კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სიკვდილმისჯილთა მეზღაპრე

მაკენა უცნაური კაცი იყო. განათლებულ იურისტს რატომ უნდა დაეწყო მუშაობა სიკვდილმისჯილთა გამცილებლად?! მაგრამ ეს არჩევანი მისთვის არავის დაუძალებია... გაუგებარი იყო მაკენას დამოკიდებულებაც სიკვდილმისჯილების მიმართ. საქმე ისაა, რომ სიკვდილმისჯილები განაჩენის გამოტანის მერეც საკმაო დროს ატარებდნენ ამ საკნებში. სასჯელის სისრულეში მოყვანამდე ზოგჯერ დრო რამდენიმე წლის განმავლობაშიც იწელებოდა, მით უფრო, თუ ისინი განაჩენს არ ეთანხმებოდნენ და აპელაციას აპელაციაზე წერდნენ. დამნაშავეების ზედამხედველი კი ისე ეჩვეოდა მსჯავრდებულს, რომ ავიწყდებოდა, რისთვის იჯდა ის სიკვდილმისჯილთა საკანში. დანარჩენი ზედამხედველები – ბოლო გზაზე გამცილებლები, ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ პიროვნებებად არ აღექვათ ისინი – სიკვდილმისჯილები. მაკენა მათ არ ჰგავდა. ის არც სვამდა და არც ნერვიულობდა, როცა სიკვდილმისჯილს ბოლო გზაზე აცილებდა. არცერთი კოლეგა მაკენას არ ემეგობრებოდა. შესაბამისად, მისი საიდუმლოც არავინ იცოდა. რა საიდუმლო? რატომ მიდიოდნენ მისი მსჯავრდებულები ბოლო გზაზე მშვიდად და ღიმილით? ასეთს რას ეუბნებოდა იმედგადაწურულ, სიკვდილმისჯილ ადამიანებს?! სიმართლე მხოლოდ მაშინ გაირკვა (ისიც საკმაოდ ტრაგიკული ფორმით), როცა მაკენა ავად გახდა და დამხმარე-შემცვლელად ახალგაზრდა ინსპექტორი დაუნიშნეს. მაიკლს ძალიან გაუჭირდა პირველივე „კლიენტის“ იმ ადგილამდე მიყვანა, სადაც იგი სიცოცხლეს უნდა გამოთხოვებოდა. სულ რაღაც ოცი მეტრი ჰქონდა გასავლელი, მაგრამ მსჯავრდებულს ისეთი ისტერიკა დაემართა, ნაბიჯის გადადგმა ვეღარ შეძლო და მაიკლმა ხელით ათრია. როცა მაკენამ ეს ამბავი გაიგო, გაიცინა.
– მითხარი, როგორ ახერხებ, რომ შენი სიკვდილმისჯილები ღიმილით გაივლიან ხოლმე უკანასკნელ გზას? – ჰკითხა შეწუხებულმა მაიკლმა.
– ყველას ეს აინტერესებს. ეს ჩემი საიდუმლოა, უფრო სწორად, იყო, რადგან, წასვლას ვაპირებ და გაგიმხელ „ტრიუკის“ მთელ მექანიზმს. ვიღაც ხომ უნდა დარჩეს – მეზღაპრე სიკვდილმისჯილებისთვის?!
– მეზღაპრე სიკვდილმისჯილებისთვის? – მაიკლმა მხრები აიჩეჩა, – ვერაფერი გავიგე, რას გულისხმობ?
– გეტყვი. როგორ გგონია, მართლაც ასეთი მშვიდი და ცივსისხლიანი ვარ? მაგრამ მე მეზღაპრის როლი მოვირგე – გამოსავალს მივაგენი. შენც ნორმალური ნერვები გაქვს, გამოგივა.
– რა გამომივა? – თვალები გაუფართოვდა მაიკლს.
– გამოგივა, ძილის წინ ზღაპარი მოუყვე მათ... იმათ, სიკვდილმისჯილებს.
– ვერ გავიგე, რაზე მელაპარაკები. საერთოდ უნდა წავიდე ამ სამსახურიდან. უფროსობას ვთხოვ, სხვაგან გადამიყვანოს...
 – არც იფიქრო. ისედაც ხალხი არ ჰყოფნით. ჯობია, მე მომისმინო და ყველაფერი გამოვა.
– ეჭვი მეპარება.
– სისულელეა. როცა აქ მუშაობა დავიწყე, ზუსტად შენსავით ვფიქრობდი, მაგრამ ჯიბეში გროში არ მედო. რა უნდა მექნა?! ჰოდა, უფრო საკუთარი თავისთვის მოვიგონე მეზღაპრეობა, ვიდრე იმათთვის. თუმცა, უნდა ვაღიაროთ, რომ ამან ყველას კარგი სამსახური გაუწია. პირველი, ვინც ბოლო გზაზე გავაცილე, ორმოცდათოთხმეტი წლის „ცისფერი“ იყო, რომელმაც თავისი ახალგაზრდა საყვარელი ღალატის გამო საიქიოს გაისტუმრა. ჭადრაკი უყვარდა, მექსიკური სამზარეულო და ფილმები ფრედი ასტერის მონაწილეობით... იცი, როგორ ბავშვივით ატირდა? ძალიან შემეცოდა... ჰო, მესმის, ძალიან ბევრი მათგანი, თითქმის ყველა, ნამდვილად იმსახურებს იმას, რომ საიქიოს გაისტუმრონ, მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ მათ სხვებისთვის ტანჯვის მეტი არაფერი მოაქვთ, მაინც იმსახურებენ ადამიანურ სიკვდილს. მოკლედ, ეშაფოტზე ძლივს ავათრიე... ასეთი სახით ნუ მისმენ, ბოლოს ყველანი დავიხოცებით... რა მნიშვნელობა აქვს თოკში კისერგაყოფილი თუ საწოლში, ბოლო ხომ მაინც ერთი ექნება?! მაინც, რა სულელური კანონია ჩვენს შტატში – დამნაშავე აუცილებლად საღ აზრზე მყოფი, მყარი მახსოვრობის უნარით უნდა აღესრულოს, თორემ, რა პრობლემა იქნებოდა, პირდაპირ გულწასულებს გავისტუმრებდით იმქვეყნად... რას მიყურებ?! ამაზე არავინ დაგელაპარაკება. ჩვენს უფროსობას საერთოდ არ ადარდებს, როგორ და რა საშუალებით აიყვან ამათ ეშაფოტზე. არც დალევა ჭრის – გალოთდები და ის იქნება. ოჯახი ხომ გინდა... საყვარელ ქალს სხვანაირი სჭირდები – მხიარული...
 – შენ გაქვს ოჯახი?
– მე არ გამიმართლა, მაგრამ სიკვდილმისჯილები არაფერ შუაში არიან, ჩემი ცოლი  ძუკნა აღმოჩნდა და პირველივე იდიოტთან მიღალატა, მერე კი საერთოდაც გაიქცა მასთან ერთად. ამას რატომ გიყვები? მართალია, ჩვენ ხომ სიკვდილმისჯილებზე და მათ იმქვეყნად გაცილებაზე ვსაუბრობდით. მოკლედ, მოვიგონე ზღაპარი კეთილი დასასრულით, სიკვდილით დასჯის წინა ღამით მოსაყოლი... ახლა უკვე ამ ზღაპრების რამდენივე ვარიანტი მაქვს... უკვე ბევრი გავაცილე იმქვეყნად იმაზე ფიქრით, რომ მათ გაუმართლათ და, სწორედ მათთვის, ყველაფერი კარგად დამთავრდება.
– მაინც, რას ეუბნები, თქვენ სიკვდილით აღარ დაგსჯიანო?
– ჰო, ოღონდ, არ მითხრა, რომ უსინდისობაა მათი მოტყუება.
– არ გეტყვი, მაგრამ, შენი ზღაპრების  ერთი ვერსია მომიყევი, გთხოვ, – მაიკლი სმენად იქცა.
– ვეუბნები, რომ ციხის ექიმმა მე და კაპიტანმა ქრთამი ავიღეთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ სასჯელის სისრულეში მოყვანის დღეს გავაპაროთ. იცი, როგორ სჯერათ? ისინი ბედნიერები ხდებიან...
– არ კითხულობენ, ფული ვინ გადაიხადაო?
– მერე, მაგ კითხვაზე პასუხის გაცემაზე ადვილი რა არის, ისინი ხომ საკმაო ხანს ატარებენ ჩვენთან და მათ შესახებ თითქმის ყველაფერი ვიცით?! ეტყვი, რომ ცოლი შეწუხდა მისთვის, მეგობრები, თანამზრახველები – ეს ადვილია. რომ უთხრა, სანტა-კლაუსმა იზრუნა თქვენთვისო, მაგასაც კი დაიჯერებენ, იმიტომ, რომ სწორედ ამის დაჯერება უნდათ – გესმის, რაშია საქმე?
– ჰო, მაგრამ, ეს ხომ ტყუილია! საშინელებაა, სიკვდილმისჯილი მოატყუო!
– ის უფრო საშინელებაა, როცა შიშისგან ჩასვრილი ადამიანი ხელით აგყავს ეშაფოტზე! დამიჯერე, რასაც გეუბნები, –  თქვა მაკენამ და ისე გაიღიმა, რომ მაიკლს შეაჟრჟოლა.
– შენ ჯერ გამოუცდელი ხარ. მალე ნახავ, როგორ სამსახურს გაგიწევს ეს ზღაპრები...
ორი დღის შემდეგ მაკენა ზედამხედველებმა სიკვდილმისჯილებისთვის განკუთვნილ ერთ-ერთ საკანში ჩამომხრჩვალი იპოვეს – მან თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. სახეზე ბედნიერი ღიმილი ჰქონდა შეყინული...

скачать dle 11.3