კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სიკვდილი არ დამთავრდა

ჩარლი ელინორი თითქმის დარწმუნებული იყო, რომ მისი საყვარელი ცოლი – მერილინი, თავისმა დამ, სილია ელინორმა მოკლა.  მერილინი კიბიდან დაგორდა და ის ჰოლის იატაკზე უგონო მდგომარეობაში ნახეს. სილია იქ არ იყო, ის თითქმის ფეხდაფეხ მიჰყვა ძმას, როცა ის მომაკვდავ ცოლს დასცქეროდა და შველას ითხოვდა. თუმცა ჩარლი ბოლომდე მაინც ვერ იჯერებდა, რომ სილიას ხელი ერია ამ უბედურებაში. მისი კატეგორიული მოთხოვნით გამოძიება დაიწყო, მაგრამ საქმე მალევე დაიხურა. როცა ადვოკატი მიურენი ბორემ-ჰაუზში მივიდა, კარი სილიამ გაუღო. ძველმოდური კაბა ეცვა, თითქოს ოდნავ გახუნებული. თავი ამაყად აეწია... მიურენმა გაუღიმა და დააპირა მოხვეოდა, მაგრამ სილიამ მისი ხელი მოიშორა:
– არ გინდა, ახლა ამის დრო არ არის. ზარი რატომ არ დარეკე?
– ვიფიქრე, რომ ასე აჯობებდა... გინდოდა, ჩარლისაც გაეგო ჩემი მოსვლა?
– ჩარლი, ისევ ჩარლი... აღარ დასრულდა გლოვა ამ სახლში! როდემდე უნდა ავიტანო? ის მაინც იმას ფიქრობს, რომ მისი სულელი ცოლი მე მოვკალი.
 – სილია, იქნებ მორჩე ამ სპექტაკლის თამაშს? სიკვდილი სიკვდილია და ის მოვიდა ამ სახლში.
– მერილინი ჩემი ერთადერთი ძმის ცოლი იყო და მე ის მიყვარდა.
მიურენმა ამოიოხრა, ქალს მიუახლოვდა და თავისი ტროსტი მხარზე დაადო.
– სილია, გადავწყვიტე, როგორც თქვენი ოჯახის ადვოკატმა, გირჩიო: ენას კბილი დააჭირე. გამოძიება დასრულდა და შენ უდანაშაულოდ გცნეს. მართალია, არც ჩარლიმ და არც გამომძიებელმა არცერთი სიტყვა არ დაიჯერეს, რაც მოჩმახე, მაგრამ, ფაქტია, რომ არავის დაუჭერიხარ. რა საჭირო იყო, მოგეყოლა შენი „ღრმა“ გრძნობების შესახებ მერილინის მიმართ?!
სილია მკვეთრად შემოტრიალდა, ადვოკატს ტროსტი ხელიდან გამოჰგლიჯა და იატაკზე მოისროლა.
– მხოლოდ ამის სათქმელად მოხვედი? – შეუყვირა ავად.
– მე იმიტომ მოვედი, რომ შენმა ძმამ ჩემი ნახვა მოისურვა. თავი შეიკავე, სილია, არ ჩაიდინო მორიგი სისულელე და არ დაესწრო ჩემს საუბარს ჩარლისთან, სცენები არ მჭირდება!
– მე? არც მე გჭირდები?
– სილია, ხომ გითხარი, სცენები არ გამიმართო-მეთქი.
– ჩარლისთან მოვიდა... ჩარლისთან და არა ჩემთან, – ბრდღვინავდა ქალი და ხელებს იმტვრევდა, – ეს უსამართლობაა! გესმის თუ არა? უსამართლობა! – სილია ადგილს ვერ პოულობდა და ბრაზისგან გაწითლებული ბოლთას სცემდა. მიურენი შესაშური სიმშვიდით ადევნებდა თვალს, მერე კი ნელა შეუყვა კიბეს. ქალი უკან აედევნა.
– სილია, არ გეჩვენება, რომ ცხოვრება მეტისმეტად ხანმოკლეა, რომ მუდმივ შურისძიებაზე იფიქრო?
– ეს შენ მაიძულე, მეფიქრა შურისძიებაზე.
– გეყოფა. მე ახლა ჩარლისთან შევალ და, არ გაბედო, არ შემოხვიდე!
– მე გადავწყვიტე, მერილინის ნივთები გადავყარო – ჩარლი მათ ხედავს და ღიზიანდება.
– იმაზე მეტად სულელი ნუ იქნები, ვიდრე მგონიხარ...
ისევე, როგორც მთელ სახლში, ჩარლის ოთახშიც, ფანჯრები სქელი ფარდებით იყო დაგმანული. მაგიდაზე მდგარი ერთადერთი სანათური ოდნავ ანათებდა სავარძელს, რომელშიც ჩარლი იჯდა. მან ოდნავ გაუღიმა ადვოკატს.
– სინათლე არ აგინთოთ, ხომ? მაგას უნდა, რომ ჩემამდე ვერ მოაღწიოთ – სილიას ვგულისხმობ... თვითონ როგორც თხუნელა, ისე ოსტატურად გადაადგილდება სიბნელეში, თან, კატასავით უჩუმრად დადის. იცი, რა შევამჩნიე? – სილიას ჩემი ეშინია. იცის, რომ არ შევარჩენ მერილინის სიკვდილს. რამდენჯერაც არ უნდა გაამართლოს გამოძიებამ, დარწმუნებული ვარ, რომ მკვლელია. შენც კი ვერ გადამარწმუნებ... სულ იმაზე მელაპარაკება, როგორ უყვარდა ჩემი ცოლი... სულელი, ჰგონია, რომ ამით რამეს შეცვლის.
– არა, სილია შენზე ნერვიულობს, ასე რომ განიცდი ცოლის სიკვდილს.
– ცრუობს. მას მეც ვძულვარ. სილიას სიყვარული არ შეუძლია. გიჟდებოდა, როცა ხედავდა, როგორ გვიყვარდა მე და მერილინს ერთმანეთი, როგორი ერთგული იყო ჩემი. საყვარელი, უწყინარი მერილინი... მხიარული და სიკეთით სავსე... მე ვხედავდი, მიურენ, ვხედავდი, როგორ ტანჯავდა რაღაც, როგორ ჭკნებოდა თვალსა და ხელს შუა. საწყალი, უწყინარი მტრედი... ბოლოს ღიმილიც კი გაუქრა სახიდან... იმ საბედისწერო დღეს სილიას ხმამაღალი ლაპარაკი გავიგონე. გვიან მივხვდი, რომ ჩემს ცოლს ეჩხუბებოდა. დავაგვიანე გარეთ გასვლა... იქნებ მიმესწრო და გადამერჩინა. იმას როგორ წარმოვიდგენდი, რომ სილია მკვლელობაზე წავიდოდა... მიურენ, მომეხმარე, მასწავლე, როგორ გადავუხადო სამაგიერო ჩემს დას. მან მე გამაუბედურა და ახლა, ალბათ, გამარჯვებით ტკბება. ცხოვრებაში არავინ მეყვარება ისე, როგორც მერილინი... სილიამ იცოდა ეს და ახლა ელოდება, დარდისგან ნელ-ნელა როგორ მოვკვდები, მერე ყველაფერი მას დარჩება – სახლიც, კარ-მიდამოც, საგვარეულო ციხე-კოშკიც...
„და... საყვარელი მამაკაციც“, – გაიფიქრა ადვოკატმა, მაგრამ ხმამაღლა არაფერი უთქვამს. ჩარლი გაწითლდა და თვალები აუელვარდა – ეტყობოდა, როგორ კარგავდა თავს...
– ჩარლი, შენ არაფერი დაგინახავს, არც არაფერი გაგიგონია... იქნებ აღარ იფიქრო ამაზე და დამშვიდდე? გეუბნები, სილია ნერვიულობს შენზე... იცი, რა გააკეთა? მერილინის ნივთები მოაგროვა და გადაყრას აპირებს.
ჩარლი ჯერ გაჩუმდა, მერე კი წამოხტა და შეშლილივით აყვირდა:
– სილია! სილია! ახლავე აქ მოდი... ახლავე!
ადვოკატმა  მისი შეჩერება სცადა, მაგრამ ვერ შეძლო. ჩარლი ელინორს ძალა მოემატა, ოთახიდან გავარდა და კიბის თავზე სილიას შეეჯახა.
– მოდი აქ! როგორ გაბედე მისი ნივთებისთვის ხელის ხლება და, საერთოდ, როგორ შეხვედი ჩემი ცოლის ოთახში?! ნამდვილი ურჩხული ხარ და მძულხარ... ძალიან მძულხარ! – ამ სიტყვებზე ჩარლიმ ერთი ნაბიჯი წინ გადადგა, დას მხარში მოჰკიდა ხელი და ჯანჯღარი დაუწყო...
– ხელი გამიშვი, გამიშვი... ხომ არ გაგიჟდი, ნელა, გადავვარდები... ჩარლი!..
მიურენმა დაინახა, როგორ შექანდა ქალი, თავი ვეღარ შეიმაგრა და კიბეზე დაგორდა... როცა ადვოკატმა მასთან მიირბინა, ყველაფერი უკვე დამთავრებული იყო – სალია აღარ სუნთქავდა.
– ეს რა გააკეთე, ჩარლი!..
ჩარლი ელინორი მძიმედ სუნთქავდა, მის მზერაში ჯერ ისევ იყო სიძულვილი.
– მან მერილინი მოკლა... და, უნდოდა, მთლიანად წაეშალა ჩემი ცხოვრებიდან... მკვდარსაც კი ებრძოდა და სძულდა...
ადვოკატი ჩარლი ელინორს პოლიციის განყოფილებამდე მიჰყვა და მის დაცვაზე თანხმობას ხელი მოაწერა. მანქანაში რომ ჯდებოდა, იმაზე ფიქრობდა, როგორ კარგად იცნობდა ადამიანების ბუნებას. მისმა გეგმამ გაამართლა: ერთი ხელის აქნევით მოიშორა თავიდან ორი ქალი – ორი მომაბეზრებელი საყვარელი და ერთი კაცი, რომელსაც ყოველ წუთს შეეძლო, გაეგო სიმართლე, საშინელი სიმართლე – როგორ ღალატობდა ცოლი ადვოკატთან და როგორ ვერ იყოფდა მისი და საყვარელს რძალთან... ახლა შეეძლო, მშვიდად ყოფილიყო...

скачать dle 11.3