კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რისი გაცნობიერებისთვის დასჭირდა ნუგზარ რუხაძეს სამოცდაათი წელი და როგორ დაიმსახურეს მისმა ნამუშევრებმა „ემი“

ბოლო დროს, ქართველი პოლიტიკოსების ინგლისური ენის ცოდნის დონე არაერთხელ გამხდარა სალაპარაკო თემა. საზოგადოებას ჯერ ეკა ბესელიას ინგლისური არ ჰქონდა „მონელებული“, როცა მას გუგული მაღრაძეც დაემატა და პოლიტიკოსების (თუმცა, არა მხოლოდ) ინგლისურის ცოდნა-არცოდნის საკითხი განსჯის საგნად იქცა. ამ საკითხთან დაკავშირებით ცნობილ ჟურნალისტ ნუგზარ რუხაძეს ვესაუბრეთ, რომელიც 15 წლის ასაკიდან დღემდე, ინგლისური ენის პედაგოგია და შესაბამისად, ამ საკითხში – კომპეტენტური. გარდა ამისა, ბატონ ნუგზარს ამერიკული ცხოვრებისა და ოჯახური ისტორიების გახსენებაც ვთხოვეთ.

 – ბატონო ნუგზარ, როგორც ინგლისური ენის ცნობილ პედაგოგს, როგორი რეაქცია გაქვთ ხოლმე, როცა ჩვენი პოლიტიოსების, მაგალითად, ბესელიას თუ მაღრაძის საუბარს ისმენთ ამ ენაზე?
– მე იმ თაობას მივეკუთვნები, რომელსაც ტრილინგვისტები ეწოდება, რადგან ჩვენ სამი ენა შევისისხლხორცეთ: ქართული, რუსული და ინგლისური. მე ცხრა წლის ვიყავი, ინგლისურის სწავლა რომ დამაწყებინეს და მეათე კლასამდე ვსწავლობდი. ძალიან ცნობილი მასწავლებელი გვყავდა – ნიკალაი ვოლკოვი და სხვათა შორის, დღეს მისი შვილი ნიკ ვოლკოვია ისეთივე წარმატებული და ცნობილი. მეცხრე-მეათე კლასში ენა უკვე ძალიან კარგად ვიცოდი. ვესაუბრებოდი უცხოელებს და ვკითხულობდი ინგლისურენოვან გაზეთებს. ცოდნა უცხოეთში ყოფნისას უფრო და უფრო გამიღრმავდა. ბოლოს იქამდე მივედი, რომ გავხდი ინგლისურ ენაზე მწერალი ქართველი ჟურნალისტი. უფრო მეტს ინგლისურად ვწერ, ვიდრე ქართულად, რადგან ინგლისურენოვანი ჟურნალის რედაქტორი ვარ უკვე რვა წელია. შეიძლება ითქვას, რომ ამ ენის სწავლას მთელი ჩემი ცხოვრება მივუძღვენი. ახლა შემიძლია, ვთარგმნო პოეზია და დავტკბე შექსპირის ინგლისურით. ამასთანავე, ძალიან მიყვარს ინგლისურის სწავლების პროცესი. თუმცა, მე თვითონაც 65 წლია, მას ვსწავლობ. შეიძლება, არ დამიჯეროთ, მაგრამ არ ყოფილა დილა ჩემს ცხოვრებაში, რომ ავმდგარიყავი და ინგლისური არ მემეცადინა. მათი ლექსიკა მილიონზე მეტი სიტყვისაგან შედგება და მე აქედან ერთი მეათედი ვიცი. მთელი ცხოვრება ვსწავლობ და მხოლოდ ათი ათასი სიტყვა მაქვს თავში, მეტი არა, მაგრამ ეს სავსებით საკმარისია. ბევრს სიტყვას ვერც ვიყენებ, თუმცა მე, როგორც ლინგვისტს, საკუთარი თავის მიმართ გარკვეული მოთხოვნები მაქვს და მინდა, მაქსიმალურად დავხვეწო ჩემი ცოდნა. საამისოდ კიდევ ერთი მიზეზი მაქვს – ესაა ხალხის მოლოდინი: მათ ჰგონიათ, რომ მე ყველაფერი უნდა ვიცოდე. არ მინდა, ისე მოხდეს, რამე მკითხონ და მე პასუხი არ მქონდეს, მით უმეტეს, ბავშვებმა. ასეთი შემთხვევა არასდროს მქონია, თუმცა მაინც მეშინია. ამიტომაც ვმეცადინეობ სისტემატურად და ჩემს ლექსიკონს ყოველდღე ათ სიტყვას ვამატებ. რაც შეეხება ქვეყანას, ჩვენთან ინგლისურის ცოდნის დონე ჯერ მაღალი არაა, თუმცა მისი შემოჭრა სწრაფი ტემპით ხდება და მალე ინგლისურის კარგად ცოდნა გასაკვირი აღარც იქნება. პირადად მე, პოლიტიკოსების თუ საზოგადო მოღვაწეების ინგლისურის ცოდნის დონე დასაძრახი არ მგონია. ეს ობიექტური არაა და არც ადამიანური საქციელია. ყველას აქვს რაღაც დოზით მოხერხება სასაცილო და უხერხული მდგომარეობიდან თავის დასახსნელად და კარგი იქნება, თუ ამ უნარს კარგად გამოვიყენებთ. მაგრამ, თუ მაინც ჩავიგდებთ თავს უხერხულ მდგომარეობაში და საზოგადოება ერთი-ორჯერ გაიცინებს, არც ესაა დიდი დანაშაული. რა მოხდა, გაიცინებენ და მერე ამ ყველაფერს დაივიწყებენ. მე ამას ძალიან მძაფრად არ აღვიქვამ. სამაგიეროდ, ისეთებიც არიან, რომლებიც ენას ბრწყინვალედ ფლობენ.
– მათ შორის თქვენი მოსწავლეებიც ხომ არ არიან?
– როგორ არა, არიან, მაგრამ მათი ნებართვის გარეშე, ვინაობას ვერ დავასახელებ. გარდა ამისა, პოლიტიკოსების ახალმა თაობამ ინგლისური ძალიან კარგად იცის. ცოტა ხნის წინ ირაკლი ღარიბაშვილი გამოვიდა პარიზში სამიტზე და ყოველგვარი დახმარების გარეშე, სრულიად დამოუკიდებლად, გამართულად ისაუბრა ინგლისურად. მშვენივრად შეძლო საკუთარი აზრის სამყაროსთვის მიწოდება. მისი ინგლისური საკმაოდ გამართული და კარგია, რადგან ის უცხოეთში ცხოვრობდა და სწავლობდა. ძალიან კარგად საუბრობს პეტრე მამრაძეც და გიგი წერეთელიც – მას დედა ინგლისური ენის სპეციალისტი ჰყავს და ბავშვობიდან შეითვისა ეს ენა. ვიცი, რომ მიხეილ მაჭავარიანიც დიდი მონდომებით ეწაფება ინგლისურს და მნიშვნელოვნადაც დაიხვეწა, თუმცა, კიდევ ბევრი აქვს სასწავლი. ისე, ინგლისურის ცოდნასთან დაკავშირებით, ამერიკელის შეფასებას არ უნდა ენდო. ორი სიტყვაც რომ იცოდე ინგლისურად, გეტყვიან, რომ ძალიან კარგად იცი ეს ენაო. როცა თავს დაიმდაბლებ და იუარებ, გეტყვიან, შენი ინგლისური ჯობია ჩემს ქართულსო. ეს ფრაზა ძალიან ბევრჯერ გამიგონია ჩემი მისამართით.
– ამერიკაში რომ პირველად ჩახვედით, რამდენი წლის იყავით?
– ამერიკაში რომ პირველად ჩავედი, 36-37 წლის ვიყავი. ამ ქვეყანამ ჩემი ინგლისურ ენაზე წერის უნარი დააგვირგვინა, რადგან ძალიან ბევრს ვწერდი და ინგლისურ ენაზე მწერალ ჟურნალისტად სწორედ იქ ვიქეცი. ახლახან ამერიკის ელჩთან ერთად ვიყავი შავი ზღვის უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენციაზე, სადაც სიტყვით გამოვედი და გეტყვით, რომ ჩემთვის ეს საჯარო გამოსვლა ისეთივე იყო, როგორიც იქნებოდა ქართულ თუ რუსულ ენაზე. ინგლისურადაც ისევე შემიძლია მსმენელზე გავლენის მოხდენა, როგორც ქართულად. წლების წინ... 22 წლის ასაკში და ნეპალში, შაქრის ქარხანასა და სიგარეტის ფაბრიკაში რუსულ-ინგლისურენოვან თარჯიმნად ვმუშაობდი. ერთ მშვენიერ დღეს უფროსი ჩამოვიდა და ადგილობრივ უფროსს ეკითხება, რუხაძე რას შვრება, როგორიაო? არა უშავს, კარგია, მაგრამ ჩვენი სერიოჟა ჯობიაო. არადა, ამ სერიოჟას მე ვასწავლიდი ინგლისურს და რომ იტყვიან, თავში ვუტენიდი ყველაფერს. დღეში ორი საათი ხათრით ვამეცადინებდი. მაგრამ ჩვენმა ადგილობრივმა უფროსმა მხოლოდ რუსული იცოდა, ინგლისური არ ესმოდა და რომელი ენაც კარგად იცოდა, იმით განსაზღვრა ჩვენი ცოდნაც. სერიოჟა კი რუსი იყო და რუსულით, რა თქმა უნდა, მჯობდა. საშინლად დავიბოღმე ამ უსამართლობის გამო. ავდექი და ბიბლიოთეკიდან  952-გვერდიანი რუსული წიგნი „მარქსიზმის და ლენინიზმის საფუძვლები“ გამოვიტანე და თავიდან ბოლომდე ხმამაღლა წავიკითხე.  ენა იმდენად დავხვეწე, რომ მერე სერიოჟა კი არა, ვეღარავინ მჯობდა. თუმცა, ამას სამი-ოთხი თვე მოვანდომე.
– ბატონო ნუგზარ, თქვენს რამდენიმე ინტერვიუს გადავავლე თვალი და ვერსად წავიკითხე, თქვენი ოჯახის შექმნის ისტორია.
– ამ მხრივ, არაფერი მაქვს საამაყო. სამწუხაროდ, ჩემს ცხოვრებაში ისე არ მოხდა, რომ შემერთო ცოლი, რომელთანაც შევქმნიდი ქართულ ოჯახს და ვიქნებოდით ერთმანეთის ერთგულები სიცოცხლის ბოლომდე. გვეყოლებოდა შვილები და შვილიშვილები და სიბერემდე მოვიტანდით ამ ამბავს. სამწუხაროდ, ამ ყველაფრის გასაცნობიერებლად სამოცდაათი წელი დამჭირდა. გულწრფელად გეტყვით, ჩემთვის იდეალური იქნებოდა, ჩემს ცხოვრებაში მხოლოდ ერთი ქალი არსებულიყო, რომელიც ჩემთვის პირველი და უკანასკნელი იქნებოდა და მთელი სიცოცხლე მასთან გამეტარებინა სიყვარულსა და სიამტკბილობაში. მყოლოდა ბევრი შვილი და შვილიშვილი, ვყოფილიყავი მათ ცენტრში და მქონოდა მათი მოვლის მორალურ-მატერიალური ძალა, ისე, როგორც ამას ბევრი ჩემი მეგობარი აკეთებს. თუმცა, ასე არ მოხდა. პირდაპირ გეტყვით, მე რამდენჯერმე დამენგრა ოჯახი და ხელახლა დავიწყე მისი აგება, რამაც ბევრი რამ დამაკლო. ამას იმ ადამიანთა გასაგონად ვამბობ, ვინც ჩემსავით იქცევა. ეს ძალიან მძიმე დანაკარგია. მე რომ კლასიკური ფორმისა და შინაარსის ოჯახი მქონოდა, დღეს უფრო ჯანმრთელი, მდიდარი და დიდი ვიქნებოდი. თუმცა, ბედნიერი ვარ, რომ მყავს ოთხი შვილი, აქედან ერთი გერია. თუმცა, ამერიკაში არ აქვს მნიშვნელობა, გერია თუ ბიოლოგიური შვილი, ორივესთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს – ჩემს მონაგარში კეთილი განწყობილებაა. სამი მათგანი ამერიკაში ცხოვრობს, ერთი კი – პარიზში. მყავს ხუთი შვილიშვილი. თავის საქმეში ყველა წარმატებულია და არცერთი გულს არაფრით არ მტკენს. მაგრამ, ერთი რამ კია, მე თბილისში ვარ და სხვაგან ცხოვრება აღარ მინდა, არც ევროპაში და არც ამერიკაში. სიშორის გამო მათთან ნაკლები ურთიერთობა მაქვს, მაგრამ ეს არ ნიშნავს სიყვარულის საფუძვლების შერყევას. სამწუხაროდ, ხშირად ვერ ჩამოდიან. მე უფრო ხშირად ვახერხებ ჩასვლას, წელიწადში ერთი-ორჯერ, სანამ შემიძლია, ალბათ, კიდევ ვივლი, მაგრამ ნელ-ნელა სულ უფრო მეტად მიჭირს ასე შორს გამგზავრება. მოდის დრო, როცა მეც ვეღარ წავალ. ისინი უკვე დიდები არიან. უფროსი შვილი 50 წელსაა მიღწეული, შვილიშვილი კი – 25 წლისაა. არ გადავაჭარბებ, თუ ვიტყვი, რომ ჩემი შვილები და შვილიშვილები გიჟდებიან საქართველოზე. ძალიან უნდათ აქ ყოფნა, მაგრამ არ გამოდის, რადგან იქ მუშაობენ. ძნელია, ამ ყველაფერს მოწყდე და აქ ჩამოხვიდე. ის კი არა, ხანდახან ვფიქრობ, რამე რომ მომივიდეს, რა ეშველებათ, რადგან უნდა აიბარგონ და ერთი კვირით მაინც ჩამოვიდნენ. მერე კი, კვლავ უკან გაბრუნდნენ. ეს ყველაფერი შემაწუხებელია, მაგრამ, რას იზამ, ასეთ სიტუაციაში აღმოვჩნდით. სამაგიეროდ, მე მთელ ჩემს ენერგიას ჩემს მოწაფეებს ვახმარ. წელიწადში მათი რაოდენობა 500-მდე ადის და არცერთი მათგანის მიმართ გულგრილი არ ვარ.
– წლების წინ, ყველაფრის მიუხედავად, თქვენ შეძელით უკან დაბრუნება. არც თქვენთვის იქნებოდა ეს გადაწყვეტილება მარტივად მისაღები.
– ეს 14 წლის წინ მოხდა და ერთი წამითაც არ მინანია. ახლა აქედან წიხლითაც კი ვერავინ გამაგდებს. იქ ყველაფერი აწყობილი მქონდა: სახლი, კარი, სამსახური... მაგრამ, ჩემი წამოსვლის სტიმულატორი ზაზა შენგელიას მოწვევა გახდა. ამის გარეშეც ჩამოვიდოდი, მაგრამ ეს დიდი ბიძგი იყო. ზაზამ ჩათვალა, რომ საქართველოს ტელევიზიას გამოვადგებოდი. მეც ჩამოვედი და მუშაობა პირველ არხზე დავიწყე, თუმცა ეს ძალიან დიდხანს არ გაგრძელებულა.
– აწყობილი ცხოვრების დატოვება არ გაგიჭირდათ?
– ყველაფერი აწყობილი გვქონდა, მთელი დატვირთვით ვმუშაობდი. თუმცა, ერთ მშვენიერ დღეს ჩემს თავს ვკითხე: ნუგო, ბედნიერი ხარ, ბიჭო? დავფიქრდი და მივხვდი, რომ არ ვიყავი ბედნიერი. რატომ, რა გინდა? – ამ კითხვაზე ფიქრში კარგა ხანი გავატარე. სახლს გარშემო გიჟივით წრეებს ვუვლიდი და ვცდილობდი, ის მეპოვა. ოჯახის წევრებმა იფიქრეს, რომ გავაფრინე. ბოლოს დავასკვენი, რომ ფესვები მინდოდა. მიწა, მეგობრები, ახლობლები მენატრებოდა და მაშინვე ვუთხარი ჩემს თავს: წადი! იმ საღამოსვე ჩავალაგე ნივთები, ბილეთი შევუკვეთე, დავჯექი და წამოვედი. ჩამოვედი და უკან აღარ წავსულვარ. მე აქაც ძალიან დაკავებული და საქმიანი ცხოვრება მაქვს.
– შეგიძლიათ, იქ მოღვაწეობის წლები გაიხსენოთ?
– ხელოვნური თავმდაბლობის გარეშე გეტყვი, რომ ჩემი ამერიკაში ჩასვლა და ჟურნალისტად მუშაობა 24 საათში გამომჟღავნდა. ჩემი პირველი სიუჟეტი რომ ეთერში გავიდა, მეორე დღეს უკვე ქუჩაში მაჩერებდნენ და სურათის გადაღებას, ავტოგრაფს მთხოვდნენ. ეს იმიტომ კი არ მოხდა, რომ უნიკალური ჟურნალისტი ვიყავი, უბრალოდ, ვიყავი ის, ვინც განსხვავებულ სამყაროს ადამიანის თვალით შეხედა. მე ამერიკელებს თავიანთივე ამბის მოყოლა დავუწყე. მათ დაინახეს ჩემი ჰუმანური განწყობა და ტაში დაუკრეს. ამიტომაც მოხდა, რომ ჩემი სიუჟეტებისგან შემდგარმა დოკუმენტურმა ფილმმა სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონის „ემი“ მიიღო 1990 წელს. მშენებლობაზე რომ გავაკეთე სიუჟეტი, მუშას ვკითხე, გეამაყება მუშა რომ ხარ-მეთქი. ამერიკელი ჟურნალისტი გაგიჟდა, ეგ კითხვა საიდან მოგივიდა თავშიო. ეთერში რომ გავიდა სიუჟეტი, უცებ მთელი „ნიუსრუმი“ ფეხზე წამოდგა და ტაში დაუკრა – გამამხნევეს და მომეფერნენ. მაშინვე სახელი – ნუგი დამარქვეს და სულ ასე მომმართავდნენ. ყველასთვის ნუგ ვიყავი. ამერიკაში ძალიან ბევრი საჯარო გამოსვლა მქონდა. სტადიონებზე გამოვდიოდი, სადაც ათიათასობით ადამიანი იჯდა და ვეუბნებოდი: გამარჯობა, ესაა მეთერთმეტე არხი, მე ნუგზარ რუხაძე ვარ-მეთქი. ერთხელ, მახსოვს, ბეისბოლის მატჩზე ვიყავი, ხალხმა მატჩის ყურებას თავი დაანება, მოვიდნენ და ავტოგრაფს მთხოვდნენ. აღარც მახსოვს, რამდენ ასეულ ბურთს მოვაწერე ხელი.

скачать dle 11.3