კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ოქტომბერი 2019 (149)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)

როგორ აღმოჩნდა დათო ხახიძე მეუღლესთან ერთად საკუთარ ქორწილში შემთხვევით

სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ ერთ-ერთი პერსონაჟის, ზვიადის  ბოლო სერიებში გააქტიურებამ მაყურებელში დიდი ინტრიგა გამოიწვია. ბევრი ფიქრობს, რომ ზვიადის ქცევები ნატაშკასადმი სიყვარულითაა გამოწვეული. ზვიადის პერსონაჟს მსახიობი დათო ხახიძე ასრულებს, რომლის მთელი ცხოვრება თეატრს უკავშირდება.

 დათო ხახიძე: სერიალის ამ როლის შესახებ რომ შემატყობინეს, იმ პერიოდში თეატრში ძალიან დატვირთული ვიყავი და არ მეცალა. მაგრამ, მითხრეს, რომ გრაფიკის მხრივ ყველაფერი დალაგდებოდა და დავთანხმდი.
– მაყურებლის გარკვეული ნაწილი ფიქრობს, რომ ზვიადს ნატაშკა უყვარს და მათ შორის შეიძლება, გარკვეული ურთიერთობა დაიწყოს. რას ეტყვით მათ?
– შეიძლება, მაყურებელმა იფიქროს, რომ ზვიადს ნატაშკას მიმართ გარკვეული სიმპათიები აქვს. მაგრამ ის, თავისი საქციელით,  ზედაპირული და ამჩატებული კაცი არ ჩანს, რომ ასეთი საბედისწერო ნაბიჯი გადადგას სიყვარულის თუ გატაცების გამო. ნატაშკა მისი ბავშვობის მეგობრის ცოლია და ამ ოჯახის სიყვარული აქვს, თუმცა არ ჩანს, რომ პარალელურად, მასთან რომანის გაჩაღებას ცდილობდეს. პირიქით, ის სიგიჟეც იმიტომ ჩაიდინა, რომ უნდოდა, ამ საგიჟეთს მოშორებოდა, თუნდაც ციხეში წასულიყო. მეგობრების მიმართ მეც განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს და მიხარია, რომ ცხოვრებაში ისინი შემხვდნენ. ოჯახის შემდეგ ისინი არიან ადამიანები, რომლებისგანაც ვსწავლობ.
– 14 წელია, რაც მოზარდ მაყურებელთა  თეატრის მსახიობი ხართ, თუმცა მოღვაწერობა რუსთავის თეატრიდან დაიწყეთ. ეს რამდენი ხნის წინ იყო?
– 1995 წელს ჩავაბარე და ვასიკო გამსახურდიას ჯგუფში მოვხვდი, მაგრამ ერთი წლის შემდეგ, შალვა გაწერელიასთან განვაგრძე სწავლა, რომელიც გენიალური პედაგოგი იყო. სადიპლომო არაჩვეულებრივმა, რეჟისორმა ლევან წულაძემ გაგვიკეთა. „საქორწინო ღამე“ – ასე ერქვა. დამთავრებისთანავე რუსთავის თეატრში წავედი, სადაც გოგი ქავთარაძე იყო სამხატვრო ხელმძღვანელი. იქიდან დაიწყო ჩემი დამოუკიდებელი თეატრალური მოღვაწეობა. ახლა რუსთავის თეატრში აღარ ვარ. თუმცა, ის ჩემთვის ყოველთვის განსაკუთრებული იქნება, რადგან ჩემი ასპარეზი იქიდან დაიწყო. „მოზარდ მაყურებლებში“ ვარ, ვთამაშობ სპექტაკლებში: „ირინეს ბედნიერება“, „ზამთრის ზღაპარი“, „რომეო და ჯულიეტა“, „სამი მუშკეტერი“ და „ხუთკუნჭულა“. ეს ცოტა არაა, თუმცა, ბევრად უფრო დატვირთულიც ვყოფილვარ. თვეში 120 სპექტაკლიც გვითამაშია. ეს შარშან და შარშანწინ იყო. დღეში სამი სპექტაკლიც მქონია და პლუს, კიდევ სხვა რამეები.
– პროფესიის გამო, ხშირად გიწევთ გასტროლები და ალბათ, იქიდან თავგადასავლებით ბრუნდებით...
– რუსთავის თეატრიდან „ჰამლეტით“ ვიყავით წასულები აზერბაიჯანში. ამ გასტროლზე დასი ავტობუსით ვიყავით და მძღოლი ჩვენი მეგობარი იყო. გზაზე ვიღაცამ გადაგვისწრო და ცოტა უხერხულ მდგომარეობაში ჩაგვაგდო, თან არასასიამოვნო რაღაცეები მოაძახა ჩვენს მძღოლს. იმ მანქანაში ოთხი-ხუთი კაცი იჯდა, რადგან ავტობუსი იყო, იფიქრეს, მძღოლი მარტო იქნებოდა მათ პირისპირ და გამომსარჩლებელი არ ეყოლებოდა. ამიტომ, რომ გავჩერდით, ჩხუბი დაუწყეს. ამ დროს მთელი რუსთავის თეატრის დასი ჩამოზვავდა ავტობუსიდან და ამ ხუთ კაცს ეცა. ისინიც უცებ მიხვდნენ, რომ ძალიან ცუდ დღეში აღმოჩნდნენ და სიტუაციის გამწვავება აღარ უღირდათ (იცინის). სხვათა შორის, შარშან ვიყავით ბრესტში (ბელორუსია) გასტროლზე და გასაოცარი რამ ვნახეთ. კი ლამაზი ქალაქია, მაგრამ რომ გვგონია, ევროპაში მივდივართ, ამ დროს იქ ლენინის ძეგლი და მასთან შეკრებილი ყელსახვევიანი პიონერები დაგვხვდნენ. ჩემი ბავშვობა, 80-იანი წლები გამახსენდა, როცა ჩვენთანაც გაგანია კომუნიზმი იყო.
– სცენაზე  უხერხული მომეტი არ შეგქმნიათ?
– ასეთი შემთხვევებიც ხდება ხოლმე. „ირინეს ბედნიერებას“ ვთამაშობდი, სადაც ხანჯალს ვარჭრობდი პარტნიორს. ამოღების დროს წვერი მოეღუნა, მე კი უნდა ჩამერჭო და მომეკლა. უცებ ეს ხანჯალი გამივარდა და ბავშვებისკენ გავარდა. ყველაფერი კარგად დამთავრდა, მაგრამ მახსოვს, იმ მომენტში, აბსოლუტურად გამოვეთიშე სპექტაკლს და სახტადარჩენილი ვფიქრობდი, ვინმე არ დაშავებულიყო. ყოფილა შემთხვევა, ტექსტი დამვიწყებია. რუსთავში ლიტერატურული თეატრის გახსნაზე გალაკტიონის ლექსს ვკითხულობდი, რუსთავის მაღალი საზოგადოება იყო შეკრებილი, გამოპრანჭულები და მეც დავიწყე ლექსი. ვერ ვიტყვი, რომ ტექსტის დავიწყების მეშინოდა და ვნერვიულობდი, უბრალოდ, საშინელ პახმელიაზე ვიყავი (იცინის). ავდექი და თავიდან დავიწყე მოყოლა. როგორღაც გავიხსენე გაგრძელებაც და თხრობაში მთელი ემოციები ჩავაქსოვე, ლამის ვკანკალებდი.
– დიდი ხანი არაა, რაც დაქორწინდით.
– 2013 წელს თეატრში გავიცანი მაიკო ლორთქიფანიძე. ერთმანეთი მოგვეწონა და იანვარში უკვე ოჯახი შევქმენით. მაიკო თეატრში ახალი მოსული იყო რაღაც საქმეებზე. მისი უფროსი დებისგან განსხვავებით, ის მსახიობი არაა, თავისი ბიზნესი აქვს. მისი უფროსი და ჩვენთან მუშაობს, მეორე და, ნანა – რუსთაველის თეატრში. მალევე მივხვდით, რომ ოჯახის შექმნა ჩვენთვის ძალიან კარგი იქნებოდა. მაიკოს ორი შვილი ჰყავს – გიგა და ნინი, რომლებიც ჩემთვის უძვირფასესი ადამიანები არიან. მე პირველ მეუღლესთან მყავს, ჩემი ცხოვრების აზრი – გივიკო, რომელიც 9 წლისაა. გივიკო დედასთან და ბებიასთან, დედაჩემთან ერთად ცხოვრობს. ჩვენ: მე, მაიკო, გიგა და ნინი კი – ერთად.
– თქვენი მეუღლე გიგა ლორთქიფანიძის უმცროსი ქალიშვილია. იცნობდით მას?
– ჩვენი ოჯახების ურთიერთობა გაცილებით ადრე დაიწყო. 1967 წელს, როდესაც გიგამ რუსთავის თეატრი გახსნა, მსახიობების ნაწილი მარჯანიშვილის დასიდან წაიყვანა და ნაწილი ქასთინგის შედეგად აიყვანა. მამაც მსახიობი იყო და ამ ქასთინგზე, შემთხვევით, მეგობარს მიჰყოლია. გიგამ მამა თეატრში დატოვა და ასე მოვხვდი მე რუსთავში. მთელი ბავშვობა მახსოვდა, როგორი სითბოთი და სიყვარულით ლაპარაკობდა მამა გიგას შესახებ. მანამდე ახალციხის თეატრში იყო განაწილებული. გიგასთან კი იყვნენ: მგალობლიშვილი, ბერიკაშვილი, მეღვინეთუხუცესი და უცბად მამაც მათთან ერთად აღმოჩნდა. ამიტომ, წარმომიდგენია, რამხელა მადლიერების გრძნობა ჰქონდა მის მიმართ. ეს ადამიანი ბავშვობიდან მახსოვს. მას პირადადაც ვიცნობდი, თეატრალურში სწავლისას ჩვენი რექტორი იყო და სიცოცხლის ბოლო წლებში, სანამ ცუდად გახდებოდა, „მოზარდ მაყურებლების“ სამხატვრო ხელმძღვანელიც გახლდათ. მისგან ყოველთვის სითბოს ვგრძნობდი, თუმცა, რა ვიცოდი, თუ მომავალში მის შვილზე დავქორწინდებოდი. როცა, ერთად ყოფნა გადავწყვიტეთ, მეგობრებმა დამირეკეს, მაიკოს რაღაც სიურპრიზი უნდა მოვუწყოთ, რამდენიმე მეგობარი შევიკრიბებით და წამოიყვანე, ვითომ სადღაც მიდიხართო. იმ დღეს მაიკოს ვატყუებდი, სადღაც უნდა წავიდეთ, დაგვპატიჟეს-მეთქი. შევდივართ და რა ხდება მისი და ჩემი მეგობრები არიან შეკრებილები, თავის ხმლებით, 150-კაციანი სუფრით, ფოიერვერკებით და ქორწილისთვის საჭირო ყველა ატრიბუტით. სიურპრიზს რომ ამზადებდნენ კი ვიცოდი, მაგრამ ქორწილს თუ დაგვახვედრებდნენ, ეს ჩემთვისაც მოულოდნელი იყო. ფაქტობრივად, მე და მაიკო საკუთარ ქორწილში შემთხვევით აღმოვჩნდით.
– თუმცა, ქორწილამდე ხელის თხოვნაც იყო, არა?
– კი, სახლში მივედი და ქალბატონ ქეთევანს მაიკოს ხელი ვთხოვე. ძვირფასო, მინდა ქალიშვილის ხელი გთხოვო-მეთქი. მან ძალიან თბილად მიმიღო და მოგვეფერა. რაც შეეხება ცოლისდებს, მათ დიდი ხანია, ვიცნობ და ვმეგობრობთ, მაგრამ მაიას აქამდე არ ვიცნობდი. 18 სექტემბერს გავიცანი და ამ დღეს აღვნიშნავთ ხოლმე.

скачать dle 11.3