კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

საქართველოსა და მსოფლიოს პირველი, ქრისტესთვის მოწამე წმინდანი მაცხოვრის ჯვარცმისას გარდაიცვალა

აბიათარ მღვდელი, მცხეთელი ებრაელი, უამბობდა წმინდა ნინოს ძველ ამბავს, რომელიც სმენოდა წინაპრებისგან.
იუდეაში ჰეროდე პირველის მეფობის დროს, მცხეთაში მყოფ ებრაელებს მოუვიდათ ცნობა, თითქოს იერუსალიმი სპარსებმა დაიპყრეს. დიდი გლოვა ჩამოვარდა იბერიელ ებრაელთა შორის. ქართველმა ებრაელებმა გადაწყვიტეს, გამგზავრებულიყვნენ იერუსალიმელთა დასახმარებლად.
რამდენიმე დღეში სხვა ცნობა მოვიდა ჩვენს ძველ დედაქალაქში: სპარსებს იარაღის ნაცვლად, თან ჰქონიათ ოქრო, გუნდრუკი და მური. ისინი იერუსალიმის დასაპყრობად კი არ მივიდნენ, თურმე, არამედ ეძებდნენ ახალშობილ ყრმას, მეფე დავით წინასწარმეტყველის შთამომავალს.
ბეთლემთან ახლოს სპარსმა მოგვებმა იპოვეს ყრმა, რომელიც იშვა მოგზაურობის დროს, ქალაქგარეთ, როგორც ერთი ვინმე უბრალო ადამიანი. მივიდნენ, თაყვანი სცეს მას და მიართვეს ძღვენი: ოქრო, როგორც მეფეს; გუნდრუკი, როგორც ღმერთს და მური, როგორც ადამიანს.
ამ ახალმა ინფორმაციამ დაამშვიდა და ძალიან გაახარა მცხეთელი ებრაელები. მსოფლიოში გაბნეული ჰურიები ელოდნენ მხსნელს, რომლის მოსვლის შესახებაც მრავალი წინასწარმეტყველება არსებობდა.
გავიდა ოცდაცამეტი წელიწადი და აბიათარ მღვდლის წინაპარს, ელიოზს იერუსალიმიდან ანა მღვდელმთავრის მიერ გამოგზავნილი წერილი მოუვიდა: „ყრმა, რომლის თაყვანსაცემად სპარსები იყვნენ მოსულნი, აღიზარდა, ქადაგებს და თავის თავს ღვთის ძედ აცხადებს. მოდით ყველანი, რათა განვსაჯოთ და აღვასრულოთ მოსეს მცნება“. სინედრიონი იწვევდა ებრაელებს სხვადასხვა ქვეყნიდან, რათა განესაჯათ იესო.
მოემზადა ელიოზი იერუსალიმში გასამგზავრებლად. ის ამ დროს უკვე ასაკში იყო. ჰყავდა მოხუცი დედა, ელი მღვდელმთავრის ტომიდან, რომლის სახელი, სამწუხაროდ, ჩვენთვის უცნობია. წასვლის წინ ელიოზს ევედრა დედა: „წადი, შვილო, დაემორჩილე უფროსთა მოწოდებას და ჩვენს სჯულს, მაგრამ რასაც ისინი განიზრახავენ, ნუ გაიზიარებ... ნუ, შვილო ჩემო, რადგან, ის, ვისზეც ლაპარაკობენ, არის წინასწარმეტყველთა სიტყვების ახდენა, ბრძენთა იგავების გამართლება და მსოფლიო საიდუმლო, ადრე რაც დაფარული იყო – წარმართთა ნათელი და საუკუნო ცხოვრება“.
გამგზავრების წინ ელიოზს მისმა დამ, სიდონიამ სთხოვა, ჩამოეტანა რაიმე ნივთი მისი, ვინც იშვა წინასწარმეტყველების თანახმად და ვის განსჯასაც აპირებდნენ.
წავიდნენ საქართველოდან ელიოზ მცხეთელი და ლონგინოზ კარსნელი იერუსალიმში. ქრისტეს ჯვარცმის დროს უკვე იერუსალიმში იყვნენ, თუმცა მაცხოვრის წინააღმდეგ ქმედებაში მონაწილეობა არ მიუღიათ.
როცა სამსჭვალებს აჭედებდნენ უფლის ჯვარზე გასაკრავად, გამოცხადებით მცხეთაში მოესმა ლონგინოზის ბრძენ დედას ჩაქუჩის ხმა, საზარლად იკივლა და თქვა: „მშვიდობით მეუფებაო ებრაელთა, რადგან მოკალით მხსნელი, ხორციელად მოსული მაცხოვარი, და იქნებით ამიერიდან მკვლელნი და მტერნი შემოქმედისა. ვაი, ჩემს თავს, რატომ არ მოვკვდი აქამდე, რათა ჩემს ყურებს არ გაეგონა ეს ხმა. ვეღარ ვიხილავ ნათელს წარმართებს შორის და მშვიდობას ისრაელში!“
ეს თქვა თუ არა, გარდაიცვალა წმინდა ქალი, მსოფლიოს ერთ-ერთი პირველი წმინდანი, იოანე ნათლისმცემლისა და 14 000 წმინდა ყრმის შემდგომ. იგი საქართველოსა და მსოფლიოს ერთ-ერთი პირველი წმინდანია, რომელიც ეწამა, გულისტკივილით მოკვდა ქრისტესთვის, მაშინ როცა ეწამებოდა თავად მაცხოვარი.
ის პირველია მსოფლიოში, იოანე ნათლისმცემლის შემდგომ, რომელმაც შეიცნო ქრისტე, უნახავად და მოუსმენლად. წინასწარმეტყველურად განაცხადა, რომ ის, ვისაც აწამებდნენ, იყო მაცხოვარი და ქრისტესთან ერთად ეწამა, მოკვდა მისი სიყვარულით.
იერუსალიმში მყოფი ელიოზი და ლონგინოზი დამწუხრებულნი იყვნენ, რადგან კარგად იცოდნენ, ვინც გაასამართლეს, არ იყო დამნაშავე, არამედ იყო ის, ვისაც ელოდა კაცობრიობა. ის იყო წინასწარმეტყველის მიერ ნახსენები, რომლისთვისაც უნდა ეწოდებინათ ემმანუელ - უფალი ჩვენთან არს.
თუმცა, ელიოზს ადამიანთა შორის ერთ-ერთი უდიდესი ბედნიერება ხვდა წილად. უფლის ნებით, შეძლო და რომაელი ჯარისკაცებისგან შეიძინა ქრისტეს კვართი, რომელიც წამოიღო მცხეთაში, თავისი კეთილი დის თხოვნისამებრ.
ამ დროს მოხდა განსაკუთრებული რამ ჩვენი ქვეყნის ისტორიაში – ქრისტიანულ სამყაროში გამოირჩა მცხეთა, ქართლი.
არაფერი ჰქონდა ამქვეყნად ქრისტეს – არც სახლი, არც ოქრო, არც მამული. ემოსა მხოლოდ კვართი, მისი ყოვლადწმინდა დედის მიერ მოქსოვილი, რომელიც წინასწარმეტყველების მიხედვით, არ გაიხეოდა, არ დაიჭრებოდა და მასზე წილს ყრიდნენ. მართლაც, წილი ჰყარეს, ითამაშეს და მერე მიჰყიდეს მცხეთელებს. ამგვარად, წილისყრის შემდგომ, ქრისტეს ერთადერთი ამქვეყნიური ქონება ერგო ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს და ქრისტიანობის უდიდესი სიწმინდე საქართველოში წამოაბრძანეს.
თუ აქამდე ისრაელი იყო რჩეული ღვთისა, ძველი აღქმის რჩეული ერი, ახლა ქართლი (საქართველო) გახდა რჩეული ღვთისა, ახალი აღთქმის რჩეული ერი, რადგან, ახალი აღთქმის მიხედვით, ახალი რჩეული ერი, ახალი ისრაელი, არის ის ხალხი, ვინც ქრისტე აღიარა. ასეთები კი ქართლში უკვე იყვნენ, ელიოზის დედისა და მისი შვილების სახით – სავარაუდოდ, მთელი ქართველ ებრაელთა თემის სახით,  და ქრისტიანობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სიწმინდე ქართლში დაბრძანდა.
საქართველოს გამორჩევაში, რა თქმა უნდა, ღვთის რაღაც გამოცანაა, რაღაც სურვილი, ჩანაფიქრი. ალბათ, ქართველ ერს რაღაც საგანგებო მისია აკისრია და ამიტომ წამოაბრძანეს აქ ქრისტეს კვართი. თუმცა, უნდა აღინიშნოს ქართველი ებრაელების დამსახურებაც. აქაური ებრაული თემი არ იყო ქრისტეს მგმობი – პირიქით მიმდევარი გახლდათ და ერთ-ერთი მიზეზი ჩვენი ქვეყნის გამორჩევისა, ესეც იქნებოდა, ალბათ.
გამოემგზავრნენ ელიოზი და ლონგინოზი ქართლისკენ. ელიოზმა მოაბრძანა უფლის კვართი მცხეთაში. დედის გარდაცვალებითა და მაცხოვრის დასჯის გამო დამწუხრებული სიდონია შეეგება ძვირფას ძმას და ტირილით გადაეხვია. ელიოზმა ამოიღო უფლის კვართი და გადასცა დაიკოს...  ჩაიკრა უფლის კვართი სიდონიამ და სამი უდიდესი ტკივილის – ქრისტეს მკვლელობის, დედის გარდაცვალებისა და ებრაელთა მიერ მაცხოვრის უარყოფის გამო გულმოკლული, გარდაიცვალა.
მთელ მცხეთას მოედო ეს საკვირველი ამბავი. თვით მეფე ადერკი გამობრძანდა, დაინტერესდა მოყოლილითა და ქრისტეს პიროვნებით. უნდოდა ქართლის მეფეს მაცხოვრის კვართი, მაგრამ საკვირველი ამბით შეშინებულმა და მიცვალებულისადმი პატივისცემის გამო, ვერ იკადრა, გარდაცვლილი სიდონიას ხელებიდან გამოეტაცა უფლის სამოსელი.
დამარხა ელიოზმა ქრისტესთვის წამებული თავისი და – სიდონია, უფლის კვართთან ერთად – ალბათ, სადმე, დედის საფლავთან ახლოს.
ქრისტესთვის უამრავი ადამიანი ეწამა უფლის განკაცების შემდგომ პერიოდში, ახალი აღთქმის უამრავი მიმდევარი, მაგრამ ეს მოხდა უფლის აღდგომისა და ცად ამაღლების შემდგომ. უფლის განკაცების პირველ თვეებში, ჰეროდეს ბრძანებით, 14 000 ყრმა მოკლეს. ისინიც წამებულნი არიან, ანგელოზებივით შეერთნენ უფლის სასუფეველს. თუმცა, იმ ყრმებმა არ იცოდნენ უფლის განკაცების, მხსნელის მოვლინების შესახებ.
იოანე ნათლისმცემელი იყო პირველი, ვინც იცოდა, ვინ იყო ქრისტე და გარდაიცვალა ქრისტეს წამებამდე.
შემდეგ იყო მართალი ლაზარე, რომელიც მკვდრეთით აღდგა ქრისტეს ნებით მეოთხე დღეს.
ხოლო ელიოზის ბრძენი დედა პირველი იყო, ვინც კონკრეტულად ქრისტესთვის მოკვდა; ვინც მიხვდა, რომ ქრისტე იყო მხსნელი, განკაცებული ღმერთი და რაც მთავარია, ვინც ქრისტესთვის გულისტკივილით, ქრისტესთვის ნერვიულობით გარდაიცვალა. ის გარდაიცვალა უფრო ადრე, ვიდრე უფლის გვერდით, ასევე ჯვარზე გაკრული ავაზაკი შეიცნობდა იესოში მხსნელს და გარდაიცვლებოდა – ყოფილი ავაზაკი, რომელიც იესოსთან ერთად შევიდა სასუფეველში.
შემდეგ მისი ნეტარი ასულიც, სიდონიაც ასევე ქრისტესთვის გულისტკივილით გარდაიცვალა.
სიდონის დაკრძალვის ადგილას ამოვიდა ლიბანის ნაძვი – სასწაულმოქმედი ხე, სადაც მერე დიდი ამბები მოხდა.

скачать dle 11.3