კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა დროს ამბობდა სესილია თაყაიშვილი უარს როლზე

ამაყი და მიუკარებელი, მკაცრი, მაგრამ ყველასათვის სათნო, მანანასა და ზურიკელას ბებია, უყვარდათ არა მარტო საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებშიც გვეცილებოდნენ მის ბებიობას. როცა ფრანგმა რეჟისორმა ჟან დაკანტმა სესილია თაყაიშვილი ნახა „მე, ბებია, ილიკო და ილარიონში,” თქვა: „ეს თქვენი კი არა ჩემი ბებიაა, რომელიც ახლა პროვინციაში ცხოვრობს.”
სესილია თაყაიშვილს არ უყვარდა საკუთარი თავის ნახვა ფილმებში და გადაღებებზეც დისკომფორტს განიცდიდა: „არ მიყვარს კინოაპარატი. ის თავიდანვე მაშინებს, მთელი ფიქრი და გრძნობა მასთანაა დაკავშირებული, მაგრამ მერე, დრამატურგიული სახე ნთქავს ყოველივეს და ერთადერთი ამოცანაა – მოვატყუო, გამოვთიშო ჩემი შეგნებიდან, ის – მთლიანად მიპყრობს. როგორც კი არ ვგრძნობ აპარატს, მუშაობა გაცილებით მიადვილდება”. თავის უკანასკნელ ერთ-ერთ ინტერვიუში მსახიობი ამბობდა: „არ მიყვარს ჩემი თავი ეკრანზე, რადგან ვიცი – რაც გაკეთებულია, ვერ დააბრუნებ, ვერ გაასწორებ და არ მინდა, კიდევ ერთხელ დავრწმუნდე, რომ შეიძლებოდა გაცილებით უკეთ მეთამაშა”...
სესილიას მეუღლე გახლდათ მსახიობი ვასო გოძიაშვილი, რომლისგანაც შეეძინა ერთადერთი შვილი – დათო. ვასოს ძალიან უყვარდა სესილია, მაგრამ გამოუსწორებელი მექალთანე იყო. ექვსი წლის შემდეგ დასცილდნენ ერთმანეთს. სესილია სიამაყით ამბობდა: მეორე სართულიდან გადმოვუყარე ჩემოდნებიო. პატიება ვერ შეძლო, მაგრამ მისი სიყვარული სიცოცხლის ბოლომდე შეინახა და უკანასკნელ გზაზეც ღირსეულად გააცილა. სესილიას არ უყვარდა ხალხის შეწუხება, იცხოვრა, როგორც ჩვეულებრივმა ადამიანმა და ამქვეყნიდან მიმავალმა ანდერძად დატოვა: „ვთხოვ, ჩემიანს ყველას, შემისრულონ ეს თხოვნა. არავითარ შემთხვევაში, თეატრში არ გადამიყვანონ. ჩემი არგადაყვანით შეწყდება თეატრში ხშირი სიკვდილი. მერწმუნეთ, არავითარ შემთხვევაში, მუხლმოდრეკილი გეხვეწებით, დიდუბე არ მიყვარს და გთხოვთ, ნუ გამოძებნით ჩემთვის ადგილს... საბურთალოში თუ შეიძლება. რა საჭიროა საპატიო ყარაული. ნუ დაღლით ხალხს. არავითარი სიტყვები: ვიყავი, ვშრომობდი და დასრულდა ჩემი ცხოვრება. იმედია, ასე მშვიდად და წყნარად მიაბარებთ ჩემს ნეშტს ცივ მიწას.”
„აღფრთოვანებულმა გიგა ლორთქიფანიძემ „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე დადგა. სესილია თაყაიშვილმა მარადიული ბებიის სახე გამოაქანდაკა ჯერ სცენაზე, შემდეგ ეკრანზე. დაიწყო თავბრუდამხვევი წარმატებების ხანა. დუმბაძემ ერთბაშად გაიკვალა გზა როგორც მკითხველთა გულებისკენ, ისე სცენისკენ, ეკრანისკენ. გაიკვალა გზა სწორედ ამ რომანით და სწორედ ამ სპექტაკლით – გიგა ლორთქიფანიძის მიერ დადგმული „მე, ბებია, ილიკო და ილარიონით“. ... ვისაც ორივეგან ჰყავს ნანახი სესილია ამ როლში – სცენაზეც და ეკრანზეც, ამტკიცებენ, რომ სპექტაკლში ბევრად შთამბეჭდავი იყო სესილია. სესილია თაყაიშვილმა მიაღწია აქტიორული ხელოვნების მწვერვალს. თავის დროზე, ილია ჭავჭავაძე ნატო გაბუნიაზე წერდა: ამის ზევით ხელოვნება ვერ წავაო. მოდი და წავიდეს ხელოვნება იმის ზევით, რასაც სესილია თაყაიშვილმა მიაღწია ოლღა ბებიას სახის შექმნით. არადა, როდესაც სესილია თაყაიშვილმა ბებია განასახიერა, სულაც არ იყო მოხუცი – სცენაზე 54 წელისამ განასახიერა ბებია, ეკრანზე – 56 წლისამ... (წყარო – რ. შატაკიშვილის ბლოგი)  შემონახული ფოტოები გვიამბობს, რომ სესილია ახალგაზრდობიდანვე გარდასახვის დიდოსტატი იყო. სრულიად ახალგაზრდა თამაშობდა ხნიერ ქალებს. 26 წლისამ ითამაშა ცხოვრებისგან გაუბედურებული მოხუცი ქალი, ამალია კარლოვნა ა. აფინოგენოვის „შიშში“, 29 წლისამ – შამილის მოხუცი დედა, 31 წლისამ – პარასკევა (შ. დადიანის „ნაპერწკლიდან“). 42 წლისამ – ჯულიეტას მოხუცი ძიძა. ამ გარდასახვის სასწაულს, დიდ ტალანტთან ერთად, ის კიდევ ერთი დიდი ნიჭით ახერხებდა – უბადლო გრიმით, რითაც ყოველთვის ანცვიფრებდა ვერიკო ანჯაფარიძესაც კი. გრიმის საიდუმლოს რომ ჩასწვდომოდა, სესილია ახალგაზრდობაში „ასინეთობასაც“ არ თაკილობდა. როცა საგასტროლოდ ჩამოსული რომელიმე სახელგანთქმული მსახიობის გრიმი ააღელვებდა, მასთან საგრიმიოროში მატა ჰარივით იპარებოდა და თვალს ადევნებდა ამ პროცესს... „მე არ შემიძლია პირობით ატმოსფეროში თამაში. მახსოვს, გიგა ლორთქიფანიძეს ბებია ოლღას ოთახის დეკორაციის შეცვლა ვთხოვე. არ შემიძლია არარეალური საგნების რეალურად მიჩნევა, როცა ეს აუცილებლობას არ წარმოადგენს. მე მჭირდება რეალური, ნამდვილი ყოფა, სადაც შეიძლება ისეთი ცხოვრება, რომელიც სიყალბეს ააშკარავებს და სიმართლის კამერტონი ხდება,“ – განაცხადა მსახიობმა ერთ-ერთ ინტერვიუში. თავის გენიალურ წიგნში „სანამ რეპეტიცია დაიწყება“, მაესტრო თუმანიშვილი წერს: „ყველაფერი სულ ოდნავაა მინიშნებული. სესილია თაყაიშვილი უარს ამბობს თამაშზე იქამდე, სანამ მას არ დაუდგამენ ნამდვილ ბუხარს, არ მისცემენ ქვასანაყს და ხმელ სუნელს, რომელსაც ის ამ ქვასანაყში დანაყავს. მას ასევე, აუცილებლად უნდა ჰქონდეს დაბალი სამფეხა სკამი და კიდევ სხვა უამრავი წვრილმანი, რომელიც მსახიობის შემოქმედების საიდუმლოა... სათვალე, როგორი სათვალე უნდა ჰქონდეს ამ ბებიას? მსახიობი იხსენებს ყველა სათვალეს, რაც კი ოდესმე უნახავს. მან ხომ სწორედ იმ სათვალეს უნდა მიაგნოს, რომელიც ბებიის მხატვრული სახის შექმნაში დაეხმარება. შავი, ხალვათი კაბა, ჩაცვენილი ლოყები, შუბლზე წაკრული შავი მოსახვევი, მის ქვეშ კი თეთრი-თეთრი, ფითქინა თავსაფარი, რომლის მხოლოდ ვიწრო ზოლი მოჩანს. ეს ძალზე მნიშვნელოვანია. ფეხზე მსუბუქი ფეხსაცმელი, რომელსაც თითქმის ვერც კი გრძნობს. და აი, თანდათან, შეუმჩნევლად, კაცმა არ იცის, რომელ რეპეტიციაზე, მსახიობში ჩნდება ამ ქალის გარემომცველი სამყაროს ხედვა...“
...სესილია თაყაიშვილი სცენიდან ადრე წავიდა.
გადაწყვიტა და წავიდა. ასეთი იყო...
მაშინ ვერავინ გაიგო და ახსნა ამის მიზეზი.
„მსახიობისთვის სცენიდან წასვლა უფრო რთულია, ვიდრე თეატრში მისვლა...
მე ვიგრძენი სცენის დატოვების შინაგანი მოთხოვნილება, მიუხედავად იმისა, რომ ჩემში ჯერ კიდევ ცოცხლობდა აქტიური შემოქმედებითი იმპულსები. აქ ცხოვრებისეულ წინააღმდეგობას წავაწყდი: ერთის მხრივ ასაკის მძაფრი შეგრძნება, ხოლო მეორე მხრივ, მუდმივი ახალგაზრდობის მწვავე განცდა, რომელიც არ ასვენებს ადამიანს. პირადად მე, ასაკს გავუწიე ანგარიში,” – თქვა ქალბატონმა სესილიამ ერთ-ერთ ინტერვიუში. სცენური სახეებიდან თვითონ ყველაზე მეტად დედოფალი ელისაბედი მოსწონდა, შილერის პიესაში – „მარიამ სტიუარტი”. ამბობენ, განუმეორებელი იყოო... ჩვენი მშობლების თაობა სესილიას საესტრადო გამოსვლებითაც იყო განებივრებული. მთელი საქართველო ჰქოდა თურმე შემოვლილი, სცენის მეორე ლეგენდასთან, სანდრო ჟორჟოლიანთან ერთად.
„კონცერტის დაწყების წინ, კულისებში, იშვიათი სანახავები იყვნენ. სანდრო თვალებგაშტერებული იჯდა სკამზე. ტუჩებს აცმაცუნებდა და თან ფეხებს აბაკუნებდა. ფიქრობდა. იქნებ გუნებაში ტექსტს იმეორებდა. სესილია წრიალებდა. ერთი სკამიდან მეორეზე გადაჯდებოდა, გაივლიდა, გამოივლიდა...
– რას დავდივარ და ვიტანჯები, რას ვიშლი ნერვებს.
– არა, სესილო, შენ ნამდვილად მეტი გაქვს სასაცილო სიტყვები.
– რა გინდა, სანდრო, თუ გინდა, აიღე და შენ თქვი.
სერიოზულად ჩხუბობდნენ. იმათ ყურებას არაფერი სჯობდა. ამდენი წელი იყვნენ ესტრადაზე და ყოველი კონცერტის წინ ღელავდნენ.” (მარინე თბილელის მოგონებიდან).
„ჩვენი სახლის კარი სულ ღია იყო, ვინ აღარ მოდიოდა ჩვენთან. ამავე კორპუსში ცხოვრობდნენ მიშა თუმანიშვილი, ეროსი მანჯგალაძე, გოგი გეგეჭკორი და სხვები. მოკლედ, ეს იყო მსახიობების სახლი. კარგად მახსოვს, ბატონ ეროსის ჰყავდა ძაღლი სახელად ტანგო. დილაობით ეზოში ვარჯიშობდა ხოლმე თავის ტანგოსთან ერთად. არადა, ძაღლი იყო ყრუ და კოჭლი. როდესაც ტანგო მოუკვდა, ბებიამ და დოდო აბაშიძემ სამძიმრის დეპეშა გაუგზავნეს ბატონ ეროსის: „ქელეხი არ გამოგვაპაროთ. თქვენი კეთილისმსურველები.” გაიგო ეროსიმ, ვინ გაუგზავნა დეპეშა და დიდხანს არ ელაპარაკებოდა ბებიას.” (ნატა გოძიაშვილის მოგონებიდან)
ხუმარა და მხიარული, ამავე დროს მკაცრი და მომთხოვნი... მსახიობები იგონებენ: რომელ თეატრშიც არ უნდა მისულიყო თურმე, სართულიდან-სართულზე, საგრიმიორო ოთახიდან-ოთახში გადადიოდა ამბავი, სესილია თაყაიშვილი უყურებს სპექტაკლსო... არავის დააკლებდა თურმე კეთილ რჩევას და საქებარ სიტყვას... გიგა ლორთქიფანიძემ ასინეთას როლი რომ შესთავაზა, ჩაცმულობა სახლში უცბად შეურჩევია. შვილიშვილის, ნატას „დუბლიონკის” ჟილეტი ჩაუცვამს, რაღაც ძველი ქვედაბოლო მოუძებნია და გიგა ლორთქიფანიძე რომ მისულა, ასე გამოწყობილს „ჩესტი” აუღია. დაიხოცნენ თურმე სიცილით.

скачать dle 11.3