კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ღალატი სიყვარულისთვის

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹27-43(774)

 ადამიანები ხშირად ცხოვრობენ მხოლოდ ჯიბრის კარნახით. როგორ?! როგორ და, მაგალითად, ტანსაცმელს ყიდულობენ ვიღაცის ჯიბრით; ლამაზდებიან ვიღაცის ჯიბრით; მანქანებს, სახლებს, აგარაკებს იძენენ... ჯიბრით; ქორწინდებიან... ჯიბრით და, თქვენ წარმოიდგინეთ, ჯიბრით სიკვდილიც კი შეუძლიათ. ტყუილად გეცინებათ, ჯიბრით ცხოვრება, მით უმეტეს – სიკვდილი, სულაც არ არის ადვილი და განსაკუთრებული ნიჭი სჭირდება, ისევე, როგორც სიყვარულს...
ანამ თვალები გაახილა. არ უნდოდა გაღვიძება. გაღვიძება ახალი დღის დაწყებას ნიშნავდა, ვიღაცის ნახვას, ვიღაცასთან შეხვედრას... შეიძლება, მოულოდნელობას ან უსიამოვნებას... ამოიოხრა და თავზე საბანი წაიფარა. გადაწყვეტილება უნდა მიეღო, თანაც, რაც შეიძლება მალე. ჩიხში შესვლამდე რამდენიმე ნაბიჯი უკლდა და მერე გაცილებით გაუჭირდებოდა იქიდან გამოსვლა.
 მობილურის ზარი ბუნდოვნად ჩაესმა. ჯერ იფიქრა, მომეჩვენაო, მაგრამ მერე მიხვდა, რომ საბანი ახშობდა ზარის მკვეთრ ხმას.
– გამარჯობა, ანა, – სოფო ურეკავდა.
– რა მოხდა, სოფო, რამე პრობლემაა?
– სამსახურში რომ არ მოხვედი, ვიფიქრე, რომ უნდა დამერეკა. ხომ კარგად ხარ?
– სამსახურში არ მოვედი?! – ანამ მხოლოდ ახლა შეხედა საათს, – ღმერთო, თორმეტი საათი ყოფილა! ასე როგორ დამეძინა? ლილუსაც რომ ხმა არ ამოუღია?! ეტყობა, ძიძამ თავისი გასაღებით გააღო კარი და მე აღარ გამაღვიძა. ახლავე ავდგები და წამოვალ... თერთმეტ საათზე შეხვედრა მქონდა... რა სირცხვილია...
– შეხვედრა შედგა. ირინკამ მიიღო ის ხალხი და კარგადაც გამოუვიდა. სხვათა შორის, მთხოვა, რომ მე მეთქვა შენთვის ეს ამბავი. შიშობს, რომ გაუბრაზდები.
 – რატომ უნდა გავბრაზდე?
– იმიტომ, რომ ნება არ მიგიცია. მაგრამ, მოწმე ვარ, რომ გირეკავდა.
– ჰო, ნამდვილად მაქვს გამოტოვებული ზარები. პირიქით, მადლობა უთხარი.
– ანუ, დღეს აღარ მოხვალ?
– ვფიქრობ, რომ ლილუსთან დავრჩები და გავასეირნებ ბავშვს. თქვენც შეგიძლიათ, ცოტა ადრე წახვიდეთ.
– მაშინ, საღამოს შეგეხმიანები და სადმე ყავა დავლიოთ.
– არ ვიცი, სოფო, რადგან შემთხვევით დასვენების დღე გამომივიდა, წვრილმან პრობლემებს მივხედავ.
– კარგი, მაშინ ხვალამდე...
სოფომ მობილური გათიშა და ირინკას გაუღიმა:
– სულ ტყუილად ღელავდი, არ არის გაბრაზებული, პირიქით.
– მართლა?! – ირონიულად ასწია წარბები ირინკამ და ტუჩები გამობუსხა.
– არ გინდა ეგ ირონიები, გულწრფელი იყო...
– ჰმ, უფროსების გულწრფელობა ნაცნობი თემაა... რაო, მოვა?
– არა. რა აზრი აქვსო. შეგვიძლია, დღეს ჩვენც ადრე წავიდეთ.
– ძალიან კარგი. რაღაც გეგმები მქონდა და ვფიქრობდი, ანას როგორ უნდა დავეთხოვო-მეთქი.
– ირინკა, რაღაც რომ გკითხო, შეიძლება? ოღონდ, თუ არ გეწყინება.
– გააჩნია, რას შემეკითხები.
– ძნელი არ არის ასეთი ცხოვრება?
– როგორი ცხოვრება? ვერაფერი გავიგე...
– ამდენ კაცს რომ ხვდები. მე მარტო ჩემს ქმარს ვხვდებოდი და ემოციურად ისე ვიცლებოდი, მანადგურებდა... სადღა მქონდა სხვასთან ფლირტის თავი.
– სწორედ  ეგ არის შენი პრობლემა. ჯერ ერთი, მე ერთდროულად არასდროს ვხვდები  ორ კაცზე მეტს – ჩემს პრინციპებს ეწინააღმდეგება, თან, უფრო ბევრზე ყურადღების კონცენტრაცია მიჭირს.
– ჰა, ჰა, ჰა! რა სასაცილოა – კონცენტრაცია კაცის გამოჭერაზე!
– ჯერ ერთი, სულაც არ არის სასაცილო. მეორეც, რა, სიყვარული გამოჭერა არ არის? მე თუ მკითხავ, სიყვარული უფრო მყარი და მტკივნეული ბორკილია. ქალები მაინც – შეიყვარებენ მამაკაცს და მერე ისე ახრჩობენ ამ სიყვარულით, რომ კაცს თავი რკინის გალიაში ჰგონია და ბუნებრივია,  მისგან გაქცევა უნდა.
– ესე იგი, თუ კაცს ძალიან შეიყვარებ, ის შენგან გაქცევას შეეცდება?
– სავარაუდოდ. გააჩნია, შეყვარებული როგორ მოიქცევი. ქალების უმრავლესობას სწორედ სიყვარულის რეგულაციები ეშლება.
– „სიყვარულის რეგულაციები“ საინტერესო ფრაზაა, თუმცა, მის აზრს ვერ ვხვდები...
– მაგას გეუბნები სწორედ, მაგრამ ამაზე ვერ ვილაპარაკებ.
– რატომ?
– იმიტომ, რომ შენ იმ ძალიან შეყვარებული ქალების კატეგორიას მიეკუთვნები.
– სულაც არა! – გააპროტესტა სოფომ, – ჩემი ქმარი ჩემგან გაქცევაზე არ ოცნებობს.
– მე ეგ არ მითქვამს.
– არ გითქვამს, მაგრამ იგულისხმე. ფიქრობ, რომ გიჟი ვარ, რადგან ზოგჯერ ჩემს ქმარზე გიჟივით ვლაპარაკობ. მე კი შენზე ვფიქრობ ხოლმე ზუსტად ასე.
– რეალობა კი ხშირად სულ სხვაა. შენ რომ ჩემი გესმოდეს, მე კი – შენი, ორივეს უფრო ნაკლები პრობლემა გვექნებოდა, – მრავალმნიშვნელოვნად დაასკვნა ირინკამ, – ყველანი სხვადასხვანაირები ვართ.
– არა, ყველანი ერთნაირები ვართ – შენც, მეც, ანაც... ერთნაირად ვაზროვნებთ და, საბოლოოდ, ყველას ერთი რამ გვინდა – ბედნიერება.
ირინკამ ღიმილით შეხედა სოფოს და თავი დაუქნია....
***
ლაშამ შარვალი შეიკრა.
– უკვე მიდიხარ? ამ ბოლო დროს ოც წუთზე მეტს აღარ ატარებ ჩემთან.
– ხათუნა, რა ხდება? როდის ვატარებდი უფრო მეტს? ან, რა უკმაყოფილო ტონი გქონდა, როცა დაგირეკე, სულ ასე არვიყავით?
– ჰო, ასე ვიყავით, მაგრამ, რაღაც-რაღაცეები შეიცვალა...
ლაშა შემობრუნდა და შეეცადა, ქალისთვის სახეში შეეხედა. ხათუნა თმას ისწორებდა და უცნაურად იღიმებოდა.
– ხომ იცი, რომ რებუსებით ლაპარაკს ვერ ვიტან. პირდაპირ მითხარი, რა გინდა.
– კარგი, გეტყვი: ერთ კაცს ჩემი ცოლად შერთვა უნდა.
– მართლა? ძალიან, ძალიან უნდა? – ლაშამ სიგარეტს მოუკიდა, თან სიცილს განაგრძობდა.
– დამცინი?
– არა, მართლა მაინტერესებს.
– რა გაინტერესებს, მე რას ვაპირებ?
– ეგეც და ისიც, მართლა უყვარხარ თუ არა.
– ზოგჯერ ძალიან აუტანელია შენი უადგილო ირონია, – გაცხარდა ქალი, – მე ვიღაც კახპა არ ვარ, რომ ასე მელაპარაკო.
– ჰო, ვიცი, რომ ვიღაც კახპა არ ხარ და ამიტომაც დავინტერესდი იმ კაცის გრძნობით, რომელიც თურმე გეჩალიჩება.
– კი არ მეჩალიჩება, ჩემი ცოლად შერთვა უნდა. სერიოზულად ფიქრობს.
– მერე, არ მიჰყვები? სერიოზული გადაწყვეტილება მიუღია კაცს.
– საზიზღარო! ნამდვილი იდიოტი ხარ! ნეტა რატომ დავხარჯე შენზე ამდენი დრო!
– მგონი, ამ დროს ერთად ვხარჯავდით და მაშინ კმაყოფილიც იყავი, როგორც ერთი საათის წინ.
– მაინც ვერაფერი გაიგე. მინდა, გადაწყვეტილება სუფთა სინდისით მივიღო.
– ხათუნა, კარგი, რა... სინდისზე ლაპარაკობ? სასაცილოა.
– ჩემთვის არ არის სასაცილო... იქნებ... იქნებ... – ქალი გაჩუმდა და ლაშას მრავალმნიშვნელოვნად მიაშტერდა.
კაცი ერთბაშად ვერ მიხვდა.
– რა „იქნებ?” ხათუნა, შენ, რა, გაგიჟდი? ხომ არ ფიქრობ, რომ მე უნდა მოგიყვანო ცოლად?
– რა ვიცი, ვიფიქრე, რომ...
ლაშამ თავზე იტაცა ხელები:
– ღმერთო! ამ ქალებს ჭკუა მარტო ერთი მიმართულებით რატომ გიჭრით? როდისმე მითქვამს, რომ ცოლის შერთვას ან კონკრეტულად შენს შერთვას ვაპირებ?!
– არა, მაგრამ...
– არავითარი „მაგრამ”... ხათუნა, შენ რაც გინდა, ის ქენი – გათხოვდი – შვილები გააჩინე, მერე, თუ გინდა, გაშორდი და ისევ ჩემთან დაწექი – მოკლედ, სრული თავისუფლება გაქვს და ყოველთვის გქონდა... ეს რა ჯანდაბა იყო!
– მე ვარ ჯანდაბა? – ცრემლები მოადგა ქალს.
– არა, შენი სისულელეებია ჯანდაბა და, მინდა, ეს რაც შეიძლება მალე გაიგო. მოკლედ, მე წავედი. ქორწილში თაიგულს გამოგიგზავნი.
– ურჩხული ხარ! – უყვირა ქალმა.
ლაშამ ოთახში ბოლთის ცემას თავი ანება და შემოსულისკენ მიმართა მთელი ყურადღება:
– სად ხარ აქამდე, დავიღალე ლოდინით.
– ქალების ამბავი არ იცი? ჩემს ცოლს მაინცდამაინც ახლა  მოუნდა დაგვიანება და ბავშვი დავიტოვე. მგონი, ანას მიჰყვებოდა შეხვედრაზე.
ანას ხსენებაზე ლაშა შეიჭმუხნა და კოლოფიდან სიგარეტი ამოიღო:
– ეგ ამბავი როგორ გამომაპარე?
– რა ამბავი? – გაუკვირდა ნიკას.
– შენი ცოლი ანას თანამშრომელი თუ იყო.
– რა მნიშვნელობა აქვს ამას? თანაც, ანა სოფოს უფროსია, მაგრამ ამას თქვენს ურთიერთობასთან რა კავშირი აქვს? – ნიკას ვახო გაახსენდა და უხერხულობისგან გაწითლდა. ლაშაც აშკარად აღარ ამთავრებდა ანაზე ლაპარაკს.
– ვერ ხვდები, ხო? ძალიან მირთულებს ყველაფერს. მე და შენ მეგობრები თუ არა, ბიზნესპარტნიორები ხომ ვართ?
ნიკამ უხალისოდ დაუქნია თავი და ნაძალადევად გაუღიმა.
– ჰოდა, მე მაგრად მიტყდება, როცა შენს ცოლს მუდმივად ცუდი ესმის ჩემზე. წარმომიდგენია, როგორ მლანძღავს მასთან ანა.
– არა, რა სისულელეა...
– ვიცი, შენც გიტყდება, სახეზე გატყობ.
– კარგი, რა...
– კარგი? ანას ვძულვარ, ეს ზუსტად ვიცი. შემთხვევას არ გაუშვებს ხელიდან, მიწასთან არ გამასწოროს.
– ან, უყვარხარ, – ჩაილაპარაკა ნიკამ.
– რა?! რას ნიშნავს, ვუყვარვარ?
– იმას, რომ ქალების გაგება რთულია. ეგენი მაშინაც გვლანძღავენ, როცა ვუყვარვართ და ჩვენ გარეშე ცხოვრება არ შეუძლიათ. ერთი სიტყვით, ორივე შემთხვევაში შარში ვართ.
ლაშამ თავი დაუქნია და სიგარეტს მოუკიდა
– ბიჭო, რა არის, იცი? მართლა არაფერს დავპირებივარ და რაღაც გრძნობაც მქონდა მის მიმართ. სიყვარული მაგარი ბლეფი მგონია და თავი არასდროს მომიტყუებია, მაგრამ ანასთან თავს მართლა კარგად ვგრძნობდი. ყველაფერი შესანიშნავად იყო, სანამ სულელურმა ქალურმა კაპრიზებმა არ წამოუარა. ეს ცოლობა რატომ უნდათ, ამიხსნას ვინმემ... რატომ აქვთ დაუძლეველი სურვილი, მარწუხებში მოგაქციონ და ბოლომდე დაგისაკუთრონ. შეიძლება, ერთი ადამიანი მეორეს საკუთრება იყოს? მონათმფლობელები არიან? გაუჩალიჩა, რა, საკუთარ თავსაც და მეც. გააჩინა ბავშვი და, ახლა ეგ წამებულის როლშია, მე კი – ურჩხულის. რატომ, ამის დედაც, რატომ?!
– ჰო, რა... ისე, ძალიან საყვარელი ბავშვია.
– ბავშვი რა შუაშია, ბავშვზე გელაპარაკები მე? ანა რატომ მომექცა ასე-მეთქი. ამაშია საქმე. მითხარი, შენი ცოლი ხომ ამბობს, რომ მე საზიზღარი, აუტანელი ადამიანი ვარ?
– მოიცა, რა. რა მნიშვნელობა აქვს, რას ამბობს ჩემი ცოლი? – მოგონილი სიმშვიდით ჩაილაპარაკა ნიკამ.
– როგორ არა აქვს მნიშვნელობა. ჩემი პარტნიორის ცოლი დარწმუნებულია, რომ ნაძირალა ვარ და ამას შენც გიმეორებს და გიმეორებს... ვერ დამაჯერებ, რომ ნელ-ნელა ჩემზე აზრი არ გეცვლება.
– მოიცა, რა! არ არის ეგრე, დამიჯერე.
– ეგრეა და, აზრი არა აქვს საპირისპიროს მტკიცებას. არა, დავპირებოდი მაინც, ცოლად შეგირთავ და დარჩენილ ცხოვრებას ძაღლივით შენს ფეხებთან მოკეცილი გავატარებ-მეთქი. თვითონ შეთხზა ეს აბსურდი და დაიჯერა კიდეც. არა ვარ ერთი ქალისთვის შემქმნილი, ამის დედაც, და, რა გავაკეთო?  იმდენს იზამს, ბავშვის ნახვის სურვილიც დამეკარგება.
– მოიცა, რა, ბავშვი რა შუაშია...
– მაგას არ გეუბნები, ბავშვი შუაში არ არის-მეთქი?  ოხ, ეს ქალები! თავიდან ყველა უწყინარი მტრედია, ნაზი, მშვიდი, ალერსიანი, უპრეტენზიო... მერე კი აბსოლუტურად ყველა იცვლება და ამაში აქეთ გდებენ ბრალს.
– არ უნდა გაგემწვავებინა ასე, თავიდანვე უნდა გეცადა, მეგობრებად დარჩენილიყავით.
– „მეგობრებად დარჩენილიყავით” – გამოაჯავრა ლაშამ ირონიულად, – ასე მარტო ამერიკულ მელოდრამებში ხდება. მეგობარი როგორ ვიქნები, როცა ჩემზე საშინელებებს ლაპარაკობს და უგულო, უსინდისო არსებად გამოვყავარ? ჩემი მეგობარი ეგ არც არასოდეს ყოფილა.
ნიკას უნდოდა ეკითხა, შენ მაინც თუ იყავი მისი მეგობარი როდისმეო, მაგრამ გაჩუმება ამჯობინა, რადგან ისევ ვახო გაახსენდა და ისიც, რომ ძალიან არამეგობრულად მოიქცა, როცა ცოლს დათანხმდა, ანასთვის ვახო გაეცნო.
– ნიკა, მომისმინე, ჩვენ რა ვქნათ? ის ტიპი სანდოა?
ნიკა გამოერკვა და ლაშას დაბნეული მზერა მიაპყრო:
– ვინ ტიპი?
– აი, ის, ვახო. ვერ მოვახერხე, უკეთ გამეცნო და ორი-სამი შეხვედრით დასკვნის გამოტანა მიჭირს.
– გქონდა საშუალება უკეთესად გაგეცნო ყაზბეგში, მაგრამ შენი ნაშით ყველაფერი გააფუჭე.
– მე რა შუაში ვარ, როცა შენ და სოფომ დამახვედრეთ სიურპრიზი. თავისუფალი კაცი ვარ და, ვისთან ერთადაც მინდა და სადაც მინდა, იქ წავალ, რა პრობლემაა?
– პრობლემა ისაა, რომ ჩვენი საქმე ფერხდება,  – ამოიოხრა ნიკამ, – ცოტა მეტი სერიოზულობა გვმართებს. ახალ შეხვედრას დავგეგმავ, ოღონდ, შევთანხმდეთ – ამჯერად არანაირი ქალები.  
– ქალებში ცოლები და ყოფილი საყვარლებიც იგულისხმება, ხო? – ირონიულად იკითხა  ლაშამ და სიცილი აუტყდა.
გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3