კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ აუკრძალა გიორგი ჭოღოშვილის ბაბუამ ცოლს ლაპარაკი და რატომ დაუნიშნეს მის ბიძას ებრაელებმა პენსია

ამ ისტორიის წაკითხვისას ყველა ქართველს აევსება გული სიამაყით. ეს არის ისტორია, რომელშიც არისტოკრატიის ცხოვრება იმ დროის საქართველოსთან, გარემოებებსა და მოვლენებთანაა გადაჯაჭვული.
გიორგი ჭოღოშვილი ცნობილი ქართველი მათემატიკოსი იყო, რომლის ნაშრომებმაც საფუძველი დაუდო თანამედროვე ქართულ მათემატიკას. არანაკლებ საინტერესოა მისი ოჯახის წევრების – მამის, ბიძის ცხოვრებაც. თავიდან ჭოღოშვილები გამაჰმადიანებული მესხები ყოფილან, მაგრამ, იმერეთის ომის დროს სოლომონ მეორეს მიმხრობიან, ქრისტიანობა მიუღიათ და,  აქედან მოყოლებული, მუდამ ქვეყნის სამსახურში დგანან. უმჯობესია, მათი ისტორია არა ჩემგან, არამედ მათი შთამომავლისგან, ცნობილი მხატვრისგან – ლევან ჭოღოშვილისგან მოისმინოთ.

– ბატონო ლევან, თქვენი წინაპრების შესახებ გვიამბეთ. ბიძათქვენი, როგორც ვიცით, ცნობილი ექიმი იყო.
– ზოგადად, მდივნობა და ექიმობა ჩვენს  გვარს ისტორიულად მოსდევდა. მესხი ჭოღოშვილების შტოს წარმომადგენლები ვართ და გეგუთში გვქონდა მამულები და თავად გეგუთის ციხეც საგვარეულოს მფლობელობაში შედიოდა. ბაბუაჩემის მამა ადრე გარდაიცვალა და ორი ვაჟი დარჩა. კიდევ ორი ჰყოლია, მაგრამ, უბედური შემთხვევის გამო დაღუპვია – ბუხარში ხანძარი გაჩენილა და ბავშვებიც დამწვარან. ამ ფაქტის გამო, მას ცოლისთვის ლაპარაკი აუკრძალავს. როდესაც ბაბუაჩემი გარდაიცვალა, ბებია თავის სახლში – ბზვანში დაბრუნდა შვილებთან ერთად. ბებიაჩემის წინაპრები ციხისჯვრიდან იყვნენ, მაგრამ, ცნობილი ბაზალეთის ბრძოლის შემდეგ იმერეთში გადასახლდნენ. ბაბუაჩემი და მისი ძმა დედულეთში იზრდებოდნენ. რუსეთის იმპერიაში ასეთი წესი იყო: თავად-აზნაურების  ობლად დარჩენილ შვილებს რუსეთის იმპერიის ნებისმიერ უნივერსიტეტში უფასოდ შეეძლოთ სწავლა. ბაბუამ, სევერიანმა, ხარკოვის უნივერსიტეტი დაამთავრა, გიორგიმ (მისმა ძმამ) კი – კიევის. ისინი წლების შემდეგ საქართველოში დაბრუნდნენ და აქ მათი ცხოვრება სულ სხვაგავარად წარიმართა. გიორგი თავისებური ადამიანი იყო, არ შეეძლო პაციენტისგან გასამრჯელოს აღება და ამიტომ მთელი ცხოვრება უმცროსი ძმის ხარჯზე იყო, თუმცა თვითონ უფრო ცნობილი ექიმი ყოფილა. გურიაში ისე უყვარდათ, ბავშვებს მის სახელს არქმევდნენ. 1905 წლის რევოლუციის დროს გურიაში კაზაკებსაც უმკურნალა და გურულებსაც. ეს არც მთავრობამ და, ეტყობა, არც გურულმა აჯანყებულებმა არ აპატიეს, რის გამოც საფრანგეთში  ემიგრაციაში წასვლა მოუწია. მეგობრობდა პლეხანოვთან, იცნობდა ლენინს. ვიდრე საფრანგეთში წავიდოდა, მის დაჭერას ცდილობდნენ. რამდენჯერმე კაზაკები შეუცვივდნენ სახლში, მაგრამ გადარჩა – ბებიაჩემის (მისი რძლის) ბიძაშვილიები ჟანდარმერიის პოლკოვნიკები იყვნენ და, მათ სურათებს რომ ხედავდნენ, კაზაკები უკან ბრუნდებოდნენ. გიორგი, გარდა იმისა, რომ ცნობილი ექიმი იყო, მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში და მიღებული აქვს ექვსი სხვადასხვა ორდენი. საფრანგეთში სამ მეგობართან ერთად ჩავიდა. არ ვიცი რატომ, მაგრამ, ცოლებად ოთხივემ ოთხი და მოიყვანა. ბუნებრივია, სტალინის დროს ძმებს მიმოწერაც აღარ ჰქონდათ. 60-იან წლებში მამაჩემი, როგორც მათემატიკოსი, საფრანგეთში ჩავიდა, სადაც თავის ნიცელ ბიცოლას შეხვდა. მან მამაჩემს გადასცა გიორგის ორდენები და საინტერესო ისტორიებიც უამბო: იმდენად უცნაური კაცი იყო, რომ ომიდან ერთი დღით ჩამოსული ჩემს სანახავად რომ მოვიდა საცოლე ვიყავი მისი, თან, ამდენი ხნის უნახავი ვყავდი და მთელი დღე იმაზე მელაპარაკებოდა, რუსმა გლეხმა როგორ უნდა იცხოვროს ბედნიერადო. საფრანგეთში ექიმობაზე უარი უთქვამს და უმუშევარი ყოფილა. მისი ცოლი იხსენებდა – მთელი დღე წამოწოლილი იყო, არაფერს აკეთებდა ამიტომ „ფაშა” შევარქვით. მისი საგვარეულოს წარმოშობის შესახებ კი გარდაცვალების შემდეგ შევიტყვეთ და, თურმე, მართლა ფაშა ყოფილაო.
მამაჩემმა საფრანგეთიდან ჩამოიტანა გაზეთი, სადაც წერია ნიცის მერის სიტყვები, რომელიც გიორგის გარდაცვალებისას უთქვამს: ნიცელებმა მეორე შვაიცერი დაკარგესო. მისი ცხოვრების ფრაგმენტებიდან კიდევ ერთი ისტორიაა საყურადღებო: ომის დროს მან თავის ოჯახში დამალა ებრაელი რაბინი. ომის დასრულების შემდეგ რაბინი ნიუ-იორკში წავიდა, საიდანაც ნიუ-იორკის ებრაულმა საზოგადოებამ სამუდამო პენსია დაუნიშნა გაწეული გმირობისთვის. მამაჩემს თავისი ბიძის სახელი ჰქვია, მას კი, სამწუხაროდ, შვილები არ დარჩენია.
– ბაბუათქვენის ცხოვრება როგორ წარიმართა საქართველოში დაბრუნების შემდეგ?
– რაც შეეხება თვითონ ბაბუას, სევერიანს, ის იყო საჩხერისა და ჭიათურის მხარის მთავარი ექიმი და ამ პოსტზე თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში მუშაობდა. მან ააშენა ბევრი საავადმყოფო და ბიბლიოთეკა.  ის იყო აკაკი წერეთლის პირადი ექიმი. თურმე, აკაკი სხვა ექიმს არც იკარებდა; ფაქტობრივად, ბაბუაჩემის ხელში გარდაიცვალა. ყველა წერეთელი მისი ახლობელი იყო. გადმოცემით ვიცი: როცა ადამიანების დახვრეტა დაიწყეს,  თურმე ბაბუაჩემი სიაში პირველი ეწერა და ვიღაცას გადაუშლია – ალბათ მისი ახლობელი ჰყავდა გადარჩენილი. თუმცა 1937 წელს მაინც დაიჭირეს. ციხეში წამების დროს სისხლი ჩაექცა და,  დაბრმავებული, თითქმის მომაკვდავი გამოუშვეს.  საბედნიეროდ, გადარჩა და თბილისში ჩამოვიდა საცხოვრებლად. საბოლოოდ მაინც ციხეში მიყენებული დაზიანებით გარდაიცვალა, მაგრამ, წლები იცოცხლა, მეც კი მოვესწარი, მახსოვს, ვაკის პარკში რომ მასეირნებდა ხოლმე. 
–  გიორგი ჭოღოშვილმა თანამედროვე მათემატიკას დაუდო საფუძველი. როგორი ცხოვრება ჰქონდა?
– მამაჩემმა ბავშვობა საჩხერეში გაატარა. ბებია ყვებოდა ხოლმე, ცელქი ბავშვი იყო და სულ ცხენით დარბოდაო. მერე ქუთაისში დატოვეს  რუს თუ უკრაინელ ძიძასთან. ამ ქალის ქმარი ლოთობდა და ცოლს სცემდა ხოლმე, მამაჩემი კი იცავდა. მთელი სიცოცხლე განიცდიდა ამას და სულ ამბობდა, რომ ბავშვთან დედა უნდა იყოსო.  ბებიაჩემი ცოტა სხვანაირი ქალი იყო – უყვარდა პრანჭვა, მეგობრებში სიარული... მამამ თავიდან თბილისში ჩააბარა. სკოლა რომ დაამთავრა, მათემატიკის მასწავლებელმა უთხრა, რაც გინდა, გახდი, გარდა მათემატიკოსისაო. მართლაც, სწავლა ინგლისური ლიტერატურის ფაკულტეტზე განაგრძო. პირველი კურსი რომ დახურა, სასწავლებელიც დაიხურა, რადგან საბჭოთა კავშირმა ინგლისური აკრძალა, როგორც ბურჟუაზიული ენა.  ბედის საძებნელად მოსკოვში წავიდა. იქ უთხრეს: ერთადერთი ფაკულტეტი, სადაც შეგიძლია ისწავლო,  მათემატიკა არისო. რა უნდა ექნა? ასე ძალით აღმოჩნდა მათემატიკის ფაკულტეტზე.  მაშინ მოსკოვში მსოფლიო დონის მათემატიკის სკოლა იყო და გაუმართლა, ამ გარემოში რომ მოხვდა. მან 23 წლის ასაკში დაწერა შრომა, რომლის საფუძველზეც თანამედროვე მათემატიკაში მიმართულება შეიქმნა. მის მიერ მიღებულმა შედეგებმა უდიდესი გავლენა მოახდინა ტოპოლოგიის შემდგომ განვითარებაზე და მათემატიკოსებს მისცა ტოპოლოგიურ სივრცეთა თვისებების შესწავლის მძლავრი მეთოდები. მისი ორადობის თეორია დღეს მათემატიკაში „ჭოღოშვილის კლასიკურ თეორიად” მოიხსენიება. წელს მისი 100 წლის იუბილეა და ერთ-ერთ კონფერენციაზე ამის შესახებ მოხსენება წაიკითხა მისმა მოწაფემ, ბატონმა გურამ ბერიშვილმა, რომელსაც ახლახანს 80 წელი შეუსრულდა.
– საქართველოში როდის დაბრუნდა?
– მამა საქართველოში 40-იან წლებში დაბრუნდა, მაშინ, როცა დედაჩემი შეირთო ცოლად. უპარტიობის გამო მასზე გარკევული ზეწოლა იყო და ვერასოდეს დაინიშნებოდა რამე თანამდებობაზე, მაგრამ, მაინც ყველაზე ახალგაზრდა აკადემიკოსი და პროფესორი გახლდათ. საინტერესოა მისი მეორე ნაშრომი, რომელიც 24 წლის ასაკში დაწერა – 1998 წელს, მისი გარდაცვალებიდან 50 წლის შემდეგ, მისი ამ ნაშრომისა და თეორიის სწორმა ინტერპრეტაციამ  შესაძლებელი გახადა ამერიკელი მეცნიერების მიერ ატომური რუკების შედგენა. ამ თეორიას დღეს მისი სახელი ეწოდა.  მას ძალიან უყვარდა თავისი ქვეყანა და სიკვდილის წინ მითხრა, შენც ასე ხარ და ეს ჩემი ბრალიაო. ფაქტობრივად, მთელი 90-იანი წლები შიმშილობდა, რის შედეგადაც დაავადდა და გარდაიცვალა. მაშინ ისეთი პერიოდი იყო, ყველა შიმშილობდა, მაგრამ მოხუცის ორგანიზმმა ვეღარ გაუძლო. მამშვიდებდა ხოლმე და მეუბნებოდა: არა უშავს, რუსეთში უფრო რთული პერიოდი მაქვს გავლილიო. ჰყავდა მოწაფეები, მაგრამ მის ასაკში არ შეიძლებოდა კვება მხოლოდ თურქული მაკარონით ან პურით, რომელზეც ცხენი ეხატა. შიმშილობა მაშინ იმდენად ჩევეულებრივი მოვლენა იყო, პარლამენტშიც აცხადებდნენ ხოლმე, დღეს  შიმშილით გარდაიცვალა ესა და ეს აკადემიკოსიო; გაზეთებშიც იწერებოდა მსგავსი შინაარსის წერილები.
– როგორი მამა იყო?
– ერთი მხრივ იყო უაღრესად თავგადაკლული მამა, რომელიც ცოცხლობდა შვილების ცხოვრებით, მეორე მხირვ კი ძალიან მრისხანე. მათემატიკის სწავლის დროს მეუბნებოდა, დღეში 16 საათი უნდა იმუშაო, მე ასე ვაკეთებდი მოსკოვშიო. მე კი 16 საათს, ალბათ, წელიწადში ვმუშაობდი. არ უნდოდა, მხატვარი გამოვსულიყავი – ეშინოდა, რომ საბჭოთა კავშირში ხელოვანი ადამიანი დაიკარგებოდა; მაგრამ, არც იმის სურვილი ჰქონდა, მათემატიკოსი გავმხდარიყავი, უფრო ფიზიკის მიმართულებით სურდა წავსულიყავი.

скачать dle 11.3