კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა მიზეზით გამოიპარა ლაურა რეხვიაშვილი საკუთარი ოჯახიდან და რატომ აპირებდა მის მოკვლას მამა

მსახიობ ლაურა რეხვიაშილს არაერთი როლი აქვს შესრულებული თეატრსა თუ კინოში, თუმცა, გმირი, რომელიც ქართველმა მაყურებელმა ყველაზე მეტად შეიყვარა და დაიმახსოვრა არის ბაბულა „სიყვარული ყველას უნდადან“, რომელმაც მსახიობს საოცარი პოპულარობა მოუტანა. ცოტა ხნის წინ კი ულამაზესი და უნიჭიერესი მსახიობი სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“ ეგონას როლით გამოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ მის გმირს ჯერ კარგად არ ვიცნობთ, უკვე დაიმსახურა მაყურებლის დიდი ინტერესი. 
ლაურა რეხვიაშვილი: ჩემი მსახიობობა ჩემი ოჯახისა და იმ გარემოსთვის, სადაც მე დავიბადე და გავიზარდე, წარმოუდგენელი იყო. მსახიობობა მაშინ სულაც არ ითვლებოდა კარგ ტონად. არც ვიცი, ეს პროფესია რატომ ავირჩიე. ერთხელ, ჩემი თავი სარკეში რომ დავინახე, ეტყობა, მომეწონა და ვიფიქრე, რომ მე უნდა მიყურონ. მამაჩემმა როცა გაიგო, რომ თეატრალურ ინსტიტუტში მოვეწყვე, ორლულიანი თოფი გადატენა. ეს დიდი სირცხვილი იყო, რადგან მე, მისი წარმოდგენით, ექიმი ან მასწავლებელი უნდა ვყოფილიყავი. მე კი თეატრალურში ჩასაბარებლად ქალაქში ჩუმად წამოვედი, უფრო სწორად, ოჯახმა იცოდა, რომ თბილისში ჩვენი ოჯახის ნათესავთან მოვდიოდი. ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო და წინააღმდეგობა არ გაუწევიათ, მაგრამ, არავინ იცოდა, სინამდვილეში რა მიზანი მქონდა. ჩამოვედი, მეორე დღეს საგანგებოდ გამოვეწყვე და გამოცდის ჩასაბარებლად წავედი. თან მქონდა ჩემი საბუთები, რომელიც პედაგოგიურ ინსტიტუტში მქონდა შეტანილი და აქ წამოსაღებად მოვიპარე. ჩემი „სოფლელობა“ იმაში გამოიხატა, რომ გამოცდის ჩასაბარებლად აგვისტოში ჩამოვედი, არადა, თურმე, ეს პროცედურები ივლისში იწყება. მე უკვე „მოთავებულზე“ ჩამოვედი. მხოლოდ ის ვიცოდი, რომ რუსთაველი ქალაქის ცენტრალური პროსპექტია და თეატრალური ინსტიტუტი რუსთაველის სახელობისაა. გადავწყვიტე, პროსპექტის ორივე მხარეს მეძებნა ინსტიტუტი და მივსულიყავი. მეტრო „თავისუფლებიდან“ ამოსული, რატომღაც, მაშინვე თეატრალურის მხარეს გადავედი. მოულოდნელად წვიმა წამოვიდა, არადა, როგორც გითხარით, საგანგებოდ ვიყავი გამოწყობილი და, არ მინდოდა, თმა დამშლოდა ან დავსველებულიყავი. ამიტომ ნაბიჯს ავუჩქარე და პირველივე ღია კარში შევვარდი, ფანჯარასთან დავდექი და ველოდი, როდის გადაიღებდა წვიმა, რომ თეატრალური ინსტიტუტის მოსაძებნად გამეგრძელებინა გზა. უცებ ვხედავ, რომ დედას მოჰყავს ატირებული შვილი და აჩუმებს: გაჩუმდი, შე სასიკვდილე, ესე იგი, უნდა ჩაჭრილიყავი, ვინ გყავდა შენ მსახიობიო?! ვაიმე, სად ვარ-მეთქი. კედლებს შევხედე, სადაც მოწყობილებისა და ჩაჭრილების სიები იყო გამოკრული. ამ დროს, ძალიან დიდმა ხელოვანმა დოდო ალექსიძემ ჩაიარა, თუმცა მაშინ მისი ვინაობა არ ვიცოდი. ქალიშვილოო, – მომმართა და მარჯვენა ხელით ნაზად შემატრიალა. „ქალიშვილი“ მასზე ერთი თავით და კიდევ ნახევრით მაღალი აღმოვჩნდი. ამომხედა და მკითხრა, აქ რატომ დგახართო. მეც დავხედე და ვუთხარი, რომ თეატრალურში მიმავალმა ამ შენობაში შევაფარე თავი წვიმას. ხელი მომკიდა და წამიყვანა. კედელზე დავინახე წარწერა – „მიმღები კომისია.“ შემიყვანა და სკამზე მჯდარ კაცს უთხრა, ამ გოგოს დაელაპარაკეო. მან თემურ ჩხეიძე შემოიყვანა და ორივეს გაუკვირდა, რატომ მივედი ჩასაბარებლად, როცა ეს პროცესი უკვე დამთავრებული იყო. შემოვიდა მიხეილ თუმანიშვილი. მათთვის დოდოს უთქვმს ჩემ შესახებ: კარგი გარეგნობის გოგოა და, თუ თავშიც ყველაფერი რიგზე აქვს, ღირს, რომ დაელაპარაკოთო. იმ წელიწადს ბატონ მიხეილს აჰყავდა ჯგუფი და თემური მისი ასისტენტი უნდა ყოფილიყო. თუმანიშვილმა ფეხებიდან ამხედ-დამხედა და, „ვაიო,“ – თქვა. ამ გოგოს თავისი გარეგნობის ტოლფარდი ნიჭიერება თუ აღმოაჩნდა, მე დავარღვევ ყველანაირ მიღების წესსო და დაარღვია კიდეც. ჩემი სამსახიობო მონაცემები რომ შეამოწმა და მითხრა, ჩემი სტუდენტი ხართო, სიხარულისგან ავხტი და გულზე ჩამოვეკიდე. შემიძლია მამას ვუთხრა-მეთქი?! შეგიძლიაო. მერე მამაჩემმა ის ორლულიანი თოფი დადო, რადგან არ ჩავედი და თვითონ ჩამოვიდა აქ. მიშა თუმანიშვილს უთხრა: თუ პირობას მომცემთ, რომ ჩემი შვილი სესილია თაყაიშვილის ნახევარს გააკეთებს, დავტოვებ, თუ არა და, თქვენც მოგთხოვთ პასუხსო. მიშას უთქვამს, გამოვაო. როცა უკვე ავითვისე პროფესია და ხალხს შეუყვარდა ჩემი როლები, მიშამ თავისთან წამიყვანა და მივაღწიე წარმატებას, მაგრამ, როცა უფრო მნიშვნელოვანისთვის უნდა მიმეღწია, ქართველებმა ერთმანეთს დავუწყეთ სროლა, დაიწყო სამოქალაქო ომი და ყველაფერი თავზე დამემსხვრა.
– თქვენი მეუღლეც ამ სფეროში მოღვაწეობს, არა?
– ჩემი მეუღლე გახლავთ რეჟისორი დავით ნაცვლიშვილი. მან მოსკოვის სახელმწიფო კინოინსტიტუტი დაამთავრა და თბილისში რეზო ჩხეიძემ წამოიყვანა როგორც წარმატებული ქართველი კინორეჟისორი. ჩამოვიდა და დაიწყო 90-იანების ცნობილი ამბები. მან ერთი ფილმის „ლეონარდოს“ გადაღება მოასწრო, რომელმაც მონპელიეს კინოფესტივალზე მიიღო პრიზი განსაკუთრებული და საუკეთესო რეჟისურისთვის. 
– როგორც ვიცი, ერთი შვილი გყავთ.
– მე მყავს ერთი მათე, რომელიც ძლივს გავაჩინე (იცინის), რადგან მიშა თუმანიშვილი იყო ეჭვიანი ადამიანი, რომელსაც არ აწყობდა მსახიობების დაქორწინება, სანამ თავის პროგრამას არ შეასრულებინებდა. მათე რომ გამიჩნდა, იძულებული გავხდი, ქალაქიდან გავქცეულიყავი. მაშინ ვაშლიჯვარში, კინოსტუდიის კორპუსში ვცხოვრობდით. ბავშვი ხელში მეჭირა და ძუძუს ვაჭმევდი, თან წელში მოხრილი დავდიოდი, რომ ფანჯრიდან შემოვარდნილ ტყვიას მე და ჩემი შვილი არ ვემსხვერპლეთ. ამიტომ ჩემი მშობლების სოფელში გავიქეცი. არ ვიცი, მაშინ ან ტყვიას ან შიმშილს როგორ გადაურჩნენ აქ მყოფები. იქ ჩვეულებრივი სოფლის ცხოვრებით ვცხოვრობდი და ძალიან კარგადაც ვიყავით.
– თქვენი კინოდებიუტი ფილმ „სიყვარული ყველას უნდაში“ შედგა ბაბულას როლით, რომელმაც უდიდესი პოპულარობა მოგიტანათ.
– ასე იყო. ეს ფილმი ხალხმა ძალიან შეიყვარა. თუმცა, არ მიმაჩნია, რომ ეს ჩემი მაქსიმუმი იყო.
– შეიძლება ითქვას, რომ იმ დროისთვის ეს საკმაოდ თამამი როლი იყო. უარყოფითი ჭორები არ მოჰყოლია?
– არ ვიცი, ალბათ მოჰყვა, მაგრამ, თუ დამიჯერებთ, არც არავის ვჭორავ და არც ჩემ შესახებ ნათქვამი ჭორი არ მაინტერესებს. ამას არ შევუწუხებივარ, ერთადერთი, მახსენდება, რესტორანში ვიყავი და ჩემთან ერთი ძალიან სოლიდური მამაკაცი მოვიდა ბოდიშის მოხდით – ერთ კითხვაზე მიპასუხეთ, ნიძლავს ვაგებო. თურმე, მეგობრები ქეიფობდნენ. მაშინ ახალგაზრდა ვიყავი, ალბათ, მოსაწონიც და, რომ დავუნახივარ, აღფრთოვანებულან. მერე დაუწყიათ კამათი, ნამდვილად მე ვიყავი თუ არა ის ქალი, მოდებს რომ აჩვენებდა კინოში. მე ვამტკიცებ, რომ თქვენ ხართ, ისინი საპირისპიროს ამბობენ და, თუ შეიძლება, თქვენ თვითონ უთხარითო. მოიგო ამ ადამიანმა ნიძლავი, მეგობრებმაც ჩააბარეს წაგებული და, მოკლედ, შევწუხდი იმ საღამოს (იცინის) – შენი წყალობით მოვიგე ამდენი ფულიო და, ხან რას მთავაზობდა და ხან რას. სრულიად საქართველოსგან უდიდეს სიყვარულს ვგრძნობდი.
– ამდენი წლის შემდეგ, მაყურებლისთვის დიდი სიურპრიზი იყო სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში” თქვენი გამოჩენა.
– გეტყვით, რატომ დავთანხმდი ამ როლს. ჩვენი პროფესიის ადამიანებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს როლსა და შეთავაზებული პერსონაჟის სახელს. ამ შემთხვევაში, ჩემში ყველაზე დიდი ინტერესი ამ გმირის სახელმა – ეგონამ გამოიწვია. ვიფიქრე, გავაკეთებ ეგონას, რომელშიც გამოჩნდება, რამდენი რამე ეგონა მას. სერიალში – ეგონა, სინამდვილეში კი, ანუ ცხოვრებაში – „მეგონა” ვარ. ეს არის მიზეზი, რამაც სერიალში მიმიყვანა. თუ ეს ქალი უფრო აქტუალური გახდება, მისი სახელიდან გამომდინარე, სასწაული რამეების გაკეთება შეიძლება.
– სიმკაცრით თუ ჰგავხართ ეგონას? მას ძალიან ცუდი დამოკიდებულება აქვს სიძისადმი. თქვენ როგორი განწყობა გექნებათ თქვენი შვილის მეორე ნახევრის მიმართ?
– (იცინის) არა, ეგონას ნამდვილად არ ვგავარ. ჩემს შვილს შეყვარებული ჰყავს, რაც ძალიან მიხარია და იმ გოგონაზე ვგიჟდები, სასწაულად მიყვარს და მათ დაოჯახებას მოუთმენლად ველოდები. სხვათა შორის, არც ბაბულასთან მქონდა რამე საერთო.

скачать dle 11.3