კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ შემოაკვდა ახალგაზრდა კაცს გამზრდელი ბებია და რატომ ცდილობდა დეიდა დამნაშავის დაცვას

20 წლის კახა  მ-შვილი  სამართალდამცველებმა მაშინ დააკავეს, როდესაც ის შემთხვევის ადგილის დატოვებასა და მიმალვას ცდილობდა.  ამის შესახებ მან თავად აღიარა სამართალდამცველებთან, რომლებიც, შემთხვევის ადგილზე, დამნაშავის დეიდის  ბინაში,  მეზობლებმა გამოიძახეს.  სამართალდამცველებთან ერთად შემთხვევის ადგილზე მივიდა სასწრაფო დახმარების სამსახურიც, რომელსაც ბინაში ორი დაზარალებული ქალბატონი დახვდა: 51 წლის ვერიკო მ-შვილს სხეულის მძიმე დაზიანებები   გულმკერდის არეში  დანით ჰქონდა მიყენებული, ხოლო მის დედას, 80 წლის ნუნუ ძ-იას თავის არეში ბლაგვი საგნის დარტმით მიყენებული დაზიანება და ტრავმული შოკი აღენიშნებოდა.
  როგორც სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილზე მყოფი  მეზობლებისგან  შეიტყვეს, ორივე ქალბატონს  დაზიანებები  კახა მ-შვილმა მიაყენა.
ამონაწერი მარინა ბერიანიძის ჩვენებიდან: „მე და ვერიკო დიდი ხნის მეზობლები ვართ, ისეთი ურთიერთობა გვაქვს,  ერთი ოჯახის წევრებს რომ შეიძლება ჰქონდეთ.  ვერიკო  გაუთხოვარია, ამ ბინაში  დედასთან და დისშვილთან – კახასთან ერთად ცხოვრობს.  წლების წინ ოჯახმა დიდი ტრაგედია გადაიტანა – 25 წლის იყო  ვერიკოს და, როცა ავტოკატასტროფაში მოყვა  და  გარდაიცვალა. მაშინ კახა ძალიან პატარა იყო, დეიდამ წამოიყვანა და გაზარდა. მოგვიანებით, მამის გარდაცვალების შემდეგ, ვერიკომ მშობლების სახლი გაყიდა და დედაც  აქ წამოიყვანა.  ვერიკოც და ნუნუც კახას დასტრიალებდნენ თავს. კარგი ბავშვი იყო, მაგრამ, ცოტა უცნაური ხასიათით. პირველად პრობლემები მაშინ შეექმნა, როცა 15 წლის იყო, სკოლაში  თავისი  თანაკლასელი  ბიჭი ისე სცემა, ბავშვი საავადმყოფოში წაიყვანეს. მაშინ კახა პატარა იყო და პასუხისგებას გადაურჩა. ვერიკო ძალიან ნერვიულობდა მისი ხასიათის გამო. ბოლო პერიოდში ბიჭი ძალიან შეიცვალა – ხშირად სვამდა და ისიც გავიგე, ნარკოტიკების მომხმარებელიაო – ერთი-ორჯერ ამაზე ვერიკომაც დაიჩივლა ჩემთან. ერთხელ სახლიდან ძვირფასი სამკაულები დაკარგა. კახა უარყოფდა, რომ მისი მოპარული იყო, მაგრამ ვერიკომ  საკუთარი დისშვილი ციხისთვის ვერ გაწირა   და ასე ჩაიარა ამ ამბავმა. ერთხელ კიდევ იყო ასეთი შეთხვევა და, როგორც ვიცი, ამჯერადაც იგივე მოხდა. თუმცა ამის შესახებ   გვიან  გავიგე. იმ დღეს, უკვე გვიანი იყო, როდესაც ვერიკოს  ბინიდან ყვირილის ხმა შემომესმა, ცოტა ხანში  კი ვერიკოს სასოწარკვეთილი კივილი გავიგონე. კარი დაკეტილი იყო.  ვაბრახუნე, მაგრამ არავინ გამიღო.  ერთ-ერთმა  მეზობელმა, ისე, რომ არც კი გვითხრა,  სამართალდამცველები გამოიძახა. პოლიციელები სადარბაზოში გადააწყდნენ  სისხლში ამოსვრილ ბიჭს და მას გაქცევის საშუალება აღარ მისცეს.”
გამოძიებისთვის  ცნობილი გახდა, რომ კახა მ-შვილმა დანით ორი ჭრილობა მიაყენა დეიდას, ვერიკო მ-შვილს, ბებიას კი თავში და ზურგში რკინის ნაჭერი ჩაარტყა. სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილიდან დანაშაულის იარაღებიც ამოიღეს – დანაშაულში ეჭვმიტანილ ახალგაზრდას მათი გადამალვა არც უფიქრია,  დეიდისა და ბებიისთვის მიყენებული დაზიანების შემდეგ ის მხოლოდ  საკუთარი თავის  შველას ცდილობდა. საძინებლის შესასვლელში იატაკზე ეყარა მინის ნამსხვრევებიც, რომლებზეც მოხუცი ბებიის სისხლის კვალი იყო დატოვებული. კახა მ-შვილი სამართალდამცველებმა  დააკავეს და მის მიმართ საქმე  სისხლის სამართლის ორი მუხლით დაკვალიფიცირდა: განხრაზ მკვლელობა და სხეულის მძიმე დაზიანებების მიყენება.
  დაკავებულმა ჩადენილი დანაშაული აღიარა და თავი დამნაშავედ ცნო. მოგვიანებით ჩვენების მიცემა შეძლო დეიდამ, რომელსაც ქირურგიული ოპერაციის გაკეთება დასჭირდა. რაც შეეხება ნუნუ ძ-იას, ის  გამოჯანმრთელებიდან საკმაოდ მალე,  მოულოდნელად  გულის შეტევით  გარდაიცვალა, რაც, როგორც სამედიცინო დასკვნით დადასტურდა, მიყენებული დაზიანებებისა და  ემოციური დატვირთვის შედეგი იყო.
ამონაწერი ვერიკო მ-შვილის ჩვენებიდან:  „იმ დღეს, როდესაც ეს ინციდენტი მოხდა, სამსახურიდან ადრე წამოვედი – ძალიან ვიყავი განერვიულებული და  ვერ ვიმუშავე. ყველაფერი იმის გამო მოხდა, რომ წინა დღეს სახლში დაბრუნებულს აღარ დამხვდა ტელევიზორი, რომელიც   ერთი  წლის წინ დანაზოგით  ვიყიდეთ.  დავურეკე კახას და ვუთხარი, სასწრაფოდ უკან მოიტანე ტელევიზორი-მეთქი.  გამორიცხულიაო, – მითხრა, – ფული უნდა ჩამებარებინა და დროებით ლომბარდში დავტოვეო. ეს პირველი შემთხვევა არ იყო, ბოლო დროს სახლიდან ბევრი რამ დავკარგე და ვეღარ გავჩუმდებოდი. ბიჭს თავის სამყოფ ფულს ყოველთვის ვაძლევდი, მაგრამ, უფრო და უფრო მეტს ითხოვდა.   იმ ღამეს კახა საერთოდ არ მოსულა სახლში.  ვურეკავდი, მაგრამ აღარ მიპასუხა. მეორე დღეს სახლში რომ მოვედი, უკვე შინ დამხვდა. ჩხუბი დავუწყე და დავემუქრე,   პოლიციაში განვაცხადებ-მეთქი.  ყვირილი დამიწყო. დედა საძინებლიდან გამოვიდა და  ჩხუბში მე დამიჭირა მხარი.  სულ წავალ ამ სახლიდან, ჩემს საცოლესთან ერთად გადავალ ქირით საცხოვრებლად და თქვენ კი არ გაგახარებთო, – დაგვემუქრა. დედაჩემმა აუგად მოიხსენია მისი შეყვარებული. ეს იყო და, უცებ კახა აბაზანაში გავარდა, იქიდან შეშლილი სახით შემოვარდა და დედაჩემს ორჯერ  ჩაარტა თავში რკინა. ხელებში ვეცი. ვერ ვცნობდი, ისეთი სახეშეშლილი იყო. სანამ დედაჩემს ვასულიერებდი, სამზარეულოში გავიდა, იქიდან უკან დაბრუნებული თავიდან ვერც კი შევნიშნე, მერე მოვტრიალდი და ხელი ვკარი. კარის ფანჯარას დაეჯახა და ჩამოამტვრია. არ ვიცი, სისხლმა უფრო გაახელა თუ რა იყო, უცებ დანით დამეძგერა და დამარტყა,  მერე იატაკიდან მინის ნატეხი აიღო, დედაჩემს ყელთან მიუტანა და უთხრა: მოგკლავ, ყელს გამოგჭრიო. ისე შემეშინდა, მე თვითონ დაჭრილი, დედას გადავეფარე და კახას ვთხოვე: ნუ დაგვღუპავ და თავსაც ნუ დაიღუპავ-მეთქი. უცებ კარებზე  ბრახუნი ატყდა და მივხვდი, რომ მეზობლები იყვნენ.  ისინი რომ არ გამოჩენილიყვნენ, არ ვიცი, რა მოხდებოდა. ცოტა ხანში პოლიცია და სამედიცინო სამსახურიც მოვიდა. მეც და დედაჩემიც საავადმყოფოში გადაგვიყვანეს”.
 კახა მ-შვილმა სასამართლო პროცესზე ჩადენილი დანაშაული მოინანია და განაცხადა, რომ,  როდესაც  დანაშაული  ჩაიდინა, ფსიქიკურად რთულ მდგომარეობაში იყო,  თუმცა, შესაბამისი სამსახურების დასკვნის მიხედვით,  დანაშაულის ჩადენის  მომენტში ის ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, რაც მის მიერ ჩადენილ  დანაშაულს კიდევ უფრო ამძიმებდა. სასამართლო პროცესზე ბრალდებულის დაცვას თავად დაზარალებული  ცდილობდა – დეიდამ სთხოვა მოსამართლეს, მკაცრად არ დაესაჯათ მისი ობოლი დისშვილი და მისთვის სასჯელი შეემსუბუქებინათ,  მაგრამ სასამართლომ არცერთი შემამსუბუქებელი გარემოება არ  გაითვალისწინა და კახა მ-შვილს ჩადენილი მძიმე დანაშაულებისთვის 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

скачать dle 11.3