კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ იხდის ნუცა ბუზალაძის ცხოვრების ხარჯებს თურქეთში და რა პერიოდში მიიჩნევს ის თავს ყველაზე უბედურად

ბოლო დღეებია, სოციალურ ქსელში ყველა აქტიურად აზიარებს 18 წლის მომღერლის, ნუცა ბუზალაძის გამოსვლას თურქეთში მიმდინარე „ახალ ხმაში”. სცენიდან ამ პატარა გოგომ მოახერხა და თავისი ნიჭის წყალობით, ჟიურის წევრები და თურქი მსმენელი, გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვი, შოკში ჩაყარა. თურქული პრესა აქტიურად წერს ქართველ მომღერალზე და მას უდიდეს წარმატებას უწინასწარმეტყველებს. რასაკვირველია, ჩვენც ვუერთდებით მათ და ნუცას უფრო მეტ წარმატებას, მიზნების მიღწევასა და გამარჯვებას ვუსურვებთ.

 ნუცა ბუზალაძე: თურქეთი ძალიან მიყვარს. დეიდაჩემი, დეიდაშვილი და ბიძაჩემი აქ ცხოვრობენ. შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ ნახევრად აქ გავიზარდე. მარტო სკოლისთვის ჩამოვდიოდი თბილისში, დანარჩენ დროს თურქეთში ვატარებდი. ამიტომ, ვიცი თურქული ენაც კარგად. მართალია, გამართულად რომ ვისაუბრო კიდევ მეტი პრაქტიკა მჭირდება, მაგრამ ამასაც მოვახერხებ. თუმცა, „ვოისში” რომ ჩავუთურქულე, ყველას გაუკვირდა. მწერდნენ, ეს ენა საიდანღა ისწავლე, როდის მოასწარიო (იცინის). რაც შეეხება თურქულ „ახალ ხმაში” მონაწილეობას, მინდოდა, აქაც გამეცნო ჩემი თავი მსმენელისთვის. მაგრამ, იმას ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, მხოლოდ ერთი გამოსვლის შემდეგ, ყველა ჩემზე თუ ალაპარაკდებოდა. თურქები ძალიან თბილი და კარგი ხალხია. იმედი მაქვს, ჩემი სხვა გამოსვლებიც მოეწონებათ და როგორც კონკურსანტს, მხარს დამიჭერენ, დამიმესიჯებენ. მე ამ კონკურსში მონაწილეობით, არაფრის დამტკიცება არ მინდა. უბრალოდ, მსურს, მეტმა ადამიანმა დაინახოს და დააფასოს ჩემი შესაძლებლობები. მინდა, ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ, მთელმა მსოფლიომ გაიგოს ჩემი სახელი. მჯერა, ეს ასეც მოხდება, უბრალოდ, დრო მჭირდება. ჯერ 18 წლის ვარ და ამ ასაკში, თურქეთის „ვოისის” გამოცდილება, საშუალებას მომცემს, უფრო გავიზარდო და განვვითარდე როგორც მომღერალი. ისეთი მოტივაცია მაქვს, მინდა, კიდევ მეტ წარმატებას მივაღწიო. მეუბნებიან, ეს რა ფურორი მოახდინეო.  მე კი მიმაჩნია, რომ ფურორი საჭიროა ჩემი ცხოვრებისთვის. თუ რამე არ ხდება ჩემს ცხოვრებაში და წარმატება არ მაქვს, მაშინ ყველაზე უბედური ვარ. ამიტომ, ფურორი ჩემს ცხოვრებაში აუცილებელია (იცინის).  პირველი ქართველი ვარ, ვინც გამოდის ამ პროექტში და ძალიან მიხარია. უცხოეთში ბევრი ქართველი იღებს კონკურსებში მონაწილეობას, თურქეთში კი, მე ვარ პირველი.
– სცენაზე ავთო ცქვიტინიძის სამოსით გახვედი, ეს შენი გადაწყვეტილება იყო თუ ვინმემ გირჩია?
– სხვათა შორის, ბევრს ვფიქრობდი, რა ჩამეცვა თურქულ „ვოისზე,” არც ძალიან გადაპრანჭული ვყოფილიყავი და თან, ეფექტიც მომეხდინა. არ მინდოდა, პირველივე ქასთინგზე ისე წარმომეჩინა თავი ჩაცმულობით, ეთქვათ, ამას თავი ვინ ჰგონიაო (იცინის). ამიტომ, თავად გადავწყვიტე, ავთო ცქვიტინიძის მოდელები შემერჩია. თან, ძალიან მომწონს „ავთანდილის” კოლექცია. დავურეკე და ვუთხარი: კონკურსზე მივდივარ და იქნებ, რამე მომიფიქრო, არ მინდა, ძალიან გადაპრონცკვა, მინდა, სადად და თან, ლამაზად მეცვას-მეთქი. ასე რომ, თავად ავთანდილმა შემირჩია და თავისი კოლექციიდან ჩამაცვა ის სამოსი, რითაც სცენაზე ვიდექი.  
– სცენაზე გამოსვლით ისეთი ამბავი დაატრიალე, მაყურებელიც და ჟიურიც კარგა ხანს ემოციას ვერ მალავდა. ჟიურიში სამი მამაკაცი და ერთი ქალია. მამაკაცებმა აშკარად სცადეს შენი გადაბირება, თუმცა მენტორად მომღერალი ქალბატონი, ჰადისე აირჩიე. რატომ?
– ქალი მენტორი ჰადისე იმიტომ ავირჩიე, რომ ყველაზე მაგარი და პოპულარული მომღერალია. ძალიან უყვართ თურქეთში. თან, ყველაზე ახლოსაა ჩემს სტილთან – იმ სტილთან, რასაც მე ვმღერი. ყველაზე მეტად მას მოვეწონე და სიმღერა რომ დავასრულე, სცენაზე ამოვიდა და ერთადაც ვიმღერეთ. ასე რომ, სხვა მენტორზე ვეღარც ვიფიქრებდი. მე კმაყოფილი ვარ ჩემი არჩევნით და იმედია, ჰადისეც (იცინის). ძალიან ძლიერი კონკურენტები მყავს. ყველა ისე მაგრად მღერის თურქულ სიმღერებს, რომ კონკურენცია, ვხვდები ძალიან ძლიერი იქნება.
– თურქული პრესა, ბოლო დღეებია, აქტიურად წერს პატარა ქართველ გოგონაზე, რომელსაც მსოფლიო ვარსკვლავად მოიხსენიებენ და დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ. ჯერ კიდევ კონკურსანტს რომ ასე შეგაფასებენ, ეს გამარჯვების ტოლფასია, არ მეთანხმები?
– გეთანხმებით. თურქულ პრესაში წერენ: ეს პატარა გოგო გამოვიდა სცენაზე როგორც მსოფლიო ვარსკვლავი. დაანგრია სცენა, ცეცხლი დაანთო, ბოლი აუშვა და გააგიჟა ჟიუროს წევრებიო (იცინის). წერენ, შეაზანზარა მთელი თურქეთი და „ვოისის” სცენაო. მე კი მათ ვეტყვი, რომ ჯერ სად არიან, ბოლის ასვლა ჯერ კიდევ წინაა (იცინის). თუმცა, თურქებს ძალიან უყვართ და მოსწონთ თავმდაბალი ადამიანები. ამას ყველაზე მეტად აფასებენ. ეს მეც მომწონს. სტამბულის ქუჩებში რომ დავდივარ, ყველა მიყურებს, მაგრამ არ ვიცი, რატომ (იცინის). ალბათ, ეს თურქული ტელევიზიისა და პრესის დამსახურებაა. ჩემი ქვეყანა – საქართველო ძალიან პატარაა და მას მსოფლიო კარგად არ იცნობს. მე კი, სადაც მექნება შესაძლებლობა, მსოფლიოს ყველა წერტილში გავიტან ჩემი ქვეყნის სახელს. რუსეთი და თურქეთი – ეს მხოლოდ დასაწყისია. ასე რომ, ჩემი ქვეყნის სახელს მსოფლიოში სხვა კუთხით გაიგებენ. ეს არის ჩემი მიზანი.
– გიფიქრია, თურქეთის „ახალი ხმის” გამარჯვებული რომ გახდე, ამის რეალური შანსი გაქვს?
– თურქული „ახალი ხმის” გამარჯვებული რომ გავხდები, ამაზე ნამდვილად არ ვფიქრობ. ასე, ხომ შეიძლება, გავგიჟდე. ამიტომ, უმჯობესია, გამარჯვებაზე არ ვიფიქრო საერთოდ. თან, როგორც გითხარით, მე გამარჯვებისთვის არ გავსულვარ ამ კონკურსზე. მას სხვა დანიშნულება აქვს ჩემთვის. იმედია, უფრო მეტი მსმენელი  გამიცნობს ამ გამოსვლებით და მომავალში, მეტი დაინტერესება და შემოთავაზებაც იქნება.
– სად ცხოვრობ თურქეთში და ვინ იხდის შენს ხარჯებს?
– მართალია, დეიდა აქ ცხოვრობს, მაგრამ ამ პროექტის ხელმძღვანელობა იხდის ყველა ჩემს ხარჯს. თავისი სასტუმრო აქვთ და იქ ვცხოვრობ.
– ვიცი, რომ კონკურსანტების სტილზე სპეციალურად ზრუნავს პროექტის ხელმძღვანელობა. ხომ არ აპირებენ, ახალი ვიზუალური იმიჯი შეგიქმნან?
– ჯერჯერობით ამაზე საუბარი არ არის. სანამ აქ ჩამოვიდოდი, თმა სპეციალურად დავიხვიე. მინდოდა, ასეთი სტილით ფურორი მომეხდინა და იმედი მაქვს, გამომივიდა (იცინის). თუ მე არ მომინდა თმის შეჭრა ან შეღებვა, ვერავინ მაიძულებს. თუმცა, დარწმუნებული ვარ, იმიჯის ისე შეცვლას არ მომთხოვენ, რაც მე არ მომეწონება. პროექტზე ისეთი კარგი ადამიანები მუშაობენ და თავს ისე ვგრძნობ, როგორც სახლში.
– სკოლის დამთავრების შემდეგ, ამერიკაში აპირებდი სწავლის გაგრძელებას. თუმცა, თურქეთში ამოყავი თავი. ეს გეგმა სამომავლოდ გადადე?
– დიახ, ვგეგმავ კიდეც. მაგრამ, სანამ იმ ქვეყნის კანონით სრულწლოვანი არ გავხდები, თავს ვიკავებ. თან, მინდა, ამერიკაში უფრო მეტი დაგროვილი გამოცდილებითა და წარმატებით ჩავიდე. ამერიკაში სხვანაირი კონკურენციაა, სხვანაირი შრომაა საჭირო წარმატების, მიზნების მისაღწევად და მომზადებული უნდა ჩახვიდე. მე თუ არ ვარ საკუთარ თავში ასი პროცენტით დარწმუნებული და არ მჯერა, რომ გამომივა, ამას არ გავაკეთებ და ნაბიჯს არ გადავდგამ. ასე რომ, ვფიქრობ, ამერიკამდე ჯერ კიდევ რაღაცეები დამრჩა გასაკეთებელი.

скачать dle 11.3