კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)
იანვარი 2020 (194)

როგორ იქცა მაკა ჩხეიძე მოყვარულიდან სამკაულების პროფესიონალ დიზაინერად და რატომ იყიდება მისი სამკაულები „მერიოტში“

სამკაულების დიზაინერს, მაკა ჩხეიძეს, ულამაზესი ნიმუშების შექმნის სურვილი პირველად, დაახლობით ხუთი წლის წინ გაუჩნდა, რაც ბუნებრივია, რადგან მამის საქმიანობის გამო, მუდმივად ამ გარემოს შორიახლოს ტრიალებდა. თავიდან მოყვარულის დონეზე დაიწყო, თუმცა მალე მიხვდა, რომ ეს იყო საქმე, რაშიც საკუთარი თავი იპოვა და გადაწყვიტა, ძირითად საქმიანობად ექცია.

 – მაკა, რამდენი ხანია, რაც ამ საქმით ხართ დაკავებული?
– კონკრეტული თარიღის გამოყოფა მიჭირს, რადგან ყოველთვის ამ საქმის შორიახლოს ვტრიალებდი. ფინანსები დავამთავრე, მაგრამ მალევე მივხვდი, რომ ის ჩემი საქმე არ იყო. შემდეგ ჩავაბარე სამხატვრო აკადემიაში – მონუმენტურ დეკორატიულ გაფორმებაზე, რომელიც არქიტექტურის ფაკულტეტს ეკუთვნის და იქ სწავლა ძალიან დამეხმარა. ჩემს ნაკეთობებში მართალია სხვადასხვა მასშტაბია, მაგრამ წინა და უკანა მხარე არ არსებობს. მისი ყველა მხარე ძალიან ლამაზი უნდა იყოს. ამიტომ, მონუმენტის მსგავსად, მისი შექმნისასაც, უნდა იყოს გათვალისწინებული სამგანზომილებიანი სივრცე. ამის შემდეგ, ერთი პერიოდი „ფოკანის” სახელოსნოებში მიკრომოზაიკებს ვაკეთებდი. ამასობაში კი მივხვდი, რომ მომწონდა, როცა მამაჩემის სამკაულებზე მუშაობის პროცესს ვუყურებდი. იმდენად მომეწონა, რომ მეც ვისწავლე და მუშაობა დავიწყე. ეს დაახლოებით ხუთი წლის წინ მოხდა. ჩემი პირველი ნაბიჯები მოყვარულის დონის იყო, მაგრამ როცა დავინახე, რომ უკეთესადაც შემეძლო, ჩავუღრმავდი და ხელობა უფრო დავხვეწე. თავიდან ჩემთვის ვმუშაობდი, დაახლოებით, ერთი წლის შემდეგ კი, უკვე შეკვეთების მიღება დავიწყე. მიუხედავად გამოცდილებისა, ახლაც თითოეულ ნამუშევარზე ისეთივე მონდომებით ვმუშაობ, როგორც პირველზე. ყველა ნამუშევრისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს. თუმცა, დროსთან ერთად ფავორიტებიც მეცვლება.
– საინტერესოა, როგორია მამათქვენის შეფასება, რადგან თქვენ ეს საქმიანობა მისგან ისწავლეთ.
– კრიტიკული. შეიძლება იმიტომ, რომ კიდევ უფრო დავიხვეწო. მისი ასეთი დამოკიდებულება, ჩემთვის ნამუშევრების კიდევ უფრო მეტად სრულყოფისთვის დამატებითი მოტივაციაა. მაგრამ, ხანდახან იმდენად მკაცრი შეფასებები აქვს, რომ მწყინს. თუმცა, ალბათ, ჩემი ზრდისთვის ასე ჯობია.
– რომელი სამკაული ჭარბობს თქვენს ნამუშევრებში?
– გამოყოფა რთულია, რადგან ყველაფერზე თანაბრად ვმუშაობ – ბეჭედი იქნება ეს, საყურე, გულსაბნევი თუ სხვა სამკაული. თუ კონკრეტული შეკვეთა მაქვს, მას ვასრულებ, თუ არადა, იმას ვაკეთებ, რაც თავში მომდის. ძირითადად, ნატურალურ ქვებს ვიყენებ და ხშირ შემთხვევაში, სწორედ ამ ქვის ფორმაა ჩემთვის ინსპირაციის წყარო. როცა მას ვუყურებ, მაშინვე ვხედავ, გულსაბნევს უფრო მოუხდება, ბეჭედს თუ სხვა რამეს. მასალად, ძირითადად, ვერცხლს ვიყენებ, რადგან ის შეიძლება მოოქროვდეს და გაშავდეს კიდეც. ამ ორ ფერს ხშირად ერთმანეთს ვუხამებ. არის შეკვეთები, რომლებიც მთლიანად ოქროში სრულდება. ამ შემთხვევაში, ყველაფერი ერთ ფერშია. ამიტომ, რაღაც ორნამენტები ერთმანეთს ჭამს და გარკვევით არ ჩანს. როცა დეტალები ორ ფერშია გადაწყვეტილი, ისინი ერთმანეთს უსვამს ხაზს და ამიტომ, მე ვერცხლში მუშაობა მირჩევნია. ვიყენებ ფერად ცირკონებს და ნატურალურ ქვებს, აქატს, მარჯანს, ლაზურიტსა და სხვა ნახევრად ძვირფას ქვებს. მთავარია, ვიზუალურად მომეწონოს და დავინახო, რომ მისგან რაღაცის გამოყვანა შემიძლია.
– რა არის თქვენი შემოქმედების წყარო?
– ეს შეიძლება იყოს ყოფითი ცხოვრების დეტალები, ის, რაც ჩვენ გარშემოა: ყვავილი, ფოთოლი, ხის მერქანი ან სულაც განსხვავებულად დანახული გეომეტრიული ფიგურა. ჭიქა, რომელიც დავინახე და უცებ, ტვინმა მასში რაღაც განსხვავებული მომენტი დაიჭირა. ნებისმიერი საგანი შეიძლება, გახდეს ჩემთვის მუზა.
– როგორ იქმნება ეს სამკაულები, როგორია მუშაობის პროცესი?
– ეს ცოტა საიდუმლოა და მასზე ბევრს არ ვლაპარაკობ. ტექნიკას, რომელსაც ვიყენებ, ცვილის ტექნიკა ჰქვია და მე ის მამაჩემისგან ვისწავლე. როცა ნაკეთობა ისხმევა, თავიდან ის შეუხედავია და ჟანგიან რკინას ჰგავს. შემდეგ იწყება სხვადასხვა ეტაპი: თვლების ჩასმა, გაპრიალება, მოოქროება, გაშავება და ასე შემდეგ, შედეგად კი სამკაული ლამაზი და ბრჭყვიალა ხდება. ნაკეთობის სირთულის მიხედვით, განსხვავებულია მათი დამზადების დროც. ეს პროცესი დაახლოებით შვიდიდან თოთხმეტ დღემდე გრძელდება. „თბილისი მარიოტში“ არის შარდენის გალერია და ჩემს სამკაულებს ძირითადად იქ ვაბარებ ხოლმე.
– შემკვეთის სურვილს ითვალისწინებთ?
– ძირითადად, ისე ხდება, რომ მათ კონკრეტული მოდელის მსგავსი სამკაულის დამზადება უნდათ. თუმცა, ხშირად ვხვდები, რომ დაბნეულები არიან და ვერ წყვეტენ, რა უნდათ, მაგალითად, როცა სხვისთვის არჩევენ სამკაულს. ასეთ შემთხვევაში, ვეკითხები, როგორი ტიპაჟია საჩუქრის ადრესატი, როგორი გარდერობი აქვს და რა სტილის სამკაულს ატარებს. ბევრჯერ დამკვეთისა და ჩემი აზრი არ დამთხვეულა და ბოლოს აღმოჩენილა, რომ მე ადრესატის გემოვნება გამოვიცანი.
– რა არის მათი ღირებულება?
– სამკაულების ფასები 220 ლარიდან იწყება, მაგრამ მაქსიმალურის თქმა ცოტა რთულია. გააჩნია, ნაკეთობა რა მასალითაა შესრულებული და როგორი ტექნიკით. მის ფასს თვითღირებულება განსაზღვრავს. არის შემთხვევა, როცა ჩემთან ძველი ბეჭდებით მოდიან, რომელიც არ მოსწონთ, მაგრამ მათთვის ძვირფასია. უნდათ, რომ ახალი და ლამაზი ფორმა მისცენ და მე ამას დიდი სიამოვნებით ვაკეთებ, რადგან სამკაული ზარდახშაში შესანახად არ მემეტება. ადამიანებმა ამ საკითხის მისტიფიცირება იციან. მე ამის ნაკლებად მჯერა, თუმცა ბევრს უთქვამს: თქვენს სამკაულს განსაკუთრებული ენერგეტიკა აქვს. მიუხედავად იმისა, რომ სამკაულები არ მიყვარს, მას რომ ვიკეთებ, ვეღარ ვიხსნი, თან, ისე დაემთხვა, რომ მისი გაკეთების შემდეგ, ყველაფერი კარგად მიმდისო. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან მახარებს. ასე, ალბათ, იმიტომ ხდება, რომ მე ყველა ნაკეთობას სიყვარულით ვაკეთებ. როცა ადამიანისთვის ინდივიდუალურად ვაკეთებ სამკაულს, ძალაუნებურად, მასზე ვფიქრობ და ალბათ, ესეც ერთგვარ გავლენას ახდენს მის აურაზე. თუ სამკაულს ძალდატანებით ან თანხის ხათრით აკეთებ, ამ შემთხვევაში, ნამუშევარი სრულყოფილი ვერ იქნება.

скачать dle 11.3