კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ აწვდის კომერციული ბანკი მომხმარებლის შესახებ ფინანსურ ინფორმაციას აღსრულების ეროვნულ ბიუროს სასესხო ხელშეკრულების გაფორმებისთანავე

რაკი ისე მოხდა, რომ საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა სესხების ფერხულშია ჩაბმული, სესხდამოკიდებულება ლამის ნარკოდამოკიდებულების რანგში ავიდეს. იმას გარდა, რომ საქართველოს მოქალაქის შეგნებული ცხოვრება სესხების, გასტუმრებას ვინ ჩივის, გადაფარვაში გადის, რის გამოც საბანკო სექტორის მოგება არნახულ მასშტაბებს აღწევს (განსაკუთრებით, ამ სიღარიბის ფონზე), საფინანსო ინსტიტუტები მოქალაქეების შესახებ თითქმის სრულ ინფორმაციას ფლობენ, კერძოდ, მათ შემოსავლებსა და გასავლებზე, კომუნალური ხარჯით დაწყებული და საყვარელი ბრენდით დამთავრებული. რა ინფორმაციას ფლობენ ბანკები მოქალაქეების შესახებ და შეუძლიათ თუ არა მისი ბოროტად ან კეთილად გამოყენება?  – ამ თემაზე აფბას ვიცე-პრეზიდენტ შოთა გულბანთან ერთად ვისაუბრებთ.

 – რა ინფორმაცია აქვთ ბანკებს მოსახლეობის ფინანსური მდგომარეობის, შემოსავალ-გასავლების შესახებ?
– ფინანსებთან დაკავშირებულ ინფორმაციას ბანკი, როგორც წესი, ეცნობა, როდესაც ბანკსა და მომხმარებელს შორის საკრედიტო ხელშეკრულება ფორმდება. ბანკი ითხოვს მიმდინარე შემოსავლების შესახებ ინფორმაციას, წინააღმდეგ შემთხვევაში, სესხი ვერ დამტკიცდება. ესეც რომ არ იყოს, ნებისმიერი სასესხო ხელშეკრულების გაფორმების დროს, ბანკი და არა მარტო ბანკი, იმთავითვე ფლობს კლიენტის ფინანსების შესახებ ინფორმაციას. თქვენ, შეიძლება, შემოსავალი გქონდეთ უცხოეთიდანაც ან ისეთი ბიზნესიდან, რომელიც იურიდიულად არ გაქვთ გაფორმებული და საგადასახადო წარმოებას არ ახორციელებთ, მაგრამ, რადგან ის არ არის აღრიცხული, ბანკი ამას არ ითვალისწინებს. თუმცა, თუ ბანკის მეშვეობით იღებთ ფულად გზავნილს, ეს აღირიცხება და შეიძლება, გახდეს თქვენთვის სესხის გაცემის საფუძველიც. საქმე ის არის, არსებობს კანონი სააღსრულებო წარმოებათა შესახებ, რის მიხედვითაც ბანკს აქვს უფლება, რომ თავიდანვე მიაწოდოს მოვალის შესახებ ინფორმაცია აღსრულების ეროვნულ ბიუროს და გაპრობლემების შემთხვევაში ხელახლა აღარ მოუწიოს ამ ინფორმაციის მიწოდება.
– ანუ თადარიგს იჭერს?
– დიახ, თადარიგს იჭერს. ეს ცვლილება ამ კანონში 2012 წელს შევიდა. ანუ თქვენ შესახებ ინფორმაციას იმთავითვე ფლობს არა მხოლოდ ბანკი, ყოველ შემთხვევაში, ოფიციალური შემოსავლების შესახებ, არამედ –  აღსრულების ეროვნული ბიუროც, რომ შემდგომში, გაპრობლემების შემთხვევაში, მიეცეს აღსრულების შესაძლებლობა.
– რა მასშტაბის ინფორმაცია აქვთ ბანკებს მომხმარებლების ხარჯის შესახებ: განვადება, კომუნალური გადასახდელები... ეს მონაცემები სისტემატიზებულია?
– იცით, რომ არსებობს სააქციო საზოგადოება „კრედიტინფო საქართველო“, რომლის ხელშიცაა აკუმულირებული ნებისმიერი ბანკის მომხმარებლის შესახებ ინფორმაცია. მაგალითად, თქვენ გინდათ, ერთ-ერთი ბანკიდან აიღოთ სესხი, მაგრამ სხვა ბანკთან გაქვთ ცუდი ურთიერთობა, სწორედ „კრედიტინფო საქართველო“ აძლევს საშუალებას ბანკს, რომ მიიღოს თქვენ შესახებ ინფორმაცია და ამის მიხედვით გადაწყვიტოს, მოგცეთ თუ არა სესხი.
– ერთია, რომ მოგცეს თუ არა სესხი და, მეორე, როდესაც ერთი ბანკიდან აღებული სესხით სხვა ბანკების სესხების გადაფარვა ხდება. რის იმედზე აძლევს ის ერთი ბანკი სესხს ასეთ მომხმარებელს? რა ხეირი გადამფარავ ბანკს?
– მაგალითად, მომხმარებელს სამ ბანკში აქვს სესხი და მეოთხე ბანკი სთავაზობს, სესხის გადაფარვას ამ სამ ბანკში და თანხის გადანაწილებას გრძელვადიან პერიოდზე, ოღონდ, ეს ხდება იმ შემთხვევაში, თუ ამ პირს გააჩნია შემოსავლები. შემოსავლის არარსებობის შემთხვევაში ბანკი ძალიან ძნელად გასცემს სესხს. თუ თქვენ სამ ბანკთან გაქვთ სესხი და არ გაგაგჩნიათ დაფარვის პერსპექტივა, უბრალოდ, „გაგაშავებენ“ და აღარ მოგეცემათ სესხის აღების შესაძლებლობა. თუ შემოსავალი გაქვთ, ბუნებრივია, უფრო მეტ დროზე გადაგინაწილებენ სესხს და უფრო მაღალ პროცენტსაც დაგიწესებენ, მაგრამ მომხმარებლისთვის ეს მაინც შეღავათია იმ მომენტისთვის, რადგან, თუ ხელშეკრულებით ბანკს შეუძლია, წაგართვათ სახლი, მანქანა თუ სხვა უძრავ-მოძრავი ქონება, ანუ მოახდინოს ქონების რეალიზაცია აღსრულების მიზნით, მომხმარებლისთვის ხელსაყრელია, მოიშოროს ეს ვალდებულება და გრძელვადიან პერიოდზე გადაანაწილოს თანხა.
კიდევ ერთი პრობლემაა სესხის ამომღები ცალკეული ორგანიზაციები, რომლებიც ადამიანებს სთავაზობენ გაურკვეველი ხელშეკრულების გაფორმებას. ფარატინა ფურცელზე დაგიწერენ, რათა არ მოხდეს აღსრულება, თუ ყოველთვიურად გადაიხდით 100-100 ლარს სამი თვის განმავლობაში, ისინი დააკვირდებიან, თუ როგორი გადახდისუნარიანი ხარ. მომხმარებელი იხდის ამ 100-100  ლარს და შემდეგ მას ეუბნებიან, რომ ეს თანხა იყო საკომისიო და ძირ თანხას არაფერი მოჰკლებია. ამ შემთხვევაში მომხმარებელმა უნდა მიმართოს სასამართლოს, რადგან სასამართლო მას ჩამოაჭრის გადახდილ პროცენტებს და მოაკლებს სესხის ძირ თანხას. ანუ მომხმარებლებმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა იქონიონ საქმე იმ შავბნელ ამომღებ ორგანიზაციებთან.
– ამ ორგანიზაციებს ბანკები აწვდიან მსესხებლების კოორდინატებს?
 – დიახ, ბანკებსა თუ სხვა ფინანსურ ინსტიტუტებს აქვთ ურთიერთობა ამ ტიპის ორგანიზაციებთან, რომ მათ პრობლემური სესხების ამოღებაზე იმუშაონ.
– თუ ბანკები „კრედიტინფო საქართველოსგან“ იღებენ ინფორმაციას, სახელმწიფოს რა წყაროები აქვს მოქალაქეების ფინანსების შესახებ ცნობების მისაღებად?
– საბანკო ზედამხედველობის სააგენტოს ეროვნული ბანკისგან გამოყოფის ოპონენტები ამბობდნენ, რომ ამ ინსტიტუტის საშუალებით სახელმწიფოს ეძლევა შესაძლებლობა, მიიღოს ინფორმაცია მოქალაქეების ფინანსების შესახებ და ჩაერიოს ამაში კანონმდებლობის მიღებითა თუ სხვადასხვა რეგულაციის დაწესებით, მაგრამ ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, რომ ეს იყო ამ კანონპროექტის ოპონენტების აზრი, რადგან, საჭიროების შემთხვევაში, სახელმწიფოს აქვს ბერკეტი, რომ პირის შესახებ მიიღო ინფორმაცია. მას კანონი ანიჭებს ამის შესაძლებლობას და რომელი ბანკი გაუწევს წინააღმდეგობას, როდესაც არსებობს გამოძიების დასაბუთებული საფუძვლები, რომ არ მიაწოდოს ინფორმაცია ამა თუ იმ მომხმარებლის ფინანსური მდგომარეობის შესახებ?! სახელმწიფოს ინტერესია, არ გააკონტროლოს და რაც შეიძლება მეტი შეძლების იყოს მისი მოსახლეობა, რადგან ნაკლები ხარჯი ექნება.
წინასაარჩევნოდ, 2012 წლის არჩევნებამდე, მიიღეს კანონპროექტი, რომ გაკონტროლებულიყო ნებისმიერი გადმორიცხვა უცხოეთიდან და ეროვნულ ბანკს მიეცა შესაძლებლობა, დაეყადაღებინა ეს გადმორიცხვები ეჭვის არსებობის საფუძველზე. თუ ახლაც ასეა, ეს ყოვლად დაუშვებელია.
– თუ შეუძლიათ და როგორ შეუძლიათ გამოიყენონ ბანკებმა ბოროტად ეს ინფორმაცია მოსახლეობის ფინანსების შესახებ?
– ჩემი აზრით, ბანკი არის კომერციული ორგანიზაცია, ორიენტირებული მოგებაზე და, ამ კუთხით თუ შევხედავთ, მისი ინტერესი არ უნდა იყოს საკუთარი მომხმარებლის დაზიანება ან მისი ინტერესის შელახვა. თქვენ, როგორც მომხმარებელი, პრობლემას უნდა ქმნიდეთ, რომ ბანკმა თქვენ შესახებ არსებული ინფორმაცია გამოიყენოს. ეს ხომ არ არის პირადი ინფორმაცია, ეს არის თქვენი მხოლოდ ფინანსური მონაცემები.
– მაგრამ თვით ბანკსაც კი აქვს საშუალება, აღადგინოს მომხმარებელზე სრული სურათი, თუ საკრედიტო ბარათსაც იყენებს –  სად ჩაასხა საწვავი, სად რა შეიძინა, სად გამოიკვება და ასე შემდეგ. არ არის ეს სასიამოვნო.
– ტექნოლოგიების განვითარებასა და ახალ-ახალი დაწესებულებების გაჩენასთან ერთად, იმდენად ვითარდება სისტემა, რომ ერთიანი ბაზა იქმნება და ასეთი ორგანიზაცია ადამიანების შესახებ ინფორმაციას მარტივად იღებს.
ჩვენ უნდა შევეგუოთ იმას, რომ ბანკებს აქვთ ინფორმაცია ჩვენი შემოსავლების შესახებ. მათ არაფერი ეცოდინებათ მხოლოდ ისეთი ადამიანის შესახებ, რომელსაც ბანკთან არანაირი შეხება არ ჰქონია, თუ ასეთი ადამიანი არსებობს; მხოლოდ სახელმწიფომ შეიძლება, გაიგოს ინფორმაცია მის შესახებ. ბანკები კი ფლობენ ჩვენ შესახებ ფინანსურ ინფორმაციას –  ასეთია რეალობა. და, ბანკების ინტერესი არ უნდა იყოს ამის ბოროტად თუ კეთილად გამოყენება. არ შეუქმნათ პრობლემა ბანკს, იყავით კეთილსინდისიერი გადამხდელი, მიუხედავად კაბალური პირობებისა, მოემსახურეთ ამ საგადასახადო წნეხს და არავინ არანაირ კამპანიას არ წამოიწყებს  თქვენ წინააღმდეგ.
– და, საკმაოდ ძალადობრივად იქცევიან ბანკების თანამშრომლები: როდესაც ანაბარი გაგაქვს, სვამენ შეკითხვებს –  რატომ გაგაქვს, რაში უნდა დახარჯო თანხა და ასე შემდეგ, თუმცა უარესი იყო 2012 წლამდე, ახლა ოდნავ შეარბილეს დაკითხვა.
– არის შემთხვევები, როდესაც ანაბრის კონვერტაციას აკეთებენ თვითნებურად და, თუ არ გატანენ ანაბარს, მაშინაც შეგიძლიათ, უჩივლოთ.
– არა, გატანებით გატანენ, უბრალოდ, ისეთ შეკითხვებს სვამენ, რაც მათ საერთოდ არ ეხებათ.
– გააჩნია, რა ფორმით გეუბნებიან. თუ ბანკის მოხელის საუბარი გამომდინარეობს მხოლოდ ბანკის ინტერესებიდან, ეს ნორმალურია. ბანკი ფინანსური ორგანიზაციაა და ის ცდილობს, შეგიტყუოთ და დაიტოვოს თქვენი ფული, იმიტომ რომ, ეს თანხა მათ სჭირდებათ. ბაზრობაზეც ყველა ცდილობს, დაგარწმუნოთ, რომ მათი პროდუქცია უფრო კარგია. ანალოგიურად იქცევა ბანკიც, რადგან ანაბარიც პროდუქტია და ცდილობს, დაგარწმუნოთ, რომ მათთან ფულის შენახვა უფრო საიმედოა, უფრო კარგი პროცენტებია და ასე შემდეგ, თუმცა, არ არის კარგი პროცენტები. ძალიან დიდი სხვაობაა ანაბრებისა და სესხების პროცენტებს შორის, თუ ევროპის ქვეყნებს შევადარებთ. მართალია, ჩვენი ეკონომიკა არ არის ევროპის დონეზე და გარკვეულწილად, შესაძლოა, ეს შედარება არც იყოს ადეკვატური, მაგრამ, ვადარებთ იმ ფონზე, როდესაც ბანკები ფლობენ საფინანსო სექტორის 93 პროცენტს, როდესაც მათი მოგება კოლოსალურად იზრდება და წლის ბოლომდე პროგნოზია, რომ 500-მილიონიან მოგებაზე გავლენ. სექტემბერში ბანკების მოგება 83,5 მილიონი ლარი იყო, ეს კი კოლოსალური თანხაა. მათი მოგება კანონმდებლობასთან შესაბამისია და ამიტომ აქვეყნებენ ამ მონაცემებს, მაგრამ, სამწუხაროდ, კომერციულ ბანკებს არ გააჩნიათ არანაირი სოციალური პასუხისმგებლობა, რომ შედარებით შეღავათიანი კრედიტი გასცენ ბიზნესზე, შედარებით უფრო რისკიანები იყვნენ ბიზნესის დაკრედიტებისას, ანაბარზე ცოტა მეტი პროცენტი დარიცხონ, არ გასცენ ამდენი სამომხმარებლო სესხი, რომელიც იმპორტირებული პროდუქციის შეძენას ხმარდება, ეს თანხა ისევ უცხოეთში გაედინება და შეკრული წრის მოდელი იქმნება, რომელზეც ჩვენი ეკონომიკა ტრიალებს. არაფერი გვემატება, ჩვენი ეკონომიკა არ იზრდება საბანკო სექტორის ზრდის ფონზე და ისევ და ისევ მივდივართ ეროვნული ბანკის უმოქმედობამდე. ეროვნულმა ბანკმა რომ დააწესოს რეგულაციები კომერციულ ბანკებზე, რისი შესაძლებლობაც მას აქვს, ეს დაიცავდა მომხმარებელს. მაგალითად, რომ არაჰეჯირებულ მომხმარებელზე არ გასცენ დოლარში სესხი, ანუ, როდესაც ადამიანს არ გააჩნია შემოსავალი დოლარში, მას თავზე არ უნდა მოახვიო დოლარში სესხი, იმიტომ რომ, ქვეყანაში ეკონომიკური არასტაბილურობის დროს, როდესაც ლარის კურსი გაუფასურდა დოლართან მიმართებაში, მომხმარებელთა 65 პროცენტს ქვეყანაში გაუძვირდა დოლარში სესხის მომსახურება და ეს არის ეროვნული ბანკის უმოქმედობის ბრალი.
მით უფრო, რომ სავალუტო ფონდის რეკომენდაციაა, ასეთი რამ განეხორციელებინა ეროვნულ ბანკს. მეორე მხრივ, ძალიან ცენტრალიზებული საბანკო სისტემაც არ არის კარგი. დღეს, ძირითადად, ორ ბანკზე მოდის საბაზრო სექტორის უდიდესი წილი და ძალიან ბევრი პრობლემაა, რასაც რეალურად საბანკო სექტორი ქმნის. თუნდაც ის, რომ მათი განვითარების ფონზე შესაძლებლობა არ ეძლევათ ფინანსური სექტორის სხვა ინსტიტუტებს, განვითარდნენ, რადგან, სულ რაღაც 7 პროცენტია საქართველოს საფინანსო სექტორის დანარჩენი დაწესებულებები: სადაზღვევოები, საფონდო ბირჟა, რომელიც სულს ღაფავს და რეალურად განვითარებაც არ დაუწყია, მცირე რაოდენობის ლომბარდები. ჩვენს საფინანსო სექტორს წარმოადგენს ბანკი და ამიტომ ეროვნულმა ბანკმა ისეთი რეგულაციები უნდა შექმნას, რომ არ დააზიანოს ბანკები, მაგრამ იმგვარი ლოკომოტივი შეუქმნას, რომ სხვა საფინანსო სექტორის წარმომადგენლებიც განვითარდნენ.

скачать dle 11.3