კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ გაუშინაურდნენ „რესპუბლიკელები“ ბიძინა ივანიშვილს და ვინ ჰყავს დღეს მიხეილ სააკაშვილის რეზერვად ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოში

თავის ფავორიტებს ყველა მფარველობს და გამონაკლისი არც ამერიკის შეერთებული შტატებია. მიხეილ სააკაშვილის მაგალითზე ვხედავთ, რომ ჩვენი ოკეანისგაღმელი სტრატეგიული პარტნიორი თავის მოკავშირე პოლიტიკოსს ბოლომდე პატრონობს, რადგან, გულუბრყვილობაა იმის ფიქრი, რომ მხოლოდ ბ-ნი პოროშენკოს ინიციატივით ჩააბარეს ოდესა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს და, მის თანაგუნდელებს – ლამის ყველა საკვანძო ადგილი უკრაინის ხელისუფლებაში. შესაბამისად, სოსო ცინცაძე დაგვეხმარება იმის გაგებაში, რა დოზით იცავს თავის დასაყრდენ თუ სატელიტ პოლიტიკოსებს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და რა ზღვრამდე მოქმედებს ცნობილი თეზა – „ძაღლიშვილია, მაგრამ, ჩვენი ძაღლიშვილია”.

 – ზოგადად, ამერიკის შეერთებული შტატებისა და მათი ფავორიტი პოლიტიკოსის ურთიერთობის როგორი პრაქტიკა არსებობს?  
– დღეს თეოდორ რუზველტის დროინდელი გამონათქვამის – ძაღლიშვილია, მაგრამ, ჩვენი ძაღლიშვილიაო, – დრო წავიდა. 2012 წლის არჩევნებმა დაგვანახვა, რომ აშშ-ის მთავრობა არ აპირებს, პოლიტიკურ საფლავში ჩაჰყვეს თავის ფავორიტს და ეს უკვე პრაგმატული მიდგომაა. ისეთი შთაბეჭდილება მაქვს, თეთრმა სახლმა გადამწყვეტი როლი შეასრულა იმაში, რომ მშვიდობიანად დამთავრდა არჩევნები, იმიტომ რომ, ვიცი, ვინ რისთვის იყო მზად და უცებ მოვიდა შეჩერების სიგნალი და, ასეთი ბრძანება –  არ გაბედოთ დაუკრეფავში გადასვლაო, შეიძლებოდა წამოსულიყო მხოლოდ ერთი დედაქალაქიდან.
– ვაშინგტონიდან, ანუ.
– რასაკვირველია. ამიტომ, მართალია, სააკაშვილის მიმართ პოლიტიკური სიმპათიები დღეს კიდევ არსებობს შტატების გარკვეულ პოლიტიკურ წრეებში, ძირითადად, ესენი არიან მაკკეინი და მის ირგვლივ თავმოყრილი პოლიტიკოსები, მაგრამ ეს უკვე იმ სიმპათიის, როგორიც იყო 2004-2005-2006 წლებში, მხოლოდ აჩრდილია. ასე რომ, თუ დღევანდელი ჩვენი ხელისუფლება შეძლებს დამაჯერებელი მტკიცებულებების მოპოვებას სააკაშვილის წინააღმდეგ, არც ისაა გამორიცხული, ამერიკელებმა თქვან: რადგან რეალობა ასეთი ყოფილა და თქვენ გაქვთ სერიოზული სამხილი, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ თქვენ დაგიჯეროთ, იმოქმედეთო.
– აშშ-ის შესაბამისმა სამსახურებმა და გარკვეულმა პოლიტიკურმა და სამთავრობო წრეებმა ზედმიწევნით კარგად იცოდნენ, როგორ მართავდა „ნაციონალური მოძრაობა“ და იციან, როგორ მართავს ახლა „ოცნება“. ანუ განსაკუთრებით დამაჯერებელი სამხილები რისთვისაა საჭირო, რომ გარეგნულად შთამბეჭავი იყოს პროცესი?
– თქვენც ამბობთ, რომ იცოდნენ, მაგრამ ეს არ არის იურიდიული ტერმინი. ამერიკის ისტორიაში ნომერ პირველ განგსტერად თუმცა ჩვენ ალკაპონე ვიცით, აღიარებულია ებრაელი მეირ ლანსკი, რომელიც 94 წლის ასაკში გარდაიცვალა და ერთი დღეც არ მჯდარა ციხეში. „ნათლიმამაში“ მისი პროტოტიპია როსი, რომელსაც მაიკლის მოკვლა უნდოდა კუბაში. მეირ ლანსკის სახლთან „ცეერუსა“ და „ეფბიაის“ აშენებული ჰქონდათ რეზიდენციები, უთვალთვალებდნენ, ხმას იწერდნენ, მაგრამ ვერ იჭერდნენ –  ვერაფერს უმტკიცებდნენ. ის ყოველ საღამოს გამოდიოდა და სეირნობდა თავის „პუპსიკა“ ძაღლთან ერთად. აგენტები უყურებდნენ, მეზობლები კი მხრებს იჩეჩდნენ –  რა უნდა ამ საწყალი კაცისგან მთავრობასო. ყველამ იცოდა, რასაც აკეთებდა მეირ ლანსკი, მაგრამ ვერ იჭერდნენ. ახლახან გამოვიდა „ეფბეერის“ წიგნი –  „განგსტერიზმის ისტორია“, რომელშიც წერია, რომ ლანსკის უშუალო ბრძანებით 140 ადამიანი იყო მოკლული, თუმცა თვითონ სახლში იარაღიც კი არ ჰქონია. იმის თქმა მინდა, რომ, არგუმენტს –  ყველამ იცის რაც ხდებოდა –  არცერთი ცივილიზებული მოსამართლე ერთ ყურშიც კი არ შეუშვებს. იცი, მაგრამ უნდა დაამტკიცო. ამიტომაც არიან მძიმე დღეში პროკურატურები ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანაში. პროკურატურაში კადრები თაობებით იზრდებიან, ტრადიცია უნდა შეიქმნას. მთავარი ის კი არ არის, იცოდე, რომ ვიღაც თაღლითი და მკვლელია, მთავარია, ეს დაამტკიცო სასამართლოში. ის, რომ რომელიღაც საიტზე ვიღაცამ რაღაც გამოაქვეყნა, არ არის მტკიცებულება და, როდესაც ამერიკის ელჩი ირონიით ამბობს, ეს ზღაპარია, მე ამის არ მჯერაო, ის ამ დროს ლაპარაკობს მთელი ცივილიზებული დასავლეთის სახელით და ეს უნდა გავითვალისწინოთ. რასაკვირველია, მეც ვიცი, თქვენც იცით და დანაჩენებმაც იციან, რომ ღამით მოჰყავდათ ნოტარიუსი და აჩუქებინებდნენ ქონებას ადამიანებს, მაგრამ, ხომ ხედავთ, ამას ისე აკეთებდნენ, კვალს არ ტოვებდნენ.
– 2004 წლიდან მოყოლებული, სხვადასხვა კანონში შეჰქონდათ ცვლილებები, რამაც საბოლოოდ მიგვიყვანა კანონის მათზე მორგებამდე და განუსაზღვრელ საპრეზიდენტო ძალაუფლებამდე. ახლა ამ ცვლილებების ავტორები ასაჩივრებენ თავიანთ მიერვე შეტანილ ცვლილებებს, რომლებიც, შეტანისთანავე იცოდნენ, რომ ანტიკონსტიტუციური იყო და ამიტომაც შეჰქონდათ. ანუ მათი ტაქტიკა იგივეა, რადგან იციან, რა მოთხოვნები აქვს დასავლეთს?
– მე არ ვარ იურისტი, მაგრამ, ხომ გვახსოვს, რომ არჩევნების წინა პერიოდში ყოველდღე ახალი კანონი გამოდიოდა „ქართუ ბანკის“ წინააღმდეგ და ქალბატონი მოგელაძე ყოველდღე ახალ-ახალ ნორმებს რომ გვაცნობდა?! ეს საქმე რომ წავა სასამართლოში, ჩვენმა სასამართლომ შეიძლება მიიღოს წარმოებაში, იმიტომ რომ ამ მოსამართლეებმა ყველაფერი იციან, მაგრამ მოსამართლე ვერ გამოიტანს გადაწყვეტილებას მხოლოდ იმის საფუძველზე, რომ იცის, რომ ასე იყო, მას სჭირდება მტკიცებულება. რად უნდა მეცნიერულად მტკიცება იმას, რომ ახლა დღეა –  ამას ყველა ხედავს, მაგრამ იურისპრუდენციაში მოგთხოვენ მტკიცებულებას, რომ ახლა დღეა. იმიტომაც არის, რომ ევროპაში, სანამ სასამართლოში წავა საქმე, წლობით უთვალთვალებენ. ავიღოთ „შარლი ებდოს“ რედაქციაზე თავდასხმა: საფრანგეთის კონტრდაზვერვა სამი წლის განმავლობაში აკვირდებოდა ტერორისტებს. მათ რომ თავზე ხელი აეღოთ და სამხილების გარეშე დაეჭირათ ისინი, რასაკვირველია, ტრაგედია არ მოხდებოდა, მაგრამ, მეორე მხრივ, თვითონ ფრანგები გამოვიდოდნენ და ყირაზე დადგებოდნენ –  რის საფუძველზე აკავებთ, სამხილები არ გაქვთო. აი, ასეთი ჯადოსნური წრე იკვრება. ვერ იჭერ, რადგან სამხილი არ გაქვს, ამ დროს კი ტერორისტი გარეთაა და ნებისმიერ წუთს შეიძლება ჩაიდინოს დანაშაული. ასეთია დემოკრატიული მართლმსაჯულება. ცხონებული ჩერჩილი ტყუილად ხომ არ ამბობდა, დემოკრატიის ერთადერთი ღირსება მხოლოდ ის არის, რომ დანარჩენი სხვა წყობა ამაზე უარესიაო?!
– აქ ყველაზე ცუდი არის ის, რომ საზოგადოების გარკვეულ ფენაში, რომელიც ამას აღიქვამს როგორც დასავლეთის მიერ დამნაშავეების მფარველობას, ჩნდება აგრესია დასავლეთისა და, განსაკუთრებით –  ამერიკის შეერთებული შტატებისადმი და, ჩვენ, შესაძლოა, მოკავშირის გარეშე დავრჩეთ, თუ საზოგადოებრივი აზრი დასავლეთის შესახებ ნეგატიურისკენ გადაიხარა.
–  მესმის და ეს არის საბედისწერო საქართველოსთვის, იმიტომ რომ, ამ გზით წავიდა რუსეთი. გავიხსენოთ გასული საუკუნის 90-ანი წლები, როგორი პროდასავლური განწყობა იყო რუსეთში: ელცინი და ბილ კლინტონი ერთმანეთში „შენობით” იყვნენ, ანეკდოტებს უყვებოდნენ, თითქოს 70-წლიანი მტრობა წაიშალა რუსეთსა და ამერიკას შორის და ძმები გახდნენ, მაგრამ პუტინის მოსვლიდან ნელ-ნელა, სულ რაღაც ათიოდ წელიწადში, ქვეყანა დაუბრუნდა გასული საუკუნის 70-იან წლებს, რომ პირველი მტერი ამერიკაა და ამერიკაში ყველაფერი ცუდია, ამ დროს კი, კარი რომ გაუხსნა, ნახევარი რუსეთი ამერიკაში გაიქცევა საცხოვრებლად. ღმერთმა ნუ ქნას, ჩვენთანაც იგივე დაიწყოს, იმიტომ რომ, რუსეთს, ასე თუ ისე, აქვს იმის ერსურსი, თავისი ხალხი გამოკვებოს მაინც; თავი რომ დავანებოთ ადამიანის უფლებებს, ჩვენ ესეც არ შეგვიძლია, ნიახურიც კი არ მოგვყავს იმდენი, რომ ჩვენ გვეყოს. პომიდორი, კიტრი და ხილი უცხოეთიდან შემოდის. გორში, თითოეულ ოჯახში, ყოველწლიურად ტონობით  ვაშლი ლპება, თბილისში კი უნგრეთიდან შემოტანილი ვაშლი იყიდება. ამდენად, ჩვენთვის ეს კატასტროფული სცენარია. ღმერთმა ნუ ქნას, ეს აგრესია, რომელიც უნდობლობით იწყება, გადაიზარდოს გაღიზიანებაში და საბოლოოდ მტერი გახდეს შტატები. ჩვენ ხომ არ შეგვიძლია ჩვენს იმედად ცხოვრება? ჩვენ ან ერთი მოკავშირე უნდა გვყავდეს, ან მეორე. ყველამ ვიცით, რას ნიშნავს რუსეთთან ურთიერთობა. რუსეთთან ურთიერთობის იდეალური ვერსიაა, ჩემი აზრით, კეთილმეზობლური ურთიერთობა და ის, რომ გამოვიყენოთ რუსეთის ბაზარი, თუ რუსეთი შეგუება და, სხვა გზა თუ არ ექნა, შეეგუება, შენ ოღონდ „ნატო“ ნუ გაკერია პირზე და ნურც ჩემი იქნები და ნურც დასავლეთის გახდებიო. ეკონომიკა სხვაა, რადგან, თუმცა ისეთი ანტირუსული ხელისუფლება, როგორიც „ნაციონალური“ იყო, საქართველოში არასდროს ყოფილა, ზვიად გამსახურდიაც კი არ იყო ასეთი რუსოფილი. სააკაშვილის დროს საქართველოს ნახევარი მრეწველობა თუ სასიცოცხლო სტრატეგიული ობიექტები რუსებს ჩავაბარეთ: დენით დაწყებული და წყლით დამთავრებული. ეტყობა, ეს ობიექტურად უალტერნატივოა. თუ შენს წყალსა და სადენებს ვერ უვლი და ორი მილი ვერ გაგიყვანია, ფილტრები ვერ დაგიყენებია, რომ ხალხი არ მოგეწამლოს, მაშინ იძულებული ხარ, მიჰყიდო მას, ვინც იყიდის. რუსეთის გარდა კი აქ არავინ არაფერს იყიდის, რადგან ეს სივრცე რუსეთისთვისაა ცნობილი: კორუფციული, უპასუხისმგებლო… რუსეთი ეგუება ამას იმიტომ, რომ სახლშიც იგივე სიტუაცია აქვს.
– მაგრამ ამერიკულმა კომპანიამ ხომ იყიდა თავის დროზე „თელასი“?
– ჩამოვიდა სიმპათიური ამერიკელი ახალგაზრდა და ერთ წელიწადში კვაზიმოდოს დაემსგავსა. ამბობდა, ეს რა საშინელებაში მოვხვდი, ყველა ხელში შემომყურებს, არავის არ უნდა მუშაობაო. რუსი კი მოვიდა და თქვა, ჩემთვისაა ეს ქვეყანაო. ამიტომ, ეს არ არის ასე უბრალო საკითხი.
– რა გამოდგება იმის მაგალითად, როდესაც კეთილად დასრულდა აშშ-ისა და მისი ფავორიტი პოლიტიკოსის ურთიერთობა?
– კეთილად რომ დაუმთავრდა ისტორია, ამის მაგალითია ვაცლავ ჰაველი, რომელიც ამერიკის პროექტი იყო; ასევე, ლეხ ვალენსა და „სოლიდარობა“, ფაქტობრივად, ამერიკელებმა შექმნეს. ორივე ისტორია კეთილად დამთავრდა. ვალენსა ნორმალურად ცხოვრობს. მის წინააღმდეგ არც სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვს ვინმე და ქუჩაშიც დაცვის გარეშე დადის.
– ვინ არიან ისინი, რომლებმაც ცუდად, ფატალურად დაამთავრეს თავიანთი კარიერა?
– იგივე მუბარაქი, ეგვიპტის პრეზიდენტი, რომელიც ამერიკელების ფავორიტი იყო; თუმცა ყველაზე კლასიკური მაგალითი მაინც არის ბენ ლადენი, „ალ ქაიდას“ ყოფილი ლიდერი, რომელსაც ჩვენთან დაერქვა ბინი, რაც ამერიკული ტრანსკრიფციაა, თორემ, არაბულად არის ბენი.
– მუშარაფსაც მძიმე ბედი ჰქონდა.
– მუშარაფი „კაგებემ“ ააფეთქა. ბანანი უყვარდა და, ამიტომ, როდესაც სადმე მიფრინავდა, ყოველთვის თან ჰქონდა ერთი დიდი კალათა ბანანით – სანამ თვითმფრინავში იჯდა, ჭამდა და, სწორედ ბანანში ჩაუდეს ბომბი. ერთი სიტყვით, ამერიკა უკან არავის გაჰყოლია. ამასთან, ამერიკელების ხელწერაა, რომ ჰყავთ თავიანთი კაცი, მაგრამ ყოველთვის ინახავენ რეზერვსაც.
– ახლა ვინ შეიძლება ჰყავდეთ რეზერვში ჩვენთან?
– ჩემი აზრით, პიროვნულად ამერიკელები ორ ადამიანს განიხილავენ: ალასანიასა და მარგველაშვილს, მაგრამ პარტიად, რასაკვირველია, „რესპუბლიკელებს,“ ისინიც იმიტომ არიან ასეთ ჰონორზე და ივანიშვილსაც „შენობით” ლაპარაკს უბედავენ; თორემ, ის, რაც მოხდა საგარეჯოში, არანაირ ლოგიკაში არ ჯდება: რა შუაში იყო მინისტრი ბიულეტენების დათვლასთან და, საერთოდ, რა უნდათ მინისტრებს წინასაარჩევნო კამპანიის დროს?! ცხადია, რომ ჯანდაცვის მინისტრი, ეს წესიერი კაცი, იქ თავისი ნებით არ ჩავიდოდა, უთხრეს და ჩავიდა.
– ანუ, კოალიცია თავს აწონებს აშშ-ს?
– ამერიკას კოალიციის ისე აღარ სჯერა, მაგრამ, სანამ „რესპუბლიკურ პარტიას“ სჭირდება, კოალიცია იქნება, რადგან, ამერიკელებმა მშვენივრად იციან, რომ რესპუბლიკელები დამოუკიდებლად არჩევნებს ვერ მოიგებენ. ამიტომ, სანამ შესაძლებელია, რომ, აი, ამ ელმავალს, რომელსაც აწერია „ბიძინა ივანიშვილი“, იყვნენ გამობმულები, იქნებიან. მაგრამ, თეორიულად, შესაძლებელია, რომ „რესპუბლიკელების“ მიმართ ხალხის ნდობა გაიზარდოს, ან, შეიძლება, ვიღაც სხვა გამოჩნდეს. ყოველ შემთხვევაში, დღეს ჩანს ერთი რამ: ამერიკელებს არ ჰყავთ გამოკვეთილი ფავორიტი. ისინი ყველას აკვირდებიან, ნათელაშვილსაც, ალასანიასაც, მარგველაშვილსაც. თუ გახსოვთ, რუსეთის 1996 წლის არჩევნებისას, როდესაც ელცინი უკვე ავად იყო და გამარჯვების ყველაზე დიდი შესაძლებლობა ჰქონდა ზიუგანოვს, არჩევნებამდე ორი-სამი დღით ადრე ამერიკიდან სპეციალური თვითმფრინავი ჩამოფრინდა და, იავლინსკი, „იაბლოკოს“ ლიდერი წაიყვანეს. მას ორსაათიანი გამოსვლა ჰქონდა კონგრესში და შემდეგ ისევ უკან გადმოაფრინეს. არჩევნებამდე ორი კვირით ადრე კი ლებედიც დაპატიჟეს, მაგრამ მასზე ხელი ჩაიქნიეს –  ის ხისთავიანი გენერალი იყო. იმის თქმა მინდა, რომ ამერიკელები ცდილობენ, სრული სურათი ჰქონდეთ. ისევ თავიდან დასმულ კითხვას რომ დავუბრუნდეთ: თეოდორ რუზველტის დროინდელ ამერიკაში სხვა სტილისტიკა იყო. დღეს ასეთი უხეში ფრაზებით აღარ ლაპარაკობენ, მაგრამ შინაარსი იგივეა, უბრალოდ, ფორმა შეცვალეს.

скачать dle 11.3