კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ადამიანს არ შეიძლება, ეწოდოს დღეს ეკლესიური და როდის ცხოვრობენ ქრისტიანები მთელი სიცოცხლის განმავლობაში აგონიაში

„ღმერთი მოწყალეა და შეიწყალებს ყველას, ვინც შეინანებს, რომ ცოდვილია, დავრდომილია, ხორციელ, სულიერ სნეულებაშია; მას ღმერთი ჩაიხუტებს გულში და ეტყვის: „მოვედით ჩემთან ყოველნი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი და მე განგისვენებთ თქვენ.” ღმერთი ყოველთვის ელოდება ჩვენნაირ ადამიანებს, რომლებიც აღიარებენ სიგლახაკეს სულისას და ხორციელ სნეულებებს“. ღვთის მოწყალებისა და შიშის შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი (თევდორაშვილი):

 

– შიში, ხორციელი იქნება ის თუ სულიერი, არის ადამიანის დაცემული ბუნების ნაყოფი. ღმერთმა ადამიანი სიყვარულით შექმნა – ეს არის ყველაზე დიდი წყალობა, რაც ღმერთს გაუკეთებია. ასეთი გზით შექმნილმა ადამიანმა ჩაიდინა უგუნურება და შესცოდა ღმერთის წინაშე – მიიღო ის ნაყოფი, რომელიც არ ეკუთვნოდა და, როგორც კი ჩაიდინა ცოდვა, მას შეეშინდა ღმერთის, თან, უგუნურებით ემალება ბუჩქების უკან და ამბობს: „მეშინია, მრცხვენია, უფალო, მე შიშველი ვარ.” როცა ადამიანი არ არის შემოსილი, რცხვენია მას, მაგრამ, არა ახლობლების, არამედ მაშინ იპყრობს ეს გრძობა, როდესაც უცხო ადამიანს დაინახავს. წარმოიდგინეთ, ადამს რცხვენია ღმერთის, მისთვის ახლობელი არსების, რომელმაც შექმნა ის და ღმერთი უცხო ხდება მისთვის. ანუ ღმერთი უცხოა მისთვის და ამიტომაც ეშინია და რცხვენია მისი.
– როდესაც გრცხვენია ღმერთის, ესე იგი, გარკვეული შიში გიპყრობს?
– ანუ, გაუცხოება ხდება ადამიანისა. „დასაბამი სიბრძნისა შიში არს“ – ამაზე ხშირად დაგვცინიან „მოაზროვნე“ ადამიანები – „აგნოსტიკოსები“ და ათეისტები: რატომ უნდა გეშინოდეს ღმერთის? რატომ უნდა მეშინოდეს ღმერთის, მე ის მიყვარს, – ამას ბევრი ამბობს. ალბათ, ხშირად გაგიგონიათ, რომ ადამიანი არის წიგნიერი, განათლებული, მაგრამ დღეს ვინმეზე ამბობენ, როგორი ბრძენიაო? არა. ამბობენ, რომ გონიერია, მცოდნეა, განათლებულია, თუმცა, ბრძენიაო – ეს არავისგან გამიგონია. ძველ აღთქმაში სიბრძნე ეწოდება იესო ქრისტეს, ეს იგივე ჭეშმარიტებაა, სიცოცხლეა. ბრძენი ადამიანი ყველაფრისგან სასარგებლოს იღებს, ხოლო უგუნური – სიამოვნებას. თანამედროვე ცხოვრებაში ხომ ასეა – ყველგან მოგვიწოდებენ: „მიიღე სიამოვნება!” ბრძენი კი ამ დროს რას აკეთებს? – ყველაფრისგან სასარგებლოს იღებს. პავლე მოციქული ამბობს: ყველაფერი ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი არ მარგებსო. ბრძენი ადამიანი ის არის, რომელიც დაცემულ სამყაროში, ეკლესიაში იქნება თუ მის გარეთ, ვიღაცას რომ უსმენს ან საუბრობს, ეს სასარგებლო უნდა იყოს მისთვის. თუმცა, ჯერ შენ უნდა იცოდე, რა არის სასარგებლო და მერე უთხრა სხვას. სასარგებლოს კი ყოველთვის ეძებს ბრძენი ადამიანი. როცა დიდ მამა მაკარი მეგიპტველს ეკითხებიან: რატომ დატოვა ღმერთმა ეშმაკი სოფელში? ის პასუხობს: როგორც გრდემლი, ისე დატოვა ღმერთმა ეშმაკი წუთისოფელში, რომ ჩვენ გამოვიწრთოთ მასთან პაექრობაში. საკუთარ თავთან, ეშმაკთან პაექრობაში ღვთის შიშითა და სიბრძნით უნდა დავბრუნდეთ სამოთხეში. თუ ადამიანს არ გააჩნია ღვთის შიში და სიბრძნე, ის არ არის ქრისტიანი, ეკლესიური და მას არაფრის ეშინია. იოანე დამასკელს აქვს ძალიან კარგი სწავლება – „მართლმადიდებლობის ზედმიწევნითი გარდამოცემა“, რომელშიც  ყველა დოგმატური სწავლებაა მოცემული. ერთ-ერთი ქვეთავი შიშს ეხება.
– ბევრი მაინც ვერ ხვდება, რა არის შიში და ამ საკითხის მიმართ განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ.
– იმისთვის, რომ კარგად გავიგოთ, რა არის შიში,  გეტყვით იოანე დამასკელის განმარტებას. „შიში განიყოფა ექვს თავად“: 1. ყოყმანი, როცა ადამიანი ყოყმანობს, ეს გააკეთოს თუ არა. ეს არის შემდგომი მოქმედების შიში: არ ვიცი, როგორ მოვიქცე, რა მოჰყვება ჩემს ქმედებას და ვიწყებ ყოყმანს. თუ ვერ მივხვდები, რა უნდა გავაკეთო, სახარების კითხვას ვიწყებ;  თუ მაინც ვერ მივხვდები, მერე მამების სწავლებას ვკითხულობ ან დავურეკავ მოძღვარს და რჩევას ვკითხავ; რა თქმა უნდა, მე არ ვსაუბრობ კბილის ამოღებაზე, ქალაქგარეთ გასვლაზე ან მსგავს საკითხებზე. ეს შეიძლება ეხებოდეს, ვთქვათ, ოჯახის შექმნას ან მსგავს საკითხებს, რომ ადამიანმა შემდეგში ღმერთის ნებით გადაჭრას; 2. კრძალვა-გაკიცხვის მოლოდინის შიში – ესე იგი, მე მოკრძალებული ვარ, მეშინია, რომ გამკიცხავენ  და ამის შიშით არ ვაკეთებ. ეს მონური დამოკიდებულებაა – იცის, რომ გაკიცხავენ და რაღაცას დაკარგავს; 3. სირცხვილი: შიში სამარცხვინო მოქმედების გამო – ის, რაც ადამსა და ევას დაემართათ. როდესაც ადამიანებს სირცხვილის გრძნობა ეუფლებათ, რა თქმა უნდა, კარგია, რადგან, ესე იგი, მათში სინდისია შემორჩენილი. მაგრამ ხანდახან არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანი სირცხვილის გრძნობას კარგავს; 4. თავზარი – შიში  ყველაზე დიდი მოვლენისგან, ყველაზე დიდი მოვლენა კი რა იყო? – მაცხოვრის აღდგომა. თავზარი დაეცათ იქ მყოფ ჯარისკაცებს და, გაიქცნენ. თავზარის დაცემა არის ისეთი მოქმედება, რომ შენ უკვე ვეღარ აკონტროლებ სიტუაციას. ეს შიში განსაკუთრებულია, იშვიათია და ამ დროსაც არ უნდა დაიბნეთ. ადამიანები ხშირად ამბობენ: ასეთ დროს ყველაფერი დამავიწყდა და შევცოდეო. კი არ უნდა შესცოდო, უნდა გაგახსენდეს მოძღვრის სიტყვები, იოანე დამასკელის სიტყვები და თქვი: „უფალო, შემიწყალე. უფალო იესო, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი;” შემდეგ გადაიწერეთ პირჯვარი, მოძებნეთ სახარება, ფსალმუნები და ლოცვები წაიკითხეთ და ნუგეში მაშინვე მოვა, რადგან ღმერთი შენთან იქნება. ღმერთი ვისთან არის? ვინც ყველაზე შეშინებულია, ყველაზე დამფრთხალია და ყველაზე მეტად საჭიროებს მის დახმარებას; 5. გაოგნება – ეს არის უჩვეულო მოვლენისგან გამოწვეული, რომელიც დაგეხმარება, საკუთარ თავში დაინახო: რა ცუდი ადამიანი ხარ; რომ არ ხარ ღირსი უფალთან სიახლოვის; 6. აგონია, ანუ წარუმატებლობის  ან დამარცხების შიში – რადგან გეშინია საქმეებში დამარცხების. დღევანდელი საზოგადოების 80 პროცენტი ასეა, რადგან ვერ მიუღიათ გადაწყვეტილება: ყოყმანი დაიწყეს, მაგრამ ვერ იღებენ გადაწყვეტილებას, რადგან ვერ მიდიან უფალთან, სახარებასთან; არ იციან, როგორ უნდა მოიქცნენ და ზოგჯერ მთელ ცხოვრებას ასე ატარებენ. ისე მოვა ამ ადამიანების აღსასრული, რომ მთელ ცხოვრებას აგონიაში, ყოყმანსა და ჭოჭმანში გაატარებენ და ვერ გამოიტანენ დასკვნას – რა გააკეთონ. როცა ასეთ მდგომარეობაში ხარ, თქვი: „იყოს ნება შენი, უფალო!” და, საითაც გული მიგიწევს, რისკენაც შენი სინდისი მიგიწევს, იქით უნდა წახვიდე და იმას უნდა დაუჯერო. მაგრამ, ხშირ შემთხვევაში, ადამიანს სინდისი შეტრიალებული აქვს და, რაც მას უნდა, სინდისიც იმას ეუბნება. ბევრი მოძღვარი ამბობს: „დღეს ბოლო ჟამია, ქრისტე ხვალ მოვა ან ზეგ; აღარ ჭამო, აღარ დალიო, ცოლი აღარ მოიყვანო, შვილები არ გააჩინო“ – ეს არის სისულელე და ვინც ამას ამბობს, მას ბიბლია არ აქვს წაკითხული. პირველივე საუკუნეში ამბობს პავლე მოციქული: შვილებო, უკანასკნელი ჟამია. რადგან, ვინც გარდაიცვლება, მისთვის უკანასკნელი ჟამია და, არავინ იცის, ეს როდის დადგება. როდის მოვა ქრისტე – ეს არავინ იცის ქრისტეს გარდა. ყოყმანი – არ გავთხოვდე, არ მოვიყვანო ცოლი, არ ვიყოლიო შვილები – ეს ეშმაკისგან მოვლენილი შიშია.  ჭეშმარიტი შიში რომ არ გაქვს ღმერთის, ამიტომ ისჯები და ამიტომ გაქვს სხვადასხვა რაღაცეების შიში. ამბა დოროთე ამბობს: არსებობს სამი სახის შიში: პირველი – ეს არის მონური შიში, როცა ადამიანს ეშინია ღმერთის, რადგან არ უნდა ჯოჯოხეთში მოხვედრა და მონურად ცახცახებს და კანკალებს ამ შიშის გამო; მეორე: არც ეშინია და არც უყვარს; უბრალოდ, გაიგო, რომ რაღაც სამოთხე არსებობს და ამისთვის აკეთებს რაღაცეებს. მაგრამ ეს ფარისევლური დამოკიდებულებაა, როცა საზღაურს მოელი: ამას გავაკეთებ – ღმერთი მომეფერება; ამას არ გავაკეთებ და – დავისჯები. სამოთხე დამსახურებით არ არის, ეს იმდენად დიდი წყალობა და სიკეთეა, რომ ვერავინ დაიმსახურებს; მესამე – შვილური სიყვარული: მას არც ეშინია, არც დაქირავებულია და ფიქრობს, ისე მოიქცეს, რომ ღმერთი გახარებული იყოს. მას არ ეშინია მამის, რადგან, იცის რომ მამას უყვარს და, რაც არ უნდა ჩაიდინოს, აპატიებს მას. ეს არის სრულყოფილი სიყვარული და იოანე ღვთისმეტყველი ამბობს მასზე: სრულყოფილი სიყვარული სდევნის შიშს.

скачать dle 11.3