კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ცოლები და საყვარლები

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹49(779)

 ლევანმა გაჭირვებით ასწია დამძიმებული თავი და ცოლს თვალებმოჭუტულმა შეხედა.
– რა გაყვირებს, თეონა? – ჰკითხა დაღლილი ხმით, – არ გინდა, ოთახიდან გახვიდე და ძილი მაცადო?
– აჰა, შენ მარტო ეგ გაწუხებს, ხომ? ჩემი სიტყვები გამოძინების საშუალებას არ გაძლევს? იცი, რომელი საათია?
– რა მნიშვნელობა აქვს, რომელი საათია, მეძინება... – ლევანმა გვერდი იცვალა, საბანი თავზე წაიფარა და ამ გზით გადაწყვიტა თეონასგან „იზოლაცია“, მაგრამ ქალიც არ აპირებდა დანებებას.
– ლევან, ახლავე გაიღვიძე და ადექი!
– რატომ? რა შავდება იმით, რომ მძინავს?
– სალაპარაკო მაქვს...
– ავდგები და მერე დავილაპარაკებთ... მოგვიანებით...
– არა, ახლავე დავილაპარაკებთ! – ფეხები დააბაკუნა თეონამ და ხმას აუწია. ლევანმა ბრაზით მოისროლა საბანი და წამოხტა:
– იცი, როგორ მომაბეზრე თავი? სიმშვიდე მომენატრა! თვითონაც არ იცი, რა გინდა!
– ვიცი! ძალიან კარგად ვიცი – მეტი ყურადღება მჭირდება და, არ მინდა, რომ მატყუებდნენ!
– ვინ გითხრა, რომ გატყუებ, საიდან მოიტანე? – ლევანმა იქით შეუტია ქალს, თუმცა პირვანდელი რიხი აშკარად გაუქრა და ხმაში ყოყმანი დაეტყო. მაგრამ თეონას ეს არ შეუნიშნავს. ზოგადად, დიდი დაკვირვებით არ გამოირჩეოდა, თუმცა, როგორც ქალს, ინტუიცია და ალღო მასაც განვითარებული ჰქონდა.
– შენ მატყუებ, ლევან... მატყუებ... – თქვა ათრთოლებული ხმით და თვალები აუცრემლდა.
– აუ, ახლა წამოვა ცრემლების ნიაღვარი... თეონა, რატომ ცდილობ, ცხოვრება ჯოჯოხეთად მიქციო?
– მე ვცდილობ? როგორ არ გრცხვენია... მითხარი, წუხელ სად იყავი?
– სახლში, – უტიფრად მიუგო კაცმა, – ჰო, რას მიყურებ. მერე რა, რომ დილის ოთხ საათზე მოვედი, მთავარია, მოვედი და ისიც იცი, რომ რესტორანში ვმუშაობ... ბანკეტი გაგრძელდა და შემაგვიანდა....
– ცრუობ! – შეჰყვირა ქალმა, – არავითარი ბანკეტი არ ყოფილა, ზუსტად ვიცი! ამიტომ, რამის მტკიცებას აზრი არა აქვს... სხვა ქალი გყავს, ხომ? მითხარი... მითხარი... ასეთ გაურკვევლობაში ცხოვრებას ყველაფერი მირჩევნია...
– თეონა, მომისმინე... შენ ჩვევად გექცა არაფრისგან პრობლემის შექმნა და მერე ნერვიულობა. მაგრამ, ცუდი ის არის, რომ ამაში მეც მითრევ და მიყოლიებ. ისედაც არ მაქვს დალხინებული ცხოვრება და შენ კიდევ უფრო მირთულებ. რატომ? გსიამოვნებს, დღეს ცრემლებითა და ჩხუბით რომ იწყებ?
– არა, მაგრამ, შენ მაიძულებ ამას... სულელი გგონივარ? თვალებში შემომხედე და მითხარი, რომ არ მღალატობ, რომ გათენებამდე მუშაობდი!
ლევანმა ამოიოხრა:
– კარგი, გეტყვი: რესტორანში არ ვყოფილვარ....
– აჰა, ასეც ვიცოდი... ვინ არის ის ქალი? – შეჰყვირა თეონამ.
– გოგო, რატომ მიწყობ ისტერიკას? რატომ მაინცდამაინც ქალი, რადგან მოსვლა დავაგვიანე? კაზინოში ვიყავი...
– რა?! – საქმის ასე შემობრუნებას თეონა არ ელოდა, – სად იყავი?
– კაზინოში და, არ მითხრა ახლა, რომ იქ მარტო მდიდრები დადიან გასართობად. ჩემნაირებიც დადიან, იმ იმედით, რომ ერთხელაც გაუმართლებთ... მომბეზრდა, გესმის შენ? მომბეზრდა რესტორნის „ფურგონით“ პროდუქტებზე სირბილი და იაფფასიანი სიგარეტი... ცხოვრება ერთხელ გვეძლევა და, არ მინდა, ამ ჭაობში გავატარო... მე რატომ არ დავიმსახურე ძვირფასი მანქანა და კომფორტი? მე რატომ ვერ უნდა ვყიდულობდე ტანსაცმელს ბრენდულ მაღაზიებში და თმას კარენა რატომ უნდა მჭირდეს სამ ლარად? აუზიანი სახლიც მინდა, საოჯახო კინოთეატრიც და კიდევ ბევრი რამე მინდა, ძალიან ბევრი!..
თეონა თვალებგაფართოებული უსმენდა.
– მე კი ის მინდა, რომ გიყვარდე, – თქვა მშვიდი ხმით.
ლევანმა შეხედა და ხელი ჩაიქნია:
– გამოდის, ამდენი ტყუილად ვილაპარაკე.
***
გაბრიელას არც კი გაღიმებია ლევანის  ვითომდა მოსწრებულ ხუმრობაზე. კაცი ამას მიხვდა და უხერხულობის განცდა დაეუფლა – ასეთი რამ დიდი ხანია, აღარ უგრძნია. ამ პატარა გოგომ თავისი სერიოზულობით დააბნია, ან, შეიძლება, თავისავე მდგომარეობამ შეუქმნა ეს განწყობა. ყოველ შემთხვევაში, ხუმრობის,   ენაკვიმატობის სურვილი გაუქრა და ახლა არ იცოდა, რა ეთქვა. სიტუაცია სამანტამ იხსნა:
– გაბის საქმრო ჰყავს, მე ვარ თავისუფალი. თუმცა, თქვენ ხომ მისი ცოლად შერთვა არ გინდათ და მხოლოდ იხუმრეთ.
– რა თქმა უნდა, ვიხუმრე, – ნირწამხდარმა ჩაილაპარაკა ლევანმა და გუნება საბოლოოდ გაუფუჭდა. ინანა კიდეც, რომ გოგონებს გამოელაპარაკა. მაგრამ მოულოდნელად სიტუაცია შეიცვალა – გაბიმ თვალებში ჩახედა და სრულიად სერიოზულად წარმოთქვა:
– მე და მაქსი ერთმანეთს დავშორდით.
– რა?! – მოულოდნელობისგან შეხტა სამანტა – როდის? მე რატომ არაფერი ვიცი, ეს სერიოზულია?
– მაგას რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია, რომ ერთად აღარ ვართ და, თუ მომესურვება, სხვას შევხვდები.
ლევანს მაჯისცემა აუჩქარდა, როგორ უნდა მიეღო გაბის სიტყვები – შეთავაზებად? იქნებ გოგომ გადაწყვიტა, სულელურ ხუმრობაზე სისულელითვე ეპასუხა?
– გაბი, რა მოხდა? აქამდე რატომ არ მითხარი? – შეწუხდა სამანტა, – როდის იჩხუბეთ? მე ხომ შენი ხელისმომკიდე უნდა ვყოფილიყავი?
ლევანს გაეღიმა. როგორი უცნაურები არიან ადამიანებიო, – გაიფიქრა. ნეტავი, რა უფრო აწუხებდა ახლა სამანტას: ის, რომ მისი მეგობარი საქმროს დაშორდა თუ ის, რომ ხელისმომკიდე ვეღარ იქნებოდა ქორწილში...
***
კახამ სიგარეტი საფერფლეზე დასრისა და ლევანს მიუბრუნდა:
– ბიჭო, მეჯვარედ მე არ გინდოდი?
– ეგ რა შუაშია? –  გაცხარდა ლევანი, – დაქორწინებაზე ვამბობ უარს, თორემ, შენთან მეგობრობაზე კი არა!
– ძალიან არასერიოზული ადამიანი ხარ, – დაასკვნა კახამ, – წარმომიდგენია, თეონა როგორ გადაირევა.
– ქორწილი კი მე გადამრევს... ერთი სიტყვით, ასეთი გამოუვალი  მდგომარეობაა.
– არა, აშკარად რაღაც მოხდა და, რაც არ უნდა მითხრა, ამაში ვერ გადამარწმუნებ. რატომ აღარ გინდა თეონასთან ცხოვრება? გამოტყდი, ხომ იცი, რომ არაფერს ვეტყვი და საიდუმლოს შეგინახავ.
– არანაირი საიდუმლო არ მაქვს. შენ რატომღა მიბურღავ ტვინს, თეონაც მეყოფა. ვერაფრით ვერ ვაგებინებ, რატომ არ მინდა ქორწილი.
– ვერც მე ვიგებ. თუ მაინც სახლში გყავს და ლამის ორი წელია, ერთად ცხოვრობთ, მოიყვანე, რა, ცოლად...
– და, ამ სიტყვების შემდეგ კიდევ მე ვარ უპასუხისმგებლო? ჯერ ერთი, ოფიციოზი მაგრად არ მევასება; მეორე – ქორწილის ფული არ მაქვს და მესამე – შეიძლება, საერთოდ დავახვიო აქედან.
– აჰა... – მრავალმნიშვნელოვნად ჩაილაპარაკა კახამ.
ლევანი  ახტა:
– რა – აჰა! აღარ შემიძლია ასეთი მათხოვრული ცხოვრება, დავიღალე! კიდევ რამდენი წელი უნდა ვიცოცხლო, რომ რაღაცას მოვეწიო? ამ ქვეყანაში პრასვეტი არ მექნება. დროზე უნდა დავახვიო და წავიდე. მაგრამ ამას თეონას ხომ არ ვეტყვი, სულ გაგიჟდება. ვერ შევაგნებინებ, რომ მისი გულისთვისაც ვაკეთებ ამას, ჩვენი საერთო მომავლისთვის...
– „საერთო მომავალი“ – მშვენიერი ნათქვამია, მაგრამ, არ მიკვირს, თეონას შენი რომ არ სჯერა.
– ნუ ეძებ შეთქმულების თეორიას.
– არაფერსაც არ ვეძებ, მაგრამ, ნანას ხელი ურევია ამ ამბავში.
– რა?! ნანა რა შუაშია? ქალს მხოლოდ ერთხელ შევხვდი, ისიც კაზინოში ვიყავით ერთად.
– ჯერ კაზინოში, მერე კი... ნანას ნუ მასწავლი. კაზინოში კი არა, ეზოშიც არ ჩამოგყვებოდა, რომ არ მოსწონებოდი.  
– არ არის ასე საქმე, დამიჯერე.
– ლევან, მე შენი არც ცოლი ვარ და არც საყვარელი. არ გინდა... – გაიცინა კახამ, – პრინციპში, შენი საქმის შენ იცი, რა უფლება მაქვს, რამე დაგიშალო? ერთს კი გირჩევ: ძალიანაც ნუ ენდობი.
– რა ნდობაზე მელაპარაკები, არაფერი არ ხდება. საერთოდაც გაემგზავრა ის ქალი აქედან, გუშინ გავაცილე, – წამოსცდა ლევანს და გაწითლდა. კახამ მრავალმნიშვნელოვნად გადახედა და გაიღიმა.
ლევანს ნანასთან გატარებულმა ღამემ ცოტათი იმედი გაუცრუა. ქალი გაცილებით ცეცხლოვანი ჩანდა, ვიდრე ლოგინში აღმოჩნდა, მაგრამ  რაღაც განსაკუთრებული მაინც იყო მასში.
– რაზე ფიქრობ? – ჰკითხა ღიმილით და თმა ალერსით მოუჩეჩა.
– შენზე, – პირდაპირ მიუგო ლევანმა.
– მართლა? საინტერესოა, რას ფიქრობ ჩემზე.
– იმას, რომ პრაქტიკულად არაფერი ვიცი შენ შესახებ, საერთოდ არაფერი.
– ჩემ გვერდით ხარ, გეხუტები – ესე იგი, მომწონხარ. მეტი რა უნდა იცოდე?
– არა, ასე არ შემიძლია. მითხარი, რა ვარ მე შენთვის, ან, რატომ ამომირჩიე?
– ჰა, ჰა, ჰა, როგორი საყვარელი და ცნობისმოყვარე ბიჭი ხარ. თვალების ფერი მომეწონა შენი – ასეთი განმარტება გაკმაყოფილებს?
ლევანმა თავი გააქნია:
– არა.
ნანამ მხრები აიჩეჩა:
– ეს უკვე შენი პრობლემაა. იცი, მე დიდი ხანია, მარტივად ვცხოვრობ. ზედმეტ შეკითხვებს არც სხვას ვუსვამ და არც საკუთარ თავს. გირჩევ, მომბაძო.
– ჰო, მესმის. ამერიკაში ეს, ალბათ, გამოდის, მაგრამ, აქ, სადაც ყველას ყველაფერი აინტერესებს და სადაც ჩვენი ცხოვრება ხელის გულზეა გადაშლილი?
– საყვარელო, სწორედ მაგას გავექეცი აქედან. არ დაგიმალავ, სხვა მიზეზებიც იყო, მაგრამ  ამაზე ლაპარაკი არ მინდა.
– მე მინდა... ნანა, არ მინდა გეგონოს, რომ ნებისმიერ ქალზე ვირევი.
– არ მგონია. მაშინ ჩემ გვერდით ვერ იქნებოდი. კარგი, თუ ეს დაგამშვიდებს, შეგიძლია, გამაცილო.
ლევანი შეცბა:
– უკვე მიემგზავრები? რატომ გუშინვე არ მითხარი?
– რა საჭირო იყო? თანაც, გუშინ დარწმუნებული არ ვიყავი, რომ ხვალ გამგზავრება მომინდებოდა.
– ეგ რანაირად? ბილეთი?
– მე ბილეთი სულ მაქვს მზადყოფნაში, საყვარელო. როცა მომესურვება, მაშინ უნდა გავფრინდე და გამოვფრინდე, ვერავინ და ვერაფერი დამაკავებს. ზედმეტად თავისუფალი ვარ და ეს ჩემმა ქმარმაც იცის.
ლევანს სწორედ ამის მოსმენა უნდოდა. ნანამ პირველად ახსენა მასთან ქმარი.
– ჰო, ვხვდებოდი, რომ ქმარი გყავდა.
– მყავს. მერე, რა, ეს არაფერს ნიშნავს...
– ჩემთვის ნიშნავს.
– ხომ არ შეგიყვარდი? – ნანას სიცილი აუტყდა, – როგორი გულჩვილი და მიამიტი ყოფილხარ. ასე ადვილად როგორ შეგიყვარდი?
– სიყვარული რა შუაშია. თუმცა, მომწონხარ და რაღაც გრძნობა მაქვს შენ მიმართ. ყოველ შემთხვევაში, ასე მალე გამომშვიდობებას არ ველოდი.
– სამუდამოდ კი არ მივდივარ. შეიძლება, ისე მალე დავბრუნდე, რომ გაგაოცო.
– ჩემთან დაბრუნდები?
– შეიძლება, შენთანაც. ვნახოთ, წინასწარ ვერაფერს დაგპირდები. უნდა მომენატრო...
ლევანმა ქალს ლოყაზე მოუსვა ხელი:
– მე მომენატრები... ძალიან, ძალიან მომენატრები...
ნანამ გაიცინა და სიგარეტს მოუკიდა.
***
ლევანმა თვალები მოჭუტა.
– მესამე ყოველთვის ზედმეტია სიყვარულში... – ჩაილაპარაკა ის, რაზეც იმ წუთას ფიქრობდა.
– რა ბრძანეთ? – ჩაეკითხა სამანტა, – ვერ მივხვდი, რა იგულისხმეთ.
– ეტყობა, თქვენს მეგობარს ვიღაც სხვა მოუვიდა თვალში და მისი  საქმროსთან დაშორების მიზეზიც ეს არის.
– ვერ გამოიცანით... – გამომწვევი ტონით მიუგო გაბრიელამ და დამცინავად მიაშტერდა, – მე გამბედავი, თამამი და უშიშარი კაცები მიყვარს. ნამდვილი  ავანტურისტები. ის კი ასეთი არ არის.
ლევანი უხერხულად შეიშმუშნა. ეს გოგო აშკარად ითრევდა თამაშში – სახიფათო და არაპროგნოზირებად თამაშში, რომლის ფინალიც ვერაფრით იქნებოდა წინასწარ ცნობილი. ლევანი მიხვდა, რომ ამდენს ვეღარ გაქაჩავდა, მით უმეტეს, თავისი სამი დოლარით ჯიბეში. გოგონებს თავაზიანად გაუღიმა და ასადგომად წამოიწია.
– უკვე მიდიხართ? – ჰკითხა გაბრიელამ.
– დიახ, სამწუხაროდ, შეხვედრა მაქვს. თავადაც ხომ მიხვდით, რომ აქ სათევზაოდ არ ჩამოვსულვარ.
– შეიძლება, მეც თქვენთან ერთად წამოვიდე?
გაბრიელას შეკითხვა ისეთი მოულოდნელი იყო, რომ ლევანი წამით დაიბნა. შესაფერისი პასუხის მოსაფიქრებლად დრო დასჭირდა.
– ჩემთან ერთად წამოსვლა გინდათ?
– დიახ, ახლა სწორედ ეს არ გითხარით?
– კი მაგრამ, საერთოდ არ მიცნობთ... იქნებ მე მანიაკი ვარ, ან პატარა გოგონებზე მოძალადე? – ნაძალადევად გაიღიმა ლევანმა.
– ისეთი პატარაც აღარ ვარ, როგორიც გგონივართ და არც მანიაკს ჰგავხართ, – დანებებას არ აპრებდა გაბრიელა.
ლევანმა პირი გააღო და კონდიციონერისგან ნესტით გაჯერებული ჰაერი ღრმად შეისუნთქა.
გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3