კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გამოიყენა ვახტანგ გორგასალმა სპარსეთის შაჰის რესურსი ოსების წინააღმდეგ

457 წელს 15 წლის გენიოსმა, ვახტანგ პირველმა, სპარსეთის შაჰს სთხოვა დახმარება საერთო მტრების, ოვსებისა და  ჩრდილოკავკასიის ველებზე მომთაბარე სხვა ტომების წინააღმდეგ, რომლებიც გადმოდიოდნენ სამხრეთში და არბევდნენ არა მარტო ქართლს, არამედ რანს (ალბანეთს) და ირანის გავლენის ქვეშ მყოფ სხვა ტერიტორიებს. ქართველი მეფის უმცროსი და ამ დროს ოსებს ჰყავდათ ტყვეობაში, ასევე, უამრავი ქართველი და ალბანელი.
სპარსეთის შაჰს მოეწონა წინადადება და მისი ბრძანებით, რანის მმართველმა,  ვახტანგის დედის ძმამ, ვარაზ-ბაკურმა გამოაგზავნა თავისი ჯარი ქართველი მეფის დასახმარებლად. კავკასიელი ბელადებიც შეუერთდნენ ვახტანგს, რადგან მტრობა ჰქონდათ ოსებთან. შეიკრიბა დიდძალი არმია, რომლის სათავეში 16 წელს მიტანებული ქართველი ხელმწიფე იდგა. ვარაზ-ბაკურს თორმეტი ათასი მეომარი გამოუგზავნია. ქართველებს ასსამოცი მეომარი მოუგროვებიათ, 100 000 მხედარი და 60 000 ქვეითი. სხვა კავკასიელ ტომებს ორმოცდაათი ათასი მეომარი გამოუყვანიათ. ალბათ, რაოდენობა გადაჭარბებულია.
ოსებმა მოიხმეს ჰუნები და სხვა მომთაბარე ტომები. 
ორი დიდი არმია შეხვდა ერთმანეთს ჩრდილოეთ კავკასიის მთიანეთში, თერგის ნაპირას, რომელსაც ძველი ქართველები ოვსეთის არაგვს უწოდებდნენ. რადგან ერთი მთაგრეხილიდან გამოდის ორივე მდინარე, ერთი სამხრეთისკენ მოემართება, მეორე კი ჩრდილოეთისკენ მიედინება.
მდინარის გაღმა-გამოღმა ნაპირებზე იყო დაბანაკებული ორივე ჯარი. ერთი კვირის განმავლობაში პირისპირ იდგა ორი არმია. შვიდი დღე მიმდინარეობდა ბრძოლები მეომრებს შორის ერთი-ერთზე.
ერთ დღეს ოსთა მხრიდან გამოსულა ვინმე თარხანი, რომელსაც ხაზარს უწოდებს მემატიანე ჯუანშერი. თარხანს შეებრძოლა ფარსმან-ფარუხი, ვახტანგის დამხმარე სპარსული შენაერთების ერთ-ერთი სარდალი. ფარსმან-ფარუხზე ამბობდნენ, ლომს ხელით იჭერდაო. თარხან ხაზარმა პირველივე შერკინებაზე მუზარადზე დაახალა მახვილი და ბეჭებამდე გაუპო თავი.
დამწუხრდა ვახტანგ გორგასალი, ვინაიდან აღარ ჰყავდა ფარსმან-ფარუხისნაირი ძლიერი სხვა მეომარი. მთელი ღამე ლოცვაში გაატარა ქართველთა ჭაბუკმა მეფემ, ღმერთისგან შეწევნას ითხოვდა. დილას გამოვიდა თერგის ნაპირთან თარხან ხაზარი. ითხოვდა შერკინებას და თან, შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებდა ქართველებსა და მათ დამხმარეებს. ქართულ-სპარსული კოალიციიდან არავინ აღმოჩნდა მასთან შერკინების მსურველი, რადგან ძალიან ძლიერი იყო თარხან გოლიათი.
მიუბრუნდა 16 წლის ვახტანგი თანამებრძოლებს და უთხრა: „არა ჩემი ძალის იმედით, არამედ დაუსაბამო ღმერთის მინდობით, შევებრძოლები თარხანს“.  სარდლები უშლიდნენ, რადგან პატარა იყო ვახტანგი ჯერ კიდევ, არ ჰქონდა სათანადო გამოცდილება, თარხანი კი უძლეველი მეომარი გახლდათ.
დადგა ვახტანგ მეფე მდინარის პირას. თარხანი დასცინოდა. მიეტევნენ ერთმანეთს ქართველი და ხაზარი, პირველივე შეტაკებაზე სცა შუბი ვახტანგმა და სარტყელთან დაასო. ვერ უშველა ჯაჭვ-საჭურველმა და ზურგიდან გამოუვიდა შუბი უზრდელ ხაზარს.
სიხარულის ყიჟინა აღმოხდათ ვახტანგის მეომრებს. გადმოხტა ჭაბუკი ხელმწიფე ცხენიდან, დაიჩოქა და მადლობა შესწირა ღმერთს. მოჰკვეთა თარხანს თავი და დაუბრუნდა თავის ჯარს.
მეორე დღეს უფრო მაგარი მეომარი, ბაყათარ ოსი გამოვიდა ქართველ მეფესთან საომრად. დიდი ტანისა და ძალიან გამოცდილი მებრძოლი. მისი მშვილდი 12 მტკაველი იყო, ისარი – 6 მტკაველი.
შეტევისთვის გაამზადა გორგასალმა თავისი არმია. მოახტა შეჭურვილ ტაიჭს, აიღო ნიანგის ტყავით გადაკრული ფარი, რომელსაც ვერ კვეთდა მახვილი და მივიდა მდინარესთან.
ბაყათარ ოსმა ისრები დაუშინა ვახტანგ მეფეს. ცხენზე ამხედრებული ჭაბუკი ხელმწიფე თვალის სისწრაფით, გონების სიმახვილითა და ცხენის სიკისკასით იცილებდა ისრებს.
მდინარის გაღმა-გამოღმა ოსთა და ქართველთა ჯარები ბუკს ცემდნენ და ყვიროდნენ. ხმაურისგან ზანზარებდა მთები. ვერ მოარტყა ორ ისარზე მეტი ოსმა, ის ორიც ფარით მოიგერია ქართველმა და ვერც გაჰკვეთა ფარის ტყავი. ბოლოს  ერთი ისარი ვახტანგის ტაიჭს მოარტყა... სანამ დაეცემოდა ცხენი, ისარგებლა ვახტანგ მეფემ, გადმოხტა, მარცხენა მხარში ჩასცხო ხმალი და გულამდე გააპო ოსი. ამ დროს დაეცა კიდეც ვახტანგ მეფის ტაიჭი.
დაიჩოქა 16 წლის გმირმა ხელმწიფემ, თაყვანი სცა ღმერთს და მადლობა უთხრა ბაყათარზე გამარჯვებისთვის. მოახტა ნაალაფარ ცხენს ბაყათარისას და შესძახა თავის არმიას.
საომრად მზადმყოფი ჯარი, ცხენ-თოროსნები და ჯაჭვ-ჩაბალახოსნები, წინ მხედრები და უკან ქვეითები, მათ უკან მსუბუქი კავალერია, დაიძრა ოსებისკენ. ჩასაფრებულმა ოსებმა თავები წამოჰყვეს ქარაფებიდან და ისრები დაუშინეს გორგასლის არმიას, როგორც წვიმა.
ქართველთა მეფე შეუძახებდა თავის მეომრებს და ამხნევებდა. შეჭურვილი მძიმე კავალერია მსწრაფლ აიჭრა გორაკზე, აივაკა და დასცხო ოსებს. მათ აჰყვნენ ქვეითები. გაიმართა ხელჩართული ბრძოლა.
ძლიერი ბრძოლა იყო. ომის ხმაურში გამოიცნობოდა ვახტანგის ხმა, ვითარცა ლომის ბრდღვინვა. მასთან ერთად დაქროდა და გმირულად იბრძოდა ორი მხედარი – არტავაზი, მეფის ძუძუმტე, ძე საურმაგ სპასპეტისა და ბივრიტიანი სეფეწული. ბივრიტიანები უფლისწულებად ითვლებოდნენ, შესაძლოა, ფარნავაზიანთა განაყოფი იყო და ანდა, ბაგრატიონების წინაპრები იყვნენ.
იძლივნენ ოსები და გაიქნენ შეშინებულები. მისდევდნენ ქართვ ელები გაქცეულ მტერს. უამრავი მათგანი შეიპყრეს. ტყვეები სჭირდებოდათ, რათა გადაეცვალათ იმ ქართველებზე, რომლებიც წლების წინ ოსებმა ქართლიდან მოიტაცეს. ეს ჩვეულებრივი პრაქტიკა იყო ძველ დროში.
სამი დღე დაასვენა გორგასალმა თავისი არმია. ღმერთს ადიდებდნენ გამარჯვებისთვის. შემდეგ შეიჭრნენ მტრის ტერიტორიაზე, შემუსრეს მათი დაბები.  ოსების გარდა, დაიმორჩილეს ყივჩაღებიც. ვახტანგ გორგასალმა რამდენიმე ციხე ააშენებინა ვიწრო ხეობაში – დარიალი, ალანთა კარი (დარიალანი) რომ ეწოდა. დარიალის ციხეებში მეფე ვახტანგმა ქართველი მთიელები დააყენა. ამიერიდან, იბერიის მეფის თანხმობის გარეშე, არავის შეეძლო, გადმოელახა კავკასია ამ უღელტეხილიდან.
იმ დროს სულ რამდენიმე გზით შეიძლებოდა ჩრდილო კავკასიიდან არმიების გადმოსვლა, ერთი აფხაზეთის სანაპირო იყო, მეორე დარიალი, მესამე კი ქალაქ დერბენტზე (დარუბანდზე) გადიოდა. დერბენტის მისასვლელი საქართველოს არ უკავშირდებოდა და გზაზე სამხრეთით, სპარსეთის შაჰის ვასალების სამფლობელოები გახლდათ. ახლა საჭირო იყო დასავლეთისკენ გალაშქრება, რათა ეს გეოსტრატეგიულად მნიშვნელოვანი ტერიტორია მაქსიმალურად დამორჩილებოდა ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, რომელიც მაშინ ემთხვეოდა სპარსეთისას ჩრდილო კავკასიაში. ვახტანგ გორგასალიც სარგებლობდა ამით.
გადავიდნენ პაჭანიკეთში, რომლებიც ოსების მოსაზღვრედ სახლობდნენ, მდინარე თერგის განშტოებათა ხეობებში და ველებზე. მაშინ ჯიქებიც (ზიქებიც) იმ ტეროტორიებზე ცხოვრობდნენ. მხოლოდ შემდგომში დაიძრნენ პაჭანიკები ჩრდილო-დასავლეთისკენ, ხოლო ჯიქები კი აფხაზეთის ბოლოში დამკვიდრდნენ. იმ ადგილს შემდეგ ჯიქეთი უწოდეს ქართველებმა. ესაა გაგრის რაიონის ჩრდილო-დასავლეთიდან და გრძელდება ქალაქ სოჭის ჩრდილო-დასავლეთით.
მოარბია ვახტანგმა პაჭანიკების ტერიტორია, ძველი ჯიქეთი და შემობრუნდა ოსეთში. ოსების ბელადები მთებში, სიმაგრეებში იყვნენ შეფარებულნი. მოუგზავნეს მოციქულები ვახტანგს და ზავი ითხოვეს. მისი დის, მირანდუხტის დაბრუნების სამაგიეროდ კი, ოცდაათი ათასი ტყვე ოსის გათავისუფლება შესთავაზეს. აიყვანა ვახტანგმა მძევლები ოსებისგან, გაათავისუფლა ბევრი ტყვე ოსი, დაიბრუნა უმცროსი დაიკო და სხვებიც, ყოველი ქართველი გამოიხსნა, რომლებიც 6 წლის წინ დაატყვევეს. თუმცა, მრავალი ტყვე მაინც დარჩა – ოსები, ჯიქები და სხვები. ეს ყველაფერი ოთხ თვეში მოაგვარა.
ქართლის მეფემ თავის მოკავშირეები  დიდი საჩუქრებით გაუშვა შინ. დარიალის კარით გამოაგზავნა მირანდუხტი და სხვა ქართველი ტყვედნამყოფები. თვითონ კი ქართული ძალებით დასავლეთით გაეშურა, რათა ხელში ჩაეგდო ჩრდილო კავკასიიდან სამხრეთ კავკასიაში გადმოსასვლელი კიდევ ერთი გზა, რომელიც აფხაზეთში გადმოდიოდა ზღვის გასწვრივ. ამ დროს იალბუზზე ფეხი შეუდგამს ჩვენს გმირ მეფეს.
გზად დაიმორჩილა ყველა ტომი. ჩრდილო-დასავლეთიდან შეიჭრა აფხაზეთში. ამ დროს ბერძენთა კეისარი ლეონ პირველი იბრძოდა ვახტანგ გორგასლის სპარსელებთან. დასავლეთ საქართველოს დიდ ნაწილი ბიზანტიელებს ჰქონდათ ოკუპირებული. ციხეებში თავიანთი გარნიზონები ჰყავდათ ჩაყენებული.
ვახტანგ მეფემ დაიკავა მეორე გადმოსასვლელიც ჩრდილო კავკასიიდან სამხრეთისკენ და ასევე, დასავლეთ საქართველოშიც აიღო ციხეები ნიკოფსიიდან ციხეგოჯამდე.

скачать dle 11.3