კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რას განიცდიდა მტკივნეულად გრიგოლ რობაქიძე საყვარელ ქალთან

„...ჩემი ნატვრაა: როცა მე ამსოფლად აღარ ვიქნები, მოდიოდეს ვინმე ქართველი დედა ყოველ წელს მცხეთას, წიფობის, ჩემი დაბადების თვეში, სანთელს აანთებდეს ამ პაწა სალოცავის წინ და ლოცვით ახსენებდეს ჩემს სახელს. მეტს არასა ვთხოვ საქართველოს...“ – ეს ანდერძი გრიგოლ რობაქიძის დღიურებიდანაა. მისი შემოქმედებითი და პირადი ცხოვრებაც იმდენად საინტერესოა, გინდა, ყველაფერი გადმოსცე. ამჯერად მის პირად ცხოვრებაზე შევჩერდებით. „ჩემი ცხოვრება“ – წერს იგი. „ჩუმი, ჩაკეტილი, მარტოსული, თითქმის მელანქოლიური – ასეთი ვიყავი ბავშვობაში (წყარო: „ბურუსი“). შეუცნობელ არსში ჩაძირულს მეჩვენებოდა, თითქოს რაღაცას ვიხსენებდი. ვინმე რომ შემოჭრილიყო მაშინ ჩემს ბავშვურ ცნობიერებაში, ნამდვილად ერთ შეკვრა ამნეზიას იპოვიდა. სავსე ვიყავი ნისლით მოცული ხილვებით. გვიან, მოწიფულ ასაკში ისინი როგორც ხელშესახები სურათები გამომეცხადნენ. ხუთი წლისას, მუხის ძირას, ჩახუთულ შუადღეს, ბიძაჩემის გვერდით მეძინა. გაღვიძებულმა უცხო ლაციცი ვიგრძენი – რაღაც დაცოცავდა მკერდზე. პერანგი გავიხსენი და ორი პატარა ხვლიკი დავინახე. ძალიან ლამაზები იყვნენ. დედასთან გავიქეცი ხვლიკებით ხელში. გადაირია კინაღამ დედაჩემი. მას შემდეგ ჩემს ცნობიერებაში ხვლიკი, მუხა და მზე მითიურად მესახება. ბუნებასა და ცხოველებთან შინაგანი მეგობრობა მაკავშირებდა. გული მინდორ-ველზე მიწევდა ცხენებისა და ხარებისაკენ. ზაფხულობით მთელ დღეებს მდინარესა და მის ნაპირზე ვატარებდი, ბავშვებთან და ცხოველებთან ერთად...   ექვსი წლისა ქუთაისის სკოლაში მიმიყვანეს. იქ ტიფით მძიმედ დავსნეულდი. მამაჩემს ეშინოდა, ავადმყოფობას ვერ გადაიტანს, მოხელეები გვამის წაღების უფლებას არ დამრთავენო და მამამ და ბიძამ საავადმყოფოდან მომიტაცეს. მე ცხენის უნაგირზე გადამაწვინეს, ბიძაჩემს ვეჭირე მაგრად და ასე გავიქეცით. გონებამიხდილი ვიყავი, მაგრამ, საოცრება მოხდა – შვიდი კილომეტრიც არ გვქონდა გავლილი და გონს მოვეგე. მშობლიურ სახლს მივუახლოვდით – უკვე მიხაროდა. მშობლიური მიწის სუნთქვამ გამაცოცხლა... განსაკუთრებული მონდომების გარეშე ვსწავლობდი. სიზმრებისა და წინათგრძნობების სამყაროში ჩაძირული დავრჩი სკოლაშიც. ამის ბრალი თუ იყო ყველასთვის თვალშისაცემი მუდმივი ყურადღებადაფანტულობა... ვისმესთვის მოსმენაც კი არ შემეძლო.
სტუდენტური წლები ლაიფციგში გავატარე. ვსწავლობდი ფილოსოფიასა და ლიტერატურას... ლაიფციგიდან გავემგზავრე პარიზს... მალე ორი მწერლის გავლენის ქვეშ მოვექეცი – ბოდლერისა და რემბოსი. პროზაში ყველაზე მეტად ფლობერი და სტენდალი მატყვევებდნენ. ფრანგულ გენიაში რაღაც უცხოს ვგრძნობდი. ამას მხატვრულ მზერაში ზურგის ტვინის ჯადოსნურ მონაწილეობას დავარქმევდი...“
...საბჭოთა კავშირში  მიჩქმალული  და ფაშისტად შერაცხილი გრიგოლ რობაქიძე სინანულს გამოთქვამდა,  რომ  დედამიწაზე სიყვარულისთვის  ცოტა  დრო  რჩებოდა. სიცოცხლის ბოლოს მხცოვანი ქართველი მწერალი ახალგაზრდა გერმანელ ქალზე იყო პლატონურად გამიჯნურებული, რასაც ამ ქალისადმი მიწერილი წერილებიც ადასტურებს. ეს იშვიათი წერილებია, რაც მწერლისგან შემორჩა, რადგან რობაქიძისეული უძვირფასესი არქივი შვეიცარიაში დაკარგულია, ხოლო საქართველოში ოჯახში მის მიერ გამოგზავნილი მოკითხვის ბარათები „წითელი ფაშისტების” შიშით მისი დის ოჯახმა ბუხარში შეუკეთა. რობაქიძე, როგორც გერმანიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, საბჭოურ ლიტერატურაში განდევნილ მწერლად ითვლებოდა; მით უფრო, მისი ცხოვრებისეული დეტალების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდებოდა. მასზე საბჭოეთის მესვეურნი მწარედ რეაგირებდნენ. მწერალთა კავშირიდან გარიცხეს. მისი რომანიდან – „გველის პერანგიდან” გამომდინარე, რობაქიძის შესახებ წერდნენ: გველმა ტყავი გამოიცვალა, მაგრამ გველი გველად დარჩაო.
1996 წლის 24 მაისს გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმმა ძვირფასი საჩუქარი მიიღო: გერმანიაში მოგზაურობიდან დაბრუნების შემდეგ დავით მაღრაძემ მუზეუმში მიიტანა საზოგადოებისთვის დღემდე უცნობი გერმანულენოვანი პირადი წერილები, რომლებიც გრიგოლ რობაქიძემ 1961-62 წლებში დაწერა; ასევე, მისი ლექსები და საქმიანი ბარათები. ამ უნიკალური ჩანაწერების ასლები ბავარიის ქალაქ ინგოლშტადტში დავით მაღრაძეს მხატვარმა გერდა ვანდა ჰოლეიმ გადასცა... მოგვიანებით ქალბატონ გერდას ლეონიძის მუზეუმის ყოფილი დირექტორი იზა ორჯინიკიძეც შეხვდა და ჰკითხა, საიდან ჩაუვარდა ხელთ რობაქიძის ნაწერები. აღმოჩნდა, რომ გერდა ჰოლეის ქართველი მწერლის გარდაცვალების შემდეგ შვეიცარიაში დაცული მისი არქივიდან გადაუღია გრიგოლის მეგობარი ქალის – გიტა შტრახვიტცის სახელზე გაგზავნილი ბარათების ასლები. როგორც ჩანს, გრიგოლ რობაქიძე ყველა გაგზავნილი წერილის  ასლს იტოვებდა – ეტყობა, სურდა, რომ მომავალში  ქალბატონი გიტა მისი ბიოგრაფიის მიღმა არ დარჩენილიყო. როგორც წერილებიდან ირკვევა, გიტა შტრახვიტცი, ეს მხატვარი ქალი, იმხანად ვენაში ცხოვრობდა. გრიგოლ რობაქიძესთან შეხვედრისას 31 წლის უნდა ყოფილიყო. ერთმანეთი 1961 წელს ჟენევაში გაუცნიათ. გრაფინია შტრახვიტცის რობაქიძესთან შეხვედრა რაღაც მისტიკურ საბურველშიც კია გახვეული: ჯერ კიდევ 19 წლის გრაფინიას გრიგოლი სიზმრად გამოსცხადებია. გაცნობის შემდეგ პირველი წერილიც ქართველი ემიგრანტისთვის ფრაუ გიტა შტრახვიტცს მიუწერია. ამ ქალბატონის შემდგომი ბედის შესახებ ჯერჯერობით არაფერი ვიცით. ფაქტია, რომ აპირებდნენ კიდეც დაქორწინებას – ნოემბერში გრიგოლთან უნდა ჩასულიყო გიტა, 19 ნოემბერს კი რობაქიძე გარდაიცვალა. ლიტერატორები მათ სიყვარულს პლატონურად მიიჩნევენ. გრაფინია გიტა შტრახვიტცისა და გრიგოლ რობაქიძის მიმოწერა უაღრესად საინტერესოა... ზოგიერთები მიიჩნევენ, რომ, თუკი შეიძლებოდა, რომ გოეთეს 82 წლის ასაკში ჰყვარებოდა 17 წლის გოგონა, რობაქიძის საქციელშიც არაფერია დასაძრახისი.  ეს ქალი მას ლეგენდარულ ბერძენ წინასწარმეტყველ ქალს – სიბილას (სხვათა შორის, სიბილამ მშვენიერი ელენეს გამო ტროას დაღუპვა იწინასწარმეტყველა) აგონებდა. გრიგოლი შეხვედრის პირველ წუთებს ასეთნაირად ახსენებდა საოცნებო ქალს: „სიბილასავით ამბობ, იმ მომენტში, როდესაც ჩვენ ერთმანეთს ვეხვევით, შენ სხვა გზას გადიხარ, მე – სხვას. შეიძლება, მაგრამ ჩემს გზას შენთან მოვყავარ, ისევე, როგორც შენსას – ჩემთან. მაღალი ღმერთი წვრილმანებშიც მონაწილეობს. თუ მაღალი ღმერთი არა, ადამიანი ხომ დაადასტურებს? ხომ გახსოვს ის შემთხვევა, როცა ქალაქში მოულოდნელად ერთმანეთს შევეჯახეთ – ასეთი რამ ათასში ერთხელაც არ ხდება. არ იყო ეს საოცრება? კიდევ ერთი დეტალი, თუმცა ნაკლებმნიშვნელოვანი: შენს წერილში იდო ბარათი, მასზე გამოსახული სტელით – ქვადიის მეფე, რომელიც გველების მეფედაა წოდებული. მერე, ჩემი “გველის პერანგის” ქართულ გამოცემაზე იგივე ნახატია – ეს „დამთხვევაა?”
გიტასთან ურთიერთობისას გრიგოლ რობაქიძე მტკივნეულად განიცდიდა თავის ასაკს და ამას არც წერილებში მალავდა. ერთ-ერთ წერილში პირდაპირ წერდა კიდეც, რომ დედამიწაზე სიყვარულის გაცემის დრო უმცირდებოდა: „სამწუხარო მხოლოდ ისაა, რომ ამ დედამიწაზე ჩემი შენდამი სიყვარულისთვის ასე ცოტა დრო დამრჩა. დიდხანს, დიდხანს უნდა მყვარებოდი. ეს ნიშნავს, მემსახურა შენთვის. ქვეცნობიერად მჯერა, რომ გრძნობ ჩემს ტკივილს. ჩემი გული უერთდება შენს გულს და გადაიქცევა შენს გულისცემად. მაგრამ ჩემი გული ერთხელ რომ შეწყვეტს ცემას, მერე? რა მოუვა შენს გულს, გიტა?..”  გიტა შტრახვიტცს თავისი ლიტერატურული პრობლემების შესახებაც სწერს. კერძოდ, რობაქიძე განიცდის, რომ მას არ უბეჭდავენ ნიცშეს შესახებ გამოკვლევას. ჯერ კიდევ 1948 წლიდან მის მიერ დაწერილი „ნიცშეს პორტრეტი” კარადაში იყო ჩაკეტილი. გრიგოლი ნიცშეს დაუბეჭდაობას იმით ხსნიდა, რომ ერთმა გამომცემელმა მის მიერ ადრე დაწერილი ნაშრომის – „ჰიტლერის” გამო არ მოინდომა მისი „ნიცშეს პორტრეტის” გამოცემა... რობაქიძეს დღემდე ვერ პატიობენ ფაშისტების მიმართ თანაგრძნობას, თუმცა ჩვენი ემიგრანტები ამას საქართველოს გათავისუფლების დიდი სურვილით ხსნიდნენ და, ვინ მიიღებდა ამაში მონაწილეობას (თუნდაც ფაშისტები), მათთვის მნიშვნელობა აღარ ჰქონდა. თანაც, იმ დროს, როცა რობაქიძე თავის ნაშრომს ჰიტლერს უძღვნიდა, 1938 წელი იდგა და ჯერ კიდევ ნაკლებად იცნობდნენ ჰიტლერის შინაგან ბუნებას. თუმცა მოგვიანებით ქართველებმაც დაინახეს ჰიტლერის რეალური სახე. დამარცხდა ჰიტლერი და გერმანიაში ქართველობას აღარ დაედგომებოდა. გრიგოლ რობაქიძე შვეიცარიაში გადაიყვანა ხარიტონ შავიშვილმა და, იმისთვის, რომ გრიგოლი ფიზიკურად გადაერჩინა, მას „ინტელექტუალური ლტოლვილი” უწოდა. შვეიცარიის ხელისუფლება რობაქიძეს სწორედ ამიტომ უხდიდა გარკვეულ თანხას, რისი წყალობითაც გრიგოლი ფიზიკურად გადარჩა.
რობაქიძის ბოლოდროინდელი გატაცება გიტა შტრახვიტცის მიმართ, შესაძლოა, ზოგიერთს ალოგიკურადაც ეჩვენოს, იმის გათვალისწინებით, თუ როგორ უყვარდა მას მეორე მეუღლე – ლენა კოგორელოვა, რომლის ავადმყოფობასა და გარდაცვალებას იგი ძლიერ განიცდიდა და განსაკუთრებულად უვლიდა მომაკვდავს. სხვათა შორის, გრიგოლს ორივე ცოლი რუსი ჰყავდა: პირველი ქორწინებიდან (ნინა დანევსკაიასთან) გრიგოლს შეეძინა ორი ქალიშვილი. მეუღლის მშობლები ბაქოში ცხოვრობდნენ და ქალს მშობლებთან გამგზავრება მოუსურვებია, რისი კატეგორიული წინააღმდეგიც ყოფილა რობაქიძე, მაგრამ ცოლმა თავისი გაიტანა. ბაქოში თურმე ეპიდემია იყო გავრცელებული, ეს სენი შეეყარა ბავშვს, რომელიც გარდაიცვალა. სწორედ ამ ფაქტის შემდეგ გრიგოლმა ვეღარ გააგრძელა მეუღლეთან თანაცხოვრება და ასე დაინგრა მათი ოჯახი. რაც შეეხება პირველ ცოლთან შეძენილ მეორე გოგონას, მკვლევარები ამ თემაზე ნაკლებად საუბრობენ. რატომღაც, რობაქიძის შვილებისა და შთამომავლების არსებობაზე საუბარი შეწყვეტილი იყო. ამბობენ, რომ მისი ერთ-ერთი ქალიშვილი უკრაინაში ცხოვრობს, მეორე ქორწინებაში, გრიგოლს შვილი არ ჰყოლია. შვეიცარია კი ქართველი ემიგრანტებისთვის ტრაგიკული ქვეყანა აღმოჩნდა – იგი სწორედ შვეიცარიაში გარდაიცვალა, უფრო სწორად, რამდენიმე დღის გარდაცვლილი იყო, პოლიციამ მის გვამს რომ მიაკვლია და დალუქა სახლი, რომელშიც მეორე მეუღლის – ლენას გარდაცვალების შემდეგ გრიგოლი მარტო ცხოვრობდა.
16.5.1962.
ჟენევა
„ჩემო შეუდარებელო გიტა!
19 წლისამ შენ, თითქოსდა ახალგაზრდა ქურუმმა, სიზმარში ოსირისი ნახე. 12 წლის მერე „დაუბრუნდი მას“. სიზმარი ახდა. არ არის საჭირო მეტი დაკონკრეტება... გუშინ ოკულისტთან ვიყავი. ჩემი მოტირალი თვალებისთვის გამომიწერა წვეთები „ოკულოსანი“. თუ წვეთები არ მიშველის, საცრემლე არხს ოპერაციის საშუალებით „გამიხსნის“. არ ღირს სალაპარაკოდ!
ამ დღეებში ჩემი სიძე იყო აქ. გაკვირვებული თვალებს არ უჯერებდა, ასე გაახალგაზრდავებული რომ მნახა. რომ იცოდეს, ვის უნდა ვუმადლოდე ყოველივე ამას!
წარმოსახვაში ხშირად ჩემს მკლავებში მყავხარ მომწყვდეული ისე მხურვალედ, თითქოს მართლაც ასე ხდებოდეს. ახლა გავიგე, რომ შენც თითქმის ყოველთვის ჩემს მკლავებში გრძნობ თავს.
რა საოცარია!
შევამჩნიე, რომ ბოლო დროს ზუსტად ისე გიყვარვარ, როგორც აქ, ჩემთან ყოფნისას გიყვარდი... გუშინ ღამის 4 საათიდან გათენებამდე ჩემთან იწექი მკერდზე მოკრული. მოწყურებულმა შეგსვი შენი უსაზღვროდ საყვარელი ტუჩებიდან და: ვიყავით განუყოფლად ერთად (ენგადიმ ეს არ უნდა იცოდეს. იღიმები).
გეხვევა ძლიერ, ძლიერ შენი საყვარელი და შენი მსახური.
26.5.1962
ჟენევა
გიტა, ჩემო წყაროსთვალო, შენ!..
ნათლად ვხედავ, რომ დღითიდღე უფრო დაკავებული ხდები, ასე რომ, უნდა შემოგთავაზო: მომავალში კვირაში ორჯერ ნუკი მომწერ წერილს, როგორც შეთანხმებულები ვიყავით, არამედ ერთხელ...  
მოვეშვათ ამ დახვეწილობას. არსებითად აქ საქმე არ ეხება ჩვენს სიყვარულს, რომელიც ჩვენშივე ყოფად იქცა – არამედ იმ ეგზისტენციალურ „ჩარჩოს“, რომელშიაც მას განვიცდიდით. როცა ისევ ჩემთან იქნები – აგიხსნი კონკრეტულად... ახლა კი შენი 25 აპრილის სიზმარი. გუშინწინ უკვე მოგწერე, რომ მან სრულიად შემძრა. ესაა ამაღელვებელი წინასწარმეტყველება. „ჩვენ გადახვეულები ვიყავით“. აქ იგულისხმება ჩვენი მიწიერი კავშირის ბოლო აქტი... 
გიკრავ გულში: და: ვარ განუყრელად შენთან...”
4.6.1962
ჟენევა
ჩემო შეუდარებელო გიტა!
...ბავშვობაში, ზაფხულობით, არდადეგებზე მთელ დღეებს მდინარესა და მის ნაპირზე ვატარებდი, თანასოფლელებთან ერთად. ჩვენ ვცურავდით, ვთამაშობდით, ვბანაობდით: კამეჩები, ცხენები, ძროხები. ერთ ადგილას, სადაც მდინარე დაბალი იყო, ქვების ქვეშ თევზს ვიჭერდით. ერთხელ ჩემს მარჯვენას ამოჰყვა – საშინელება – თევზის ნაცვლად, გველი. გულშეწუხებული დავვარდი. შოკმა შინაგანად დამჭრა. ამ სულიერი ტრავმისაგან დღემდე მთლიანად არ განვკურნებულვარ. გველის მიმართ თავისებური მეტაფიზიკური შიში მაქვს, სიზმარშიაც კი მეშინია მისი ნახვის.
შევარდენი და გველი – ერთად. ფარული აზრი: შევარდენის მზიური გამოხედვა დაიმორჩირელბს გველის გამანადგურებელ მზერას. ასე ვხსნი „გველების მეფის სტელას”...
გიტა! ჩემო შევარდენო! როგორ მენატრები! გეხვევი და დაუსრულებელი თრობით გსვამ შენს ტკბილ ბაგეთაგან. შენ – ჩემო შევარდენო!
23.6.1962
ჟენევა
შაბათი
ჩემო შეუდარებელო გიტა!.. შენს ნატვრაში ვიწვი და: დავიწვი. დარწმუნებული ვარ, გრძნობ ამას. რა უნდა მოგწერო კიდევ? ჩემში დღეს სიცარიელე ბატონობს. შენ კი მანდ ხარ: და: ღმერთს მადლობას ვწირავ ამისათვის. უფრო მეტიც: მადლობა მას, რომ შენ საერთოდ არსებობ!
გეხვევი მაგრად და ვლოცულობ შენთვის და გლოცავ, გლოცავ!
ჩაი ჩამომივიდა, გმადლობ!”

скачать dle 11.3