კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივლისი 2020 (50)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)

რატომ არ მიულოცა ნონა გაფრინდაშვილს მამამ პირველი მსოფლიოს ჩემპიონობა

პირველი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული 1962 წლის 17 ოქტომბერს 21 წლის ასაკში მოიპოვა. ამის შემდეგ კიდევ ოთხგზის გახდა მსოფლიოს  ჩემპიონი. ის იყო პირველი ქალი, რომელმაც მამაკაც მოჭადრაკეთა შორის დიდოსტატის წოდება მოიპოვა. არის ქალთა შორის პირველი საჭადრაკო „ოსკარის“ მფლობელი, 11-ჯერ აქვს მოგებული საჭადრაკო ოლიმპიადა. დასახელდა მე-20 საუკუნის საუკეთესო სპორტსმენ ქალად. იყო დამოუკიდებელი საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პირველი პრეზიდენტი. დღეს, 74 წლის ასაკში მეექვსედ მოიპოვა მსოფლიოს პირველობა იტალიის ქალაქ აკვიტერმეში მიმდინარე „სენიორების 25-ე” მსოფლიო ჩემპიონატზე. მისი მეტოქე  თამარ ხმიადაშვილი იყო, თუმცა ამას თვითონ, ისე როგორც საზოგადოება, აჟიტირებული არ შეხვედრია: „რაც მე ამ ტურნირებში ვთამაშობ, პირველად ატყდა ასეთი აჟიოტაჟი. ამის გამო თავს ცოტა უხერხულად ვგრძნობ“. მასთან არც პოლიტიკაზე გვისაუბრია, არც ჭადრაკის არსსა და პრინციპეპზე. ამ ინტერვიუთი  მინდოდა, ნონა გაფრინდაშვილი თქვენთვის ახლოდან გამეცნო. მიუხედავად იმისა, რომ პირად საკითხზე საჯაროდ საუბარს ვერ იტანს, რა მიზეზითაც ის ინტერვიუს არავის აძლევს.  
– ქალბატონო ნონა, გილოცავთ მორიგ წარმატებას! რამდენი ქალი ინატრებდა თქვენს ადგილზე ყოფნას, წარმომიდგენია. ცოტა ხომ არ დაგღალათ ამან?
– ბაზარში რომ მივდიოდი, დახლებთან ხალხი იკრიბებოდა, ყველას რაღაც აინტერესებდა. აქედან, იქიდან მაკვირდებოდნენ, მესალმებოდნენ...  ახლა სხვა სიტუაციაა. კარგა ხანია, არ მიშვებენ ბაზარში, ჩემი რძალი დადის. შეიძლება, გავიხედო, მაგრამ ვერ დავინახო როგორ მიყურებენ. დამღლელია, იმიტომ რომ, ამას გადაჩვეული ვარ. ჩემს თაობაში ძალიან ბევრი ბუმბერაზი იყო ყველა სფეროში და საქართველოში ეს ყველაფერი ყვაოდა. თქვენ რომ ყველა იმ თაობის ასეთ წარმომადგენელს ჰკითხოთ, რა მოგცათ ცხოვრებამო, ყველა გეტყვით, რომ ხალხის სიყვარულიო. ეს ყველაფერზე მაღლა დგას.
– საიდან წამოვიდა თქვენი ჭადრაკისადმი სიყვარული?
–  ოჯახიდან მოდის ყველაფერი. ხუთი ძმა მყავდა. მეზობლებიც, ზუგდიდში უმრავლესობა ბიჭები იყვნენ. რა თამაშებიც იყო ჩემს სახლში, ის თამაშები იყო მთელს ქუჩაზე. ყველა იკრიბებოდა ჩვენთან. ტურნირებს ვატარებდით. ჩემი უფროსი ძმებიც საკმაოდ კარგად თამაშობდნენ,  მე ხუთი წლის ვიყავი. რასაც ისინი თამაშობდნენ მეც იმას ვთამაშობდი. ვთამაშობდი ბილიარდს. რომ წამოვიზარდე, გადავედი დიდ ბილიარდზე, როცა უკვე სერიოზული თამაშის საშუალება მომეცა. ეს სპორტული ხასიათი, მიმაჩნია, რომ იქ, ზუგდიდში ჩამომიყალიბდა. ჭადრაკი კი, იმიტომ გამომივიდა, რომ ამას მივყევი. ზუგდიდის გუნდს სჭირდებოდა გოგო. ბათუმში გაიმართა საქართველოს პირველობა გუნდურ შეხვედრაზე და ჩემს ძმას უნდა ეთამაშა პირველ დაფაზე. მაგრამ, იმ დროს გამოცდები ეწყებოდა, ემზადებოდა და არ ეცალა. იცოდნენ,  რომ გაფრინდაშვილების ოჯახში იყო პატარა გოგო, რომელიც კარგად თამაშობდა ჭადრაკს და დამიძახეს. იქ მწვრთნელმა მომაქცია ყურადღება და ჩემს მშობლებს შეუთვალა, თბილისში გამოუშვითო. მანამდე, დეიდა მყავდა თბილისში უშვილო და ის და ბიძაჩემი  ეხვეწებოდნენ დედაჩემს – ჭადრაკის წრეებია თბილისში და მივიყვანთო.  მაგრამ, რადგან ერთადერთი გოგო ვიყავი ოჯახში, ვერ გამიშვეს. როცა მწვრთნელმა შეუთვალა, დაფიქრდნენ და გამიშვეს. ერთ წელიწადში დავიწყე პირველი ადგილების აღება. ასე წავიდა და წავიდა. სიმართლე  გითხრათ, ყველაფერშიც ასე გამოვიჩენდი თავს, ისე მიყვარს სპორტი.  რასაც ხელს ვკიდებდი, უცბად გამომდიოდა. ახლა რომ ახალგაზრდა ვიყო, ჭადრაკთან ერთად, იცით, რას ვითამაშებდი სიამოვნებით? – სნოკერს. ეს ბილიარდის სახეობაა, რომელიც მაშინ ჩვენთან არ იყო განვითარებული. იქ მარტო ჩაგდებაზე არაა საქმე. მთლიანად სტრატეგიაზეა აგებული. ძალიან ახლოს არის ჭადრაკთან.
– ჭადრაკის გარდა, ესე იგი, სხვა არაფერი გაინტერესებდათ?
– ყველაფერი მაინტერესებდა. კინო, თეატრი – არაფერს ვაცდენდი. ძალიან ბევრს ვკითხულობდი და ახლაც ვკითხულობ. მსახიობი ჩემგან არ გამოვიდოდა, გამორიცხულია. თოჯინითაც არ მითამაშია, რა მსახიობი. თოჯინებს რომ მაჩუქებდნენ, ჩემს ძმისშვილებს ვაძლევდი. ერთადერთი თოჯინა მაქვს შემონახული მუზეუმში დედოფლის კაბით. სად მეცალა თოჯინების სათამაშოდ – ბურთს ვთამაშობდი, ბილიარდს და ასეთ რაღაცეებს.
– თქვენს ოჯახზეც გვიამბეთ.
–  უნიკალური მშობლები მყავდა. დედაჩემი თბილისში ჩამოვიდა და ოჯახში მეხმარებოდა. ძალიან ჩუმი ქალი იყო, მისი ხმამაღალი სიტყვა არავის გაუგია. ხუთი რძალი მყავდა. ხუთივე გიჟდებოდა დედაჩემზე და სიძეც. მამაჩემმა კი არ მომილოცა მსოფლიოს ჩემპიონობა. მახსოვს, მოსკოვიდან რომ ჩამოვედით, დედა თან მყავდა წაყვანილი. სახლში პატარა პურმარილი იყო გაშლილი. მამაჩემი თბილისში დამხვდა. მოვუბოდიშე ყველას, მე უნდა გავიდე იქით, დავიძინო, ძალიან დაღლილი ვარ-მეთქი. სანამ გახვალ, ერთი სიტყვა მათქმევინეო, მამაჩემმა. ასწია ჭიქა და მეუბნება, იცოდე, თავში არ აგივარდესო.
– შემდეგ უცხო ენათა ინსტიტუტში ჩააბარეთ.
– როგორც ჩემი ძმები, მეც პოლიტექნიკურში ვაპირებდი, მაგრამ როცა უკვე ჭადრაკში პირველი წარმატებები მოვიდა, მითხრეს, ხომ არ გაგიჟდიო და უცბად გადავერთე უცხო ენებზე. პირველი სამი თვე გამიცდა ტურნირების გამო. ყველანაირად ხელს მიწყობდნენ. ასე რომ, ჭადრაკმა წაიღო ყველაფერი, ეს გახდა ჩემი პროფესია. იმდენად ჩქარა მოვიდა წარმატება, უკვე მთელი რიგი ეტაპები იყო გასავლელი მსოფლიო ჩემპიონატამდე და აღარაფრისთვის მეცალა. დავამთავრე ინსტიტუტი, მაგრამ ხომ იცით, ენამ მაინც მივიწყება იცის. საჭადრაკო სამყარო უფრო რუსულენოვანია. კაპიტალისტური ქვეყნების წარმომადგენლები რომ ჩამოდიოდნენ, ცოტა-ცოტა რუსული იმათაც იცოდნენ.
–  სულ მინდოდა, მეკითხა, რატომ არასდროს იკეთებთ მაკიაჟს, არ გაცვიათ კაბა, რატომ ატარებთ მოკლე ვარცხნილობას, ერთსა და იმავე სტილს. არასდროს გდომებიათ იმიჯის შეცლა? ზოგჯერ ასეთი ექსპერიმენტები სასიამოვნოა.  
–  არასდროს გამიკეთებია მაკიაჟი, არ მიყვარდა. აი, ასეთი უცნაური ვიყავი. სამკაულებიც თითო-თითო რაღაც მიკეთია – კონსერვატორი ვარ. იუბილე რომ იყო, ჩემმა რძალმა გამიკეთა მაკიაჟი და სხვათა შორის, მომიხდა. მე მხოლოდ სპორტული თამაშების ინტერესი მქონდა. როცა თბილისში ჩამოვედი, ნაწნავები მქონდა. მერე მქონდა მოკლე ვარცხნილობა. მერე ვიფიქრე, მოდი, გავიზრდი თმას-მეთქი. ცოტა გავიზარდე, მაგრამ არ მომეწონა და ისევ შევიჭერი. რაც შეეხება ჩაცმის სტილს, შარვლებს ვიცვამ. ახალგაზრდობაშიც მიყვარდა შარვალი, მოხერხებული იყო ძალიან თამაშის პროცესში, მგზავრობაშიც. მახსოვს, ლიკანში ჩავედით. მეოთხე სამმართველოს სანატორიუმში მაშინ სერიოზული წესრიგი იყო, შარვლებით არ უშვებდნენ. ჩვენ ძირითადად შარვლებით ვიყავით. შევდივართ და სამმართველოს უფროსმა, ასე არ შეგიშვებთო. სხვა არაფერი წამომიღია-მეთქი. კიდევ კარგი, დიმიტრი ჯავახიშვილი ისვენებდა იქ და მისი საშუალებით შევედით. მერე რომ გავსუქდი, ვიფიქრე, ალბათ, არ მომიხდება შარვალი-მეთქი და კარგახანს არ მეცვა. იუგოსლავიაში ხშირად დავდიოდი. გუნდის კაპიტანი იყო ახალგაზრდა გოგო, კოხტად ჩაცმა უყვარდა. ვსეირნობდით და მითხრა: აგერ ბუტიკია და მოდი, შევიდეთ, რაღაცის ყიდვა მინდა, შენ არაფერი გინდაო. არა-მეთქი. კარგი შარვალიო. წონაში ვარ მომატებული ძალიან და არ მინდა-მეთქი. ახლა, შარვალსაც გამოგიტან, ზედასაც და ნახავ, თუ არ მოგიხდებაო. გამომიტანა ისეთი, რომ მომერგო და ძალიან მომეწონა.  იმის შემდეგ რომ დავიწყე, თითზე ჩამოსათვლელი მექნება კაბები, მაგრამ სულ ერთ სტილში ვარ. ვიცი, როგორ უნდა ჩავიცვა.
– უცხოეთში მაღაზიებში არ შედიოდით?
– რაღაცეებს ვყიდულობდი, მაგრამ  ცოტა ძნელი იყო, რადგან დრო არასდროს მქონდა. მოძებნა სჭირდებოდა, მე კიდევ ძალიან ვიღლებოდი. ძირითადად, ვიკერავდი. კარგ ნაჭერს ვიყიდდი და რაღაცეებს ვიკერავდი, განსაკუთრებით წონაში რომ მოვიმატე მერე. სხვათა შორის, „მორკინალი“ რომ იყო, ხომ გახსოვთ, იქ რამდენჯერ მიყიდია – ერთადერთი თბილისში იქ შევდიოდი. კარგი რაღაცეები ჩამოჰქონდათ ჩემი წონის ადამიანებისთვის. გული დამწყდა, რომ აღარ არის ეს მაღაზია. ისე, თბილისში მაღაზიები ცუდად ვიცი.
–  წონა არასდროს გიკონტროლებიათ? ახლა რომ დამღლელი დიეტებია, ამას, ალბათ, ვერც მიყვებოდით.
– ბავშვი რომ შემეძინა არ მივაქციე ყურადღება და აი, მაშინ დავიწყე მომატება. პატარა, ათწუთიან ვარჯიშებს ისედაც ვაკეთებ ხოლმე და ისეთ სიმსუბუქეს ვგრძნობ...  წელიწადში ორჯერ თუ არა, ერთხელ მაინც კარგია მასაჟიც.  დიეტა კი არასდროს დამიცავს. 
– სკოლაში, დამამთავრებელ კლასებში, სტუდენტობის პერიოდში თქვენს მეგობრებს შეყვარებულები რომ ჰყავდათ, თქვენ არავინ მოგწონდათ? მოკლედ, ძალიან მაინტერესებს თქვენი გათხოვების ამბავი და ამიტომ ცოტა შორიდან შემოვუარე. 
– რა დროს სიყვარული იყო. იმ პერიოდშიც ჭადრაკზე ვფიქრობდი მხოლოდ. გვიან გავთხოვდი, 29 წლის – უკვე მსოფლიოს ჩემპიონი ვიყავი... ბაქოში დაამთავრა და იქ მუშაობდა. თბილისში რომ ჩამოვიდა, დამირეკა შევხვდით. ერთად დავიწყეთ სამეგობრო წრეში სიარული, მერე დავახლოვდით, თორემ იქ გავიცანი, ტურნირზე, როგორც ქართველი მომამაგრეს, ყურადღება მიმექცია.
– როგორც ჩანს, ოჯახმა ძალიან შეგიწყოთ ხელი. ხშირ შემთხვევაში თქვენისთანა ადამიანებს ოჯახის შექმნა ხელს უშლის კარიერაში. 
– არც გათხოვებას და არც შვილის გაჩენას ხელი არ შეუშლია, თორემ, მართალია, ეს ძალიან ხელისშემშლელია როგორც არ უნდა გეხმარეობოდნენ. როცა ოფიციალურად გადავწყვიტეთ გვექორწინა, დედაჩემი საავადმყოფოში იყო. მე მივდიოდი ტურნირზე იუგოსლავიაში. გადავწყვიტეთ, ხელი მოგვეწერა, ერთად წავსულიყავით და დაბრუნების შემდეგ გვექნებოდა ქორწილი. რომ ჩავედი სადგურში, დამხვდნენ. ეგონათ, მწვრთნელთან ერთად ჩავედი, როგორც მწვრთნელი ისე გააფორმეს. ვერ იცნეს. რომ ვუთხარი, ჩემი მეუღლეა-მეთქი, გაგიჟდნენ. შევედით სასტუმროში, დავალაგეთ თუ არა ჩემოდნები, ჩავრთეთ რადიო და ჩემი ქმრის ბიოგრაფიას გადმოსცემდნენ. მერე, რომ ჩამოვედით, ქორწილი გვქონდა.
– ვინ იყო თქვენი მეუღლე?
– ექიმი იყო, ჟორდანიას ინსტიტუტში მუშაობდა. მერე იქიდან წამოვიდა და „ოჯახი და ქორწინება“ იყო ასეთი, იმას ხელმძღვანელობდა. ადრე წავიდა ამ ცხოვრებიდან, 59 წლის. სისხლჩაქცევა დაემართა. რომ ვიფიქრე გადავარჩინე-მეთქი, გაუმეორა. 
–  მეორე შვილზე არ გიფიქრიათ?
– ერთი შვილით დავკმაყოფილდი. მეორე შვილზე არ მიფიქრია, რადგან ჩემი პროფესია წარმატებით გრძელდებოდა და ერთად ძნელი იყო. მეხმარებოდნენ, მაგრამ ეტყობა, ძლიერი პიროვნება ვიყავი მეც, თორემ ნებისმიერ ადამიანს ეშლება ხელი სპორტულ მოღვაწეობაში. როცა თბილისში ვიყავი, ჩვეულებრივად ვალაგებდი სახლს, საჭმელს ვაკეთებდი. ერთადერთი, დიდ დალაგებას ნუ მომთხოვდი, დანარჩენი ყველაფერს ვაკეთებდი.

скачать dle 11.3