კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ურჩევნია ქართველს საქმის კეთებას ლაპარაკი და რა გავლენა იქონია რელიგიამ და აღმოსავლეთმა ამ თვისების ჩამოყალიბებაზე

მართალია, ქართული ანდაზაა, ენით დაკოდილი არ იკურნებაო, მაგრამ ფაქტია, რომ ყოველდღიურობაში ქართველები ერთმანეთს ადვილად იმეტებენ; ხშირად უმიზეზოდაც ილანძღებიან და სიტყვიერი შეურაცხყოფა ლამის ჩვენი ცხოვრების უკვდავ, თანმდევ სულად იქცა. აქედან გამომდინარე კი, ჩნდება ეჭვი, მარჯვენასაც ისეთივე სიხშირით რომ ვატრიალებდეთ, როგორც ენას, მთებს გადავდგამდით და განვითარებადი ქვეყნის სტატუსსაც მოვაშორებდით ჩვენს ქვეყანას. თუმცა, როგორც ჩანს, ენის ქნევა ხმლის (პირობითად) ქნევაზე იოლია, თუმცა სულხან-საბა გვასწავლიდა, სიტყვა საქმიანი და საქმე სიტყვიანიო. რატომ არის ქართველი ორიენტირებული ლაილაიზე და რატომ ურჩევნია რეალურ საქმეს არაფრისმთქმელი ლაპარაკი, – ამ კითხვაზე პასუხის მოძებნას რამაზ საყვარელიძესთან ერთად შევეცდებით.

 –  ერთი პრობლემა გვქონდა, რომ სიყვარულს მხოლოდ სიტყვებით გამოვხატავთ, განსაკუთრებით, სადღეგრძელოში, ახლა დაემატა ერთმანეთის უსაფუძვლო ქილიკი და ლანძღვა, რაშიც უამრავი ენერგია იხარჯება. ეს ჩვენი ეროვნული თვისებაა, რომ ენა ვამუშავოთ თავისა და მარჯვენის ნაცვლად, თუ როდის ჩაენაცვლა სიტყვა საქმეს?
– ეს ისეთი რთული საკითხია, კვლევის გარეშე პასუხი ვერ გაეცემა, ამიტომ მხოლოდ ჩემს აზრს მოგახსენებთ. ახსნის დროს ისტორიაშიც შეიძლება, ჩაიხედო, იმ მხრივ, რომ რელიგიებს შორის არის ტრადიციული განსხვავებები. აღმოსავლურ მხარეს უფრო მეტი აქცენტი აქვს სიტყვაზე, ვიდრე საქმეზე.
– მაგრამ იმ სიტყვას შესრულება უნდა.
– ეგ უკვე სხვა თემაა. გავიხსენოთ, რომ მისტიციზმის სამშობლო აღმოსავლეთი უფროა და აღმოსავლეთს უფრო ახასიათებს ისტორიულად მისტიკისადმი მიდრეკილება და ასეთი დამოკიდებულება რეალობასთან მისტიკის ელემენტია. მისტიკაში სურათი და ის, ვინც სურათზეა, ერთი და იგივეა. ამიტომაც მისნები სურათზე ატარებენ თავიანთ პროცედურებს. სახელი და პიროვნება ერთია; შესაბამისად, სიტყვა და მოვლენაც ერთი და იგივეა და მათ შორის აღმოსავლურ სივრცეში გაცილებით ნაკლებია განსხვავება, ვიდრე დასავლურში. შეიძლება, ეს ელემენტი იყოს ქართულ კულტურაშიც, ოღონდ ამას კვლევა უნდა. აღმოსავლეთის მისტიკური ტრადიციები ყოველთვის გვახასიათებდა. თუმცა აღმოსავლეთის მძლავრი ტრადიციებით შექმნილი „ვეფხისტყაოსანი“ გეუბნება, გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმისო და ნამდვილად არ იყო მოლაყბე ქართველი გლეხი, არ ეცალა ამისთვის. მიწათმოქმედები მხოლოდ სიმღერით თუ გასძახებდნენ ერთი მეორეს, თორემ ეს კოლექტიური სამუშაო არ არის, ინდივიდუალურია და ამ დროს თავიანთ თავს თუ დაელაპარაკებოდნენ, თორემ გვერდზე საუბრებისთვის არც დრო ჰქონდათ და არც იყვნენ შეჩვეულები. ჭარბსიტყვიანობა უფრო არისტოკრატიის მხარეს უნდა მოვიკითხოთ. თქვენ მიერ წამოჭრილ თემას ღვინის კულტურაც უკავშირდება: ყურძენი ღვინისთვის უნდა ქართველ კაცს, ღვინო დალევისთვის, დალევა სუფრისთვის.
– სუფრა – ლაპარაკისთვის...
– დღეგრძელობისთვის. დამოკიდებულებებშიც ჩანს – ამ კაცთან ჭიქა ამიწევიაო, ანუ ვისთანაც ჭიქას აწევ, უკადრისი საქციელი არ უნდა ჩაიდინოო. ითვლება, რომ ღვინით დღეგრძელობა მიუვა ადამიანს. ისევე, როგორც დაწყევლაც და ესეც მისტიკიდან გამომდინარე რიტუალია. წყევლისა და დალოცვის იქით იგულისხმება, რომ სიტყვას ძალა აქვს. ამდენად, სიტყვის მიმართ დამოკიდებულებაა სხვანაირი და ვიმეორებ, ამ მისტიკური საწყისების კვლევა ძალიან საინტერესოა. ირანულ კულტურაში მაჰმადიანობამდე, როდესაც მაზდეანები იყვნენ, ღვთისმსახურებისთვის ღვინო იყო წმიდა სასმელი, რადგან იმ მდგომარეობაში გადაჰყავდა, რომელშიც ხილვებისა და წინასაწარმეტყველების უნარი ეხსნებოდათ და მიწიერ არსებობაზე მაღლა აყენებდა მათ.
– აღმოსავლური გავლენააო, მაგრამ იოანეს სახარება ასე არ იწყება: თავდაპირველად იყო სიტყვა და სიტყვა იყო ღმერთთან და სიტყვა იყო ღმერთი.
– ამიტომაც მოგახსენეთ, რომ რელიგიაში დევს ამის საფუძველი. სიტყვა იყო ღმერთი –   ეს მისტიკური ფორმულაა. ამდენად, საფუძველი ესეც შეიძლება, იყოს. ყოველდღიურობაში ეს არც არავის გვახსოვს, მაგრამ მჟღავნდება ისეთ დეტალებში, როდესაც ადამიანს სწყინს, თუ მისი სადღეგრძელო არ დალიე, ანუ საქციელად აღიქვამს სიტყვას. ღვთის სისხლია  ღვინო და მასთან ზიარება ზებუნებრივ ძალებს ეხება.
– თუ სიტყვას ამხელა ძალას ვანიჭებთ და, ჩემი აზრითაც, სიტყვა და აზრი მატერიალურია, რატომ გავცემთ ძირითადად უარყოფით სიტყვებს ერთმანეთის მისამართით? კარგი სიტყვები ვუთხრათ ერთმანეთს და დადებითი ენერგიით გავაძლიეროთ, რატომ ვასუსტებთ უარყოფითით? რატომ გადასძალა ჩვენს მეტყველებაში ნეგატივმა პოზიტივს?
– ეს ისტორიული წიაღსვლა დღევანდელობას ბევრით არაფრით შველის, იმიტომ რომ, ისტორია ისტორიად რჩება და შემოდის სხვა ფაქტორებიც, რომლებმაც შეიძლება, ისტორიაც უფრო გასაგები გახადოს. როგორც წესი, იმ რელიგიისკენ მიგვიწევს გული, რომელიც ჩვენს ხასიათს უფრო ერგება და ამას მოგახსენებთ იმიტომ, რომ სამხრეთის ქვეყანა ვართ და ზოგადად – ემოციური ხალხი. რაციონალობა არათუ არ გამოგვდის, კულტურის მიერ არ არის წახალისებული. ფსიქოთერაპიის კურსში სტუდენტებს ვეუბნები ხოლმე, რა უნდა გავაკეთოთ, რომ არ ვიყოთ ემოციურები და აღშფოთებულები არიან, მანქანები ხომ არ ვართ, ადამიანები ვართ, როგორ არ უნდა ვიყოთ ემოციურებიო. თუ ადამიანი ხარ, ემოციური უნდა იყო, ემოციურობა კი ნიშნავს, რომ, რა ემოციაც მაქვს, ის უნდა გამოვხატო მძაფრად: თუ გაბრაზებული ვარ, უნდა ჩანდეს, რომ გაბრაზებული ვარ; თუ ვწუხვარ, უნდა ჩანდეს, რომ ვწუხვარ. ჩვენი წუხილი ახლობლის გარდაცვალებისას, ეს ხომ ემოციების მთელი კასკადია და ეს არ არის კასკადი მარტო იმიტომ, რომ ადამიანები რეალურად განიცდიან მომხდარ უბედურებას, კულტურა აიძულებს მათ, იყვნენ ასეთები. კულტურა ითხოვს მათგან ამ ემოციურობას. ამას იმიტომ ვამბობ, რომ, თუ კულტურა ითხოვს ემოციურობას, დადებითის გამო იქნები ემოციური თუ უარყოფითის, ფაქტობრივად, სულერთია. ამ კულტურის ხალხი ვართ და ამას ვერაფერს მოვუხერხებთ.
– საბჭოთა დროს ვიყავით ემოციურები?
– პირიქით, საბჭოთა დრომ და რუსეთთან ურთიერთობამ გამოიწვია ჩვენი ეს დეფორმაცია, თორემ არასაბჭოთა დროს სუფრაზე ისმებოდა სამი სადღეგრძელო. მას მერე, რაც რუსების სამხედრო ძალა გახდა შენი თავდაცვის საყრდენი, ფეოდალებმა დაკარგეს ფუნქცია და არსებითად მათი უმეტესობის ერთადერთ საქმედ დარჩა ქეიფი. დანარჩენი ელემენტები – ჭარბსიტყვიანობაც, ამ პერიოდის მონაპოვარია. ამდენად, არც ისეა საქმე, რომ, რაც გვჭირს, შორეული წარსულის ამბავია. უახლოესი წარსულის შედეგი უფრო არის, ვიდრე რელიგიასთან კავშირის მქონე მოვლენა. რელიგიასთან ყველა კულტურას ჰქონდა კავშირი და გაიარა ის პერიოდი, როდესაც სიტყვა იყო წამყვანი და ჰქონდა ძალა, მაგრამ ისინი შეიცვალნენ, ჩვენ – არა, ოღონდ მაშინ იმ სიტყვას ძალიან უფრთხილდებოდნენ, როდესაც სიტყვა ძალად ითვლებოდა, მას ფუჭად არ ფლანგავდნენ.
– ერთია, რომ ბევრს ვლაპარაკობთ და მეორე, რომ ყველაფერზე გვაქვს კომპეტენტური აზრი: ვინ როგორ უნდა დახარჯოს თავისი ფული, როგორ უნდა მოიქცეს ამერიკა, რა უნდა გააკეთოს ევროპამ. არავინ მოგვწონს გარშემო. არადა, თუ ასეთი ჭკვიანები ვართ, რატომ ვერ ვახერხებთ ამ ჭკუის საჩვენოდ გამოყენებას თუ მხოლოდ სხვის ომებში ვართ ბრძენები?
– ქართული ანდაზაა, სხვა სხვის ომში ბრძენიაო… ასე რომ, მაგ ანდაზის მიხედვით ეს ხასიათი ვიცით, მაგრამ ეს ყველა ერს ახასიათებს და ჩვენ არ ვართ გამონაკლისები.
–  მაგრამ ამერიკელს რომ ჰგონია თავი სხვაზე ჭკვიანი, რა გასაკვირია, აშენებულ და დალაგებულ ქვეყანაში ცხოვრობს.
– ამერიკელს რომ ჰგონია, რომ სხვაზე ჭკვიანია, ისე რომელ ერს ჰგონია?! ამერიკანოცენტრიზმი და ევროპოცენტრიზმი ჰქვია იმას, რომ ვერ გააგებინებ მათ, რომ შეიძლება, ცდებოდნენ. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ ყოველთვის მართლები არიან, თუმცა მათ შეცდომებს უზარმაზარი ტრაგედიები მოჰყვება ხოლმე. ამდენად, მათ არ აქვთ იმის საფუძველი, ეგონოთ, რომ ყველაზე ჭკვიანები არიან. ნამდვილად არ არიან და უამრავჯერ თავადაც წააგეს, მაგრამ ჯიუტად არ სწავლობენ თავიანთ შეცდომებზე და რა საფუძველი აქვს მათ თვითდაჯერებულობას?!
– მათ აქვთ უკეთესი სახელმწიფო, პენსიის შემდეგ მათი პენსიონერის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა მინიმუმ არის საშუალოდ 20-25 წელი. ისინი არიან აბსოლუტურად ჯანმრთელები და ლამის ახალ ცხოვრებას იწყებენ. აქვთ დაცული და გარანტირებული ხვალინდელი დღე. ეს არ ნიშნავს უკეთესს?
– თქვენ ამას უწოდებთ, მე სხვა რამეს დავარქმევდი უკეთეს სახელმწიფოს. მაგალითად, ფეხბურთის რომელი გუნდია უკეთესი, რომელიც ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს.
– ვინც ყველაზე მეტს მოიგებს, არა?!
– მერე გამოდის, რომ ეს ის გუნდია, რომელსაც ყველაზე მეტი მოგება აქვს. მაგრამ ჩვენ, რატომღაც, ძალიან მალე ვასკვნით, ვინ არის მოგებული და ვინ – არა. მეორე მსოფლიო ომის წინ და მის პერიოდში ჩინეთი ერთ-ერთი უძლური სახელმწიფო იყო, მაგრამ დღეს იმავეს ვიტყვით ჩინეთზე?! თურქეთი ათა თურქის გამოჩენამდე ძალიან შორს იყო ნებისმიერი პროგრესისგან, მაგრამ დღეს?! ანუ დღეს ძნელია იმის თქმა, ხვალ ვინ აღორძინდება და ვინ – არა. დღეს რომ ამერიკელები და ევროპელები მაგრები არიან, ეს ტექნიკური პროგრესისა და ეკონომიკის დამსახურებაა, მაგრამ იქნება თუ არა ეს ეკონომიკურ-რაციონალური ბერკეტი საკმარისი იმისთვის, რომ გადაწონოს მათ მიერ დაშვებული პოლიტიკური და სხვა ტიპის შეცდომები?! ისინი შეცდომებს უშვებენ, უბრალოდ, მათ შეცდომებს ფარავს მათივე წარმატებები.
– მე არც მითქვამს, რომ უშეცდომოები არიან, მე ვამბობ, რომ მათ უფრო შეიძლება, გაუჩნდეთ ყველასთვის ჭკუის სწავლების პრეტენზია.
– მაგრამ პრეტენზია, რომ ვიღაცას ჭკუა ასწავლო, არის იდიოტიზმი.
– რა თქმა უნდა.
– თქვენ გულისტკივილით აღნიშნეთ ქართველებში ეს თვისება, იმიტომ რომ, არ გინდათ, ისინი იდიოტებს ჰგავდნენ. ამერიკელის იდიოტიზმი უფრო უკეთესია?
– უარესია, იმიტომ რომ, მათ ხელი უფრო მეტ რამეზე მიუწვდებათ გასაფუჭებლად.
– გაცილებით მეტზე, ვიდრე ქართველს თავისი არტისტული ტრაბახით. ქართველი არტისტული ფიგურაა, ლამაზი საქციელი უყვარს.

скачать dle 11.3