კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ქმნიდა ირაკლი ფარჯიანი შედევრებს დიდი საფრთხის მიუხედავად და რატომ თქვა მხატვარმა უარი გერმანიაში მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მკურნალობაზე

ცოტა ხნის წინ ხელოვნების სასახლეში დამთვალიერებელს ირაკლი ფარჯიანის პერსონალური გამოფენის – „მარკოზისა და იოანეს სახარების“ ნახვა შეეძლო. მხატვრის მიერ გასული საუკუნის 80-იან წლებში შესრულებული ხელნაწერი წიგნი – „მარკოზისა და იოანეს სახარება“ თანამედროვე ქართული ხელოვნების მნიშვნელოვან ნიმუშს წარმოადგენს, რომელიც მეოცე საუკუნის კულტურული მემკვიდრეობის უნიკალური ძეგლია. გარდა ამისა, ირაკლი ფარჯიანმა შთამომავლობას ნაყოფიერი შემოქმედება დაუტოვა. მან დაასურათა ჰომეროსის „ოდისეა“, გოეთეს „ფაუსტი“, ქართული მითები და ლეგენდები, გერმანული და ქართული ზღაპრები, გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედება. განსაკუთრებით გამოირჩევა მისი აბსტრაქტული კომპოზიციები და ფერწერული ტილოები რელიგიურ თემებზე. მას ასევე შექმნილი აქვს პორტრეტები. მხატვრის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ მის მეუღლეს, ასმათ ფარჯიანს ვესაუბრეთ.

ასმათ ფარჯიანი: ირაკლიმ ხატვა ბავშვობიდან დაიწყო. მართლია, მამამისი პარტიული მუშაკი იყო, მაგრამ ხეზე მუშაობა უყვარდა. ეს ნიჭი ირაკლისაც გამოჰყვა და თავისუფალ დროს ხეზე კვეთას უთმობდა. ოჯახში სამი ძმა იზრდებოდა, მათგან უფროსმა აკადემიაში ფერწერაზე ჩააბარა, შუათანამ ხეზე კვეთა აირჩია, ირაკლიმ კი – ხატვა. ამ დროს ამ საქმიანობას პროფესიის სახე მისცა, თორემ მანამდეც საკმაოდ ბევრი ნახატი აქვს შექმნილი, მათ შორის – დედის პორტრეტიც.
– დედის გარდაცვალებამ დიდი გავლენა იქონია მასზე...
– ირაკლი ოჯახში ნაბოლარა იყო და დედა-შვილს განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა – ეს ორი ადამიანი ერთმანეთში რაღაც მსგავსებას პოულობდა. მერე, როცა ირაკლის ორი ძმა უკვე თბილისში ცხოვრობდა, ოჯახმა, ირაკლისა და დედის დაჟინებული მოთხოვნით, გადაწყვიტა, მესტიის სახლი გაეყიდათ და საცხოვრებლად თბილისში გადმოსულიყვნენ. მალე დედა ავად გახდა და 50 წლის ასაკში გარდაიცვალა. ირაკლი ამ დროს 21 წლის იყო. მოგეხსენებათ, მაშინ სახარება და, საერთოდ, რელიგიური თემა აკრძალული იყო და არც ამ თემაზე შექმნილი წიგნები იყო ხელმისაწვდომი. თუმცა, ამ დიდი ტკივილის დროს, ირაკლის მეგობარმა სახარება მოუტანა. მას ლექსების სახით ჩანაწერები აქვს გაკეთებული, სადაც გულწრფელად გადმოსცემს საკუთარ განცდებს. ჩანს, რომ სახარებამ ძალიან დიდი შვება მოჰგვარა, მაგრამ ტკივილი არ განელებია და დედა და ბავშვობის სახლი მთელი ცხოვრება ენატრებოდა. ალბათ, შინაგანად განიცდიდა, რომ ეს სახლი მისი დაჟინებული მოთხოვნითაც გაიყიდა და ყოველთვის მის დაბრუნებაზე ოცნებობდა. ამის მცდელობა მე მისი გარდაცვალების შემდეგაც მქონდა, მაგრამ ეს ფინანსურად მიუწვდომელი აღმოჩნდა.
– თქვენ როგორ გაიცანით ირაკლი?
– ჩვენ საერთო მეგობრები გვყავდა და ერთ წრეში ვტრიალებდით, მაგრამ ერთმანეთს არ შევხვედრივართ. ერთადერთი, რაც სულ მესმოდა, იყო: ვაიმე, ირაკლი ძალიან ცუდად არისო და მეგობრები ხშირად დადიოდნენ ხოლმე მის სანახავად. იმ პერიოდში მე გერმანიაში ვსწავლობდი. საშობაოდ სამშობლოში ჩამოვედი და მეგობრებმა წერილი გამომატანეს კომპოზიტორ ჯარჯი ბალანჩივაძესთან. უკან დაბრუნებისას ჯარჯიმ საპასუხო წერილი და პატარა ნახატი გამატანა და მითხრა, რომ ეს მისი მეგობრის, ირაკლი ფარჯიანის ნახატი იყო. მოგვიანებით ირაკლის ვეხუმრებოდი ხოლმე: პირველმა მე წავიღე უცხოეთში შენი ნამუშევარი-მეთქი (იცინის). უკვე გერმანიიდან დაბრუნებული, ერთხელ, მეგობართან ვიყავი, როცა ირაკლი მოვიდა და ერთმანეთი სწორედ მაშინ გავიცანით, ცოტა ხნის შემდეგ კი დავქორწინდით. ირაკლის მანამდეც ჰყავდა ცოლი და შვილი.
– როგორი იყო თქვენთვის ასეთი ადამიანის გვერდით ცხოვრება?
– ყველაზე მნიშვნელოვანი ირაკლის ფიზიკური არსებობა იყო. მას სერიოზული მკურნალობა სჭირდებოდა და, ამიტომ, ჩვენი ერთად ყოფნის წლები ძირითადად სანატორიუმებსა და კლინიკებში გვაქვს გატარებული. ყველგან ვიყავით, ლენინგრადით დაწყებული, აბასთუმნით დამთავრებული. ძნელია, აღწერო, როგორი იყო მის გვერდით ცხოვრება. ეს ჩემთვის საინტერესოც იყო და ძალიან რთულიც. არა მხოლოდ იმიტომ, რომ შემოქმედი იყო და ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, არამედ იმიტომაც, რომ ირაკლიმ ზღვარი არ იცოდა. შემოქმედი ადამიანი ვერასდროს საზღვრავს, რამდენი ენერგია გასცეს და რამდენი დაზოგოს. ის  დაუზოგავად უძღვნიდა შემოქმედებას საკუთარ თავს და, ამ დროს, შეიძლებოდა, საკვებიც კი არ გახსენებოდა. არადა, მის მდგომარეობაში რეჟიმის დაცვას სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა. ამიტომ მე ყოველთვის მისი მაკონტროლებელი ვიყავი. ყველაზე რთული ამ ყველაფრის ისე მოგვარება იყო, რომ მისი შემოქმედებითი თავისუფლება არ შეზღუდულიყო.
– ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ხატვა აუკრძალეს კიდეც, არა?
– გერმანიაში ყოფნის დროს ირაკლიმ თავდაუზოგავად იშრომა და დიდი ფერწერული ნამუშევრები შექმნა, რომელიც „ბერლინის ციკლის“ სახელითაა ცნობილი. ამის შემდეგ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა და, გერმანელი მეგობრების ხელშეწყობით, ირაკლი საუკეთესო კლინიკაში მოხვდა, სადაც ძალიან კარგად მკურნალობნდნენ, მაგრამ ირაკლიმ იქაურობა მიატოვა, რადგან ხატვის საშუალება არ ჰქონდა და საქართველოში წამოვიდა. თუმცა, მათ დანიშნულ მკურნალობას აქაც აგრძელებდა. შემოქმედებით ცხოვრებაზე უარის თქმას არ აპირებდა. ამბობდა: ხატვაზე უარს ვერ ვიტყვი, ეს ჩემთვის სიკვდილის ტოლფასია, სანამ ვიცოცხლებ, უნდა ვხატოო. საფრთხის მიუხედავად, ხატვა განაგრძო და აბასთუმნის სანატორიუმშიც მხოლოდ იმ პირობით წავიდა, რომ იქ ცალკე პალატა ექნებოდა, სადაც სახატავ კუთხეს მოიწყობდა. მეგობრების შუამდგომლობით ეს ამბავიც გამოვიდა და „აბასთუმნის ციკლის“ ნახატებიც სწორედ იქ შეიქმნა. ირაკლისთან თანაცხოვრება ერთი დიდი მთლიანობაა, რომლის მოკლედ გადმოცემაც არ შემიძლია, ამიტომ, გადავწყვიტე, ჩემი მოგონებები შემეკრიბა და წიგნი დამეწერა. ეს იმიტომაც გავაკეთე, რომ ირაკლის ორი შვილი ჰყავს, ჩემი სოფო და, პირველი ქორწინებიდან – ბექა. მინდა, რომ მათ მამასთან დაკავშირებულ ყველა კითხვაზე ჰქონდეთ პასუხი და, იმედია, ამ წიგნიდან ამას მიიღებენ. მოკლედ, მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ მე და ირაკლი, უპირველეს ყოვლისა, მეგობრები და თანამოაზრეები ვიყავით. ის გამუდმებით არჩევნის წინაშე იდგა – შემოქმედება თუ სიცოცხლე და, ამის მიუხედავად, ხალისიან და ნათელ ბუნებას არ კარგავდა. ჯანმრთელობის გარდა, სხვა უამრავი პრობლემაც იყო. კომუნისტური მმრთველობის პირობებში, რელიგიურ თემებზე მუშაობის გამო ირაკლის სირთულეები ხვდებოდა. ჯერ კიდევ აკადემიაში სწავლის დროს, მისი სადიპლომო ნამუშევარი იყო პასტორის ოჯახი, რის გამოც დიპლომი არ მისცეს. მისი აღება მხოლოდ ორი წლის შემდეგ შეძლო, როცა ჩვეულებრივი ოჯახი დახატა.
– მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა 9 აპრილის ცნობილი მოვლენების დროს, გაზის გაშვების შემდეგ გაუარესდა, არა?
– როგორც ყველა თბილისელი, მაშინ ჩვენც იქ ვიყავით. ხმაზე ვხვდებოდით, რომ ჯარისკაცები გვიახლოვდებოდნენ. თუ მათი მოსვლის შემდეგ დარბევა დაიწყებოდა, ირაკლი, მისი მდგომარეობიდან გამომდინარე, იქიდან თავის დახსნას ვერ შეძლებდა. ამიტომ იძულებული გავხდი, თხოვნით და ძალდატანებით იქაურობისთვის გამერიდებინა. ვეუბნებოდი: ბავშვი მეზობელთან მყავს დატოვებული, მე მარტო ვერ წავალ, გამაცილე და მერე ჩამოდი-მეთქი. ეს იყო 1989 წელი. მალე დასავლეთის საზღვრები გაიხსნა და ირაკლი დასავლეთ ბერლინში მიიწვიეს. როგორც წეღან აღვნიშნე, იქ შეიქმნა „ბერლინის ციკლი“. ირაკლი სამკურნალოდ საავადმყოფოში მოვათავსეთ, მაგრამ ხატვის გარეშე ვერ გაძლო და საქართველოში გამოიქცა. მომდევნო ერთი წლის განმავლობაში კიდევ რამდენიმე ციკლი შექმნა და გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე ხელახლა გადაწერა იოანეს სახარება. არც ამის მერე გაჩერებულა, სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა. ექიმისა და საავადმყოფოს გაგონება არ სურდა. ეს ჩემთვის ყველაზე რთული პერიოდი იყო და მისი გახსენება დღემდე ძალიან მიჭირს. ვხედავდი, რომ შველა აღარ შემეძლო, რადგან ბარიერი გადაულახავი გახდა. ირაკლიმ სიცოცხლესა და შემოქმედებას შორის შემოქმედება არჩია... ბოლოს ხუდადოვზე წავედით, იქაც იმ პირობით, რომ ილუსტრაციებს გააკეთებდა საბავშვო ბიბლიისთვის. სამოქალაქო ომი რომ დაიწყო, ჭურვის ხმა გაიგონა. მერე ყოველ წუთს მგზავნიდა, ფანჯრიდან გაიხედეო. შუაღამისას რომ გავიხედე, დავინახე, რომ რაღაც იწვოდა. მერე გავიგე, რომ ეს მხატვრის სახლი იყო. ღამის 3 საათზე გარეთ მხატვრის სახლი იწვოდა, აქ კი ირაკლი ფარჯიანის სული ჩაიფერფლა. ეს მოვლენები ირაკლიმ ძალიან განიცადა. იმ დროს საქართველომ ორი ძალიან დიდი პიროვნება დაკარგა: რეზო ინანიშვილი და, ვფიქრობ, ირაკლი ფარჯიანიც ძალიან დააკლდა ქალაქს. საშინელი მდგომარეობა იყო: ქალაქი ჩაკეტილი, ყველგან ისროდნენ და მის დაკრძალვაზე მეგობრებიც კი ვერ მოვიდნენ. საავადმყოფოში წასვლამდე მეგობარს ქალაქში გაყვანა და მთავრობის სახლთან მიყვანა სთხოვა. ბარიკადების ორივე მხარეს ერთმანეთთან დაპირისპირებული ხალხი იდგა. ირაკლის ორივე მხარეს მეგობრები ჰყავდა და ყველას შეხვდა. სახლში რომ დავბრუნდით, მთელი ღამე ფანჯარასთან იდგა და ძალიან ღელავდა. პირველად მაშინ თქვა ჩემთვის გულისშემძვრელი ფრაზა: „ვის სჭირდება ჩემი ხელოვნება, რისთვის ვხატო?” – მაშინ, როცა მისთვის სიცოცხლეზე მთავარი შემოქმედება იყო. პირველად მაშინ შემეშინდა, რადგან, ამ იმპულსის გარეშე ირაკლის გადარჩენა შეუძლებელი იქნებოდა. იმ მოვლენამ ასეთ ადამიანებზე დამანგრევლად იმოქმედა და, იმედია, მომავალი თაობა მაგალითად გამოიყენებს.
– თქვენი შვილი, სოფო, მამის კვალს გაჰყვა?
– სოფო ბავშვობაში ძალიან კარგად ძერწავდა და ხატავდა. მამამისის გვერდით დაჯდებოდა და მის ნახატებს იხატავდა. ირაკლი ამბობდა, ბავშვისგანაც შეიძლება ხატვის სწავლაო. სოფო 10 წლის იყო, მამა რომ გარდაეცვალა. 14-15 წლის ასაკში მან ფერწერა აირჩია. მე წინააღმდეგი ვიყავი, რადგან, თუ მხატვარი გახდებოდა, უფლება არ ექნებოდა, მამამისზე ნაკლები ყოფილიყო. მეტი გახდებოდა თუ არა, ეს საკითხავი იყო, რადგან საზოგადოება მის ნამუშევრებს ყოველთვის ფარჯიანის ჭრილში აღიქვამდა. ვეუბნებოდი, რთული გზის გავლა მოგიწევს-მეთქი. სწორედ რთულია საინტერესოო, – მიპასუხა და ვეღარ შევეწინააღმდეგე.

скачать dle 11.3