კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ იქცევიან ქართველი პოლიტიკოსები თამადებივით, რომელთა სიტყვა და საქმე განსხვავდება და რატომ იზომება საქართველოში სამშობლოს სიყვარული შესმული სასმისის ზომით

ისე ხდება, რომ ქართველები, როგორც წესი, საქართველოს სიყვარულში ერთმანეთს ეჯიბრებიან, მაგრამ მხოლოდ ლამაზ-ლამაზი სიტყვების კორიანტელით; თუმცა არც უიმისობაა, რომ ჟრუანტელიც უვლით ხოლმე მშობლიური სანახებისა თუ ეკლესია-მონასტრების შეხედვისას, ქართული ხალხური სიმღერის გაგონებისა თუ ცეკვის ხილვისას; ილიაც უყვართ და შოთა რუსთაველითაც ამაყობენ; იმითაც, რომ ქართული ანბანი დედამიწის 14 ანბანთაგან ერთ-ერთია; საქმე საქმეზე თუ მიდგა, სიცოცხლესაც გაიღებენ, მაგრამ, აი, პარკში უპატრონოდ მდგარ ხეს არც კი შემოუბარავენ და ნაგავსაც უხვად დაყრიან, მანამდე რომ ჟრუანტელს ჰგვრიდათ, იმ გარემოში. რატომ არ გადადის ქვეყნისადმი ქართული სიყვარული ქმედებაში? – ამ კითხვაზე პასუხის მიღებას  ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორისგან, პროფესორ დიმიტრი ნადირაშვილისგან შევეცდებით.

 – ჩვენთან თითქოს ყველას უყვარს სამშობლო, მაგრამ ელემენტარულ რამეს არ გააკეთებს ყოველდღიურობაში.
– ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი საკითხი, რაც ჩვენ წინაშე დგას, არის ის, თუ როგორ უნდა განვითარდეს ჩვენი ქვეყანა და რა არის საჭირო იმისთვის, რომ პროგრესსა და მნიშვნელოვან წარმატებებს მივაღწიოთ. ასეთი დისკუსია საზოგადოებისთვის აუცილებელია, რადგან, თუ ამ საკითხზე არ იქნა კონსენსუსები მიღწეული, წინსვლა ვერაფრით მოხდება და, მართლაც, არიან ქვეყნები, რომლებიც ვითარდებიან მატერიალურად, კულტურულად, სულიერად, მეცნიერების, პიროვნული და ეროვნული ასპექტით და, არიან ერები და სახელმწიფოები, რომლებიც სრულ სტაგნაციაში იმყოფებიან და ვერაფრით ამოდიან იმ ჭაობიდან, რომელშიც მოხვდნენ. ამიტომ, როდესაც ასეთ საკითხზე ვმსჯელობთ, გარდა ჩვენი პირადი გამოცდილებისა, მსოფლიო გამოცდილებაც გასათვალისწინებელია. მაგალითად, თომას მანის რომანი „ჯადოსნური მთა“ სწორედ ამ თემაზეა დაწერილი: მონარქისტული გერმანია უცებ დაინგრა და ფიქრობენ, როგორ განვითარდნენ. ჩვენთან კარგი ისაა, რომ სიტყვით, ემოციითა და სიყვარულით მაინც არიან ადამიანები მომართულნი პატრიოტულად.
– პატრიოტიზმი, უდავოდ, კარგი ტონია ჩვენთან.
– ანუ ეს იმის ნიშანია, რომ მაინც ფოკუსშია მოქცეული ამ დიდ ერთეულზე: ერზე, სახელმწიფოზე ზრუნვა. ნეგატიური დამოკიდებულება რომ ჰქონდეს საზოგადოებას ან გულგრილი, ეს კიდევ უარესი იქნებოდა და, არის ქვეყნები, რომლებშიც ეს ასეა და მათი საქმე გაცილებით უარესადაა, ვიდრე ჩვენი, სადაც სიტყვით მაინც არის ემოციური დამოკიდებულება პატრიოტიზმისადმი. მაგრამ, რა თქმა უნდა, მარტო სიტყვა საქმე არ არის და, აქედან გამომდინარე, მოსაძებნია გზა, როგორ გადავიდეთ სიტყვიდან ქმედით აქტივობაზე.
– რუსთაველიც ამას გვასწავლის: ბედითი ბნედა, სიკვდილი რა სიყვარული გგონია, სჯობს, საყვარელსა უჩვენო საქმენი საგმირონიაო. სიყვარული ხომ გულისხმობს ზრუნვასაც? ჩვენი სიყვარული რატომ არის შორს ქმედებისგან?
– ჩვენ კიდევ ერთი ფორმა გვაქვს –  სადღეგრძელო, როდესაც სიტყვები ხშირად ძალიან ემოციურია, მაგრამ არ მოსდევს ქმედება.
– და ქვეყნისადმი სიყვარული, რატომღაც, იზომება შესმული სასმისის სიდიდით, არადა, არ მესმის, რა კავშირი აქვს სიყვარულს ალკოჰოლის რაოდენობასთან.
– ეს სუფთა ქართული ფენომენია, იმიტომ რომ სუფრა ქართულია და მას, გარდა უარყოფითისა,  აქვს დადებითი ეფექტიც, მაგრამ ჩვენ ახლა ნეგატიურზე ვსაუბრობთ: განსხვავებაზე ემოციას, სიტყვასა და საქმეს შორის. ესეც ქართული ფენომენია, რაც გასაცნობიერებელი გვაქვს და, განსაკუთრებით, პოლიტიკაში, რადგან პოლიტიკოსები ხშირად იქცევიან ისეთი თამადასავით, რომლის სიტყვა და საქმე განსხვავდება და პოლიტიკოსები, ამ თვალსაზრისით, შეიძლება, იყენებდნენ სუფრის სწორედ ამ ნეგატიურ ფორმას. რით განსხვავდება სახელმწიფო, რომელიც ვითარდება, სახელმწიფოსგან, რომელიც ვერ ვითარდება? ერთი ფაქტი მინდა გავიხსენო გერმანიის ისტორიიდან: გერმანია, როგორც ერი და როგორც სახელმწიფო, დამარცხდა 1945 წელს და ჩვენ ყველას გვინახავს კადრები, როგორ იყო დაბომბვებით მიწასთან გასწორებული ქვეყანა და, 1954 წელს, 9 წლის შემდეგ, გერმანიის ნაკრები პირველად გახდა მსოფლიოს ჩემპიონი ფეხბურთში. თითქოს რა ეფეხბურთებოდათ, მაგრამ, რა კოლოსალური ძვრა უნდა მომხდარიყო ამ ერში, რომ ასეთი პროგრესისთვის მიეღწია?! თან, გავიხსენოთ, რომ იმხანად გერმანია ორად იყო გაყოფილი და ამ წარმატებას მიაღწია ნახევარმა ქვეყანამ.
– მეც გამახსენდა მსგავსი მაგალითი, თუ არ ვცდები, 1998 წელს ხორვატია გავიდა მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში. მანამდე ხორვატიამ გადაიტანა ომი, როდესაც იუგოსლავიის დაშლის შემდეგ სერბეთმა მათ სანაპირო ზოლი წაართვა, მაგრამ ხორვატებმა ტერიტორიაც დაიბრუნეს და ფეხბურთშიც მიაღწიეს წარმატებას. მაშინ ძალიან შემშურდა ხორვატების, განსაკუთრებით, ტერიტორიის დაბრუნების საკითხში.
– დიახ, მეც ვიხსენებ ამ ფაქტს და, ამ მხრივ, ხოვრატების მაგალითი ჰგავს გერმანელების მაგალითს. აი, იმ დანგრეულ გერმანიაში გერმანელებმა ერთად დაიწყეს შენება, ისინი ერთად იდგნენ და ხელიდან ხელში აწოდებდნენ დაშლილი შენობის აგურებს ერთმანეთს, მთელი ერი დაირაზმა. ანუ იყო ერთად ყოფნის პოზიტიური მაგალითები, როდესაც მომართულები იყვნენ, რომ ერთად გაეკეთებინათ საერთო საქმე, რომელიც ყველას ინტერესი იყო. ასეთი აღმშენებლობა, რა თქმა უნდა, ასეთი მოტივაციით იქმნება, თორემ, დარწმუნებული ვარ, რომ გერმანელებიც უპირისპირდებიან ერთმანეთს, როგორც ქართველები, მაგრამ საერთო ინტერესი ძალიან დიდი მოტივაციაა. სწორედ ასეთმა მოტივაციამ იმდენად შეცვალა რეალობა, რომ მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ.
– ხშირად ითქმევა და მეც ხშირად ვამბობ, რომ არ გვაქვს სახელმწიფოებრივი აზროვნება. ავხსნათ, რას ნიშნავს ეს სახელმწიფოებრივი აზროვნება?
– ეს ყველაზე ნათლად ჩანს ასეთი მაგალითით: როგორ უნდა მოეწყოს საერთო ქუჩა? ქუჩას შეიძლება ისე უვლიდეს საზოგადოება, რომ იქ ყოფნა იყოს კომფორტული და გარემო ესთეტიკური, ანუ ხდებოდეს იმის საპირისპირო, რაც ხდება ჩვენთან. დაუგროვდა ვინმეს ნაგავი –  სად უნდა გადაყაროს? რა თქმა უნდა, ქუჩაში; ქუჩაში ლამაზი მცენარეა დარგული?! თუ მოეწონება, მოწყვეტს და წაიღებს სახლში. ასეთი ქცევები გვიჩვენებს, რაზეა ორიენტირებული საზოგადოება: რომ საერთო გახდეს ლამაზი და საინტერესო თუ პირიქით, დაბინძურდეს და განადგურდეს?! ჩვენთან ხდება ის, რომ ვიქცევით ეგოისტურად და არა სახელმწიფოებრივად, ანუ ვართმევთ საერთოს და ეგოისტურად მიგვაქვს სახლში. გვგონია, რომ ამით გავმდიდრდებით, არადა, პირიქით, ვისაც მოაქვს საერთოში, ის მდიდრდება –  ეს არის სახელმწიფოებრივი აზროვნების მოდელი და საზოგადოებაში უნდა მოხდეს სახელმწიფოებრივი აზროვნების წახალისება. ჩვენ არ გვქონდა სახელმწიფოებრივი აზროვნება ბოლო ორასზე მეტი წელია და მანამდე კიდევ ორასი წელიც.
– გიორგი ბრწყინვალის შემდეგ გვქონია ერთიანი სახელმწიფო?
– დიახ, ასეთი სიცარიელე და უდაბნოა სახელმწიფოებრიობის და ამიტომ აუცილებელია სახელმწიფოებრივი აზროვნების წახალისება ისეთი ელემენტარული რამეების დონეზეც კი, როგორიცაა ქუჩის გალამაზება. მაგალითად, ერთ დღესაც, დავინახე, რომ ჩემი სახლის სადარბაზოს გამოსასვლელს ახატია რომელიღაც ორგანიზაციის ლამაზი ნახატი. იმდენად უცნაურია ჩემი ქუჩისთვის ასეთი გალამაზება, რომ თეთრი ყვავივით მოჩანს. ერთხანს მომიწია სან-ფრანცისკოში მუშაობა და ვნახე, როგორ ზრუნავენ სოციალურ რეკლამაზე, სავსეა ქალაქის ურბანული ლანდშაფტი, აი, ასეთი დატვირთვის მქონე სიტყვებით, ამგვარი განწყობის გამომხატველი სურათებითა თუ მხატვრული ფორმებით, რომელთა შინაარსია – იზრუნე, რომ ერთად ვიყოთ ბედნიერები – და ასეთ დროს ქრება კრიმინალურ-ეგოისტური სივრცე, სადაც ანტისოციალური და ანტისახელმწიფოებრივი მძლავრობს, რომელიც, ასევე, არსებობს ადამიანში.
– ჩვენთან ჯარიმებით დაიწყო მოქალაქეების წვრთნა და, სანამ ჯარიმები არ შემოიღეს, ღორობა ცხოვრების წესი იყო.
– მხოლოდ ჯარიმა ძალიან ცუდი ფორმაა, იმიტომ, რომ ჯარიმა ამბობს: მე გსჯი შენ.
– გწვრთნის, როგორც ცხოველს და არა როგორც ადამიანს, რომელსაც სიამოვნებას ანიჭებს საერთოზე ზრუნვა.
– ამ შემთხვევაში იდეალურია დაჯილდოებისა და დასჯის მეთოდი, როდესაც წახალისებულია, თუ ადამიანურად იქცევა და, დასჯილია, თუ არაადამიანურად, ანუ ცხოველურად იქცევა. გარკვეულ საზოგადოებებში უკვე კონტროლიც აღარ არის, რადგან არავინ არაფერს იპარავს და არ ანადგურებს. ჩვენც გვჭირდება სახელმწიფოებრივი აზროვნების წახალისება, რომ, ლამაზი ქუჩა, სადაც ერთმანეთს უღიმიან და სადაც კომფორტია, უკეთესი გარემოა, ვიდრე ბინძური და კრიმინალური ქუჩა, რომელშიც ერთმანეთი მხოლოდ უნდა აკონტროლო და რომელშიც ვერ ისვენებს ადამიანი. თან, ეს აზრის კი არა, განცდის დონეზე უნდა იყოს, გამოცდილებაში უნდა გადავიდეს, რადგან ადამიანები გამოცდილებით ვითარდებიან. ასეა მთელი ცხოველთა სამყაროც: გამოცდილებაზეა აგებული.
ამას წინათ ვუყურე დოკუმენტურ ფილმს, როგორ მოაწყო გონებრივად არცთუ განვითარებულმა ცხოველმა თავისი გარემო: ქმნიდა ბილიკებს იმისთვის, რომ, თუ გამოეკიდებოდა რომელიმე მტაცებელი, თავის გაყვანილ ბილიკებზე ისე ერბინა, როგორც ნაცნობზე, რადგან, ის, ვინც მასზე პირველად გაიქცეოდა, ვერ დაეწეოდა. იგივეა, როდესაც მცირე ზომის თევზი იმალება დიდ გუნდში, რომ გადარჩეს. ასე არიან მცენარეებიც, რომლებიც გამოყოფენ ტკბილ წვენს, იზიდავენ მწერს, შემდეგ კი იხურებიან და ჭამენ იმ მწერებს. ანუ, თავიანთი გამოცდილებით მცენარეები და ცხოველებიც კი ქმნიან საცხოვრებელ გარემოს, რომელშიც ისინი გადარჩებიან და არიან წარმატებულები. იმავეს თქმა შეიძლება მფრინავ თევზებსა თუ წყალზე მორბენალ ხვლიკებზე. გამოცდილებით უამრავი რამ შეიძლება,  მოიფიქროს არათუ ადამიანმა, არამედ, ზოგადად ცოცხალმა ორგანიზმმა, რათა შექმნას ისეთი გარემო, რომელშიც წარმატებას მიაღწევს და გადარჩება. ესეც გვაკლია ქართველებს, რომ შევქმნათ ისეთი საცხოვრებელი გარემო, რომელშიც ვიქნებით წარმატებულები და მოვახერხებთ საკუთარი ნიჭისა და უნარის გამოყენებას. სხვათა შორის, იმ დიდი ნიჭის, რომლითაც ინდივიდუალურად გამოირჩევა ქართველი და ქართველი, უდავოდ, გამოირჩევა, როდესაც ხვდება სხვა მასაში.
– ჩემი დაკვირვებით, ორივე მიმართულებით: როგორც დადებითად, ის უარყოფითად, იმისდა მიხედვით, თუ რომელ გარემოში მოხვდება.
– თუ შევხედავთ პლუსებს: ქართველი ინდივიდუალურად ბევრად უფრო ნიჭიერია, უფრო ინტელექტუალური და ადამიანურია, ვიდრე კოლექტიურად, იმიტომ რომ ჩვენ დარღვეული გვაქვს კოლექტიური თანაარსებობა და, როგორც ფსიქოლოგი, მე ამას ავხსნი წინა პერიოდებით, როდესაც არ გვქონდა სახელმწიფო და არ ვიყავით მიჩვეულები კოლექტიურ ცხოვრებას.
– თუმცა ქართული კულტურა კოლექტივისტური კულტურაა, სადაც მნიშვნელოვანია „ჩვენ” და არა –  „მე.”
– ჩვენ არ ვართ სახელმწიფოებრივი კულტურის წარმომადგენლები. ჩვენ უფრო ინდივიდუალისტები ვართ, ვიდრე სახელმწიფოებრივი კულტურის წარმომადგენლები. თუმცა, მეორე მხრივ, ჩვენ ვქმნით მცირე-მცირე ჯგუფებს, ოჯახი, სამეგობრო და ამ ჯგუფებში კომფორტულად ცხოვრებაც შეგვიძლია. ქართული მეგობრული გარემო გამოირჩევა, მაგრამ ვერ გამოვირჩევით სახელმწიფოებრივი აზროვნებით; იმის თქმა მინდა, რომ დეფიციტი გვაქვს გამოცდილების, არადა, გამოცდილებით ცხოვრობს მთელი ცოცხალი სამყარო და ადამიანიც. აი, რა გვაქვს გამოსასწორებელი, რადგან ესაა სახელმწიფოებრივი აზროვნებაა.
ამას გარდა, ერები, რომლებიც ვითარდებიან, ისახავენ მიზანს. ჩვენ გვყავს პერსონაჟი მიხო, რომელიც გულაბი მსხლის ძირში წევს უმიზნოდ და ნატრობს, ჩამოვარდეს მსხალი და ჩაუვარდეს პირში. ასეთი ცხოვრების წესით კი არაფერი ვითარდება. ადამიანის ცხოვრება, რომელიც ისახავს მიზანს, განსხვავდება იმ ადამიანის ცხოვრებისგან, რომელსაც არ აქვს მიზანი. ადამიანი, რომელიც მიზანს ისახავს და მტკიცედ მიიწევს ამ მიზნისკენ, ისეთ შედეგებს აღწევს, რომელიც მიზნის დაგეგმვისას დასახული არც ჰქონია, იმიტომ რომ, გზაზე მიმავალი ვითარდება, მიზნისკენ სვლისას ძლიერდება და ისეთი ხდება, როგორიც არ იყო მიზნის დასახვის დროს. უმიზნო ადამიანი კი გაყინულია და რჩება ისეთი, როგორიც გაჩნდა, ანუ ვერ ავითარებს საკუთარ უნარებსა და შესაძლებლობებს და ჩვენ არ გვაქვს ასეთი დიდი მიზნები. ვინც არ ფიქრობს, რომ განვითარდეს, მისი გაქანება ძალიან ვიწრო რჩება. თუმცა ქართველებს ის პლუსი გვაქვს, რომ შეგვიძლია, ჩავიხედოთ და გვაინტერესებს, რა ხდება მსოფლიო ლიტერატურაში, მეცნიერებაში, ხელოვნებაში. ჩვენ, ამ მხრივ, მსოფლიო კულტურაზე ვართ ორიენტირებულნი და ამის გამოყენებაც შეგვიძლია.

скачать dle 11.3