორებმა მაიძულეს, გამოვჩენილიყავი. ახლა უფრო მეტი პასუხისმგებლობაც არის, ისინიც სახელს იყენებენ იმისთვის, რომ სხვა ფასი შესძინონ. მე არ მინდოდა, სახელის გამო მომხდარიყო საათის ყიდვა, არამედ, მინდოდა, გაყიდულიყო თავისი ღირებულების, ესთეტიკურობის, სილამაზის, დანიშნულების გამო. ექსპერიმენტი ჩავატარე, გაამართლა და შემდეგ მათაც დიდი ძალისხმევა გამოიჩინეს იმისთვის, რომ ბრენდის სახელი შემეცვალა. ახლა ყველა საათი „ციკოლიას” სახელით გამოვა.
– მომავალში სხვა რამესაც ხომ არ გამოუშვებ შენი სახელით?
– ბევრი იდეაა, თუმცა ჯერჯერობით საათების საქმე უნდა გავმართო კარგად. უცხოეთიდან ჩემი ჩამოსვლის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ეს იყო – კომპანიას ვერ ვაქცევდი ყურადღებას და ამიტომაც დავანებე თავი, თორემ, მატერიალური და კარიერული თვალსაზრისით ის ჯობდა – მსოფლიოს ერთ-ერთ ცნობილ ბრენდში წამყვან პოსტზე ვიყავი და მომავლის მანქანებზე ვმუშაობდით, მაგრამ ახლა მთლიანად საათების კომპანიის გამართვაზე ვარ გადასული.
– პირველი საათი „ვოლგა – გაზ-21“ იყო?
– პირველი საათის პროექტი იყო კლასიკური „მინი“, მაგრამ ინვესტორი არ გამოჩნდა მის გასაკეთებლად. ვისაც ვთხოვე, ინვესტორი ეპოვა, მან მითხრა „ვოლგის“ საათი გააკეთე და ვიპოვიო. მართლაც, იპოვა ინვესტორი და დავიწყეთ კეთება. უკვე მეორე იყო ქართული ჯარისთვის საათები, ხარისხით ძალიან მაღალი დონის მოდელია.
– როგორც ვიცი, ამ საათებს ამერიკელი სამხედროებიც ატარებენ.
– ახლახან შევხვდი ისეთ ხალხს, რომლებსაც მათთან აქვთ კავშირი და მითხრეს, პენტაგონში დღესაც უკეთიათ შენი გაკეთებული საათებიო. რა თქმა უნდა, ძალიან სასიამოვნო ფაქტია. სამხედრო თემატიკა ერთ-ერთი საყვარელია ჩემთვის და მარინასთვისაც. მარინა ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს მუშაობდა ამ თემატიკაზე. მერე, ერთმანეთს რომ ვესაუბრებოდით, ბევრი რამ გამოიკვეთა: „შენც გიყვარს?”. სამხედრო ავიაცია გვიყვარს ორივეს, ჩვენი ცხოვრების ღერძიც თვითმფრინავებია. ახლა ვეუბნები, ლონდონში უნდა წავიდეთ ავიაშოუზე-მეთქი და, ერთი სული აქვს, როდის წავალთ. ხომ ხვდები, კაცისთვის რა მაგარი თემაა, ცოლი ასეთ საკითხებში რომ მოგყვება; მოგყვება კი არა, იქით გექაჩება და შენ მიჰყვები.
მარინა: ბავშვობიდან ბევრი ბიჭი მეგობარი მყავდა და დღეს სულ მეუბნებიან: რა ბედნიერია შენი ქმარი, რომ ამ თემებზე შეუძლია შენთან საუბარიო. რამდენიც გინდა, მალაპარაკე სამხედრო ავიაციაზე, ისიც კი წარმომიდგენია, როგორ დამყავს თვითმფრინავი. ზვიკოს სულ დავყავარ შოუებზე, თუმცა ახლა ივამ ჩამანაცვლა. თან, ოცნება აისრულა – Delorean-ში იჯდა.
ზვიადი: ივა მყავდა შვეიცარიაში მანქანებისა და საათების შოუზე. ამბობდა: ნეტავი ეს მანახვა, ეს მანახვაო და, რაც ჩაიფიქრა, მეორე დღეს ყველაფერი აუსრულდა. ერთ დღესაც, ტურინში რომ მივდიოდით, დავინახეთ პოსტერი და ფოტო გადავიღეთ. სახლში ვნახეთ, რომ Delorean-ის გამოფენა იყო – რეკვიზიტები იყო გამოფენილი, რაც ფილმ „უკან მომავალშია“ გამოყენებული. წავედით. ჯერ ხელი მოჰკიდა, მერე ჩაჯდა და „აკატავეს” – გააფრინა, აისრულა ოცნება.
– მარინა, რა გიყვარს ყველაზე მეტად ზვიადის გაკეთებული საჩუქრებიდან?
მარინა: ყველაფერი მომწონს, მიხარია და ვინახავ. ყვავილები მაქვს შენახული, რომლებიც არც კი მახსოვს, როდის მაჩუქა. უცხოეთში იყო წასული და, ამ დროს, დამირეკეს – თქვენს სახელზე ყვავილებია და რა ვქნათო. სახლში არ ვიყავი და ვთხოვე, მაღაზიაში დაეტოვებინათ. ამ დროს ზვიკომ დამირეკა. მადლობა რომ  გადავუხადე ყვავილებისთვის, მეუბნება: რა ყვავილები, მე არაფერი გამომიგზავნიაო.  ვიცი, რომ ამის გამოგზავნილია, მაგრამ, გაიგიჟა თავი – რომ მიხვალ, გამაგებინე, ვინ გამოგიგზავნაო. რა თქმა უნდა, მისი გამოგზავნილი იყო და დღემდე შენახული მაქვს.
– დღეს ძალიან კარგი საქმით ხარ დაკავებული. არტ-გალერეაში მუშაობ და ახალგაზრდა და ნიჭიერ, ხელოვან ადამიანებს ეხმარები.
– ყველაფერი გავაკეთე, რაც მინდოდა, მაგრამ, როცა ბავშვები გაჩდნენ, მერე მთელი დრო მათ მივუძღვენი და მივატოვე ის, რისკენაც მთელი ცხოვრება მივდიოდი. ოჯახზე გადავედი – ფაქტობრივად, სამი შვილი მყავს. ზვიკოს ვეუბნები, ამდენ ბიჭს ერთი გოგო გყავთ და მომიარეთ-მეთქი და მივლიან კიდეც. ახლახან კი ერთმა ძალიან კარგმა გოგონამ, ხათუნა ჭიჭინაძემ გალერეაში მუშაობა შემომთავაზა – ეს არის არტ-გალერეა „silk“, სადაც ყოველ კვირას ვაწყობთ ნიჭიერი ახალგაზრდების გამოფენას. ოქტომბერში დავიწყეთ და დღე არ ჩაგვიგვდია. უცნობ ნიჭიერ ახალგაზრდებს ვეძებთ და, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ახალი თაობის ფანი ვარ. რისი გაკეთებაც შემიძლია, ყველაფერს ვუკეთებ და ამაში მე და ხათუნას გია გუგუშვილიც გვეხმარება. ჯერჯერობით მხატვრობით შემოვიფარგლებით, მაგრამ, რა თქმა უნდა, ამაზე არ გავჩერდებით. ჩემი პროფილითაც მაქვს გეგმები, რომელსაც აუცილებლად განვახორციელებ – ისევ ვაპირებ სტუდიის გახსნას, სადაც მსურველებს მოდელირებას შევასწავლი და, რაც მთავარია, მინდა ჩემი კოლექცია გავაკეთო, რომელიც ძალიან საინტერესო, მოდური და კომფორტული იქნება.

скачать dle 11.3