კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ცუდი შემთხვევა ჰქონდა მსოფლიო თასის გამარჯვებულ ირმა ხეცურიანს იტალიაში და რის გამო გააუქმა მან თავისი ნიშნობა

30 წლის ირმა ხეცურიანი პირველი ეტლით მოფარიკავე ქალია საქართველოში. მან სპორტის ამ სახეობაში ვარჯიში სულ ორი წელია, რაც დაიწყო, მაგრამ სერიოზულ შედეგებს მიაღწია, ახლახან, მსოფლიო თასის გამარჯვებული გახდა და სამშობლოში ოქროს მედლით დაბრუნდა. მიუხედავად წარსულში გადატანილი უამრავი სირთულისა, ის ძალიან პოზიტიური და სასიამოვნო ადამიანია. როგორც თვითონ ამბობს, გამუდმებით სიახლის ძიებაშია. ამ ძიების დროს აღმოაჩინა ფარიკაობაც და თავისი ცხოვრების წესად აქცია. 

 ირმა ხეცურიანი: ვიდრე უცხოეთში შეჯიბრებაზე მივიღებდით მონაწილეობას, მანამდე არ გვქონდა ინვენტარი, იგივე ფიქსირებული ეტლები. როგორც კი ეტლები ჩამოგვივიდა, ჩვენმა მწვრთნელმა, მალხაზ მესხმა გადაწყვიტა, გავეყვანეთ საერთაშორისო დონის ტურნირებზე, რათა გამოცდილება და პრაქტიკა უცხოელებისგან მიგვეღო. საქართველოში ამის ბაზა არ გვქონა, სულ ორი ეტლით მოსარგებლე ვვარჯიშობდით, ეტლის ჩამოსვლიდან მეორე კვირას, წავედით გერმანიაში, მალოკოვში. ბევრი არაფერი ვიცოდით, მაგრამ კარგი შედეგი გვქონდა – ხმლით ფარიკაობაში საუკეთესო ხუთეულში მოვხვდი.  ექვსი თვის შემდეგ გავემგზავრეთ კანადაში, მსოფლიო თასის მოსამზადებელ ეტაპზე. მართალია, კარგ ფორმაში ვიყავი, თუმცა ამ შედეგს არავინ ელოდა. საპრიზოზე თუ მე-3 ადგილს დავიკავებდი, ვერ წარმოვიდგენდი. ჩემი პირველი და ძალიან მნიშვნელოვანი მედალი სწორედ ეს იყო. სამწუხაროდ, იტალიაში მქონდა ცუდი შემთხვევა – ჰონკონგელს შევხვდი საპრიზოში 8:2 ვუგებდი, მაგრამ საბოლოოდ, 15:8 დავმარცხდი. ამ შემთხვევაში არ უნდა წამეგო, სირცხვილი იყო ასეთი ანგარიშით შემობრუნება (იცინის). თუმცა მაშინ, რაღაც ფსიქოლოგიური შიში მქონდა, დაძაბული ვიყავი და ვნერვიულობდი, რაც აისახა კიდეც შედეგზე. სექტემბერში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე, ხმლით ფარიკაობაში მოვიპოვე ვერცხლი, მაგრამ ძალიან მინდოდა ოქრო. ბოლოს, საფრანგეთში ვიასპარეზე მსოფლიო თასის ტურნირზე, სადაც მოვიგე ყველა ბრძოლა. ფინალში დავამარცხე პოლონელი ანგარიშით 15:9, პირველ ადგილზე გავედი და ჩემი მოპოვებული ოქროს მედალიც წამოვიღე (იცინის).
– რატომ აირჩიე ფარიკაობა და რამდენი ხანია, რაც ვარჯიშობ?
– ორ-წელიწადნახევარია, რაც ვვარჯიშობ. განსაკუთრებული არაფერი მომხდარა უბრალოდ, პარაოლიმპიურ კომიტეტში ვმუშაობდი ოფის-მენეჯერად. მეგობრებმა მითხრეს, რომ ასეთი ფედერაცია ყალიბდება და ხომ არ გეცადაო. მეც სპონტანურად ვთქვი, რატომაც არა-მეთქი. ისე, არასდროს არ მყვარებია ფარიკაობა, ფილმებში თუ ვუყურებდი ხოლმე. ძალიან მომწონდა დაშნის ფორმა, ამიტომ გადავწყვიტე, რაღაც სიახლე შემეტანა ჩემს ცხოვრებაში და მივედი ვარჯიშზე. პირველივე გაკვეთილზე ისეთი ოჯახური გარემო დამხვდა, წამოსვლა აღარ მინდოდა. ფრანგი მწვრთნელი გვყავდა, რომელიც სპეციფიკურ ვარჯიშებს გვასწავლიდა. მქოდა პერიოდი, როცა რაღაც არ გამომდიოდა და მინდოდა, თავი დამენებებინა. მწვრთნელს ვეუბნებოდი, ხომ ხედავ, ვერ ვაკეთებ, არ გამომდის-მეთქი. ისტერიკა მემართებოდა, მაგრამ გადავლახე სტრესული მდგომარეობაც. თურმე ფარიკაობა ჩემი ყოფილა და არ ვიცოდი (იცინის). მოკლედ, ასე მარტივად გადავწყვიტე, ვყოფილიყავი მოფარიკავე – მივიღე შემოთავაზება, მომეწონა, გავგიჟდი, გადავირიე და ახლა ჩემი ძირითადი სფეროა. სიახლეები მიყვარს, ამიტომ სულ ვცდილობ, რაღაც ახალი ვისწავლო და ახალ გარემოს მოვერგო. ეს ყოველდღიური რუტინა რომ მომბეზრდა, ამიტომ გადავწყვიტე, მეცხოვრა დამოუკიდებლად და გადმოვედი თბილისში. ძალიან დაღლილი ვიყავი ვარჯიშით და იმაზე ფიქრით, როდის შევძლებდი გამევლო. პარაოლიმპიურ კომიტეტში ვნახე ვაკანტური ადგილი ოფის-მენეჯერის პოზიციაზე. ამის შესახებ დავუჯექი დედაჩემს და ვუთხარი, რომ მინდოდა, რაღაც მნიშვნელოვანი გამეკეთებინა, რაც ჩემს სულიერ ცხოვრებას გამოკვებავდა. თავიდან დედა წინააღმდეგი იყო – გაგიჟდა, მარტო როგორ იცხოვრებ თბილისშიო, მაგრამ შემდეგ დამთანხმდა. მამიდაშვილთან ერთად წამოვედი, ის მეხმარებოდა თავიდან. გამიჭირდა პირველ სართულზე ბინის ქირაობა, ბევრი სირთულის გადატანა მომიწია, მაგრამ ამ ნაბიჯმა მთელი ჩემი ცხოვრება შეცვალა.
– რა ხდებოდა შენს ცხოვრებაში აქამდე? ვიცი, რომ აფხაზეთიდან ხარ.
– ვცხოვრობდით ოჩამჩირის რაიონში, ცაგერაში. 7 წლის ვიყავი, როცა იქაურობა დავტოვეთ, მაგრამ მაინც მახსოვს. იმ პერიოდის გახსენება ძალიან ცუდი თემაა ჩემთვის. შვიდი წლის ასაკში გავიგე, რა იყო ომი. დავტოვე საკუთარი სახლი, რომელსაც ვხედავდი, როგორ იწვოდა. იმ მოენტში ჩემთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა, სად ვიცხოვრებდი, მთავარი იყო გადახურული მქონოდა და შიში არ მეგრძნო. დიდი სტრესის მიუხედავად, დავძლიეთ ეს გაჭირვებაც. საერთოდ, ყველაფერს იტანს ადამიანი, თუ ცოცხალი დარჩა. 14 წელი წყალტუბოში ვცხოვრობდით.  მახსოვს, აფხაზეთი რომ დავტოვეთ, ბებიამ ერთი ჩანთა წამოიღო, სადაც ბავშვის თეთრეული ელაგა და ნახევარი პური იდო... 17 წლისამ ჩავაბარე ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში, ინგლისურისა და ინფორმატიკის ფაკულტეტზე. პირველი კურსი არ მქონდა დამთავრებული, როცა ჯანმრთელობის მდგომარეობა გამირთულდა. უფრო სწორად, კურსი დავხურე, მაგრამ ერთ საგანში უფრო მაღალ ქულაზე მქონდა პრეტენზია და სექტემბერში უნდა გადამებარებინა. კარგად ვსწავლობდი და ერთი ოთხის დაწერაც არ მინდოდა. ამ გამოცდის მოლოდინში, სადღაც ორი თვით ადრე, დროებით დავკარგე ფეხზე შეგრძნება, მერე ფეხსაცმელი ვერ მოვირგე და ბოლოს კოჭლობაც დავიწყე. თუმცა, ამას არ ვიმჩნევდი, სიარულის მანერაში გავატარე და ფეხზე თუ რაიმე პრობლემა მქონდა, არ მეტყობოდა. ექიმები მკითხაობდნენ, რა მჭირდა, ვერ ადგენდნენ. ერთი საერთოდ ისეთ ოპერაციას მიკეთებდა, რაც არ მჭირდებოდა. ამდენი წვალების შემდეგ, ერთმა ნეიროქირურგმა უთხრა ჩემს მშობლებს, რომ თბილისში წაიყვანეთ, თუ გინდათ გადარჩესო. ძალიან რთული მდგომარეობა მქონდა და ამას ქუთაისში ვერავინ უშველიდა. წამოვედით თბილისში. 20-ში მქონდა გამოცდა, 16-ში საოპერაციოში შემიყვანეს. ბატონმა თამაზ კერძევანიძემ გამიკეთა ოპერაცია, არაჩვეულებრივმა ადამიანმა. ყველაფერმა კარგად ჩაიარა, მაგრამ სხვა შედეგი მაინც არ იქნებოდა. იყო კეთილთვისებიანი სიმსივნე, მაგრამ სწრაფად მზარდი. მახსოვს, ფილტვზე რომ გადავიღე, ვერ ამოვისუნთქე. ექიმმა მითხრა, კარგ დროს მოხვედი, თორემ უკვე ფილტვს კეტავდა და ისე გარდაიცვლებოდი, ვერაფერს  გაიგებდიო.
– როგორ შეხვდი ახალ მდგომარეობას?
– რომ გითხრათ, გადავირიე და ეტლში ჩაჯდომაზე უარს ვამბობდი-მეთქი – არა. თავიდან არ ვიცოდი, ეტლით მოსარგებლე თუ ვიქნებოდი, ჩემთვის არ უთქვამთ. აქ საკითხი იყო სიცოცხლის გადარჩენაზე და არა იმაზე, თუ რა მდგომარეობაში დავრჩებოდი. ოპერაციის შემდეგ კი, გამიკვირდა და მილიონი კითხვა დავუსვი ჩემს ექიმს. ბოლოს ვუთხარი, მერამდენედ უნდა მომატყუოთ, მითხარით, რა ხდება, რა მჭირს-მეთქი. მიპასუხა, რომ ასეთი მდგომარეობა იყო და სადღაც შვიდ წელიწადში, ერთ ნაბიჯს დავადგამდი. რვა წელი ძალიან ვიწვალე, სულ ვვარჯიშობდი, მქონდა შედეგიც. სულ ჩაციკლული ვიყავი იმაზე, რომ გამევლო და ფეხზე დავმდგარიყავი. ახლა აღარ ვარ ასე. მაშინ რატომ იყო ეს ჩემთვის ტრაგედია, არ ვიცი. ალბათ, თავიდან გაცნობიერება მიჭირდა. ყველანაირი დეპრესია ორ წელიწადში გადავლახე. საკუთარ თავთან ბევრი ვიმუშავე და შედეგი გამოიღო. ვლაპარაკობდი სარკესთან, განვიხილავდი დღეებს, ვაკეთებდი ჩანაწერებს და ასე შემდეგ.  მაშინ ერთადერთი მიზანი მქონდა, როდის დავდგებოდი ფეხზე.  ეს დღესაც მინდა, მაგრამ არ ვქმნი ტრაგედიას. მადლობა ჩემი რკინის მეგობარს, რომ ამდენი ხანი მიძლებს.
– ყველაზე რთულად რას აღიქვამდი?
– დამოკიდებულებებზე იყო ჩემი მთლიანი ემოცია აგებული. საზოგადოების დამოკიდებულებას აღვიქვამდი ძალიან ცუდად, რადგან მათგან მოდიოდა რაღაც საშინელება. მესამე სართულზე ვცხოვრობდი, ლიფტი არ იყო და ჩემი ძმა მეხმარებოდა გადაადგილებაში. ერთ დღესაც გადავწყვიტე, გარეთ გავსულიყავი, დედასთან და ძმასთან ერთად ვსეირნობდი. მიხაროდა, მზეს ვხედავდი, ჰაერს ვყლაპავდი და ორმა ქალმა ისეთი მომატირა, ზუსტად ორი კვირა ჩავიკეტე სახლში. ძალიან დავითრგუნე, გარეთ გახედვა არ მინდოდა. ყოფილა შემთხვევა, ვიღაცას მათხოვარი ვეგონე და ხურდები ჩაუყრია. ერთხელ მაღაზიასთან იდგა ბავშვი, მოწყალებას ითხოვდა. მაღაზიას ჰქონდა საფეხურები და ერთმა გოგომ შემომთავაზა, მე გიყიდი, რაც გინდაო, კარგი-მეთქი და ველოდებოდი ამ გოგონას. ამ დროს ვიღაც კაცმა ჩამოიარა და ეს ბავშვიც მივიდა მასთან ფულის სათხოვნელად. კაცმა ამოიღო ლარიანი და მე მომცა, ამას უფრო სჭირდება, ვიდრე შენო. არაფერი მითქვამს, წყნარად გადავეცი ეს ფული ბავშვს. ტაძართან და ტაძარშიც, 20-30 თეთრს ხელში მიჩხრიალებდნენ ხოლმე. ერთჯერადი ჭიქის დაჭერის მეშინოდა. ხალხმა უნდა იცოდეს, ჩვენც გავდივათ გარეთ და ვერგებით ამ გარემოს. მე თუ რაღაც მდგომარეობა შემეზღუდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მოწყალებას ვითხოვ, უფრო თანადგომა მჭირდება. ჩვენ არ უნდა დაგვყონ კატეგირიებად. ჩვენც საზოგადოების სრულფასოვანი წევრები ვართ განსხვავებული მდგომარეობის მიუხედავად.
– პირად ურთიერთობებში რა ხდება?
– თავიდან ვერ წარმომედგინა, ვინმე თუ შემომხედავდა ეტლში რომ ვიჯექი (იცინის). მქონია გულის ტკენის ბევრი მომენტი, როცა მმალავდნენ, ნათესავად მასაღებდნენ და ასე შემდეგ. საბოლოოდ, მივედი იმ დასკვნამდე, რომ არავის არ უნდა მისცე შენი დამცირების უფლება. ვიყავი დანიშნული, უცხოელი იყო ის ადამიანი, თუმცა ისეთი არ აღმოჩნდა, როგორიც მეგონა. ბევრი ცუდი რამ გამოამჟღავნა, რასაც არ ველოდი. ამიტომ, უარი ვთქვი მასზე. ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, დაქორწინებლი ვარ თუ არა, როცა პირად სივრცეს ვინმე მირღვევს, მასთან ურთიერთობა არ მინდა. ამიტომ, საერთოდ გავაუქმე ნიშნობაც და ყველაფერი. დღეს ჩემს ცხოვრებაში ახალი ეტაპია, თუმცა ვერ გავაოფიციალურებ წინასწარ. გვაქვს საწყისი ეტაპი. ვნახოთ, რა იქნება მომავალში. ცუდი გამოცდილება მაქვს და ამიტომ, სიფრთხილე გამომიმუშავდა (იცინის). სიმართლე გითხრათ, ახლა ვერაფერზე ვფიქრობ, გარდა ოლიმპიადისა, თუმცა არაფერია გამორიცხული.

скачать dle 11.3