კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ღალატი სიყვარულისთვის

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹27-45(776)

 ანამ ვიღაცის დაჟინებული მზერა იგრძნო და შემოტრიალდა – მის წინ ლაშა იდგა და წარმბების ქვემოდან მოღუშული უყურებდა. ანამ მოლარეს ხურდა გამოართვა, ნავაჭრით სავსე ჩანთა აიღო და ფეხს აუჩქარა. ეგონა, კაცი არ გაჰყვებოდა, მაგრამ შეცდა – რამდენიმე ნაბიჯი ჰქონდა გადადგმული, რომ იგრძნო, როგორ წაავლო მის ჩანთას ლაშამ ხელი და შეეცადა, გამოერთმია. ქალი შედგა და შემობრუნდა.
– დარწმუნებული ხარ, რომ სხვაში არ გეშლები? – მიახალა უკმეხი ტონით.
– დაიწყო. იქნებ ჯერ მომსალმებოდი, ეგრევე იერიშზე რომ გადმოხვედი?! მომეცი ეს ჩანთა, რას მეჭიდავები... ისე, ჭიდაობაზე უარს არ ვიტყოდი, ოღონდ, სხვაგან და სხვა ვითარებაში, – გაიცინა ლაშამ და ანას თვალი მრავალმნიშვნელოვნად ჩაუკრა, მაგრამ ქალმა ისეთი სიძულვილით აღსავსე მზერით უპასუხა, რომ ღიმილი მაშინვე გაუქრა სახიდან.
– ჰო, რა იყო, ვიხუმრე და ნუ გადაირევი ახლა.
– ლაშა, რა გინდა? შეგიძლია, ეგ ჩანთა ჩემს მანქანამდე მოიტანო და წახვიდე.
– რომ დაგელაპარაკო?
– რაზე?
– მაგალითად, ბავშვზე. რა, არაფერი გვაქვს სალაპარაკო?
ქალმა მხრები აიჩეჩა:
– მე ვფიქრობ, რომ არა. რაც შეეხება ბავშვს, ძალიან უცნაური დამოკიდებულება გაქვს საკუთარი მამობის მიმართ.
– მაინც, როგორი უცნაური?
– მაშინ გახსენდება, რომ შვილი გყავს, როცა რაღაცაში გჭირდება.
– ანა, უსამართლო ხარ. მე ყოველთვის მახსოვს ჩემი შვილი.
– არ გინდა პათეტიკა. ხომ არ შეგახსენო, ბოლოს როდის ნახე ლილე? მის დაბადების დღეზე როგორ მოიქეცი, ეტყობა, ეგეც დაგავიწყდა...
– ვიცი, რომ იდეალური მამა არა ვარ, მაგრამ, გადასაგდებად გასამეტებელიც არ უნდა ვიყო. მოვრჩეთ ამ ომს და ის გავაკეთოთ, რაც ჩვენი შვილისთვის იქნება კარგი.
 – მართლა? შენ, ალბათ, ისიც იცი, რა იქნება ჩვენი შვილისთვის კარგი, – გამოაჯავრა ანამ და ფეხს აუჩქარა.
– მოიცადე, სად გარბიხარ?
– მეჩქარება, სახლში ბავშვი მელოდება. ერთი მშობელი მაინც ჰყავდეს გვერდით.
– ანა, ეს უკვე მანიპულაციაა და საკმაოდ ცუდიც, – ამოიოხრა ლაშამ, – რატომ გგონია, რომ შვილი მარტო შენ გიყვარს?
–  არაფერიც არ მგონია.  ჰო, სულ დამავიწყდა, რომ შენ განსაკუთრებული, სხვანაირი სიყვარული იცი. მაგრამ, იცი, პრობლემა რაშია? მეც და ლილესაც ჩვეულებრივი სიყვარული გვესმის და გვინდა.
– ჩემს შვილს რა უნდა, როგორმე თავად გავარკვევ. აი, შენ კი, ისე ლაპარაკობ, ეჭვი მაქვს, ვიღაცამ უკვე შემოგთავაზა ეგ „ჩვეულებრივი სიყვარული“.
– რა?! რას ამბობ? – გაოცებული მიაჩერდა ანა.
– არ გინდა... კლუბში დაგინახე...
– ჰო?! – ირონიულად გადაიკისკა ქალმა, – აი, თურმე, რატომ გახდი ერთბაშად ასეთი ყურადღებიანი და შვილზე გადარეული. გგონია, უარვყოფ, რომ კლუბში თაყვანისმცემელთან ერთად ვიყავი? თუ გინდა, დილამდე ვისაუბროთ ამაზე. მოგიყვები, როგორ გავიცანი, რატომ გავყევი კლუბში და რა გეგმები გვაქვს...
– ცდილობ, სამაგიერო გადამიხადო? მიდი, ნებისმიერთან, თუნდაც პირველივე შემხვედრთან დაწექი და, ვნახოთ, რა გამოგივა.
– შენსავით თამამი არ ვარ, არც თავგადასვლების მოყვარული, რომ პირველივე შემხვედრთან დავწვე. მაგრამ, შეიძლება, ცოლად გავყვე – ვფიქრობ ამაზე.
ლაშამ კბილები გააღრჭიალა და ანა მიხვდა, რომ მტკივნეულ ადგილს შეეხო.
– აჰა, საინტერესოა... ისე გათხოვდებოდი, შემთხვევით რომ არ შეგხვედროდი, ვერც გავიგებდი. ასეა?
– რატომ? მოსაწვევს გამოგიგზავნიდი, – დასცინა ქალმა და მანქანის კარი გამოაღო, – თუ შეიძლება, ჩანთა დადე და დავემშვიდობოთ ერთმანეთს.
– ასე ადვილად ვერ წახვალ, არ გაგიშვებ. მე შენი შვილის მამა ვარ და ანგარიში უნდა გამიწიო.
– არც იფიქრო. შეიძლება, ჩემი შვილის მამა ხარ, მაგრამ ჩემთვის მაინც უცხო ხარ. შენ თვითონ თქვი უარი, ახლობელი ყოფილიყავი.
– ანა, ცოლადაც კი მოგიყვანე, მეტი რა უნდა გამეკეთებინა?
– ნუ მაცინებ... ცოლად მომიყვანა, თურმე... უნიჭოდ დადგმული ფარსი – აი, რა იყო ჩვენი ვითომ ქორწინება.
– შენ მარტო საკუთარ თავზე ფიქრობ, – საყვედურნარევი კილოთი ჩაილაპარაკა ლაშამ.
– მე? ამას ჩემზე ამბობ? თუმცა, რა აზრი აქვს დავას... შეგიძლია, შვილი მაშინ ნახო, როცა მოგესურვება, მე კი ვალდებული არ ვარ, ჩემი პირადი ცხოვრება შენ დაგაგეგმინო.
– იცოდე, გავიგებ, ვინ არის.
– კარგად ვერ შეათვალიერე? – ანას ღიმილმა ტუჩები მოუბრიცა.
 – კლუბში ცუდი განათებაა... თან, მაშინ დაგინახეთ, როცა უკვე გადიოდით.
– ჰო, აღარ მომინდა იმისი ყურება, როგორ უფათურებდი ხელებს იმ ნაშას. ოღონდ, არ იფიქრო, რომ ვეჭვიანობ, უბრალოდ, აღარ მომინდა...
– გასაგებია, იეჭვიანე.  ვერ ხვდები, რომ ისინი არაფერს წარმოადგენენ ჩემთვის? თქვენ კი, შენ და ლილე, რაც არ უნდა თქვა, ჩემი ოჯახი ხართ.
ანა კაცს მიაშტერდა. ლაშა არ იღიმებოდა. თვალებშიც რაღაცნაირი სევდა ჰქონდა ჩამდგარი, მისთვის უჩვეულო. ქალი დაიბნა. ლაშას ხელიდან ჩანთა გამოსტაცა, მანქანის სავარძელზე დადო და ხმის ამოუღებლად მიუჯდა საჭეს. ლაშას აღარ გაუჩერებია...
***
სოფომ ყავა მოადუღა, ფინჯნებში ჩაასხა და ანას ოთახში, სავარძლებთან მდგარ პატარა მაგიდასთან მიიტანა:
– ყველაფერი მომიყევი, ინტერესით ვკვდები.
ანამ ყავა მოსვა:
– იცი? მგონი, მართალი იყავი.
– რას გულისხმობ, რაში ვიყავი მართალი?
– საკუთარ ბედნიერებაზე უნდა ვიზრუნო და ვახოს წინადადებაზეც სერიოზულად დავფიქრდე.
– რა? ხელი გთხოვა? – თვალები გაუფართოვდა სოფოს, – უკვე?
– არა, მანდამდე არ მისულა საქმე... ნუ, მე არ მივეცი საშუალება...
– რატომ? აუ, ხომ გეუბნებოდი, მართლა მოეწონე-მეთქი, ან, საერთოდ, შეუყვარდი... კი, კი, ნამდვილად ასეა – შეუყვარდი ვახოს. ვაიმე, რა საყვარელია! ასეთი რომანტიკული კაცები კიდევ თუ იყვნენ, არ მეგონა.
– სოფო, რას ამბობ, რა რომანტიკაზე მელაპარაკები, როცა ჩემი ცხოვრება ერთი დიდი პროზაა?! ვერც წარმოიდგენ, როგორ ვნერვიულობ. ლაშა გუშინ ისე მოიქცა... – ანამ თავი გადააქნია.
– ავი ძაღლივით, ხომ? – ამოიოხრა სოფომ, – კაცები უმადურები და მესაკუთრეები არიან. სჭირდები თუ არ სჭირდები, უნდიხარ თუ არ უნდიხარ, მაინც გებღაუჭებიან. იცი, რას ვიზამდი შენს ადგილას? გავთხოვდებოდი, დიახ! აუ, რა გამწარდება ლაშა?!
– ლაშას გამწარებას არ ვჩივი, თუმცა, ცუდი არ იქნებოდა. მე არ გავმწარდე – აი, რა უნდა ვიცოდე, სანამ ამ ნაბიჯს გადავდგამ.
– მოიცა, ვახო არ მოგწონს? დამიჯერე, არ არის ცუდი კაცი. თავს ვერავისზე დავდებ, მაგრამ, რატომღაც, დარწმუნებული ვარ, რომ შენზეც და ლილეზეც ძალიან კარგად იზრუნებს.
– შეიძლება... – ანამ სიგარეტს მოუკიდა, – და, მაინც, არ არის ადვილი, ადგე და გათხოვდე, როცა გყავს შვილი, ამ შვილს კი ჰყავს ცოცხალი მამა, რომელსაც პრეტენზია აქვს, რომ კარგი მამაა. როგორ წარმოგიდგენია ლაშას ურთიერთობა შვილთან, როცა ვახოს ცოლი ვიქნები? ეჭვი ხომ არ გეპარება, რომ ყოველდღე ირბენს ლილეს სანახავად, ოღონდ კი მე მომიშხამოს ცხოვრება?!
– ჰო, მაგას გააკეთებს. მაგრამ, მგონი, შენ მაინც უნდა სცადო. რაღაც პრობლემები გექნება, დისკომფორტიც, მაგრამ, უნდა გაუძლო და ნელ-ნელა ყველაფერი დალაგდება. მოსწყინდება წინ და უკან სირბილი, შეგეშვება და იცხოვრებ ბედნიერად ვახოსთან ერთად. თან, ფულიც აქვს.
– რა ლამაზი სურათი დახატე... მაგრამ, მე შენნაირი დიპლომატი არ ვარ. ფულს რაც შეეხება, მაგაზე საერთოდ არ ვფიქრობ. საკმარისი შემოსავალი მაქვს, ამიტომ ჩემთვის ეგ პრიორიტეტული არ არის.
– პრიორიტეტი არ მიგულისხმია. თუმცა, მათხოვარი რომ არ არის, ეგეც პლუსია...
– კიდევ კარგი, ვერ დაინახა, ვისთან ვიყავი. ჩხუბი და თავ-პირის დალეწვაღა მაკლდა.
– აბა?! თვითონ რომ ნაშასთან ერთად იყო, არა უშავს?
– არა უშავს, იმიტომ რომ, ოჯახი მე და ლილე ვყოფილვართ და არა მისი ნაშები. უნდა მიხაროდეს?
– რა სისულელეა!  ლაშასნაირ კაცებს ოჯახი საერთოდ არაფერში სჭირდებათ...
– მეც ასე ვფიქრობ. კარგი, წადი ახლა. უნდა ვიმუშაო. ოღონდ, რა უნდა გავაკეთო ამ ფიქრებით გაძეძგილი თავით, არ ვიცი. ჯერ ინვესტორთან მაქვს შეხვედრა, მერე სამინისტროს წარმომადგენელთან. მაკიაჟი ხომ არ გაქვს აქ? ცოტას წავისვამდი ტონს, თორემ, მეტყობა, გუშინ რომ არ მძინებია.
– მე არ დამაქვს, მაგრამ ვიცი, ვისაც ექნება. ახლავე მოვალ.
თავის ოთახში შესულ სოფოს ირინკა იქ არ დაუხვდა. წყრომით ჩაიქნია ხელი და დერეფნებში დაუწყო ძებნა, მერე მობილური აიღო და დაურეკა. ნომერი დაკავებული იყო. ისევ ოთახში დაბრუნდა. ბევრი არ უფიქრია, ირინკას ჩანთის შესაკრავი გახსნა და ორი თითი „კოსმეტიჩკას“ ჩაავლო. სწორედ ამ დროს შემოაღო კარი ირინკამაც და თანამშრომელს გაოცებით შეხედა:
– რას აკეთებ?! ჩემს ჩანთაში რატომ იქექები?
– ანას „კოსმეტიჩკა“ დასჭირდა. მე არ მაქვს, შენ ვერ გიპოვე, ჰოდა, გადავწყვიტე, უკითხავად ამეღო.
– ხშირად იღებ ხოლმე ასეთ გადაწყვეტილებებს? – წარბი შეიკრა ირინკამ, – ვერ ხვდები, რომ ცუდად მოიქეცი?
– არც ისე ცუდად, რომ ასეთი ამბავი ატეხო. მალე დაგიბრუნებ.
– აუ, სოფო... ვერ ვიტან, როცა ჩემს პირად ცხოვრებაში და ჩანთაში ხელს ყოფენ. ასევე ვერ ვიტან, როცა ჩემს ზურგს უკან ლაპარაკობენ ჩემზე და ძირს მითხრიან...
– არ გინდა, რა... მხოლოდ „კოსმეტიჩკა“ ავიღე, ისიც ჩემთვის არა და მალე დაგიბრუნებ. კაცი ხომ არ წამირთმევია შენთვის?!
– ვერც წამართმევ, თავიც რომ მოიკლა, – იქედნურად ჩაიცინა ირინკამ, – ეგღა მაკლია!
– გეხვეწები, ნუ მეჩხუბები. შევუტან „კოსმეტიჩკას“ ანას და ეგრევე დაგიბრუნებ.
– ხელი გაუშვი. მე თვითონ შევუტან.
სოფომ წყენით შეხედა თანამშრომელს და „კოსმეტიჩკას“ ხელი გაუშვა.
ირინკამ გამარჯვებულის სახით აიღო ჩანთა და ანასთან გავიდა. სოფომ ამოიოხრა და მხრები აიჩეჩა.
***
ვახომ მობილურს დახედა, მაგრამ, ნომერი ვერ იცნო. ტელეფონი რეკავდა და რეკავდა.
– გისმენთ!
– ვახო, ლაშა ვარ და სალაპარაკო მაქვს შენთან, უნდა შევხვდეთ.
– მე არ მცალია.
– კარგი, რა... ვიცი, რომ გაბრაზებული ხარ ჩემზე, მაგრამ, შენზე ცუდად არ ვფიქრობ, დამიჯერე...
– მართლა? რა საინტერესოა... დიდი მადლობა ამ სიტყვებისთვის, მაგრამ მართლა არ მცალია.
– საღამოს შევხვდეთ, ახლა თუ არა...
– არც საღამოს მეცლება. საყვარელ ქალს ვხვდები, სიამოვნება უნდა მივიღო ცხოვრებისგან, – უხეშად მიახალა ვახომ და ტელეფონი გაუთიშა.
ლაშამ შეიგინა და მობილური მაგიდაზე მოისროლა.
– რაო? – მოუთმენლად ჰკითხა ნიკამ, – მოვა?
– არა. გამო...ვებულია, რას გეუბნებოდი?
– თუ ღმერთი გწამს, მორჩი... მაინც, რა გითხრა?
– თავისი ჭკუით, აბაროტი ამიღო – ახლა არ მცალია და საღამოს საყვარელ ქალს უნდა შევხვდე, რომ ცხოვრებით დავტკბეო.
– მართლა ასე გითხრა? – ნიკა გაფითრდა.
– დიახ და, მაგას ჰგონია, დავიჯერე. მოდი, რა, სხვა პარტნიორზე ვიფიქროთ. დამიჯერე, ტყუილად ვკარგავთ დროს... მოიცა, მირეკავენ, – ლაშამ ნიკას ანიშნა, ცოტა მადროვეო და მობილური ღიმილით მიიტანა ყურთან, – არ დამვიწყებიხარ, თუ საყვედურისთვის მირეკავ... აი, დღეს საღამოს ვაპირებდი, მენახე... მეც მომენატრე, რა თქმა უნდა... რა მომენატრა და... მაგას რომ გნახავ, მაშინ გეტყვი... აბა, რას ამბობ, როგორ შეიძლება, შენ სხვაში ამერიო?.. აუცილებლად გნახავ... რა? კარგი, დღეს ყველაფერი ისე იქნება, როგორც მეტყვი.
ნიკამ უკმაყოფილოდ გახედა მოღიმარ ლაშას:
– არ იშლი, ხო, შენსას?
– რა გინდა? საღამოს შეხვედრა ხომ ჩაიშალა?
– შენც ეგ გინდოდა, არა? ძალიან არასერიოზულად იქცევი. პირდაპირ მითხარი, გადიხარ ამ საქმიდან? ბიჭო, რაც მე ვიჩალიჩე... დიდ ფულს ვკარგავთ, იცოდე, შენ კი ვიღაც ნაშასთან შეხვედრა გირჩევნია.
– ნაშა არ არის. მაგარი ვინმეა, ირინკა...
– ვინ? ირინკა ჰქვია?
– ჰო, რა იყო?
– არაფერი... მერე?
– რა მერე? – მხრები აიჩეჩა ლაშამ, – მიდექ-მოდექი, დაალაგე სიტუაცია და პრობლემა არ არის – მოვალ შეხვედრაზე და საქმეშიც დავრჩები.
– ასე არ გამოვა, გააპროტესტა ნიკამ.
ლაშამ მობილური ჯიბეში ჩაიტენა და გაეცინა:
– რა არ გამოვა, ნიკა? ხომ იცი, როცა მინდა და რაც მინდა, ყოველთვის იმას ვაკეთებ. თან, არც მაგ ბიზნესზე ვარ ჩამოკიდებული..
– აუ, რა ტიპი ხარ, რა!..
– ნიკა, ვიცი, რომ უჩემოდაც ყველაფერი გამოვა. ვახოსაც შენ დაელაპარაკე.
– მოიცა, მართლა ნაშებში მიდიხარ, ბიჭო?
– ირინკა უბრალო ნაშა არ არის.
– სად მუშაობს ეგ შენი ირინკა? – უკვე კართან მისულს დააწია ნიკამ.
– რა მნიშვნელობა აქვს, – უკანმოუხედავად მიაძახა იმანაც და კარი გაიჯახუნა.
ნიკამ თავზე იტაცა ხელები და ცოტა ხანს ასე იჯდა, მერე კი მობილურს ეცა და მესიჯის ტექსტის აკრეფა დაიწყო...
***
ანამ სარკეში ჩაიხედა.
– საკმარისია, მეტი არ არის საჭირო. გმადლობ, ირინკა.
– ცოტა ჩრდილებიც ხომ არ დაგვემატებინა? მოგიხდებათ.
– არა, მადლობელი ვარ.
ირინკამ გაუღიმა, „კოსმეტიჩკა“ შეკრა და ჰკითხა:
 – კიდევ რამე ხომ არ გინდათ?
– არა.
– შეიძლება, დღეს ადრე წავიდე?
ანამ მხრები აიჩეჩა:
– თუ ასე გჭირდება, წადი, მაგრამ...
– ვიცი, სისტემატური სახე არ უნდა მივცე ამას... გპირდებით, ყველაფერს მივხედავ.
– კარგი იქნება, თორემ, საზოგადოებასთან ურთიერთობაში აშკარად პრობლემები გვაქვს. მიხედე საქმეს...
ირინკა რომ გავიდა, ანამ მდივანს დაურეკა და უთხრა, შეხვედრისთვის მცირე საკონფერენციო დარბაზი მოემზადებინა, მერე კი ვახოს ნომერი აკრიფა:
– მე ბევრი ვიფიქრე... მოდი დღეს ჩვენთან, ლილეს გაგაცნობ...
გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3