კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რამდენ ხანს ცხოვრობდა ხვიჩა მაღლაკელიძე გრეგორ ლეპსთან მოსკოვში და რატომ არ ასწავლიდა ის შვილს გიტარაზე დაკვრას

ხვიჩა მაღლაკელიძემ გრეგორ ლეპსი მანამდე გაიცნო, ვიდრე საზოგადოება ვარსკვლავად აღიარებდა. ხვიჩას დაკრული „ბანდერასით” იმდენად მოიხიბლა ლეპსი, მოსკოვში ცხოვრება და მასთან ერთად მუშაობა შესთავაზა... წინა საახალწლო სამზადისი უკვე აქტიურ ფაზაში შედის. რა ხდება ამ დღესასწაულზე მაღლაკელიძეების ოჯახში და რატომ აგვიანებს მათთან თოვლის ბაბუა, ამ და სხვა ბევრ საინტერესო ისტორიას, სტატიიდან შეიტყობთ.

 ხვიჩა მაღლაკელიძე: „იუმორინა 2015-მა” ძალიან კარგად ჩაიარა, გვქონდა ბევრი ახალი ნომერი და ასევე იყო ბევრი ახალი სახე.  საერთოდ, ქუჩის მუსიკოსები ყოველთვის ვცდილობთ, მრავალფეროვანი გავხადოთ კონცერტი. ამიტომ, წელს შემოვიტანეთ საცეკვაო ნომერი. წარმოიდგინეთ, ამხელა ღიპით როგორ ვცეკვავდი. თითო ცეკვის შემდეგ სავარჯიშო დარბაზში ვტოვებდით სამ კილოგრამს, მაგრამ ქართველი კაცის ბუნებიდან გამომდინარე, ვინაზღაურებდით 7-ს. თუ, ვინმეს აინტერესებს, ეს არის ღიპის ზრდის არითმეტიკული პროგრესია (იცინის). სხვათა შორის, შარშანაც რომ ვიცეკვეთ, ისე მომეწონა, ავიტეხე, ქუჩის მუსიკოსებმა, მოდი, ცოლებით ვიაროთ და ვისწავლოთ ცეკვა-მეთქი. დავიწყეთ კიდეც, მართალია, მე ვერ ვახერხებ ხშირად სიარულს, მაგრამ ჩემი ცოლი არ აცდენს გაკვეთილებს. სად გინდა, ჩვენი ცეკვა გამოაჩინო, მაგრამ ქორწილში ან დაბადების დღეზე თუ მოვხვდებით, ვცეკვავთ, თვლაში ვჯდებით (იცინის).  
– ბავშვები მამის მსგავსად, გიტარაზე ხომ არ უკრავენ?
– ილია 5 წლისაა  და ჯერ პატარაა. ირაკლი 14-ისაა, ექვსწლედი დაამთავრა ვიოლინოზე, ახლა უკრავს ელენე ცარციძის ბავშვთა სიმფონიურ ორკესტრში. სულ მეჩხუბებოდა ჩემი ცოლი, ასწავლე ბავშვს გიტარაზე დაკვრა, ასწავლეო. უარზე ვიყავი, თვითონ შემეხვეწოს და ვასწავლი-მეთქი. ვიოლინოზე რომ შემეყვანა, თვითონ მთხოვა, მაგრამ ყოველდღიური მუშაობა არ უნდოდა. ამიტომ, ექვსწლედი რომ დაგვემთავრებინა, მათრახი ჩაერია საქმეში (იცინის). ორი თვის წინ შემოვიდა ჩემს კაბინეტში და მეუბნება: „მაა, ვსო“. რა ვსო, მამა-მეთქი. მინდაო. რა გინდა, ცოლის მოყვანა-მეთქი. არა, გიტარაზე დაკვრა მინდა, ვისწავლოო. მოკლედ ასე, ძალიან წარმატებული მოსწავლე მყავს.
– გრეგორ ლეპსთან ახლო ურთიერთობა გაქვთ, სად გაიცანით?
– გრიშა გავიცანი ბათუმში 1997 წელს. ბათუმში გახსნეს სინაგოგა და ჩამოყვანილი ჰყავდათ რუსი მომღერლები, მათ შორის იყო გრეგორ ლეპსი. კონცერტი რომ ჩაატარეს, იმ რესტორანში მოვიდნენ, სადაც მე ვმუშაობდი. ძალიან მოსწონებია ჩემი „ბანდერასი” ესპანურად, რაჭულად  და გურულად რომ მაქვს გადაკეთებული. ბევრი უცინია.  მთხოვა, ჩემი ტელეფონის ნომერი და მითხრა, მოსკოვში ჩამოხვალ, რომ რამე იყოსო.  კი-მეთქი და წავიდა. სულ ასე იყო ხოლმე მაშინ, გამოჩნდებოდა ვიღაცა, აგიგებდა ოცნების კოშკებს და გაქრებოდა. ამიტომ, ამის ნათქვამიც არ ჩავთვალე სერიოზულად. ათი დღის შემდეგ დედაჩემი მეუბნება, ვინცხა გრიშამ დაგირეკა და ტელეფონი დატოვაო. დავრეკე მაშინვე, გამახსენა თავი ვინც იყო და რას შვრები, არ მოდიხარო. მითხარი, როცა ჩამოსვლას დააპირებ და დაგხვდებიო. ჩემებს რომ ვუთხარი, მოსკოვში მივდივარ-მეთქი, არ უნერვიულიათ დიდად, მიჩვეულები იყვნენ, არასოდეს სახლში არ ვიყავი. მამაჩემმა, ხელცარიელი უხერხულია წასვლაო და ერთი დიდი „იაშიკი” მანდარინი გამატანა, კარგად შემიხვია (იცინის). კარგად მახსოვს, მაშინ ბილეთი ღირდა 110 დოლარი. წავედი, მაგრამ სად არ ვიცი, ასე ბრმად ვენდე. ჩავედი და დამხვდა ლეპსი, „ჟიგული” ჰყავდა და მოხუცი ბაბუა ემსახურებოდა. სამი საათის შემდეგ მივედით მის სახლში, ნაქირავებში ცხოვრობდა. სამი თვე მასთან ვცხოვრობდი. დედაჩემი ურეკავდა გრიშას და ეკითხებოდა, ვჭამე თუ არა საჭმელი. ჩემი თავი ჩააბარა და უთხარა: კარგად ჭამოს და სიგარეტი არ მოწიოსო (იცინის). კორპორატიულ საღამოებსა და დაბადების დღეებზე ვუკრავდით ერთად. დიდად პოპულარული მაშინ არ იყო, კოლეგები დიდ პატივს სცემდნენ, მაგრამ საზოგადოება არ იცნობდა. სხვათა შორის, ბრწყინვალედ მღერის ქართულ სიმღერას. თვითონაც ქართველია, იცის ქართული და პირველი ცოლიც საქართველოში მოიყვანა. 1998 წელს რუსეთში დიდი არეულობა მოხდა და კრიზისი დაიწყო. არაფერი მუშაობდა, გრიშაც მშიერი იჯდა.  მაშინ მანიშნა, რომ დაბრუნდი ახლა და მერე, თუ გამოსწორდება ცხოვრება, ისევ დაგირეკავო. დამტვირთა „კალბასებით“, კარაქებით და გამომამგზავრა. ის მარჩენდა, ფაქტობრივად. თავისი გასჭირვებოდა და მე კიდევ რაღა მინდოდა. ჩამოვედი და დავიკარგეთ. ერთი ძალიან სასაცილო მომენტი იყო. საქართველოში რომ ჩამოვფრიდი, ბათუმში პილოტმა თვითმფრინავი ვერ დასვა, მეორე წრეზე წავიდა. ძროხები ვერ გადენეს იმ ადგილიდან, სადაც თვითმფრინავი უნდა დამჯდარიყო (იცინის). 2008 წელს, თვითონ გრიშა დამიკავშირდა და შემომთავაზა მის ჯგუფში დამეკრა, მაგრამ პირობები არ მაწყობდა. აქ უფრო კარგ „პონტში” ვიყავი. თან, ვიზა მჭირდებოდა. რომ ვუთხარი, სავიზო რეჟიმია-მეთქი, გაგიჟდა. არ იცოდა, იმდენად აპოლიტიკური კაცია.  მე მოგიგვარებ მაგ საკითხსო, გამიკეთა ერთწლიანი ვიზა, თუმცა არ წავედი. ერთწლიანი ვიზა გავაფუჭე.
– ახალი წლის სამზადისი ოჯახში უკვე დაიწყეთ? ყველაზე ორიგინალური საჩუქარი რა გახსოვთ?
– ძალიან ორიგინალური საჩუქარი გამიკეთა ჩემმა მეუღლემ რამდენიმე წლის წინ. ჩემი საყვარელი მწერლის, მიხეილ ბულგაკოვის კოლექციური გამოცემა მაჩუქა. თურმე ურბენია, მთელი თბილისი აუწრიალებია. მართლა გამიხარდა, ჭკუაზე არ ვიყავი. ერთხელ კიდევ თენგიზ ჩანტლაძის ყველა გამოსვლის ჩანაწერი მაჩუქა. როგორ მოიპოვა, დღემდე არ ვიცი.  ალაბთ იტყვით რა უცნაური საჩუქრებიაო, მაგრამ ჩემთვის ძვირფასია. 15 წელია, ერთად ვართ და ტექნიკურმა ბედნიერებებმა უკანა პლანზე გადაინაცვლა. ასეთი სიურპრიზები უფრო მახარებს. მე, პირადად, ყოველთვის სამკაულს მივართმევ ხოლმე. ბევრი ფიქრი არ სჭირდება (იცინის). ამჯერად არ ვიცი, რას შევურჩევ, ჯერ არ გადამიწყვეტია. საჩუქართან დაკავშირებით, თენგიზ ჩანტლაძეს დავესესხები. მისი გმირი, მესაფლავე ჟორია ამბობს, საჩუქარი უნდა იყოს, პატარა, ყვითელი და მძიმეო (იცინის).
– თოვლის ბაბუა ბავშვებს ასაჩუქრებს?
– თოვლის ბაბუა ჩვენთან მოდის დაახლოებით თებერვლისკენ, მანამდე არ სცალია. ახალი წლის დასაწყისში 31, 1, 2 არ ვარ სახლში (იცინის). ქართული ტრადიციული თოვლის ბაბუა მოდის ჩვენთან. ნაბადი არ მაქვს ოღონდ, სანტა-კლაუსის ფორმა მაცვია. ირაკლიმ კი იცის უკვე ვინაა თოვლის ბაბუა. ილია კი ვერ ხვდებოდა, მეგონა, ვიდრე რამდენიმე თვის წინ, ცივი წყალი არ გადამასხა. ასე მითხრა, მა, შარშან რომ თოვლის ბაბუა იყო მოსული და საჩუქრები მოგვიტანა, ხომ შენ იყავიო. ერთი შემთხვევა მახსენდება, ირაკლი იყო პატარა. გამოვეწყვე სანტა-კლაუსის ფორმაში, მოვუტანე საჩუქრები,  ვათქმევინე ლექსები, პირობა დავადებინე, რომ მეორე ჭაღს აღარ გატეხავდა და არც ჭურჭელს და რაც მთავარია, მამა რომ სამსახურიდან დაბრუნდებოდა ჩუსტებს მიუტანდა... ამ საუბარში ვარ და უცებ დაახველა ბავშვმა, რა იყო მამიკო, რა დაგემართა-მეთქი, ჩემი ხმით მივმართე. რომ მივხვდი, რაც გავაკეთე, დავიბოხე ხმა და ომახიანად განვაგრძე ისევ პირობების ჩამოთვლა. გაოცებული მიყურებდა ბავშვი (იცინის). ეს არის ჩვენს ოჯახში ლამაზი თამაში. ჩემს მეულესაც თოვლის ბაბუის ფორმით გადავცემ საჩუქარს.

скачать dle 11.3