კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივლისი 2020 (50)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)

რატომ დაავალა სტალინმა ბერიას „ენკავედეს“ საგანგებო რაზმების შექმნა

1942 წლის 28 ივლისს საბჭოთა კავშირის თავდაცვის სახალხო კომისარმა, იოსებ სტალინმა, გამოსცა ბრძანება ¹227, რომელიც ისტორიაში შევიდა სახელწოდებით – „არცერთი ნაბიჯი უკან!“ მისი ძირითადი არსი იმაში მდგომარეობდა, რომ ფრონტებზე მებრძოლ ჯარისკაცებს ეკრძალებოდათ თვითნებური უკანდახევა; საბჭოთა მიწის თითოეული გოჯისთვის  მათ უნდა ებრძოლათ სისხლის უკანასკნელ წვეთამდე. ბრძანებაში ეწერა, რომ იქმნებოდა ეგრეთ წოდებული „გადამკეტი რაზმები“, რომლებიც დადგებოდნენ არამდგრადი დივიზიების უკან და დახვრეტდნენ ყველა უკანდახეულსა თუ პანიკიორს. ამავე ბრძანებით, იქმნებოდა „საჯარიმო ბატალიონები“. მათში აერთიანებდნენ დისციპლინის დამრღვევ ოფიცრებსა და ჯარისკაცებს, რომლებიც გაიგზავნებოდნენ წინა ხაზის ურთულეს მონაკვეთებზე, რათა სამშობლოს წინაშე ჩადენილი დანაშაული სისხლით გამოესყიდათ.
ბრძანების ტექსტი პირადად სტალინმა დაწერა, რედაქტირებაც თავადვე გაუკეთა და თვითონვე უკარნახა მდივან-მემანქანეს. შემდეგ ხელი მოაწერა უკვე ოფიციალურ დოკუმენტს და წითელღერბიანი ბეჭედიც დაუსვა. იმავე დღეს ბრძანება ¹227 ყველა სამხედრო ნაწილში დაგზავნეს და ჯარისკაცებს წაუკითხეს. საკავშირო რადიოს ცნობილმა დიქტორმა იური ლევიტანმა კი ბრძანების ტექსტი რადიოთი გააცნო საბჭოთა ხალხს. ამ დოკუმენტის შექმნას ობიექტური მიზეზები ჰქონდა; იდეის თანაავტორი კი, სტალინთან ერთად, ლავრენტი ბერია იყო.
1942 წლის 24 ივლისს, კრემლში, სტალინის სამუშაო კაბინეტში, საბჭოთა კავშირის უმაღლესი მთავარსარდლობის მორიგი სხდომა გაიმართა. შეკრება გაფართოებული იყო – შტაბის წევრების გარდა მასზე ფრონტებისა და დივიზიების მეთაურებიც იყვნენ მიწვეულები. ისინი ექვსი საათის განმავლობაში აცნობდნენ სტალინს ფრონტებზე შექმნილ მდგომარეობას, რაც კატასტროფული იყო – ფაშისტები ყოველი მხრიდან უტევდნენ, საბჭოთა არმია კი უკან იხევდა და სტრატეგიულ ტერიტორიებს მტერს უთმობდა. სტალინმა ჩვეული სიმშვიდით მოისმინა ყველა მოხსენება, შემდეგ თითოეულ მათგანს შესაბამისი მითითება მისცა და ბოლოს თქვა:
– წადით და ეს მითითებები შეასრულეთ, ჩვენ კი, ფრონტებზე შექმნილი ოპერატიული ვითარებიდან გამომდინარე, გადამჭრელ ზომებს მივიღებთ. საგანგებო ბრძანებას გამოვცემ და მას უახლოეს დღეებში გაეცნობით, – ბელადმა პაუზა გააკეთა და ჩიბუხის დატენას შეუდგა. შეკრებილები ადგილიდან არ იძროდნენ. მიღებული წესის მიხედვით, სტალინს მათთვის უნდა ეთქვა: სხდომა დამთავრებულია, თავისუფლები ხართო, მაგრამ, უმაღლესი მთავარსარდალი არ ჩქარობდა და დინჯად ტენიდა ჩიბუხს, თან კაბინეტში შეკრებილებს შეავლებდა ხოლმე მზერას. მან ლავრენტი ბერიაზე შეაჩერა მზერა, რომელიც რაღაცის თქმას აპირებდა და მას ჰკითხა:
– რამის თქმა გსურთ, ამხანაგო ბერია?
 „ენკავედეს“ შეფი ფეხზე წამოდგა და სტალინს ქართულად უთხრა:
– ერთი აზრი მაქვს, ამხანაგო სტალინ და პირადად მოგახსენებთ.
როდესაც ბერია სტალინს სხვების თანდასწრებით ქართულად ელაპარაკებოდა, იმ სხვებს ყოველთვის შიში იპყრობდათ, რადგან ეგონათ, რომ ბერია მათ აბეზღებდა. ეს კარგად იცოდა სტალინმა და ასეთ დროს დანარჩენების რეაქციას აკვირდებოდა. ასე მოხდა ამჯერადაც: კაბინეტში შეკრებილი მაღალჩინოსანი სამხედროები გაისუსნენ, თითქმის ყველას სახე გაუფითრდა და მუხლები აუკანკალდა. ბელადმა მზერა მოავლო გენერლებს, შემდეგ ბერიას მიუბრუნდა და ქართულადვე მიუგო:
– დარჩი და მომახსენე!
ბერია დაჯდა, სტალინმა კი გენერლებსა და სხვებს რუსულად უთხრა:
– სხდომა დამთავრებულია, თავისუფლები ხართ, ამხანაგებო!
კაბინეტში სტალინი და ბერია მარტონი დარჩნენ. ბელადმა ჩიბუხი გააბოლა, ოთახში გაიარ-გამოიარა და ბერიას უთხრა:
– მომახსენე შენი აზრი, გისმენ.
ბერია ფეხზე წამოდგა მოხსენების გასაკეთებლად, მაგრამ სტალინმა ხელით ანიშნა, იჯექიო და „ენკავედეს“ შეფმა მთავარსარდალს უთხრა:
– ამხანაგო სტალინ, ვფიქრობ, რომ ფრონტებზე შექმნილ ცუდ მდგომარეობას... კატასტროფულ მდგომარეობას მხოლოდ სუფთა სამხედრო ღონისძიებები ვერ შეცვლის; აქ რადიკალური, თუ გნებავთ, სასტიკი ზომებია მისაღები.
– კონკრეტულად რას მთავაზობ?
– მე გამაჩნია ზუსტი მონაცემები, თუ რა მორალურ-ფსიქოლოგიური განწყობებია ამა თუ იმ სამხედრო ნაწილსა და შენაერთში. სამწუხაროდ, ჩვენი არმიის მნიშვნელოვანი ნაწილი ხშირ შემთხვევაში გადაჭარბებულად აფასებს მტრის ძალას, უფრთხის მას, უკან იხევს, პოზიციებს თმობს ან ტყვედ ბარდება... ამიტომ გთავაზობთ, რომ მერყვევი დივიზიების უკან დავაყენოთ „ენკავედეს“ კარგად შეიარაღებული რაზმები – ისინი დახოცავენ ყველა დეზერტირსა და უკანდახეულ ჯარისკაცს. ერთი სიტყვით, თითოეული მებრძოლი უნდა ვაიძულოთ, რომ ყოველი გოჯი მიწისთვის სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოლოს და ერთი ნაბიჯი არ გადადგას უკან.
– არცერთი ნაბიჯი უკან! – თქვა სტალინმა, ოთახში უხმოდ გაიარ-გამოიარა და პაუზის შემდეგ დასძინა: – სწორედ მსგავსი აზრი მიტრიალებს მეც თავში და ყოველივე ეს შესაბამის ბრძანებაში უნდა ავსახოთ.
– აბსოლუტურად გეთანხმებით, ამხანაგო სტალინ! სულ სხვა ძალა აქვს ოფიციალურ დოკუმენტს. „ენკავედეს“ საგანგებო რაზმები კი თავიანთ მოვალეობას უმაღლეს დონეზე შეასრულებენ.
– მარტო შენი ჯალათებით ფონს ვერ გავალთ, ლავრენტი. ჩვენი ხალხი ჩვენვე თუ დავხოცეთ, ამით მტრის წისქვილზე დავასხამთ წყალს. ზურგიდან სროლა უკიდურესი ზომაა, დამნაშავე ჯარისკაცებს კი შანსი უნდა მივცეთ. ამიტომ, ჩვენ შევქმნით საჯარიმო ბატალიონებს და მათ ყველაზე რთულ მონაკვეთებზე გავგზავნით საომრად. მერწმუნე, ისინი გაათმაგებული ძალებით იომებენ და ფაშისტებს კუდით ქვას ასროლინებენ, ხოლო, ვინც ამას არ იზამს – დავხვრეტთ!
– მართალს ბრძანებთ, – დაეთანხმა სტალინს ბერია, ბელადმა კი დაამატა:
– გარდა ამისა, კიდევ უფრო მეტად უნდა გაძლიერდეს პატრიოტული პროპაგანდა და მთელი ქვეყანა ერთ მუშტად შეკრულ სამხედრო ბანაკად უნდა გადავაქციოთ.
– დიახ, – თქვა ბერიამ და სტალინს ჰკითხა: – რამე კონკრეტულს ხომ არ დამავალებთ?
სტალინს პასუხი არ გაუცია, კაბინეტში ჩაფიქრებულმა გაიარ-გამოიარა, თან ჩიბუხს აბოლებდა. შემდეგ ბერიას წინ შეჩერდა და ჰკითხა:
– სად არის ახლა ისტორიის პროფესორი სიმონ ჯანაშია?
– თბილისში, ამხანაგო სტალინ, ენათმეცნიერებისა და ისტორიის ინსტიტუტებს ხელმძვანელობს.
– სასწრაფოდ დამაკავშირე!
ბერიამ მეცნიერებათა აკადემიაში დარეკა. მდივანმა მას უთხრა, რომ სიმონ ჯანაშია თათბირზე იმყოფებოდა საქართველოს ცეკას პირველ მდივანთან, კანდიდ ჩარკვიანთან, ამიტომ, „ენკავედეს“ შეფმა ჩარკვიანს დაურეკა და უთხრა:
– სიმონ ჯანაშიას გადაეცი ყურმილი, მასთან ამხანაგ სტალინს სურს ლაპარაკი!
სტალინი თხუთმეტი წუთი ელაპარაკა სიმონ ჯანაშიას და დაავალა, შეექმნა ნაშრომი დიდგორის ბრძოლაზე.
– განსაკუთრებული ხაზგასმით აღნიშნეთ ის მომენტი, რომ ქართველთა ჯარს უკან დასახევი გზა მოუჭრა დავით მეფემ. ასევე, შეკრიბეთ ისტორიკოსთა სამუშაო ჯგუფი და ეს პუბლიკაცია ყველა გაზეთის მოწინავე სტატია უნდა იყოს; შემდეგ კი ეს ნაშრომი ცალკე ბროშურად გამოვა, – უთხრა სტალინმა სიმონ ჯანაშიას.
სტალინმა ბერიას „ენკავედეს“ საგანგებო რაზმების სასწრაფოდ შექმნა დაავალა და კაბინეტიდან გაისტუმრა, მეორე დღეს კი თავის კაბინეტში კულტურისა და ხელოვნების ცნობილი წარმომადგენლები დაიბარა. ამ შეხვედრაზე ბელადმა მათ პატრიოტული პროპაგანდის გაძლიერება და შესაბამისი, მაღალი ხარისხის ნაწარმოების შექმნა დაავალა. 28 ივლისს კი სტალინმა ¹227 ბრძანება გამოსცა. უზარმაზარი სამხედრო-პროპაგანდისტული მანქანა მთელი სიმძლავრით აამუშავა და მებრძოლებს უკან დასახევი ყველა გზა მოუჭრა.
მიხეილ თევდორაძის ჩანაწერების მიხედვით

скачать dle 11.3