კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ღალატი სიყვარულისთვის

დასასრული. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹27-47(778)

 

ირინკა გამალებით ყრიდა თავის ნივთებს ჩანთაში, თან სოფოსკენ აპარებდა მზერას... თითქოს ელოდა, როდის ჰკითხავდა რამეს. სოფოს გაეღიმა...
– რა გინდა, ირინკა? აშკარად ვერ ისვენებ, რამე გაწუხებს?
– ჰო, შენი დახმარება მჭირდება. დღეს ხომ ოთხშაბათია და რა მოხდება, ხვალ და ზეგ სამსახურში რომ არ მივიდე?
– მე მეკითხები ამას? შენი უფროსი რომ არ ვარ, საყვარელო? ეგ ანას უნდა სთხოვო.
– აუ, სწორედ ანასთან შესვლა არ მინდა. ეგ ახლა ისეთ ეიფორიაშია, შეიძლება, უარი მითხრას, მე კი, ძალიან მჭირდება ეს ორი დღე...
– აჰა, მერე მე რა გავაკეთო?! – მხრები აიჩეჩა სოფომ.
– თუ მიკითხავს, უთხარი, რომ მომერიდა მასთან სათხოვნელად შევსულიყავი და გადაუდებელი საქმეები მაქვს.
– წარმომიდგენია, შენი გადაუდებელი საქმეები, – ირონიულად ჩაიცინა სოფომ. მერე, როცა ირინკას საყვედურნარევ მზერას მოჰკრა თვალი, დაირცხვინა და შემრიგებლურად გაიღიმა.
– ჰო, კარგი, ვიხუმრე, შენი წყენინება არც მიფიქრია.
– ანუ, იქნები ჩემი ფარი?
– ფარისა რა მოგახსენო, მაგრამ თუ ანა გიკითხავს, ვეტყვი, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო შენთვის ამ დღეების გაცდენა.
– გმადლობ. ძალიან კეთილი ხარ.
– შემატყვე, ხომ? ბოლო დროს ძალიან სენტიმენტალური გავხდი. ყველაფერზე გული მიჩუყდება. ორსულობის ბრალია, ალბათ, – სოფო გაინაზა და მუცელზე დაიდო ხელი.
– ფეხმძიმედ ხარ? მართლა? მოიცადე, შენ ხომ უკვე გყავს შვილი?
– ჰო, მყავს და ახლა მეორეს გავაჩენ. ნიკა ისეთი ბედნიერია, ვერ წარმოიდგენ.
– კარგია... – მე კი ვერ გადავწყვიტე, ვარ თუ არა, ჯერ მზად ბავშვის გასაჩენად.
– მაგას რა მომზადება უნდა? შენს ადგილას მე უკვე ვიფიქრებდი სტაბილურ ურთიერთობაზე. თუმცა, არ გეგონოს, რომ ჭკუას გარიგებ. ასეთი რაღაც არ მჩვევია.
– არა, რა პრობლემაა. ბოლო დროს ვხვდები, რომ სტაბილური ურთიერთობა ცუდი არ იქნებოდა. მგონი, უკვე ვიცი, ვისთანაც.
– მართლა? გამოჩნდა ბოლოს და ბოლოს კაცი, რომელმაც შენს თავისუფლებას ბორკილი დაადო?
– მთლად ასეც არ არის, მაგრამ მისგან შვილს გავაჩენდი.
– გიყვარს?
– სწორედ მაგის გასარკვევად მჭირდება ეს დღეები. გუდაურში მივყავარ. ხუთი დღე ერთად ვიქნებით და მივხვდები, რამდენად სერიოზულია ეს ურთიერთობა.
– ხუთი დღე? ანუ, შაბათს ანას ქორწილში არ იქნები?
– ალბათ, არა. ვიცი, რომ ანას არ ეწყინება. ვერც კი შენიშნავს ჩემს არყოფნას. სხვათა შორის, ჯერ არც დავუპატიჟებივარ.
– უი, როგორ დამავიწყდა, მე მთხოვა, შენთვის მეთქვა...
– არა უშავს. მადლობა გადაეცი. საჩუქარს აუცილებლად ვუყიდი. მართლა მიხარია მისი ბედნიერება. ვინ იცის, იქნება მალე მეც დაგპატიჟოთ ჩემს ქორწილში? – ირინკამ გადაიკისკისა, – გიკვირს, ხომ, ხედავ? უკვე ქორწილზე დავიწყე ლაპარაკი.
– ჰო, ცვლილება აშკარაა. გეტყობა, ის კაცი მართლა მოგწონს.
– ძალიან მომწონს.
– იმას უყვარხარ?
– როგორ გითხრა, ამაზე არ გვილაპარაკია, მაგრამ გუდაურში ამდენი ხნით წასვლა თავადვე შემომთავაზა. ეს უკვე რაღაცას ნიშნავს. შენ ასე არ ფიქრობ?
– ალბათ, ნიშნავს, – გაიღიმა სოფომ და აწკრიალებულ მობილურს დაავლო ხელი, – მაპატიე, ნიკა მირეკავს...
– უპასუხე. მე კი წავალ, უნდა მოვემზადო... რაღაცეების ყიდვაც მჭირდება გარდერობის გასაახლებლად. მინდა, ისეთი მნახოს, როგორიც არასდროს ვუნახივარ...
... მაგრამ სოფო აღარ უსმენდა. გამალებული ელაპარაკებოდა ქმარს.
– მომისმინე, ერთხელ ხომ უკვე მითხარი და რაღატომ მიმეორებ? არ უნდა უთხრა. ეს შენი საქმე არ არის. უფრო სწორად, ჩვენი საქმე არ არის... არ მაინტერესებს, ვისგანაც უნდა, იმისგან გაიგოს და თუ საერთოდ ვერ გაიგებს, კიდევ უკეთესი. ნიკა, გეყოფა, ტყულად ვდავობთ. აღარ მინდა შენი არგუმენტების მოსმენა, საკმარისია... არ მცალია, დღეს ანას კაბის გამოსატანად უნდა გავყვე და სხვათა შორის, საჩუქარიც შესარჩევი გვაქვს... დილით მე და შენ ეგ საქმე გვაქვს მოსაგვარებელი. მერე არ თქვა, არ გითქვამსო... მართალი ხარ შენი სინდისის წინაშე, მართალი... რით ვერ გაიგე? ოი, ღმერთო, ასეთი ჯიუტი რატომ ხარ?
– რა მოხდა? ჰკითხა უკვე კართან მისულმა ირინკამ.
– არაფერი. ნიკას ხუშტურები უვლის და ნერვებს მიშლის. შენ წადი, წადი... წარმატებას გისურვებ!
***
ნიკამ მობილური ტელეფონი გაგულისებით მოისროლა სავარძელზე და თავზე იტაცა ხელები. ნერვები ეშლებოდა... საკუთარი გაუბედაობა აცოფებდა. ამ რამდენიმე დღის განმავლობაში რამდენჯერმე სცადა ლაშასთვის ანას გათხოვების ამბავი ეთქვა, მაგრამ ბოლო წუთს ყოველთვის უკან იხევდა.
– ოთახში მხიარული სტვენით ლაშა შემოვიდა.
– რა იყო, რა ცხვირ-პირი ჩამოგტირის?
– არაფერი. ისე, სოფოს ველაპარაკებოდი და...
– მოკლედ, გიყურებ და სულ უფრო მეტად ვრწმუნდები ჩემი გადაწყვეტილების სისწორეში. ცოლიანი კაცები ცხოვრებით ვეღარ კაიფობთ... კიდევ კარგი, რომ ანაც ასეთი „კერკეტი კაკალი“ აღმოჩნდა და ბევრი აღარ „იჩალიჩა“ შებმაზე, თორემ ახლა ასეთ მშვენიერ არდადეგებს ხომ ვერ მოვიწყობდი გუდაურში.
– გუდაურში? ესე იგი, გუდაურში მიდიხარ? – ანას ხსენებაზე ნიკას შეშფოთება დაეწყო და აწრიალდა.
– ჰო. რა იყო?
– არაფერი. ისე გკითხე, დასაზუსტებლად.
– ისე, შენც არ გაწყენდა. არ გინდა, დაუძვერი სოფოს. უთხარი, რომ სამსახურის საქმეზე მიდიხარ რამდენიმე დღით და წამოდი. მაგარ „ნაშას“ აგიგდებ. პირადად ვიზრუნებ ამაზე.
ნიკას თვალები ჩაუსისხლიანდა.
– ზოგჯერ ძალიან მიშლი ნერვებს, – მიახალა უკმეხი ტონით, – რატომ გგონია, რომ ცოლი არ მიყვარს. ჰოდა, იცოდე – ძალიან მიყვარს და იმასაც ვუყვარვარ. ახლა ფეხმძიმედ არის და შენ ვერც წარმოიდგენ, როგორი ბედნიერი ვარ... იმიტომ, რომ ნამდვილი ბედნიერება შვილებია!
– ჰო, კარგი, ნუ ყვირი.  მეც მყავს შვილი, ხომ არ გავიწყდება?
– რომელსაც თითქმის არასდროს ხედავ.
– აი, ეგ უკვე შენი საქმე არ არის, – ლაშა აიფოფრა, – საერთოდ არ იცი ჩვენი ურთიერთობა. არ ვარ ცუდი მამა. დრო მოვა და ანასაც დავუმტკიცებ ამას. ლილეს არ დავკარგავ... არასოდეს!
– ანა რომ გათხოვდეს, რას იზამ? ამაზე არ გიფიქრია? – თავი ვეღარ შეიკავა ნიკამ. ლაშას გაეცინა.
– არ გათხოვდება.
– ასეთი დარწმუნებული რატომ ხარ?
– იმიტომ, რომ ვიცი, ვუყვარვარ. მოკლედ, გვეყოფა ამაზე ლაპარაკი. მაგვიანდება. ირინკასაც უნდა გავუარო. სადმე ვივახშმებთ და წავალთ.
ნიკას უკვე მეორედ ეცვალა ფერი.
– ირინკასთან ერთად მიდიხარ გუდაურში?
– შენ რა იცი ირინკა, იცნობ? – დაეჭვებით შეხედა ლაშამ.
– იმ დღეს თავად ახსენებდი.
– მართლა? ჰო, შეიძლება... ორშაბათს შევხვდებით. კარგს იზამ, თუ ამ დღეების განმავლობაში არ დამირეკავ.
***
დივანზე წამოწოლილი ნიკა ბავშვს ეთამაშებოდა, როცა ბედნიერმა და რაღაცით აღფრთოვანებულმა სოფომ სახლის კარი შეაღო.
– ძიძა გაუშვი? მაგარი ბიჭი ხარ...  ძალიან ხომ არ დავაგვიანე? ვერ წარმოიდგენ, რა მოხდა. ვახო მართლა არაჩვეულებრივი ადამიანია. არაფრით მომცა საშუალება, ჩემი კაბის ფული გადამეხადა, ისე შემრცხვა... მაგრამ, ცოტათი გამეხარდა კიდეც, რადგან ფეხსაცმელების ყიდვაც მოვახერხე. გინდა, განახო?
ნიკამ ნაძალადევი ღიმილით დაუქნია თავი. სოფო მასთან მივიდა და დივანზე ჩამოუჯდა.
– რა მოხდა? უგუნებოდ ხარ?
– არაფერი, ისე... ცოტა დავიღალე. ყურადღებას ნუ მომაქცევ, გამივლის.
– იმ იდიოტისთვის ხომ არ გითქვამს რამე?
– არა.
– კარგად მოქცეულხარ. აი, ასეთი მიყვარხარ.
– ჰო, მაგრამ თავს კარგად არ ვგრძნობ. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს გულზე დარდი მაწევს.
– აუ, დაიკიდე რა... მით უმეტეს, რომ თავად ლაშასაც ჰკიდია, გათხოვდება ანა თუ არა.
– მით უმეტეს, თუ ჰკიდია, მეთქვა, რა დაშავდებოდა? – აბუზღუნდა ნიკა, მაგრამ სოფოს განაწყენებულ სახეს რომ შეხედა, ხელი ჩაიქნია.
– კარგი, აღარ დაგელაპარაკები ამაზე.
– გადასარევი... აჯობებს, ჩემი კაბა ნახო, როგორ მაქვს. მგონი, მუცელი ჯერ არ მეტყობა.
***
აწკრიალებულმა მობილურმა ირინკას ძილი დაუფრთხო და გვერდი იცვალა. ტელეფონი კი რეკავდა და რეკავდა. ირინკამ ისე, რომ არ გადმობრუნებულა, ლაშას გვერდში იდაყვი წაჰკრა და დაიკრუსუნა. ლაშა იძულებული გახდა, წამომჯდარიყო და ეპასუხა.
– ნიკა? მოგკლავ, ხომ გითხარი, არ დამირეკო-მეთქი. იმედია, რაღაც საშინელება ხდება, თორემ არ გაპატიებ. მოიცა, ნახევრად მძინავს და კარგად არ მესმის, რას მეუბნები... რა? ხუმრობ? – ლაშა წამოხტა და ისევე, როგორც იყო, ტრუსისამარა მოჰყა ოთახში სირბილს.
მისმა ყვირილმა ირინკა საბოლოოდ გამოაფხიზლა. წამოჯდა და ინტერესით მიაჩერდა ლაშას.
– არ მჯერა, მატყუებ. როგორ თუ შაბათს ქორწილი აქვს... მერე მე რატომ არაფერი ვიცოდი... იდიოტი ხარ, რომ არ მითხარი... რას ნიშნავს სცადე, გიჟი ხარ? მოიცა, უარესი რაღა უნდა მითხრა... – და უცებ ლაშა გაჩერდა, – შეუძლებელია... ვახო? ნიკა, თუ მატყუებ, მოგკლავ, იცოდე, გაჩუმდი! მეტის მოსმენა აღარ მინდა... ესე იგი, ეს ყველაფერი ჩემს ზურგს უკან ხდებოდა?  მოვდივარ, ახლავე მოვდივარ და შენ ამას არ გაპატიებ! – ერთიანად აკანკალებული ლაშა სწრაფად შეუდგა ჩაცმას.
– რა ხდება, არ მეტყვი?
– გზაში... ახლა კი ჩაიცვი, სწრაფად!
– მოიცა, ეს რას ნიშნავს, მივდივართ?
– ჰო. ყოველ შემთხვევაში, მე მივდივარ... შენ თუ გინდა, დარჩი. ფულს გადავიხდი.
– ასე ვერ მომექცევი! – იფეთქა ირინკამ, – ვერ დამტოვებ და ვერ წახვალ ისე, რომ არაფერი ამიხსნა! არც აქ დარჩენა მინდა უშენოდ.
– ხომ გითხარი, მეჩქარება-მეთქი. მაშინ ადექი და ჩაიცვი... გზაში აგიხსნი.
პორტიემ ნომრის გასაღები გამოართვა.
– ცუდია, რომ მიდიხართ, ბატონო ლაშა. არც ისაუზმებთ? იქნებ, ცოტა მოგეცადათ... წუხელ თოვდა, ახლა კი ყინავს. ჯერ  გზაზე მარილის დაყრა არ დაუწყიათ. უსაფრთხო არ არის...
– გმადლობ, მაგრამ მე შეჩვეული ვარ მოლიპული გზით სიარულს, – ირონიულად ჩაიცინა ლაშამ და კბილები გააღრჭიალა.
ირინკამ სიგარეტს მოუკიდა, ნერვიულობდა... ლაშა ნელ-ნელა უმატებდა სიჩქარეს.
– აღარ მეტყვი, რა დაგემართა?
– ჩემი შვილის დედა თხოვდება.
– ჰო? შვილი გყავს? არ ვიცოდი.
– შენ კიდევ ბევრი რამე არ იცი, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს?!
– რას ნიშნავს, არა აქვს მნიშვნელობა?! ლაშა, გუდაურში რომ დამპატიჟე ხუთი დღით, ვიფიქრე, ეს ჩვენი ურთიერთობის ახალი ეტაპის დასაწყისი იყო.
– ღმერთო, რატომ ფიქრობთ ეს ქალები ამდენ სისულელეზე, რატომ?! იმ ქათამმაც, ეტყობა, ეგრე იფიქრა და თხოვდება იმ სირზე.
– შენ ეს ამბავი ძალიან გაწუხებს? – ირინკას ხმა ჩაუწყდა.
– იაზროვნე ცოტა, არ უნდა მაწუხებდეს? ვერ გაიგონე, რა გითხარი? ჩემი შვილის დედაა-მეთქი, ჩემი შვილის!
– ნუ ღრიალებ და სიჩქარესაც დაუკელი. არ მინდა, შენს მანქანაში სიკვდილი. არ უნდა წამოვსულიყავი, – აცრემლდა ირინკა.
ლაშამ შეიგინა. მანქანა მოყინული გზის მონაკვეთზე შევარდა და უკანა ნაწილი სახიფათოდ მოიქნია.
– ნელა იარე-მეთქი! – იკივლა ირინკამ. მაგრამ მისი ყვირილით დამფრთხალმა თუ გაბრაზებულმა ლაშამ, სიჩქარე კი არ შეანელა, მკვეთრად დაამუხრუჭა. მანქანამ რამდენიმე ბრუნი გააკეთა... საბურავებმა საშინლად დაიღრჭიალა... ირინკამ სახეზე აიფარა ხელები. მანქანამ ბეტონის ბორდიური გადაანგრია და ხრამში გადაეშვა.
***
ანა აბაზანაში იყო, ტელეფონმა რომ დარეკა... ღიმილით მიირბინა მაგიდასთან:
– რაო, სოფო. უკვე ადექი? იცი, როგორ მშვიდად მეძინა? დიდი ხანია, ასე მშვიდად არ ვყოფილვარ... შენ რა, ტირი? ღმერთო, არ მითხრა, რომ შენ და ნიკამ იჩხუბეთ... რა?! ვინ გითხრა?.. – ანამ იგრძნო, როგორ გამოეცალა მუხლებში ძალა და ნელა ჩაიკეცა იატაკზე, – მოვდივარ, ახლავე.
***
საავადმყოფოს რეანიმაციული განყოფილების წინ ხალხმა დაიწყო თავის მოყრა. ანა ბუნდოვნად ხედავდა მისთვის უცხო სახეებს. ბოლოს სოფო, ნიკა, ვახო და რამდენიმე თანამშრომელი დაინახა. გაჭირვებით გადადგა რამდენიმე ნაბიჯი. ნიკა მივარდა და ხელი შეაშველა.
– გადარჩა? – იკითხა ანამ ჩაწყვეტილი ხმით.
– ჯერ არ ვიცით, საოპერაციოდან არავინ გამოსულა. ირინკა უფრო მძიმედაა, – უთხრა სოფომ და მზერა მოარიდა...
– ირინკაც? ჰო, თუმცა... ესე იგი, ერთად იყვნენ იქ.
– ჩემი ბრალია, – აღმოხდა ნიკას და ტირილი წასკდა. მე დავურეკე და ვუთხარი შენი და ვახოს ამბავი. ვერ წარმოვიდგინე, რომ ასეთი რეაქცია ექნებოდა. მაპატიე, ანა, რომ მოკვდეს ან ერთი ან მეორე, თავს ვერასდროს ვაპატიებ.
– სასწაული იქნება, თუ გადარჩებიან. მანქანა გადასაგდებია, – თქვა ვიღაცამ შეკრებილთა ჯგუფიდან.
ანამ მიმოიხედა. ვიღაცას ეძებდა...
– სოფო, უთხარი ხალათი ჩამაცვან, საოპერაციოში უნდა შევიდე...
– მოიცადე, ანა... – ვახო ქალთან მივიდა და მხარზე მოჰხვია ხელი, – აქ დაველოდოთ. მესმის, როგორი რთულია შენთვის, მაგრამ საოპერაციოში უფრო გაგიჭირდება.
– არა, არ გესმის, – ანა უკვე მექანიკურად მოქმედებდა. თითიდან ნიშნობის ბეჭედი მოიძრო და გაოგნებულ ვახოს ჩაუდო ხელში, –  მაპატიე, ვიცი, საშინლად ვიქცეოდი, მაგრამ სხვანაირად არ შემეძლო.
***
ქირურგმა პირბადე მოიხსნა. ანას მკლავში მოჰკიდა ხელი და წინასაოპერაციო ოთახში გაიყვანა.
– სოსო, უნდა მითხრა... მზად ვარ.
– მე არ ვიცოდი, შენ თუ... – დაიწყო სოსომ, – ირინკაც თურმე...
– მნიშვნელობა აღარაფერს აქვს. უნდა იცოცხლოს ორივემ.
– ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, ანა... ახლა მათ ორგანიზმზეა დამოკიდებული – ახალგაზრდები არიან, უნდა გამოძვრნენ. შეგიყვანო მასთან?
ანამ ცრემლებით სველი სახე ხელისგულით მოიწმინდა და თავი დაუქნია.
ლაშა თვალდახუჭული იწვა. გაქვავებულ სახეზე სიცოცხლის ნიშანი არ ეტყობოდა. ანა მიუახლოვდა და შუბლზე ფრთხილად შეახო ტუჩები. მერე შებინტულ თითებზეც ფრთხილად მოეფერა.
– არ წახვიდე, დარჩი...
ქალი შეკრთდა, ეგონა მომეჩვენაო.  ლაშამ გაჭირვებით, ნახევრად გაახილა თვალები. ტუჩებს გაჭირვებით ამოძრავებდა... არ წახვიდე... – გაიმეორა ძლივს გასაგონი ხმით.
– არ წავალ, არასოდეს...– თქვა ანამ და გაიღიმა.
დასასრული

скачать dle 11.3