კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ამხილა პოლიტბიუროს სხდომაზე სტალინმა კრუპსკაია სიცრუეში

სტალინის პარტიის გენერალურ მდივნად არჩევის იდეა პირადად ლენინს ეკუთვნოდა.
„სტალინი მკაცრი, თანმიმდევრული ადამიანია და, რაც მთავარია, სასულიერო განათლება აქვს. ეს კი მას დიდად დაეხმარება ეკლესიის საბოლოო მოსპობასა და უღმერთობის დამკვიდრებაში, რაც კომუნისტური საქმის დიდი გამარჯვების საწინდარი იქნება“, – ამბობდა ლენინი ტროცკისთან საუბარში, რომელიც 1922 წლის 30 აგვისტოს შედგა.
სტალინის პიროვნულ შეფასებაში ლენინს მხოლოდ ის შეეშალა, რომ „მხურვალე კოლხიდელი“ (ასე მიმართავდა სტალინს) მას მართლმადიდებლობის დამანგრევლად მიაჩნდა, სინამდვილეში კი პირიქით მოხდა. ოციან წლებში, სანამ სტალინის მმართველობა ერთპიროვნული გახდებოდა, ნებისმიერ სახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებას პოლიტბიურო იღებდა, ხოლო სტალინი საკმაოდ ხშირად უმცირესობაში ხვდებოდა ხოლმე და კენჭისყრის დროს ტროცკისა და მისი მომხრეების წინადადებები გადიოდა. ცნობილი ფაქტია, რომ ყველაზე მეტი მართლმადიდებლური ტაძარი საბჭოთა კავშირში 1922-1924 წლებში, ანუ ლენინის სიცოცხლეში დაინგრა, რაც პირადად ლევ ტროცკის ინიციატივა იყო და რასაც სტალინი, მიუხედავად დიდი წინააღმდეგობისა, ხელს ვერ უშლიდა. ლენინის სიცოცხლეშივე ტროცკისტები უმრავლესობას წარმოადგენდნენ პოლიტბიუროში და სტალინს უზარმაზარი ძალისხმევისა და ოსტატური ლავირების გამოვლენა უწევდა, რომ ათეისტ ტროცკისტებს მიწასთან არ გაესწორებინათ ჭეშმარიტი მართლმადიდებლური ეკლესია.
1924 წლის 20 თებერვალს, როდესაც ლენინი ახალი გარდაცვლილი იყო, სტალინმა თავის აგარაკ ზუბალოვოში ძერჟინსკი და ორჯონიკიძე დაიბარა. სტალინის უერთგულესი ადამიანი, მისი პირადი მცველი მიხეილ თევდორაძე ასე იხსენებდა ამ შეხვედრას:
„დიდმა ბელადმა მე და პოსკრებიშევს გვითხრა:
– მიშა, შენ სერგოს ნახავ და ჩემი მანქანით აქ, ზუბალოვოში ჩამოიყვან. შენ, საშა, – უთხრა პოსკრებიშევს, – ძერჟინსკი უნდა ჩამოიყვანო. ოღონდ, გაითვალისწინეთ, ეს ისე უნდა განახორციელოთ, რომ ამის შესახებ მხოლოდ ჩვენ ხუთმა უნდა ვიცოდეთ.
ჩვენ, რა თქმა უნდა, სტალინის ბრძანება დაუყოვნებლივ შევასრულეთ და მისი მანქანით ჯერ ორჯონიკიძესთან გავემგზავრეთ, შემდეგ კი ძერჟინსკისთან. დიდი ბელადის პირადი ავტომობილი იმ პერიოდში ჯერ არ იყო დაჯავშნილი და ფარდებიც სწორედ იმ დღეს, 1924 წლის 20 თებერვალს ჩამოვკიდეთ მანქანის ფანჯრებზე, რომ უცხო თვალს არ დაენახა სტალინის სტუმრები. დიდი ბელადი მე და პოსკრებიშევს ძალიან გვენდობოდა და, როდესაც სტალინის გამოძახებით მასთან შევედით, ის ჩვენი თანდასწრებითაც არ მოერიდა მათთან საუბარს და მისი შინაარსიც ამიტომ ვიცით.
სტალინის, ორჯონიკიძისა და ძერჟინსკის 20 თებერვლის შეხვედრა დღის 12 საათზე დაიწყო და გვიან ღამით, 21 თებერვლის 3 საათზე დასრულდა. როგორც მოგვიანებით მივხვდი, სტალინმა თავის თანამოსაუბრეებს ხელისუფლების ხელში აღების გეგმა გააცნო და მათი მხარდაჭერის გარანტია მიიღო. ძერჟინსკი მაშინ „ჩეკას“ შეფი იყო და მისი თანხმობის გარეშე ეს საქმე არ გამოვიდოდა, სერგო ორჯონიკიძე კი „რკინის კაცის“ სახელით იყო ცნობილი პოლიტბიუროში და მისი უშუალო მხარდაჭერა ძალიან ბევრს ნიშნავდა.
– ის მაწანწალა ძუკნა, კრუპსკაია, ლენინს ტროცკის ნებას ახვევდა თავს და ამის მეშვეობით ტროცკი საპირველკაცოდ იმზადებდა გზას, – თქვა სტალინმა, – მე მაქვს ინფორმაცია, რომ 24 თებერვალს პოლიტბიუროს სხდომაზე ჩვენი მოწინააღმდეგეები გადამწყვეტ შეტევას გეგმავენ ჩვენზე. ისინი უბრალო კენჭისყრის შედეგად აპირებენ ჩემს გადაყენებას და ხელისუფლების სადავეების საკუთარ ხელში აღებას.
– კი მაგრამ, რა საბაბით? – ჰკითხა ძერჟინსკიმ.
– რა საბაბით და, დაკავებულ თანამდებობასთან კობას პიროვნული შეუთავსებლობის საბაბით, – დაასწრო სტალინს ორჯონიკიძემ, – კრუპსკაია ლენინის წერილის წაკითხვას გეგმავს, სადაც გამოშტერებული ილიჩი რეკომენდაციას იძლევა კობას გადაყენების შესახებ.
– ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ ეს წერილი კრუპსკაიას ხელითაა დაწერილი, თუმცა ამტკიცებს, თითქოს ის თავად ლენინმა უკარნახა, სინამდვილეში კი ღმერთმა უწყის, რა მოხდა, – გაეცინა სტალინს, – არაა გამორიცხული, რომ ეს პასკვილი ტროცკიმ და იმ ბებერმა მაწანწალა ძუკნამ შეადგინეს და რეალობად ასაღებენ.
– როგორც უნდა იყოს, კობა, – საუბარში ჩაერთო ძერჟინსკი, – მათი ხელისუფლებაში მოსვლა ჩვენს დამარცხებას ნიშნავს, ხოლო, თუ რას ნიშნავს ანტიმართლმადიდებლების ზეობა დედამიწის ერთ მეექვსედ ტერიტორიაზე, ეს თქვენ ჩემზე უკეთ იცით. მარტო ის რად ღირს, რომ ტროცკის კრემლის სამონასტრო კომპლექსის დანგრევა უნდოდა გასულ წელს და, რომ არა შენი წინააღმდეგობა, უდიდესი ცოდვა დაგვედებოდა.
– სწორია ფელიქსი, – დაეთანხმა ორჯონიკიძე, – თქვი, კობა, რა ვქნათ?
– სწორედ ამისთვის მოგიწვიეთ აქ ასე საიდუმლოდ, – თქვა სტალინმა, – გეგმა მარტივია: თუ პოლიტბიუროს უმრავლესობა ჩემს მხარეზე ვერ გადმოვიბირე, მაშინ ძალისმიერი გეგმა უნდა განვახორციელოთ. სწორედ აქ დამჭირდები, ფელიქს: შენ „ჩეკას“ სპეცრაზმის ოთხი ასეული კრემლის ირგვლივ უნდა განალაგო, სამი ოცეული – შიგ კრემლში, მათ შორის ერთი ოცეული კი – უშუალოდ პოლიტბიუროს დარბაზთან.
სტალინმა კიდევ მრავალი დეტალი დააზუსტა და 21 თებერვალს, ღამის 3 საათზე, მე და პოსკრებიშევმა ორჯონიკიძე და ძერჟინსკი კვლავ უკან წავიყვანეთ. როდესაც ზუბალოვოში დავბრუნდით, სტალინმა ორივე თავისთან გვიხმო და გვითხრა:
– 24 თებერვალს პოლიტბიუროს სხდომას დაესწრებით ჩემი სტენოგრაფისტების სტატუსით და, თუ ჩემი წინადადება არ გავა, მაშინ შენ, მიშა, – სტალინმა მე მომმართა, – სხდომას დატოვებ, ძერჟინსკისა და მის ხალხს შემოიყვან და ტროცკის დააპატიმრებთ, დანარჩენები კი თავადვე მოვლენ გონს.
ერთი სიტყვით, 1924 წლის 24 თებერვალს, დღის 12 საათზე, კრემლში პოლიტბიუროს სხდომა დაიწყო და მას მე და პოსკრებიშევიც დავესწარით. როგორც დიდმა ბელადმა თქვა, მანამდე სიტყვა კრუპსკაიამ აიღო და, ვითომდა ლენინის სურვილი წაიკითხა სტალინის გადაყენების შესახებ. აშკარად ჩანდა, რომ ეს ყველაფერი წინასწარ იყო შეთანხმებული ტროცკისთან და მის მომხრეებთან. მოკლედ, როდესაც ყველამ ილაპარაკა და ჩუმად დავთვალეთ ხმები, აღმოჩნდა, რომ სტალინის მომხრე იყო 12, ხოლო წინააღმდეგი – 13 წევრი. ამგვარად, კენჭისყრით სტალინი წააგებდა და მე და პოსკრებიშევი უკვე მეორე ვარიანტის განსახორციელებლად მოვემზადეთ, ნიშანს ველოდებოდით, რომ დერეფანში გავსულიყავით და ძერჟინსკი აგვემოქმედებინა, მაგრამ სტალინმა სიტყვა ითხოვა და პოლიტბიუროს წევრებს 12 პროფესორისა და მედიცინის დოქტორის მიერ ხელმოწერილი ცნობა დაუდო, რომელშიც ეწერა, რომ 1921 წლის 30-31 ოქტომბერს ლენინი 26 საათის განმავლობაში უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა და მას არათუ რაიმეს კარნახი, თვალის გახელაც კი არ შეეძლო.
საქმე კი ის იყო, რომ, წერილი, რომელიც ვითომდა ლენინმა უკარნახა კრუპსკაიას, 1921 წლის 30 ოქტომბრის საღამოს 9 საათით იყო დათარიღებული და ხელმოწერილი. სტალინმა კი კრუპსკაია ტყუილში ამხილა და სტალინის გადაყენების საკითხი ავტომატურად მოიხსნა დღის წესრიგიდან. პოლიტბიუროს ტროცკისტი წევრები, მათი ლიდერის თამადობით, კუდამოძუებულები წავიდნენ.
– კობა, – მიმართა სტალინს ორჯონიკიძემ, – თუ ასეთი ფაქტი გვქონდა, „ჩეკა“ რისთვის დაგვჭირდა?
– ეს ცნობა მხოლოდ ამ დილით მომაწოდეს, – გაეცინა სტალინს.
– მაწანწალა ძუკნა! – თქვა ძერჟინსკიმ, – ახლა ის პოლიტიკურად მკვდარია და მას აღარავინ დაუჯერებს.
პოლიტბიუროს 24 თებერვლის სხდომა ისტორიული გამოდგა: იმ დღიდან მოყოლებული, სტალინმა მეთოდურად დაანგრია ტროცკისტული ოპოზიცია და ერთპიროვნული მმართველი გახდა.“

скачать dle 11.3