კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ აღმოჩნდა ნუდისტურ პლაჟზე გურამ რჩეულიშვილი და როგორ დაატოვებინეს მას იქაურობა სტვენა-სტვენით

„მთებში დავდივარ, ალპინისტი არა ვარ, უნივერსიტეტში ვსწავლობ, როგორც დედა იტყვის, „სტუდენტის სახე“ არა მაქვს, ღვინოსა ვსვამ, ლოთი არა ვარ, ცხენზე ჯირითი მიყვარს – მხედარი არა ვარ, ვჩხუბობ – დიდი დამრტყმელი არა ვარ, გულუხვი ვარ – ფული არა მაქვს – ცარიელა გული ვის რად უნდა? შეყვარებული ვარ, საყვარელი არა მყავს. ეს ამბავი სპარსული ბაიათების გავლენით კი არ არის დაწერილი, არამედ ფაქტია ჯერჯერობით და მერ-მერობითაც. უშნო არა ვარ – ჩემი სილამაზე თვალს არავისა სჭრის, კარგი ტანი მაქვს – ფეხები ცოტა მოღუნული. ერთი სიტყვით, რაც ვარ, ეგა ვარ!“ – მოკლედ, თვალს ვერ მოწყვეტ, სულ გინდა, რომ იკითხო და იკითხო როგორც მისი პროზა, ასევე მისი ჩანაწერები. მაგრამ, დღეს მისი დღიურებისთვის გადავწყვიტე, შემერჩია მეგობართან მიწერილი მისი პირადი წერილები. ეს გურამ რჩეულიშვილია ცოტა სევდიანი და მეტად მხიარული ამბებით, რომელიც მას სულ სხვანაირს დაგანახვებთ – უფრო თამამს, გადარეულს, ძალიან შინაურს, უშუალოს, პრინციპულს.   

ერლომ ახვლედიანს მოსკოვიდან. 1958 წ. თებერვალი
„პირველი დიასახლისი, სადაც ვცხოვრობდი, ერთი კვირა იწვა ჩემივე ოთახში. ოო! არა თქვა, რომ უფრო მეტყველი გქონდეს გაგონილი რაიმე, უფრო „კროსნორევიჩი“. ის იწყებდა ხვრინვას ყოველ თორმეტ საათზე ერთი ძლიერი ამოსუნთქვით, რომელიც მეორდებოდა ყოველ ხუთ წუთში. მერე ისვენებდა ერთი საათი, რაც იმით გამოიხატებოდა, რომ ხვრინავდა ბოხი, ჩახრეწილი ხმით. მე მის შესახებ თამამი დასკვნა გავაკეთე.  შევისწავლე რა შვიდი ღამის განმავლობაში მისი ძილის ყველა ნიუანსი – ონა ვედმა. თუმცა, მხვრინავნი, როგორც წესი, ბოროტები არიან, მათი დიდი უპირატესობა მშვიდი ძილის მოყვარულების წინაშე ისაა, რომ თვითონ შეუძლიათ მათ ძილი დაუფრთხონ და განაგრძონ მთელი ღამე საამური ხროტინი. მოკლედ მოვჭრი – ის ქალი იყო კურიერი! მაგრამ აქ ცხოვრობდა ერთი არხია-აკადემიკოსი, რომელიც ყოველგვარი შესვენების გარეშე ხვრინავდა მთელი ღამე... ყველა, ცოტა თუ მეტად ფსიქოლოგი იტყვის, რომ ეს კაცი, რომელთანაც ღამე გაათია აკადემიკოსია (სხვათა შორის, ჯერ არ შემხვედრია ადამიანი, რომელსაც არ ჰქონდეს უნარი ერთი შეხედვით არ გამოიცნოს მეორე, განსაკუთრებით სუფრასთან ლაპარაკის დროს)...
 ერლომ! ერთადერთი, რაც მოსკოვში არ მადარდებს, ეს არის სამშობლოზე დარდი. სანამ მანდ სალუდე ბარი არ გაიხსნება, მძიმე ხის სავარძლებით და არ ჩამოყალიბდება სერიოზული, დარბაისლური ლოთთა საზოგადოება, არ ჩამოვალ!...“ 

ერლომ ახვლედიანს მოსკოვიდან.
1958 წ. 2 მარტი
„ერლომ!
 უღმერთოდ მომენატრა შენთან ლაპარაკი. თითქმის ნაწყენი ვარ, წერილებს რომ არა მწერ. მოგიყვები ჩემს შესახებ: მე ვცხოვრობ ცენტრში. ჩემი დიასახლისი მოხუცი ბომბორა ქალია. ჰყავს ქმარი, ისიც კეთილი... ძმას ჰყავს ახალგაზრდა ცოლი ოცდაათი წლის... მე მათემატიკაში სუსტი ვარ, ყოველ შემთხვევაში, თვითონ ასე მითხრა – რას გაიგებ ქალებისასა! გუშინ იყო მისი სახელობის დღე – ვალენტინობა. ჰქვია ვალია – ის თითქმის შეყვარებულია ჩემზე. გარეგნობით საკმაოდ უშნოა, არ ვიტყვი მახინჯს, რაც გინდა იყოს, მისი სახელობის დღეზე ვიყავი. ყველაფერი დაიწყო ასე: ვზივარ სახლში. რეკავენ. ჩვენი მოხუცი ცოლ-ქმარი უკვე წასულები არიან. იქ მე არ წავედი – ხო, რაღაც პრინციპი უნდა გქონდეს, ჰო – გავაღე კარი. ვიღაც დაბალი, შავი, გამხადრი კაცი და ასეთივე ქალი კითხულობდნენ მუხამედ ჯანოვს... თურმე ჩემამდე აქ უცხოვრია იმ ტიპს... გადავედი დასაზუსტებლად ხაზეიკასთან. იქ ატყდა ამბავი, დამაფიცეს, დავბრუნდებოდი უკან. გავისტუმრე ისინი და წავედი... არაჩვეულებრივი სურვილი მქონდა, ვინმესთვის ხელზე მეკოცნა, მაგრამ ყურადღება არავინ მომაქცია, რაც მათ უზრდელობას მივაწერე. მარტო მოხუცმა ოჯახის უფროსმა შემიკიჟინა, თავის ხელით მაჭმევდა, მასმევდა... ჩემი კვების შესახებ ასეთმა მოულოდნელმა ყურადღებამ გამათამამა, მარტო წევაზე გადავედი და კატეგორიულად უარი ვთქვი ჭამაზე... ტოსტები ისმებოდა ბიკოვების, ივანოვების, ერთი სიტყვით ყველა მამაძაღლების... მე მთვრალი, როგორც უკანასკნელი მამაძაღლი, წამოვხტი, გადავკოცნე ორლოვი მილიარდმნიშვნელოვანი ღიმილით... ვერ გაიგო და ასეთივე უსასრულოდ მნიშვნელოვანი ღიმილით, გავიწიე მისი ცოლის ხელის დასაკოცნად... ერთ ხელში არყით სავსე რუმკა ეჭირა, მეორეში ჩანგალზე წამოცმული სელიოტკის თავი ხახვთან ერთად – ასე რომ, ეს წამოწყება სრული კრახით დამთავრდა... თან, დამდევდა და არაჩვეულებრივ სიამოვნებას განიცდიდა, როცა ჩემთან ერთად სვამდა. უბედურად დათვრა საწყალი... კოცნიდა ყველას და დარწმუნებული ვარ, მისცემდა ვისაც გინდა – მე მგონი, თავის საკუთარ ქმარსაც კი... პირველმა სიმთვარლემ ჩაიარა... მაგრამ უფრო მთვრალი... ამ დროს ვინმეს რომ ეთქვა, თითქოს რომელიმე მრავალრიცხოვანი ლუდოვიკოების ადგილზე, ავიღოთ ლუდოვიკო მეცხრე, უარს მეტყოდა ვინმე, უეჭველად თავს გავუტეხავდი... და უცებ არაჩვეულებრივმა დიდბუნებოვანმა ღიმილმა გადამირბინა სახეზე... გავიფიქრე მსუქან ქალზე, რომელიც არაჩვეულებრივი სიბეჯითით ანადგურებდა წითელ ხიზილალას. აი, გრაფი ორლოვიც და ვისაც უნდა დავენიძლავები, რომ ის, თეთრი თმებითა და ჭაღარა წვერებით, კეხიანი ცხვირით, გარუსებული ორბელიანია... დავიწყე დიუმა და საერთოდ ბულვარული რომანები, მაღალფარდოვანი ენით ლაპარაკი. ყველაფერი წავიდა კარგად, სანამ ისევ არ მოვინდომე ხელზე კოცნა (ამ დროს თავი უკვე პრინცი მეგონა, რომელმაც დედოფალის გული დაიპყრო...) იმ მსუქანი ქალის ხელი მეჭირა ხელში, რომელიც ხიზილალას ანადგურებდა და რომლის მაჯაზეც, პირთან მიტანის დროს, უზარმაზარი ნაკოლკა დავინახე – რაც ვეღარ აღვიქვი – ალბათ სიმთვრალის გამო, აღარც ის მახსოვს ვაკოცე თუ არა საბოლოოდ... მდგომარეობიდან (რა თქმა უნდა, მთლიანი შოკის) გამომიყვანა ტაშმა... მიყურებდნენ მე და უკრავდნენ ტაშს... ჩემს უკან იდგა ტელევიზორი და სამხედრო ძალების დღის პატივსაცემად (რა თქმა უნდა, ვალენტინასი არა), გადიოდა რაღაც დოკუმენტური ფილმი. როცა მოვიხედე, მარტო ულვაშების მოხაზულობას მოვკარი თვალი და მოჩვენებები გაქრა... გრაფმა ორლოვმა შესვა საქართველოს სადღეგრძელო ჩემი სახით. სტალინი ისევ გამოჩნდა ეკრანზე. ეს იყო ერთადერთი ადამიანი, რომელსაც ბავშვობიდან ვიცნობდი როგორც მამას, ბიძას. რატომღაც არ მაგონდება ეთქვათ, სტალინი ჩვენი დედააო, მაგრამ არა უჭირს. აქ შეწყდა ჩემი მეხსიერება. დილით ჩემდა გასაკვირად, საიდან, ახლაც არ ვიცი, გავიღვიძე ჩემს საკუთარ საწოლში.“
მომწერე. შენი გურამი
 
ერლომ ახვლედიანს წყალტუბოდან. 5 ივლისი, 1959 ù.
„გუშინ გავხდი 25 წლის. ჯერ კიდევ ორი-სამი დღის წინ დავიწყე გონებაში გავლილი ცხოვრების შეჯამება, როგორც ყოველ ჩემს დაბდების დღეზე... მთელი ეს ოცდახუთი წელი საკმარისია იმისთვის, რომ კაცმა, ვისაც აქვს თავმოყვარეობა და ჩემდენი სურვილები, მშვიდი სინდისით მოიკლას თავი. ეს არის უაზრო, უსარგებლო ბრძოლა კვერცხის ნაჭუჭში მოქცეული წიწილისა, რომელსაც ათასნაირად მომზადებულს გამოსაჩეკად, ვერაფრით გამოუმტვრევია გამოსასვლელი. მე არ ვეძებ სხვაში ჩემს უმწეობას... ძალიან დიდი ვარ იმისთვის, რომ შიგ დავეტიო. ასე ვორთქლდები არყისგან, როცა ვსვამ – ნერვიული რევმატიზმებისგან, როცა სასმლის დალევა აღარ შემიძლია – ლიტერატურა კი მხოლოდ ანანიზმია იმ დიდი სურვილისა, რაც ღმერთმა გაჩენის პოტენციაში მომცა... ასე! – მე მივდევ იმ ინერციას, რომელიც თანხმობაშია ჩემს გონებასთან და სხვა ყველაფერი ჩემი ფიზიკური თუ სუსტი მხარეები, მათ უნდა გაიტანონ – გწერ შენ კიდევ იმიტომ, რომ არ მეგულება არცერთი რედაქტორი შენს გარდა, რომელიც ამ წერილს დამიბეჭდავს... ერლომ! აქ (წყალტუბოში) გაცილებით კარგი ვაჟკაცები არიან და უკლებლივ, ვიდრე იყო ირაკლი სიმონიშვილი – ოცდათორემტზე ნაკლებ შარვალს არავინ იცვამს... ტანი, როგორც წესი, ორჯერ გრძელი აქვთ ფეხებზე, ამიტომ რაღაც ჩვეულებრივი ტრუსიკის მაგვარით გადიან იოლას – საოცარია, ასე ადვილად ეძლევათ ცხოვრება და მაინც ისეთი უკმაყოფილო სახეები აქვთ... უცნაურ ზიზღს განიცდიან ნორმალურად ჩაცმული ხალხისადმი, ესე იგი ჩემდამი. თუმცა, შეიძლება, მე ვცდებოდე და ეს უფრო ცნობისმოყვარეობა იყოს: მივდივარ ქუჩაში, წინიდან თითქოს კოცნა-კოცნაობით მოდის ერთი წყვილი (მივდივარ ჩემს ახალ კოსტიუმში). მე ნიშნის მოგებით შევხედე, რომ რაღაცაში ჩავავლე, თურმე ნუ იტყვი და მე ვყოფილვარ ჩავარდნილი... დაუფარავი, ცნობისმოყვარეობით დაუწყეს ჩემს კოსტიუმს ყურება. მეორე უფრო საინტერესო: მივსეირნობ და რას ვხედავ: ერთ მხარეს წევს 200-300 ტიტველა კაცი, შუაში გადის ბეწვის ხიდი, რომლის იქიდანაც წევს 1 000-1 500 შიშველი ქალი (მოკლედ, თემო ბერიძეს ნამდვილი ედემის ბაღი ეგონებოდა, მაგრამ მე არ დავიბენი). პირდაპირ ხიდზე დავიწყე გასვლა, შუამდე არ ვიქნებოდი გასული, რომ მთელი ეს არმია წამოიშალა, ორივე მხრიდან ატყდა სისინი, სტვენა და მე, გაწითლებულმა, თითქოს მე ვიყავი ტიტველი, ისინი კი Ledi და Gentleman, დავტოვე სტვენის ქვეშ ხიდი – მოკლედ, სხეულის ყოველგვარი ნაწილის დაფარვა აქ საზოგადოებრივ ზიზღს იწვევს – მე მგონი, ამ სულის გაღვივებით, სანატორიუმის პარტიული კომიტეტებიც უნდა იყვნენ დაინტერესებული. რაც მთავარია: თითოეული დამსვენებელი თავს მუქთახორად გრძნობს, ანგლობენ... გვიანი ღამეა... არსად შემხვედრია ტარიელის ქანდაკება, რომელიც ვეფხვს ახრჩობს, თორემ დედას ვუტირებდი... ძალიან დაღლილი ვარ მუდმივი უსაქმურობისგან. მინდა, ვწერო აუარებელი, მაგრამ ხელები არ მიშვებენ.“

скачать dle 11.3