კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დაეხმარა ქუჩის მძარცველი ძალოვან სტრუქტურებს მსხვილი საქმის გახსნაში

ძარცვა
ანტონ ლარინი, მეტსახელად „ანტოშკა“, მოსკოველი მძარცველი იყო. მეორე პატიმრობიდან სულ რაღაც ორი კვირის გათავისუფლებული ანტოშკა მალოარბატსკის მეორე ჩიხში იდგა და საკბილოს ელოდა. ციოდა. ღამის პირველი საათი სრულდებოდა, როდესაც ¹11 სახლის სადარბაზოდან „დუბლიონკიანი“ მამაკაცი გამოვიდა. სიბნელეში მდგომი ლარინი მოულოდნელად გამოუხტა ჩანთაგადაკიდებულ მამაკაცს, ალესილი ბებუთი მიუშვირა და საფულე, ძვირფასი ნივთები და ტყავის სპორტული ჩანთა მოსთხოვა. მამაკაცმა მძარცველს მოულოდნელი ილეთით ცივი იარაღი გააგდებინა და ძირს დააგდო, მაგრამ ანტოშკამ მოასწრო და ფეხებში გამოჰკრა ორივე ხელი. ის ყინულზე დაეცა. კეფა დაარტყა და თოვლი სისხლით შეიღება.
„შემომაკვდა...“, – ჩაილაპარაკა ლარინმა. შემდეგ მამაკაცის ტყავის ჩანთას დასწვდა და სწრაფად გაეცალა შემთხვევის ადგილს. ხუთასიოდე მეტრი რომ გაიარა, მძარცველი „მურის“ (მოსკოვის სისხლის სამართლის სამძებრო) მორიგე-ოპერატიულმა ჯგუფმა ერთ-ერთ ბნელ შესახვევში დააკავა, სადაც ისინი ჩასაფრებულები იყვნენ. ანტოშკა განყოფილებაში მიიყვანეს, გაჩხრიკეს და ჩანთიდან საბანკო ზონარებით შეკრული ასმანეთიანების ასოცი დასტა ამოუღეს. მთლიანად მილიონ 200 ათასი მანეთი... ლარინმა აღიარებითი ჩვენება მისცა გამომძიებელს და აცხადებდა, რომ გაძარცვული მამაკაცი შემოაკვდა. ძარცვიდან საათ-ნახევრის შემდეგ ლარინმა მილიციელები ძარცვის ადგილზე მიიყვანა, თუმცა მათ იქ არავინ დახვდათ. მხოლოდ გაყინულ თოვლზე დარჩენილი სისხლის კვალი ადასტურებდა ანტოშკას სიტყვებს.
იმავე დღეს მოსკოვის საქალაქო პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა ძარცვის მუხლით და გამოძიება დაიწყო.
მდგმური
„მურის“ ოპერებმა დაადგინეს, რომ გაძარცვული მამაკაცი ¹11 სახლის მეოთხე სართულზე, ¹7 ბინას ქირაობდა. ბინის პატრონი 71 წლის პენსიონერი, მართა ზიკოვა იყო, რომელიც გვერდით ბინაში ცხოვრობდა.
– მდგმურს ანზორი ჰქვია და უკვე სამი წელია, ჩემთან ჩერდება. პირველად ის ჩემმა ქალიშვილმა, ლუდმილამ მოიყვანა. ჩემი გოგო შარშან გარდაიცვალა. ანზორი კი ყოველთვე ჩამოდის და ერთ კვირაზე მეტხანს არ ჩერდება. ყოველი წლის დასაწყისში 360 მანეთს, მთელი წლის ქირას მიხდის. მას საკუთარი გასაღები აქვს და არ მაწუხებს. არც მე ვაწუხებ მას, – განუცხადა მილიციას ბინის პატრონმა.
ზიკოვამ ისიც თქვა, რომ მისი მდგმური საქართველოდან იყო და ქალაქს არ ინცობდა. ქალის თქმით, ანზორი მოსკოვში მივლინებით ჩამოდიოდა, მაგრამ მისი პროფესია არ იცოდა. ოპერებმა ქალის მეშვეობით ანზორის ფოტორობოტი შეადგინეს. ბინაში აღებული თითის ანაბეჭდები და სისხლის ანალიზის შედეგები თბილისში გაგზავნეს საიდენტიფიკაციოდ. აღწერილობის მიხედვით, მდგმური საშუალო სიმაღლის, 35-40 წლის მამაკაცი იყო, შავი ფერის ხშირი თმით. მოდურად იცვამდა. დადგინდა ისიც, რომ ის დიაბეტით იყო დაავადებული.
სასიკვდილო განაჩენი
გაძარცვული მამაკაცი, სინამდვილეში, 38 წლის ნოდარ მურია გახლდათ. ის თბილისში ცხოვრობდა და ერთ-ერთი მსხვილი საწარმოს ინჟინრად მუშაობდა. მურიას მოსკოვში ეშელონით ყოველთვიურად ფაბრიკის „ლევი“ (გაუფორმებელი) საქონელი ჩაჰქონდა. უკან კი ფულით ბრუნდებოდა, რომელსაც დანაშაულებრივი ორგანიზებული ჯგუფი იყოფდა. ჯგუფში მურიას გარდა შედიოდნენ – ფაბრიკის დირექტორი, მოადგილე, მთავარი ბუღალტერი და შინაგან საქმეთა სამინისტროს „ობეხეესის“ (დატაცებისა და ბანდიტიზმის განყოფილება) თანამშრომელი. მოსკოვში მათ თანამზრახველები ჰყავდათ და ისინიც საპასუხისმგებლო თანამდებობებზე მუშაობდნენ. ჯგუფი ამ დანაშაულებრივი საქმით 1974 წლიდან იყო დაკავებული და ათეული მილიონობით მანეთს იჯიბავდნენ. 23 იანვარს ნოდარ მურია მოსკოვის ვოიაჟიდან თბილისში უნდა დაბრუნებულიყო ღამის მატარებლით, მაგრამ ის ანტოშკამ გაძარცვა... გონზე მოსული მურია სწრაფად წამოდგა, აეროპორტში გაემგზავრა და რამდენიმე საათში უკვე თბილისში იყო. ნანერვიულებმა და ძალაგამოცლილმა ინჟინერმა ძლივს მიაღწია ლოგინამდე და ტანსაცმლიანად ჩაეძინა. საღამოს 10 საათზე კი გაეღვიძა, თავი მოიწესრიგა, წამალი დალია და პირდაპირ ფაბრიკისკენ გაემართა. დირექტორი ფაბრიკაში შუაღამემდე რჩებოდა.
ნოდარ მურიამ დაწვრილებით უამბო თავის უფროსს ყველაფერი და ბოლოს უთხრა:
– თანხას მე დავფარავ. კიდევ კარგი, რომ მხოლოდ გამძარცვეს და მილიციას არ გადავაწყდი.
– კიდევ კარგი. წადი და დაისვენე, – შვებით ამოისუნთქა დირექტორმა და ხელქვეითი კაბინეტიდან გაისტუმრა.
28 იანვარს „ობეხეესის“ პოდპოლკოვნიკმა მალხაზ ზარიამ, რომელიც დანაშაულებრივი ჯგუფის წევრი იყო, ფაბრიკის დირექტორს მიაკითხა, მოსკოვიდან გამოგზავნილი ფოტორობოტი უჩვენა და უთხრა:
– შენი კრეტინი ხელქვეითი ჯერ ვიღაც ბასიაკმა გაძარცვა, შემდეგ ის კრეტინი ბასიაკი მილიციამ დაიჭირა და აი, შედეგი – სამინისტროში დღეს ეს ფოტორობოტი მოვიდა, თუ დაიჭირეს, ყველანი ჩავვარდებით...
იმავე საღამოს, ნოდარ მურიას გარდა, მთელი დანაშაულებრივი ჯგუფი შეიკრიბა წყნეთში, ფაბრიკის დირექტორის აგარაკზე და მურიას თავიდან მოშორება ერთხმად გადაწყვიტეს.
– ჯაჭვი უნდა გავწყვიტოთ, – თქვა ზარიამ, – წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ყველას ჩაგვიშვებს. შემსრულებელს კი მე ვიპოვი და ამ საქმეს სამასი ათასი მანეთი დასჭირდება.
მალხაზ ზარიას იქვე ჩაუთვალეს 300 ათასი მანეთი და შეთქმულები დაიშალნენ. პოდპოლკოვნიკმა გუნებაში ყველას დასცინა. 290 ათასი ჯიბეში ჩაიდო, 10 ათასი კი თავის ხელქვეითს, ლეიტენანტ გივი ლუაშვილს მისცა და ნოდარ მურიას მოკვლა დაავალა.
გახსნილი საქმე
მოისეი მირსკი მოსკოვის ¹19 სასაქონლო  ბაზის დირექტორი იყო და მისი საქმიანობით „კაგებე“ მას შემდეგ დაინტერესდა, რაც უშიშროებამ შეიტყო, რომ ის სავალუტო ოპერაციებით იყო დაკავებული. მასზე თვალთვალი 1976 წლის მიწურულს დაწესდა. სწორედ მირსკი უხდიდა ფულს მურიას თბილისიდან ჩამოტანილ საქონელში, მას ორმაგ ფასში ყიდდა და მოგებული თანხით ამერიკულ დოლარებს ყიდულობდა. მირსკი 23 იანვარს აიყვანეს და მან გამომძიებლები მურიაზე გაიყვანა. იმავე დღეს მურიას დაპატიმრება ვერ მოხერხდა, რადგან ფულის გადაცემა ძალიან ეშმაკურად მოხდა. თანხა შემნახველ საკანში იდო და ხელიდან ხელში გადაცემა არ ყოფილა, რის გამოც „კაგებეს“ კინოკამერებმა ეს ფაქტი ვერ დააფიქსირეს. თუმცა, უკვე გაშიფრულ მურიას „კაგებეს“ საგანგებო ჯგუფი 3 თებერვალს თბილისში დააჯდა კუდზე და მას თვალთვალი და კინოგადაღება დაუწყეს. 5 თებერვალს მეთვალყურეობის ქვეშ მყოფ ნოდარ მურიას სახლში მოსაკლავად გივი ლუაშვილი დაადგა. „კაგებემ“ კი უკვე იცოდა ძარცვის ამბავიც და ანალიზის შედეგად ისიც ივარაუდეს, რომ მას მკვლელს მიუგზავნიდნენ. ამიტომ, ლუაშვილის ვიზიტს მომზადებულები დახვდნენ და მილიციის ლეიტენანტი ფაქტზე დაიჭირეს. ლუაშვილს „ტეტეს“ სისტემის პისტოლეტი აღმოაჩნდა. მან ჩვენებაში ყველაფერი აღიარა და თავისი უფროსი მკვლელობის შეკვეთაში ამხილა. 6 თებერვლის ღამეს, „კაგებეს“ მოსკოველმა ოპერებმა, ქართველ კოლეგებთან ერთად, თბილისში აიყვანეს ორგანიზებულ-დანაშაულებრივი ჯგუფი და ამის პარალელურად, ანალოგიური ოპერაცია მოსკოვშიც ჩატარდა.
მოისეი მირსკისა და მძარცველ ანტოშკას მეშვეობით, პროკურატურამ, „კაგებემ“ და „მურმა“ მსხვილი საქმე გახსნა და 25 ადამიანი საბრალდებო სკამზე დასვა. უმეტეს მათგანს 15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, მათ შორის, მურიასაც, რომელიც დღეს რუსეთში ცხოვრობს და ურალში ერთ-ერთი მსხვილი ფირმის პრეზიდენტია.

скачать dle 11.3