კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ოქტომბერი 2019 (149)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)

როგორ დაუკავშირა ცხოვრება ლევან კობიაშვილმა თავის მომავალ ცოლს და რატომ აიღო გემის მართვის ლიცენზია

ფეხბურთის ფედერაციის ახალი პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი, მძიმე მარათონის შემდეგ საქმიანობას შეუდგა. ახალმა პოსტმა მისი ცხოვრება საგრძნობლად  შეცვალა, თუმცა, ამბობს, რომ თავად ეს არ „ემუქრება“.  ურთიერთობაში გახსნილი და კომფორტულია, მშვიდი და გაწონასწორებული ხასიათით; ყველაზე მძაფრად ის ახსოვს, როდესაც ემოციურად დატოვა დიდ სტადიონზე ცხოვრების მრავალი წელი. ოჯახზე, შვილებზე, მეგობრებზე, გერმანიაში გატარებულ პერიოდსა და ისტორიებზე, რომლებსაც ქართული ფეხბურთის თავკაცი დღემდე ვერ ივიწყებს, ჩვენი რესპონდენტი გულწრფელად საუბრობს.   

ლევან კობიაშვილი: ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობა მარტივი რომ არ არის, კარგად მაქვს გაცნობიერებული. ეს ვიცოდი მაშინაც, როცა გადავწყვიტე, ამდენი წლის შემდეგ დავბრუნებულიყავი ჩემს ქვეყანაში და გამეკეთებინა საქმე, რომელსაც მთელი ცხოვრება ვემსახურე. ეს ყველაფერი ემოციურადაც არ იყო ადვილი – როცა არჩევნების შედეგი  გამოცხადდა, იმ თვე-ნახევარში დაგროვილი ყველა  ემოცია  ერთად „მოვიდა”. გავიდა თითქმის ერთი თვე და ემოციები თითქოს მინელდა. გულწრფელად გეტყვით: არ მიმაჩნია, რომ, რადგან მე დღეს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ვარ, ვინმეზე მეტი ვარ რამით და ამის გამო ცაში უნდა დავფრინავდე, ეს  პოზიცია არასდროს არ შემცვლის; წარმატებებს არ შევუცვლივარ არც მაშინ, როცა პროფესიონალი ფეხბურთელი ვიყავი. როცა ხარ იმ სფეროში, რაც შენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, პასუხისმგებლობა საქმეში ბევრად უფრო დიდია. არასდროს მქონია ამბიცია, ძალები მომესინჯა ისეთ სფეროში, რომელიც ჩემთვის უცხო იყო; ყოველთვის  იქ მინდოდა ყოფნა, რაშიც თავი პროფესიონალად მიმაჩნია. ხშირად მეკითხებოდნენ, არ გეშინია, დაკარგო ის პოზიტიური განწყობა, რაც აქვთ ადამიანებს შენ  მიმართო? მაფრთხილებდნენ, რომ ჩვენთან ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ხშირად  ხვდება ხმაურიან ეპიცენტრებში. იმის საშიშროება, რომ ვიღაცის კრიტიკის ობიექტი გახდები, მუდმივად არსებობს, მაგრამ, ამის გამო საყვარელ საქმეზე უარს ვერ  იტყვი.
– კახა კალაძისა და თქვენს მეგობრობაზე გკითხავთ – ამაზე ბოლო დროს ბევრს საუბრობენ.
– ჩვენ პატარები ვიყავით, როცა ერთმანეთი გავიცანით, ფეხბურთმა დაგვაკავშირა ერთმანეთს – თბილისის „დინამო”, ახალგაზრდული და ეროვნული ნაკრებები.   ახლო ურთიერთოებები გვქონდა მაშინაც, როცა საქართველოში არ ვცხოვრობდით. ჩვენ  ჩავდიოდით ხოლმე მასთან მილანში, კიევში, კახაც ჩამოდიოდა ჩვენთან ოჯახით.  ჩვენი მეგობრობის შესახებ  ბოლო ერთი წელია, აქტიურად მესმის. რა ვქნა, რადგან კახა კალაძე ჩემი მეგობარია და ვიცე-პრემიერია, ამის გამო დავჯდე სახლში და არაფერი გავაკეთო? მე ჩემი ბიოგრაფია მაქვს. კახა რომ ჩემი მეგობარია, იმიტომ არ გავმხდარვარ ფეხბურთელი და იმიტომ არ ვყოფილვარ იქ წლების განმავლობაში, სადაც ვიყავი. ეს პროცესი ასე რომ წარიმართებოდა,  თავიდანვე ვიცოდი, მაგრამ, ვინმემ მითხრას, რომ ჩემი განვლილი ცხოვრებით არ ვიმსახურებ ამ პოზიციაზე მუშაობას... მე ხომ განათლების მინისტრობა და გზების მშენებლობა არ გადამიწყვეტია, მინდოდა იქ ყოფნა, სადაც მქონდა დიდი გამოცდილება. მთავრობის ერთ-ერთი მეთაური თუ თავისი კონტაქტებით დამეხმარება ამ საქმეში, ამას რა ჯობია? 
– ეს იყო მძიმე მარათონი – ბრძოლით, დაპირისპირებით, ზოგჯერ  წესების დარღვევით...
– სირთულეები არასდროს მაკლდა, თუმცა, ეს მაინც განსხვავებული მარათონი იყო ჩემს ცხოვრებაში. ფეხბურთელის კარიერა შორიდან ჩანს ლამაზად, ვარსკვლავურად – ამას რა უჭირს, კარგად უხდიან, კარგად ცხოვრობს, ავტოგრაფებს არიგებსო, – ფიქრობს ბევრი, მაგრამ, ასეც არაა. საჩუქრად არაფერი მოდის, თუ რამეს აღწევ, ეს ხდება  დიდი შრომის ფასად.   როცა თამაშობ  პროფესიონალურ გუნდში, იქ კონკურენცია ძალიან მაღალია და ყოველდღე, ყოველ ვარჯიშზე გიწევს, გაიმყარო შენი პოზიცია. ახალგაზრდულ ასაკში ბევრ რამეზე მომიწია უარის თქმა – მეც მინდოდა მაშინ მეგობრებთან ერთად გართობა, მაგრამ ვერ ვახერხებდი.   დაბადების დღე 10 ივლისს მაქვს და წლების განმავლობაში ამ დღეს სულ შეკრებებზე ვიყავი. მხოლოდ ერთი წლის წინ,  კარიერის დასრულების შემდეგ, მოვახერხე ამ დღეს შევხვედროდი ჩემი ოჯახის წევრებთან ერთად, რაც სულ მაკლდა. როდესაც გერმანიაში ჩავედი, ძალიან რთული პერიოდი გავიარე. 19 წლის ბიჭი მოვხვდი სხვა მენტალიტეტის ადამიანებს შორის; მქონდა ენის პრობლემა, მოვწყდი ოჯახის წევრებს, უცებ აღმოვჩნდი მარტო.  ეს არაა მარტივი და ვფიქრობდი კიდეც: რა მინდოდა აქ, მოდი, დავბრუნდები საქართველოში-მეთქი.
– როგორც ვიცი, მაშინ „გამოსავალი” მოძებნეთ: მალე წამოხვედით უკან,   „ექსპრომტად” დაოჯახდით და მარტო აღარ მოგიწიათ გერმანიაში დაბრუნება. 
– ასე მოხდა, გერმანიამ დააჩქარა ჩვენი დაოჯახება. როცა გერმანიაში წავედი,  თამუნას უკვე ვიცნობდი. ერთი წელი, „ალანიაში” ყოფნის დროს, ჩვენ უკვე გვქონდა გარკვეული ურთიერთობა, თუმცა  მას თავისი გეგმები ჰქონდა კარიერასთან დაკავშირებით, მე – ჩემი და დაოჯახებაზე  ჯერ არ ვფიქრობდით.  თამუნამ გადადო თავისი გეგმები და წამოვიდა ჩემთან ერთად. მართალია, ფეხბურთის ექსპერტი ვერ გახდა, მაგრამ,  ძალიან კარგი გულშემატკივარია (იცინის). მისი ცხოვრებაც არ იყო იოლი – ჩემთან ერთად უწევდა სხვადასხვა ქალაქში გადასვლა, ცხოვრება. ახალშექმნილი ოჯახი ბევრი ტექნიკური პრობლემის წინაშე დგას, მით უფრო, თუ სხვა ქვეყანაში ცხოვრობ. 24 საათი თბილისში ვრეკავდით, არც იაფი სატელეფონო ტარიფი ვიცოდით, არც არაფერი. ერთ დღეს კი ხელფასზე მეტი სატელეფონო გადასახადი მოგვივიდა (იცინის). უფროსი შვილი  ფრაიბურგში დაიბადა, გოგონა – დიუსელდორფში, 17 წლის განმავლობაში სამ სხვადასხვა ქალაქში მოგვიწია ცხოვრება, შესაბამისად, ახალი წრე, ახალი გარემო, ოჯახური საზრუნავები...  ორივეს გვიჭირდა, თუმცა,  საბედნიეროდ, ყველაფერს გავართვით თავი.  დღეს თამამად შემიძლია ვთქვა, რომ, გერმანიაში ცხოვრების დროს, არა მარტო როგორც სპორტსმენი, როგორც პიროვნებაც ჩამოვყალიბდი. ვერ ვიტყვი, რომ სხვა ადამიანი გავხდი, მაგრამ, ბევრად მომემატა დისციპლინა, ორგანიზებულობა – პოზიტიური გარემო ხომ უკეთესს გვხდის; თან, მე საოცრად თვითკრიტიკული ვარ, საკუთარი შეცდომების აღიარებაც შემიძლია და მათი გამოსწორებაც, ისეთიც  არ ვარ,  რომ არავის არ ვუსმენდე.
– მთისთვის  დამახასიათებელი   ჯიუტი ხასიათი  გაქვთ?
– ამას მთლად  სიჯიუტეს ვერ ვუწოდებ, საკმაოდ  გაწონასწორებული ხასიათი მაქვს. ვხუმრობ ხოლმე:  ეტყობა, ჩემნაირებიც  „გამოდიან” ყაზბეგში-მეთქი (იცინის).  ყაზბეგში მაქვს გატარებული მთელი ბავშვობა, იქ  ცხოვრობდნენ ბებია-ბაბუა, ბიძა, ნათესავები და ზაფხულის არდადეგებს სულ იქ ვატარებდი ხოლმე. ყველაფერს ვაკეთებდი, რაც არის სოფელში  ბავშვის საქმე. დავრბოდი, ავდიოდით მთებზე, ყველგან ყველაფერი მაქვს ნასინჯი. ყაზბეგში სწორი ადგილისა და მოედნის პოვნა რთულია, თორემ, არც ფეხბურთზე ვიტყოდი უარს, მით უფრო, რომ ფეხბურთის თამაში ძალიან ადრე – 6 წლის ასაკში დავიწყე.
– თქვენ როგორი მეოჯახე იყავით?
– საკუთარი თავი როგორ ვაქო, მაგრამ ჩემზე ოჯახის წევრების საჩივრებს ვერსად წააწყდებით. ჩემთვის ოჯახი ყოველთვის ყველაზე მაღლა იდგა – კარიერაზეც, ფულზეც და ყველაფერზე მაღლა. შვილებისთვისაც მომივლია, ფაფის გაკეთებაც კარგად ვიცი – დამუღამებული მაქვს (იცინის). სხვათა შორის, საკუთარ თავსაც მშვენივრად ვუვლი, როცა მარტო მიწევს ყოფნა.
–  საკმაოდ დიდ ასაკში ისწავლეთ გემის მართვა, რატომ გაგიჩნდათ ეს ცოტა უცნაური  სურვილი?
–   ეს,  შესაძლოა, ვიღაცისთვის უცნაურობად ჩანდეს, მაგრამ   უცებ მომინდა ამის გაკეთება. სულ ვამბობდი,  რომ მწვრთნელი არასდროს გავხდებოდი, მაგრამ, ვისწავლე და ეს ლიცენზიაც ავიღე. შინაგანად სულ ვეძებ სიახლეებს, სულ ძიებაში ვარ. ერთი წელი შეიძლება სხვა რამეზეც დახარჯო, მე კი გემის მართვა ვისწავლე.  ბერლინში ბევრი ტბაა, შეგიძლია, ზაფხულში იახტა იქირავო და ოჯახთან ერთად გაისეირნო – მინდოდა, ვყოფილიყავი „ჩემი” გემის კაპიტანი. ქუდიც მაქვს სახლში, ჩემი მეუღლის საჩუქარი, როცა სერტიფიკატი ავიღე (იცინის).
– საკუთარი იახტა არ გყავთ?
– არა, არ მყავს, დაქირავებული იახტით ვსარგებლობდი. სისტემატურად არ მეცალა ამისთვის და არც იმ დონეზე ვარ, ზღვებში გამომეცადა ჩემი კაპიტნობა – ამ კატეგორიაში არ გავდივარ, ამას სხვა  ლიცენზია სჭირდება.  იახტა კი არა, ავტომობილიც არ მყავს თბილისში. გერმანიაშიც ჩვეულებრივი მანქანა მყავდა,  გუნდის სპონსორი იყო „აუდი” და ამ მარკის ავტომობილით ვსარგებლობდი, ამ მხრივაც არ მაქვს განსაკუთრებული მოთხოვნები.  სახლი მაქვს ბერლინში. წლები ვიცხოვრე ფრაიბურგში და ახლა ვნანობ, იქ რომ არაფერი ვიყიდე – პატარა, ლამაზი ქალაქია. ზოგადად, არ ვარ პრეტენზიული ადამიანი; მარტივი, იოლი მოსავლელი და ასატანი ვარ.
– თქვენი ოჯახიც გადმობარგდა თბილისში?
– ჯერჯერობით არ გადმოსულან. ამ ბოლო დროს ცოტა დავიშალეთ:  ნიკუშა შვეიცარიაში სწავლობს, სალომე – ბერლინში (სკოლაში), თამუნა საელჩოში მუშაობს და ასე მარტივად ვერ მიატოვებდნენ საქმეებს, თუმცა, წლის  ბოლოსთვის აუცილებლად ჩამოვლენ. წინა კვირასაც ვიყავი ორი დღით ჩასული. ჩასვლა კარგია, წამოსვლაა რთული.  სიმართლე გითხრათ, ამ ეტაპზე კარგიც არის, რადგან, ახლა ისეთი დატვირთული ვარ, ჩემი ოჯახისთვის ვერ მოვიცლიდი – უკვე მაქვს   თავისუფალი დროის პრობლემა. ეს პირველი შემთხვევაა ჩემს ცხოვრებაში, როცა მომიწევს  ბიუროკრატიული  ეტიკეტების შეთავსებაც, აგერ, მალე რიგგარეშე ყრილობა გვაქვს, რომელზეც მოხსენებით უნდა გამოვიდე. სიმართლეს გეტყვით, ოფიციოზური ელემენტები დიდად არ მომწონს, მაგრამ, შეგუებული ვარ იმას, რომ, როგორც ადრე ვცხოვრობდი, ისე ვეღარ ვიცხოვრებ.
– კიდევ  რა შეიცვალა რადიკალურად თქვენს ცხოვრებაში?
– უდროობა. დიდი ფეხბურთისთვის  ვეღარ  ვიცლი, მაგრამ, მინი-ფეხბურთისთვის ხანდახან მაინც ვპოულობ დროს, თუმცა ეს დიდ ფეხბურთთან ვერ მოვა და მე საკუთარი თავი შევაგუე ამას.  დიდ სტადიონზე დარჩა  დიდი მოგონებები და მათთან შელევა ძალიან ძნელი იყო. ბოლო პერიოდში საკუთარ თავს გამოვიჭერდი ხოლმე, რომ სტადიონზე, გასახდელში ვაკვირდებოდი ყველა დეტალს, რასაც არასდროს  დავკვირვებივარ.  მინდოდა, დიდხანს გამყოლოდა ცხოვრებაში ეს განცდა, თუმცა  ბოლო თამაშამდე დავიწყე საკუთარი თავის „ტრენინგი”, რომ ამაზე არ მეფიქრა. ძნელია,  არ იფიქრო იმაზე, რითაც იცხოვრე და ერთ დღეს ეს ყველაფერი დასრულდა. ხშირად მეფიქრება იმ წლებზე, თამაშებზე – მაინც კიდევ  მიჭირს.  განსაკუთრებული ჰობი არ მაქვს,  მიყვარს მეგობრებთან ერთად ყოფნა;  დიდი ქეიფების მოყვარული  არ ვარ და ამ მხრივ სერიოზული პრობლემები მაქვს: ჩვენთან ხომ მიღებული წესია, სადაც ჩახვალ, სუფრა უნდა დაგახვედრონ პატივისცემის ნიშნად – აი ამას ვერ შევეჩვევი. ამის გამო,  მგონია, რომ  მტრებიც გავიჩინე (იცინის). რთულია, საერთოდ რომ არ სვამ და საათობით უნდა უყურო, სხვის ქეიფს. უარის თქმაც როგორია?! მასპინძელს ჰგონია, პატივს არ სცემ. ცოტა ხანს ვარ ხოლმე სუფრასთან და მერე უკვე მეწყება „გაუსაძლისი” – აი, ეს როგორმე უნდა მოვაგვარო (იცინის).

скачать dle 11.3