კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ღალატი სიყვარულისთვის

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹27-44(775)

 

 თავის ორმოცი წლის ასაკის ფონზე ანა არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა: გადატკეცილი სახე, ავაზასავით დაჭიმული უნაკლო ტანი, ახალგაზრდული გამოხედვა... ქუჩაში მიმავალი ყოველთვის გრძნობდა მამაკაცების აღფრთოვანებულ მზერას და, არ შეეძლო არ ეღიარებინა, რომ ეს ძალიან სიამოვნებდა. კოსმეტიკას დიდად არ სწყალობდა და, როცა იყენებდა – გამონაკლის შემთხვევებში, შეუძლებელი იყო მისი გარეგნობის მიმართ გულგრილი დარჩენილიყო მამრობითი სქესის რომელიმე წარმომადგენელი, თუნდაც ძალიან თავდაჭერილი და ზომიერი ხასიათის.
ვახო სწრაფად წამოხტა ფეხზე:
– მალე მოხვედი. მეგონა, დააგვიანებდი.
– არ მჩვევია დაგვიანება და არც ზედმეტი გაპრანჭვა მიყვარს. შეიძლება, ეს კაცებს მოსწონთ, მაგრამ მე ასეთი ვარ და არ შევიცვლები.
– არც მინდა, რომ შეიცვალო. ისეთი საყვარელი და სანდომიანი ხარ... არ ვიცი, რითი გადაგიხადო მადლობა, დღეს რომ ჩემ გვერდით ხარ.
– მადლობა საჭირო არ არის, თორემ თავს უხერხულად ვიგრძნობ. როგორც შევთანხმდით, სოფომ და ნიკამ არ უნდა გაიგონ, ერთმანეთს რომ ვხვდებით.
– არა, რა თქმა უნდა. ეს საიდუმლო შეხვედრებიც მომწონს...
ანას გაეღიმა კაცის ბავშვურ აღფრთოვანებაზე.
– არავითარი საიდუმლო არ არსებობს. უბრალოდ, ზედმეტ შეკითხვებს ვარიდებ თავს – სულ ესაა, თორემ, სოფო ჩემი მეგობარია და ძალიან მიყვარს.
– ჰო, მესმის... გინდა, შაბათს ან კვირას ქალაქგარეთ გავისეირნოთ? ბავშვსაც წამოიყვანდი.
ანა მოიღუშა. კაცი მიხვდა, რომ რაღაც ზედმეტი წამოსცდა.
–  ცუდად არ გამიგო... ვიფიქრე, სუფთა ჰაერზე ყოფნა ორივეს მოგიხდებოდათ.
– იცი, გულახდილად გეტყვი, არ მინდა, რომ ჩემი შვილი გაიცნო, მით უმეტეს – დაუახლოვდე.
– რატომ? – გულწრფელად გაუკვირდა კაცს, – მე მიყვარს ბავშვები და კარგადაც ერთობიან ხოლმე ჩემთან.
– შეიძლება. ეს არც მიგულისხმია. ჩემი სიტუაცია სხვანაირია. ჩემი შვილი იცნობს მამამისს და ფიქრობს, რომ ადრე თუ გვიან, ის მასთან მივა. ჯერჯერობით არ მინდა, ეს ილუზია დავუნგრიო. შეიძლება, ვცდები, მაგრამ ამ ეტაპზე ასე მიმაჩნია საჭიროდ.
– არაჩვეულებრივი დედა ხარ, – თქვა ხანმოკლე დუმილის შემდეგ ვახომ და ანას ხელზე ისე ნაზად მოეფერა, რომ ქალს მთელ სხეულში სითბო ჩაეღვარა და თვალები გაუცისკროვნდა. ვახო ძალიან დადებით ემოციებს აღუძრავდა. ანა არასდროს მიეკუთვნებოდა იმ ქალების კატეგორიას, იდეალურ მამაკაცზე რომ ოცნებობენ და რეალობასთან შეგუება ჯიუტად არ უნდათ; შესაბამისად, არც იდეალური მამაკაცის ძებნით შეუწუხებია თავი. ლაშა მოულოდნელად შეიჭრა მის ცხოვრებაში და სწორედ ამ მოულოდნელობის ეფექტმა ითამაშა გადამწყვეტი როლი – საღი აზრი ჩაუხშო და, ემოციებს აყოლილმა ჯეროვნად ვერ შეაფასა, რა როლს ითამაშებდა ეს კაცი მის ცხოვრებაში... თუმცა, პრაგმატული აზროვნების წყალობით იმასაც ხვდებოდა, რომ ცხოვრება მათემატიკა არ არის, რომ ყველაფერი უზუსტესად გათვალო...
– ვახო, შენ ძალიან კარგი ადამიანი ხარ... – აღმოხდა სევდამორეულს და გულზე მოეშვა, რადგან ის თქვა, რასაც ფიქრობდა.
– ასეთ სიტყვებს მეგობრებს ან იმათ ეუბნებიან, რომლებთანაც მეგობრობის მეტი არაფერი უნდათ, – იმედგაცრუებით ჩაილაპარაკა ვახომ, – გულახდილად გეტყვი: მე მეგობრობას ვერ დავჯერდები...
– და თუ მეტს ვერაფერს შემოგთავაზებ?! – ანამ ფრთხილად გამოაცურა თითები მისი მძიმე ხელისგულიდან და შუბლზე ჩამოშლილი თმა შეისწორა.
– არ მენდობი? – თქვა ვახომ.
– საქმე ეგ არ არის, – ამოიოხრა ანამ, – მართლა. პრობლემა ნდობა-არნდობაში კი არა, ჩემშია, მე ვერ მივიღებ ასეთ სერიოზულ გადაწყვეტილებას – ჯერ მზად არ ვარ.
– შემიძლია, დავიცადო. სანამდეც მეტყვი, მანამდე დაგელოდები...
– რატომ? ასე მოგწონვარ?
– ჰო, ძალიან მომწონხარ. ვერ გეუბნები, მიყვარხარ-მეთქი, თუმცა, ვგრძნობ, რომ ეს სწორედ ის არის – სიყვარული.
– არ გინდა, ძალიან გთხოვ...
– ჰოდა, იმიტომაც არ გელაპარაკები სიყვარულზე, რომ, მეშინია, არ გამექცე.
– უკვე გითხარი, – ჩაილაპარაკა ანამ, – მარტო საკუთარ თავზე არ ვარ პასუხისმგებელი. უნდა გამიგო...
– ყოველთვის შენნაირ ქალზე ვოცნებობდი. როგორც ჩანს, შენ გელოდებოდი.
– ვახო, გთხოვ, არ გინდა... ახლა ავდგები და წავალ...
– არ წახვიდე! მართალი ხარ, თავს უნდა მოვერიო. ასეთი ამჩატება უხერხულია, პატარა ბიჭივით ვიქცევი.
– მგონი, არასწორი იყო შეხვედრაზე მოსვლა, თავს დამნაშავედ ვგრძნობ. ხვალ რომ აღარ შეგხვდე, რა იქნება?
– ამის გაკეთებას აპირებ? ანუ, აღარ შემხვდები?
– ვერაფერს დაგპირდები, კიდევ უნდა ვიფიქრო...
ვახოს სევდიანად გაეღიმა:
– იფიქრებ, იფიქრებ და, ერთ დღესაც, ჩემს ზარს საერთოდ არ უპასუხებ.
– მაგას არ ვიზამ, გპირდები, – გაეღიმა ანას, – შევუკვეთოთ რამე?
– მაპატიე, ამ ლაპარაკში სულ დამავიწყდა, რომ სამსახურიდან მოდიხარ და მშიერი იქნები. რა გინდა, რომ შევუკვეთო? თუ გინდა, შენ ამოირჩიე.
– შენთვისაც?
– ჰო, ჩემთვისაც. შენ თუ მეტყვი, შხამსაც დავლევ და შევჭამ.
– ვახო, თავიდან იწყებ? – ყასიდად გაბრაზდა ანა. კაცმა ხელზე აკოცა და ოფიციანტი მოიხმო.
***
ლაშამ სიგარეტს მოუკიდა და ოთახში ბოლთის ცემას მოჰყვა, თან დროდადრო საათზე იყურებოდა.
– სად არის ამდენ ხანს? იცოდა, რომელ საათზე უნდა მოსულიყო?
– რა თქმა უნდა, იცოდა, – მხრები აიჩეჩა ნიკამ და მობილურს წამოავლო ხელი, – დავურეკავ... თუმცა, აი, მგონი, მოვიდა კიდეც.
ვახომ კარი შემოაღო:
– მგონი, ცოტა დამაგვიანდა...
– ორმოცი წუთი ცოტაა? – იქედნურად ჩაიცინა ლაშამ, – ვისკის დალევ?
– ვერა, მანქანით ვარ.
– არც ჩვენ მოვსულვართ ფეხით, – ირონია გამოურია ხმაში ლაშამ და ყინულებიან ჭიქაში  მუქი ოქროსფერი სითხე დაასხა.
– არ მიყვარს, როცა წესებს ვარღვევ, – თავდაჯერებული, მშვიდი ტონით განუმარტა ვახომ და ნიკას მიუბრუნდა, – ცოტა დრო მაქვს, შევუდგეთ?
– ჯერ დააგვიანე, ახლა ამბობ, ცოტა დრო მაქვსო... რა ხდება? ვინმე გაიჩინე? – „უკბინა” ლაშამ.
ნიკამ ნაძალადევად ჩაახველა და ლაშას ანიშნა, გაჩუმდიო, მაგრამ მას თითქოს არც შეუნიშნავს მისი მრავალმნიშვნელოვანი მზერა, ვისკი მოსვა და თვალებმოჭუტულმა გამოაცხადა:
– წესები იმიტომ არსებობს, რომ თავისუფლების მოყვარულმა ადამიანებმა ისინი დავარღვიოთ და ამით სიამოვნება მივიღოთ. ეს ფანტასტიკური განცდაა, ისევე, როგორც მაგარი ნაშის საწოლში შეთრევა.
– ლაშა, საქმეზე სალაპარაკოდ არ შევიკრიბეთ? – უკმაყოფილოდ შეაწყვეტინა ნიკამ.
– ეს რა, საქმე არ არის? – ყასიდად გაიოცა ლაშამ, – ამ კაცმა არ იცის, ცხოვრებისგან სიამოვნება როგორ მიიღოს.
– მე წავედი, – წამოხტა ვახო, – მერე დაგირეკავ, ნიკა.
– მოიცა, მოიცა, – წინ გადაუდგა ნიკა და ლაშას შეუბღვირა, – მორჩი ახლა მაიმუნობას, სერიოზული საქმე გვაქვს გასარკვევი. რა დაგემართა, ბოლოს და ბოლოს?
– რა გინდა ჩემგან, ასეთი რა ვთქვი? – გაიოცა ლაშამ, – კაცები ვართ და კაცურად ვლაპარაკობთ კაცურ თემებზე.
– სხვა დროისთვის გადავდოთ ეგ კაცური თემა, ძალიან გთხოვ. გველოდება ის ხალხი, გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ.
– მივიღოთ მერე, მე გიშლით?
– ნიკა, ვერ ხედავ, რომ ეს ადამიანი სერიოზულად არ არის განწყობილი? მშვიდად თქვა ვახომ, – მირჩევნია, წავიდე.
– ეე, კარგი რა, ბავშვებივით ნუ იქცევით. რა მოხდა, ნერვებს რატომ მიშლით?
– არავის ნერვების მოშლა არ მინდა. ჩამოყალიბდით და დამირეკეთ, არ არის პრობლემა.
– პრობლემა ის არის, რომ პარტნიორებს ერთმანეთთან საერთო ენის გამონახვა გვიჭირს... – მხრები აიჩეჩა ლაშამ, – ბარიერების წაშლას ვცდილობ, მეტი არაფერი.
– ლაშა, გეყოფა! შენ კიდევ, დაჯექი, სად მირბიხარ?
– ვერ ვიტან, როცა ჩემს ცხოვრებაში ცდილობენ ცხვირის ჩაყოფას და ჭკუასაც მარიგებენ, – წამოჭარხლდა ვახო.
– მე ვყოფ ცხვირს შენს ცხოვრებაში? – მიამიტი ბავშვივით განცვიფრდა ლაშა, – რა სისულელეა! მეგობრულად მინდოდა მერჩია, რომ ცხოვრებისგან მეტი სიამოვნება უნდა მიიღო, თორემ, ბოლოს სინანულის მეტი ხელში არაფერი შეგრჩება.
– არა, რა, არ შემიძლია ამისი სიბრძნეების მოსმენა! ჯერ ერთი, შენ ჩემი მეგობარი არ ხარ და, მეორეც, რა იცი, რისგან ვიღებ სიამოვნებას?
– ქალია სიამოვნება კაცისთვის, მაგარი ქალი... – მრავალმნიშვნელოვნად, პათეტიკური ტონით წარმოთქვა ლაშამ და ვისკი ერთი მოსმით გამოცალა. კიდევ აპირებდა ჭიქის შევსებას, მაგრამ ნიკა ხელში სწვდა და ბოთლი გამოსტაცა:
– გეყოფა! სულ შეიშალე? მეტი აღარ დალიო. შენ არ მთხოვე, საქმიანი შეხვედრა დაგვეგეგმა, თანაც ქალების გარეშე? აჰა, მარტო სამნი ვართ და რას აკეთებ?
– ქალებში ცოლები და ყოფილი საყვარლები ვიგულისხმე. გინდათ, ახლავე დავრეკავ და მაგარ ნაშებს ამოვყრი.
– არც ნაშები მჭირდება და არც შენი სუტენიორის როლში დანახვა! – მოთმინების ფიალა აევსო და გაცხარდა ვახო, – შენ იმდენს იზამ, ამ საქმიდანაც გამოვალ.
– არა, რას ამბობ! ხომ იცი, რომ გვჭირდები? შენ თუ საქმიდან გამოხვალ, ჩვენ ვერაფერს გავაკეთებთ.
– ჰო, რა... გვჭირდები, – მხარი აუბა ლაშამ ნიკას და სიცილი აუტყდა, – მაგარი სიტყვაა – „მჭირდები“. ნეტავი, მე ვის ვჭირდები? თუმცა, ამ ეტაპზე ეგრეც არ მიჭირს. ჯერჯერობით ნამდვილად ვჭირდები ჩემს გოგოებს...
– ეს უკვე მაგარი მთვრალია... – ამოიოხრა ვახომ, – მოკლედ, ნიკა, მე წავედი და, როცა სერიოზული საუბრის განწყობაზე იქნებით, დამირეკეთ.
ვახო რომ წავიდა, გაცეცხლებული ნიკა ლაშას ეცა:
– გაგიჟდი? ძლივს მოვიყვანე ეგ კაცი და გამიქციე? რა გინდა? ფული არ გჭირდება? უნდა ჩაშალო ეს საათივით აწყობილი საქმე? არ იცი, რამდენი ვიწვალეთ, რომ მაგ კანალზე დავმსხდარიყავით?
– ერთი შენც, – ხელი აუქნია ლაშამ, – მაგას კომპლექსები ჰქონდეს, მე რა შუაში ვარ?
– მოიცა, რა! ტიპს ზედ გადაუარე... მაგის ადგილას, იცი, რას გიზამდი? თავ-პირს დაგამტვრევდი. კიდევ კარგად მოგითმინა.
– მომითმინა, თორემ... – გადაიხარხარა ლაშამ, – შენ გჯერა, რომ ვახოს ვიღაცის ცემა შეუძლია, მით უმეტეს – ჩემი?
– მე იმის მჯერა, რომ შენი სისულელეებით ამ აწყობილ საქმეს ჩამიშლი. არადა, ფული ისე მჭირდება...
– ფული ვის არ სჭირდება, მაგრამ, რა ვქნა, ეგეთ მუდო ტიპებზე „მენთება“ ხოლმე.
ნიკამ წყრომით შეხედა ახითხითებულ ლაშას.
– ბოთლი მომეცი, რა... ახლა ხომ შეიძლება, დავლიო?
– დალიე, მაგრამ, ძალიან ვარ გაბრაზებული.
– შენც, დალიე და მოგეშვება, – თვალი ჩაუკრა ლაშამ და ბოთლი ხელიდან გამოსტაცა.
***
სოფომ ჰოლში შემოსულ ქმარს უკმაყოფილო მზერა შეავლო და, აღელვება რომ შეატყო, ჰკითხა:
– პრობლემაა რამე? რა სახე გაქვს?
– მოსაკლავი მყავხარ, აი, რაშია პრობლემა, – კბილების ღრჭიალით ჩაილაპარაკა ნიკამ, ფეხსაცმელები დაუდევრად მიყარა კუთხეში და ოთახში შევიდა. სოფოც უკან გაჰყვა.
– მოიცა, წესიერად გამაგებინე, რას მერჩი, რა დაგიშავე?
– ვისი იდეა იყო ანას და ვახოს დაახლოება? გეკითხები, ვისი იდეა იყო, შენი, ხომ?
– არ მესმის, რას გულისხმობ. დაახლოების იდეა რა შუაშია? მოეწონა იმ კაცს ანა და მე რა უნდა გამეკეთებინა?
– რა უნდა გაეკეთებინა... – გამოაჯავრა ნიკამ, – ჰოდა, ახლა ის საქმე რომ ჩამთავრდება, ფული არ მომთხოვო!
– რა საქმე? გასაგებად ამიხსენი, რა მოხდა!
– ის მოხდა, რომ დღეს ლაშამ და ვახომ ლამის დახოცეს ერთმანეთი. იქ რომ არ ვყოფილიყავი, აუცილებლად დასცხებდნენ.
– რატომ? ლაშამ გაიგო და იეჭვიანა?
– არა, ეგღა მაკლდა სწორედ. კიდევ კარგი, ჯერ არაფერი იცის... მაგრამ, მხოლოდ ჯერ... ადრე თუ გვიან მაგასაც გაიგებს და, მოკლედ, რა... სხვა პარტნიორები უნდა მოვძებნო. არადა, თითქმის გამოსული იყო ყველაფერი... იმიტომ გეუბნები, მოსაკლავი მყავხარ-მეთქი.
– მე ნუ შემაწმენდ ხელებს, ძალიან გთხოვ! – გაწიწმატდა სოფო, – ეს კაცები ყველანი ერთნაირები ხართ – სულელები! რა ჯანდაბა აჩხუბებდათ? ეგ ლაშა კი ჩვეულებრივი ნაძირალაა.
– ჩემი და შენი საქმე არ არის, ნაძირალაა თუ არა. სიმართლე გითხრა, ფეხებზეც მკიდია და არც მაინტერესებს. იმაზე მეშლება ნერვები, რომ ამდენი წვალება წყალში გადამეყარა.
– ასეთი რა იჩხუბეს? მომიყევი...
– რა მოგიყვე, სოფო, თავი დამანებე და მაჭამე რამე!
– აუ, მაინტერესებს, რაზე იჩხუბეს...
– რაღაც სისულელეზე. ლაშამ ცოტა დალია და აურია...
– აბა, არ იცის, ვახო ანას რომ ხვდებაო?
– ჰო, არ იცის. ჰოდა, როცა გაიგებს, მერე ნახე შენ. მოკლედ, თუ გინდა, რომ საქმე გამოვიდეს, ან ვახო უნდა ჩავანაცვლო სხვა პარტნიორით, ან ლაშა.
– გირჩევ, ლაშა ჩაანაცვლო – რად გინდა ეგეთი ამორალური და არასტაბილური პარტნიორი?
– შენი მოკლე ჭკუით რომ ჭრი და კერავ ყველაფერს, იმიტომაც ვარ ამ დღეში, – ამოიოხრა ნიკამ, – ქალო, საქმეში მხეცია ლაშა. რა ვერ გაიგე, რომ მჭირდება ეგ ადამიანი, მჭირდება!..
– ხმას დაუწიე და ნუ ღრიალებ. გჭირდება და გყავდეს. მაგრამ, როცა ნერვებს კიდევ აგიშლის, მე აღარაფერი დამაბრალო!  – გამწარდა სოფო, საძინებელში შევარდა და კარი გაიჯახუნა.
ნიკამ ხელები გაშალა:
– რა მალაპარაკებდა... დამტოვებს ეს ამაღამ მშიერს... ოჰ, სოფო...
გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3