კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მძარცველთა საგანძური

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹22-43(774)

თინამ კიდევ ერთხელ შეავლო თვალი ნუცასა და ნოდარს და თქვა:
– გაჭრილი ვაშლივით ჰგვანან ერთმანეთს და ტყუპები ეგონება კაცს.
– ტყუპები არ არიან, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ერთი მამა ჰყავთ, – თქვა ვასომ.
– ერთი მამა? – გაიმეორა თინამ.
– თანაც, ეს ბიჭი ნოდარ მდივანია. ისევე, როგორც ნუციკოს მამა, – თქვა ვასომ.
ნუცა და ბიჭი პირდაღებულები უსმენდნენ ცოლ-ქმრის საუბარს და ხმას არ იღებდნენ.
– ნუციკო, აი მამაშენი, – უთხრა ვასომ ნუცას და ნოდარ მდივნის საქმიდან ამოღებული, ახალგაზრდობის სურათი გაუწოდა.
გოგონამ ყურადღებით დაათვალიერა ფოტო. თან, რამდენჯერმე პატიმარსაც შეხედა და ბოლოს თქვა:
– ამ ბიჭს ძალიან ჰგავს.
– იმიტომ, რომ მისი შვილია და შენი ძმა, – თქვა ვასომ.
– ნამდვილად „ბაში-აჩუკის“ სიუჟეტია, – გაეცინა თინას და მეუღლეს ჰკითხა.:
– მარტო ამიტომ მოგვიყვანე აქ?
– აქ ჩვენების ჩამოსართმევად მოგიყვანეთ და უნდა დაწეროთ, რომ ნოდარ მდივანი თქვენ გახლდათ, როდესაც შეიარაღებული მძარცველი შემოგიხტათ მანქანაში და იარაღის მუქარით გაიძულათ, ადგილიდან დაძრულიყავით. შემდეგ, ნოდარმა ის განაიარაღა, მძარცველი კი მანქანიდან გადახტა და გაიქცა. ფული დატოვა. შემდეგ მოხდა გაუგებრობა და მე ის მძარცველად მივიჩნიე. მიუხედავად თქვენი მტკიცებისა, რომ ის უდანაშაულოა, საქმის ვითარების საბოლოოდ გარკვევამდე სამინისტროში წამოვიყვანე და დავაკავე. გასაგებია?
– ეგ კი გასაგებია, მაგრამ, დაზარალებული რას იტყვის. მოლარემ რომ ხელი დაადოს ნოდარს? – უთხრა თინამ ქმარს.
– როგორც ნოდარი ყვება, მოლარემ ის ვერ დაინახა სახეზე და წესით, ხელი არ უნდა დაადოს, – ვასომ საათზე დაიხედა და დაამატა, – მოლარე წუთი-წუთზე მოვა და დაპირისპირებას ჩავატარებთ. იმედია, ყველაფერი რიგზე იქნება და ნოდარს დღესვე გავუშვებთ.
– დღესვე გამიშვებთ? – თვალები გაუფართოვდა ბიჭს.
– იმედია. და, იმისი იმედიც მაქვს, რომ აღარ იყაჩაღებ, – უთხრა ვასომ.
– თუ გადავრჩი, რა თქმა უნდა, აღარ ვიყაჩაღებ.
– იმედია, გადარჩები, –  მიუგო ვასომ ბიჭს და შემდეგ ყველას გასაგონად თქვა:
– ახლა დასხედით და რაც გითხარით, ის დაწერეთ. მე კი დაპირისპირებისთვის მოვემზადები და მანამდე, ამოცნობის პროცედურისთვის კონტინგენტს შევარჩევ.
ვასო კაბინეტიდან გავიდა. ოცი წუთის შემდეგ დაბრუნდა და იკითხა:
– რა ქენით?
– დავწერეთ, – ერთხმად უპასუხეს კაპიტანს.
– კარგი. ქალები აქ დამელოდონ. ნოდარ, შენ კი წამომყევი, ამოცნობის პროცედურა უნდა ჩავატაროთ და იცოდე, მშვიდად იყავი. ნერვიულობა არ შეგატყონ.
პატიმარი წამოდგა და ვასოს უთხრა:
– რატომ მეხმარებით?
– ასეა საჭირო. დანარჩენს მერე გაიგებ. წავედით, – მიუგო ვასომ და დაკავებული საპროცედურო ოთახში წაიყვანა.
ხანში შესულმა მოლარემ ვერც სახეზე ამოიცნო მძარცველი სამ კაცს შორის და ვერც ზურგიდან თუ – მოძრაობაში. ხმითაც რომ ვერ იცნო, ბოლოს თქვა:
– არა, შვილო, ნამდვილად არაა ის ავაზაკი ამათ შორის. ის უფრო სხვანაირი იყო. არა, ნამდვილად არა.
მოლარეს ჩვენება ჩამოართვეს. შემდეგ, შესაბამისი საბუთები გააფორმეს. ნაძარცვი ცხრა ათასი მანეთი უკან დაუბრუნეს და ერთი ოპერთანამშრომლის თანხლებით, თავის უწყებაში მანქანით წაიყვანეს. ვასომ კი საქმეს შესაბამისი ოქმი დაურთო. თინას, ნუცასა და ნოდარ მდივანს, ვითომ სხვა მძარცველის ფოტორობოტი შეადგენინა და შესაბამისი დოკუმენტაცია თავის უფროსს წარუდგინა, რომელმაც ნოდარის გაშვებაზე თანხმობა განუცხადა და უთხრა:
– კიდევ კარგი, რომ ეგ შენი ახლობელი ცხელ გულზე იქვე არ მიადუღე.
– თქვენ ეგა თქვით. ღმერთმა მიშველა, – თქვა ვასომ და მეტი დამაჯერებლობისთვის დაამატა, – როგორც გავარკვიე, ის ნამდვილი მძარცველი ჯერ კიდევ ლერმონტოვისა და ჭონქაძის ქუჩების კუთხეში გადამხტარა მანქანიდან და გაქცეულა. მე კი ოდნავ მოგვიანებით დავაჯექი მათ კუდზე და რუსთაველზე რომ შეჩერდნენ და ქალები მანქანიდან გადმოვიდნენ, საქმეზე წასასვლელად, იმ საცოდავს ვეცი და მივთიშე.
– ჯერ შენი ცოლისთვის გეკითხა, შე კაი კაცო, – სიტყვა გააწყვეტინა ვასოს უფროსმა.
– ამხანაგო პოლკოვნიკო, ნოდარს მძარცველისთვის წართმეული „ნაგანი“ ეჭირა ხელში და ამან შემაცდინა. იარაღი რომ დავუნახე, ვიფიქრე – მძარცველია-მეთქი და...
– შენებურად ეცი, – პოლკოვნიკმა სიტყვა გააწყვეტინა ვასოს.
– დიახ.
– ბოდიში თუ მოუხადე მაინც.
– ბოდიში იქით იყოს, როგორც კი საქმეებს მოვრჩები, კარგად უნდა ვაქეიფო. ჩემს ცოლსა და მის მეგობარს სახლში გავატან მას და მეც მივალ, როგორც კი გავთავისუფლდები.
პოლკოვნიკმა ვასოს საბუთებზე ხელი მოუწერა და უთხრა:
– შეგიძლია, წახვიდე. თავისუფალი ხარ. მხოლოდ გივი თოიძესთან შეიარე და ნამდვილი ბოროტმოქმედის ფოტორობოტი დაუტოვე. უთხარი, ძებნა დაიწყოს.
– გმადლობთ, ამხანაგო პოლკოვნიკო, – ვასო მხედრულად გამოეჯგიმა უფროსს და მისი კაბინეტიდან გამოვიდა.
კაპიტანი ვასო ჩხიკვაძე ერთი საათის შემდეგ დაბრუნდა კაბინეტში. გაიღიმა და ნუცას უთხრა:
– ნუციკო, სურსათ-სანოვაგე თუ გაქვს, რომ საქეიფო სუფრა გავშალოთ?
– დიახ. ყველაფერი გვაქვს, – მიუგო ნუცამ, – რას აღვნიშნავთ?
– ჰო, მართლა, ქონების მართვაში რა ქენით? – ჰკითხა ვასომ.
– ყველაფერი მოგვარებულია და მშენებლობა შეგვიძლია, ხვალვე დავიწყოთ, – მიუგო ნუცამ.
– შენი ძმის გამოჩენასა და საქმის წარმატებით დაწყებას ვქეიფობთ, – თქვა ვასომ და ნოდარს ჰკითხა:
– საკანში რამე ხომ არ დატოვე?
– ბიჭებს დავუტოვე სიგარეტის ღერები.
– მეტი არაფერი? – გაეცინა ვასოს.
– არა.
– მაშინ, წავედით. თავისუფალი ხარ და ამაღამ კარგი დრო უნდა გაგატარებინოთ. თან, ძალიან მნიშვნელოვან ამბებს შეიტყობ.
– მართლა თავისუფალი ვარ? – საკუთარ ყურებს არ უჯერებდა ბიჭი.
– მართლა. წავედით!
– ოთხეული რომ ნუცას ბინაში მივიდა, საღამოს ათი საათი დაიწყო. ქალები ვახშმის მომზადებას შეუდგნენ, ვასომ კი ნოდარს დიმკა გააცნო:
– დიმიტრი – გაიცანი, ნოდარ!
– დიტო კანდელაკი, – დიმკამ ხელი გაუწოდა ბიჭს, თან ძალიან ყურადღებით დააკვირდა.
– ნოდარ მდივანი, – მიუგო ნოდარმა.
– რაო, როგორ თქვი?
– ნოდარ მდივანი, – გაიმეორა ბიჭმა.
– ვასო! ეს კაცი ზედგამოჭრილი ძია ნოდარია, უბრალოდ, უფრო ახალგაზრდა, – წამოიძახა დიმკამ.
– ეს არცაა გასაკვირი. ეს ნოდარი იმ ნოდარის ვაჟია, – გაეცინა კაპიტანს.
– ნუციკოს ძმაა?
– კი ბატონო.
– ვაა, ნუციკოსაც როგორ ჰგავს... – აღტაცებას ვერ მალავდა დიმკა.
– მე თქვენ გიცნობთ, – უთხრა დიმკას ნოდარმა.
– მიცნობ?
– დიახ.
– საიდან?
– დიმკა არ ხართ?
– კი. დიმკა ვარ. შენ რა იცი?
– ერთხელ ჩემს სკოლაში იყავით ამოსული „რაზბორკაზე“ და გიცანით.
– როდის ეგ იქნებოდა... – გაეცინა დიმკას. ნოდარმა კი ჰკითხა:
– როგორც ვიცი, „პაბეგში“ ხართ და გეძებენ. ასე გავიგე, რომ მოსკოვში მაგარი საქმე გააკეთაო.
დიმკამ უხმოდ აიჩეჩა მხრები და ვასოს შეხედა. კაპიტანმა კი ნოდარს უთხრა:
– შენთან ახლა ძალიან სერიოზული სალაპარაკო გვაქვს და იცოდე, არც არაფერი მოგვატყუო და არც არაფერი დაგვიმალო. შევთანხმდით?
– შევთანხმდით, – მიუგო ბიჭმა.
– უპირველესად, არავისთან არ უნდა წამოგცდეს, აქ დიმკა რომ ნახე.
– არავისთან ვიტყვი. პირობას გაძლევთ.
– ახლა ის მითხარი, თავანი რამდენი გაქვს და როდის უნდა ჩააბარო?
– მართლა ორი ათასი მაქვს და დღესაა ბოლო ვადა, შუაღამემდე.
– სად ცხოვრობს მიმღები?
– გლდანის მასივში. ჩემი მეზობელია.
– ტელეფონი აქვს?
– დიახ.
– დაურეკე და უთხარი, სადმე შეგხვდეს.
– რისთვის?
– თავანი რომ ჩააბარო.
– მერე ფული?
– მოგცემთ.
ნოდარმა ტელეფონზე დარეკა. სამიოდე წუთის მერე კი ყურმილი დაკიდა და ვასოს უთხრა:
– ასე თქვა, – ვერ გამოვდივარ და უბანში ჩამაბარეო?
– ეტყობა, ფიქრობს, რამე არ გამიჩალიჩოსო.
– კარგი. წავიდეთ და ჩააბარე. მე წაგიყვან და სანამ მოვალთ, სუფრაც გაშლილი დაგვხვდება. გზაში კი ყველაფერს დაწვრილებით მოგიყვები, – უთხრა ვასომ ნოდარს. თინა და ნუცა გააფრთხილა, შემდეგ ფული აიღო და ნოდართან ერთად ბინიდან გავიდა.
გლდანში რომ მივიდნენ, ვასო ნოდარის ბინაში, სამზარეულოში გაჩერდა და იქიდან უსმენდა, თუ როგორ ჩააბარა ნოდარმა ორი ათასი მანეთი მოსულს.
– ჩაიბარე? – ჰკითხა ნოდარმა, როდესაც ბოლო კუპიურა ჩაუთვალა მეზობელს.
– კი. ჩავიბარე. იზვინი, რომ ვერაფერს გიტოვებ. ეს მაყუთი მთლიანად ზონაშია შესაგზავნი, ბრატ, – მიუგო მიმღებმა ნოდარს. შემდეგ გამოემშვიდობა და იქაურობა სასწრაფოდ დატოვა.
სტუმარი რომ წავიდა, ვასო სამზარეულოდან გამოვიდა და მასპინძელს ღიმილით უთხრა:
– ისემც მაგას რა ვუთხარი, რომ ეგ ფული ზონაში არ შეუშვას. ხმაზე ეტყობოდა, რომ ცრუობდა.
ნოდარს უხერხულად გაეღიმა და კაპიტანს უთხრა:
– თქვენი ძალიან დიდი მადლობელი ვარ. თქვენთან დიდ ვალში ვარ და აუცილებლად გადაგიხდით.
– ისევ ბანკის გაძარცვას ხომ არ აპირებ? – გაეცინა ვასოს.
– არა, პატიოსანი გზით.
– ჩათვალე, რომ ეს თავანი მამაშენმა ჩააბარა და არანაირი ვალი არ გაქვს.
– მამაჩემმა?
– ჰო. მამაშენმა.
– ეგ როგორ?
– გეტყვი. მანამდე კი ორ რამეზე შევთანხმდეთ. პირველი, რომ გულახდილი იქნები, მეორე – შენობით მომმართავ.
– მასე იყოს.
– ახლა კი მითხარი, ჩემო ნოდარ, კიდევ ვინმეს ვალი ხომ არ გაქვს. და, საერთოდ, რამე მსგავს შარში ხომ არ ხარ გახვეული. ანდა, რაიმე დანაშაული ხომ არ გაქვს ჩადენილი, მარტო ან, ვინმესთან ერთად.
– არა. ნამდვილად არა. სუფთა ვარ.
– მაშინ, ის თქვი, რით ირჩენ თავს.
– ძირითადად, ოჯახის ნივთებს ვყიდდი. ბოლოს კი ვითამაშე და წავაგე.
– ნამდვილად ასეა?
– კი. ნამდვილად.
– ნოდარ, ძმაო, რას ფიქრობ, ამხელა „სროკიდან“, რატომ გამოგაძვრინე?
– თუ სწორად ვხვდები, ჩემი და, ნუციკო შენი და შენი მეუღლის უახლოესი ადამიანია და ალბათ, ამის გამო, – მიუგო ნოდარმა, – და კიდევ, ალბათ, მამაჩემის გამო, რომელიც ასევე, თქვენი ოჯახის ახლობელია. თუმცა, მამაჩემთან დაკავშირებით ვერაფერს ვხვდები. გამოდის, რომ დედაჩემი მატყუებდა მისი დაღუპვის შესახებ. „ლევად“ გამაჩინა და ნაბიჭვარი ვარ?
– არანაირი ნაბიჭვარი არ ხარ. ეს ერთი. დედაშენი კი, ეტყობა, ძალიან ამაყი და ღირსეული ქალი იყო. მართალი ვარ?
– აბსოლუტურად. დედას ძალიან ვუყვარდი. თუმცა, მაინც მკაცრად მექცეოდა, ღირსეული ქალი იყო და არც შეურაცხყოფას მიაყენებდა ვინმეს და არც სხვისას აიტანდა.
– გასაგებია. ჰოდა, სწორედ ამიტომ, არ გააგებინა დედაშენმა მამაშენს შენი დაბადების ამბავი და მარტომ გაგზარდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მამაშენი აუცილებლად გიპატრონებდა.
– სადაა ახლა მამაჩემი?
– სამწუხაროდ, გარდაიცვალა.
– გარდაიცვალა? – გაიმეორა ნოდარმა.
– ჰო. ოთხი თვის წინ. ციმბირის მკაცრი რეჟიმის კოლონიაში.
– ბოროტმოქმედი იყო?
– თხუთმეტწლიანი სროკი ჰქონდა მაქინაციებისთვის. ერთ-ერთ საწარმოში მთავარ ინჟინრად მუშაობდა დიდ ფულს შოულობდა.
– მომიყევი რამე მამაზე.
– არ ვიცნობდი.
– სამწაუხაროა. ნუციკოს ვთხოვ.
– არც ნუციკო იცნობდა.
– ეგ, როგორ?
– მამაშენი ქალების მოყვარული, ფულიანი კაცი იყო. ნუციკოს დედას დედაშენის შემდეგ შეხვდა. თუმცა, შენგან განსხვავებით, ნუციკოს დაბადების ამბავი იცოდა და ფარულად პატრონობდა.
– ფარულად რატომ?
– იმიტომ, რომ ნუციკოს დედა გათხოვილი იყო, მეუღლე ჰყავდა და ნუციკო იმ კაცის გვარზეა დღესაც. მგელაძეა გვარად.
– გასაგებია, – თავი გააქნია ნოდარმა და გააბოლა.
– ახლა კი, ჩემო ნოდარ, უსერიოზულესი საიდუმლო უნდა გაგანდო და ნუ მიწყენ, მაგრამ წინასწარვე გაგაფრთხილებ, რომ უკან დასახევი გზა აღარ გექნება. ამ ამბავმა ტვინი არ უნდა აგირიოს და ყველაფერი კარგად იქნება.
– ისეთი რა უნდა მითხრა?
– რა, ჩემო კარგო და მამაშენმა ნოდარ მდივანმა ნუციკოს უთვალავი ქონება დაუტოვა. მას რომ შენი არსებობა სცოდნოდა, ნახევარს შენ დაგიტოვებდა, – უთხრა ვასომ ბიჭს და ყველაფერი დაწვრილებით უამბო. ბოლოს კი დაამატა, – გაიგე ახლა, თუ რას ვგულისხმობდი, როცა გითხარი,  უკან დასახევი გზა მოჭრილი გაქვს-მეთქი.
– გავიგე და დარწმუნებული იყავი, რომ სიმდიდრე ტვინს ვერ ამირევს. გამორიცხულია, რომ იმ ზალკინივით მოვიქცე.
– მჯერა. ესე იგი, ჩვენთან ხარ?
– რა თქმა უნდა. რასაც დამავალებთ, იმას გავაკეთებ, – მიუგო ბიჭმა.
– კარგი. ახლა წასვლის დროა. წავედით შენს დასთან. იქ კი, კიდევ ერთ საოცარ ამბავს გაიგებ.
– მეტი საოცრება რაღა უნდა იყოს?! – ხელები გაშალა ნოდარმა.
 მანქანაში რომ ჩასხდნენ და დაიძრნენ, ნოდარმა ვასოს ჰკითხა:
– დიმკა, ჩემი დის საქმროა?
– ასე ვთქვათ, – მიუგო კაპიტანმა და დაამატა, – მიუხედავად იმისა, რომ საშიში პრისტუპნიკია, შინაგანად წესიერი ბიჭია და ნუციკოსთვის ზედმეტი არაფერი უკადრებია.
– დიმკას მაგარი სახელი აქვს თბილისში და ჩვენს „პაკალენიაში“ ქუჩაში გამოსული ბიჭები დიდ პატივს სცემენ.
– ვიცი, ჩემო ნოდარ. ეს ჩემი პროფესიაა. თუმცა, ქუჩისბიჭობას მოუკვდა პატრონი. განგებამ დიდი საჩუქარი მოგვიძღვნა და უნდა გამოვიყენოთ, – უთხრა კაპიტანმა ნოდარს.
ნუციკოსთან დაბრუნებულ ნოდარსა და ვასოს სუფრა გაშლილი დახვდათ და თინამ ახალმოსულებს უთხრა:
– რატომ დაგაგვიანდათ, ხომ მშვიდობაა? ჩააბარეთ თავანი?
– ყველაფერი რიგზეა, – მიუგო კაპიტანმა ცოლს. სუფრას გადახედა და თქვა:
– ჩიტის რძეც არ აკლია. თქვენის ნებართვით, თამადად დავინიშნავ თავს, თუ, რა თქმა უნდა, არ გეწყინებათ.
– არ გვეწყინება, – ერთხმად მიუგეს კაპიტანს და ვასო საქმეს შეუდგა.
სამი ჭიქა ღვინო რომ შესვეს და ოდნავ „გახურდნენ“, კაპიტანმა ნოდარს ვაისმანის საგანძურის ამბავი უამბო. შემდეგ მიაჩერდა, თან უცინოდა.
– რას ამბობთ, მართლა? – თქვა ბიჭმა, – დაუჯერებელია.
– მაგრამ სიმართლეა, – თქვა ვასომ და განაგრძო, – მთელი ეს კომბინაცია ამ საგანძურის მოსაძებნად მოვიგონეთ და შენ კი კინაღამ მთელი ფული აგვახიე.
– მადლობა ღმერთს, რომ არაფერი გამომივიდა, – თქვა ნოდარმა და ნუცას ალერსიანი მზერა მიაპყრო, – მაშინ ხომ ჩემს დაიკოს ვეღარ ვიპოვიდი?
– ზოგი ჭირი მარგებელიაო, – ღიმილით თქვა ვასომ, თინამ კი დაამატა:
– შორს ჩვენგან ჭირი, სულ კარგი და წარმატება დაგვბედებოდეს. ერთი აზრი მაქვს და თქვენ რას იტყვით მაინტერესებს.
– თქვი, – უთხრა ვასომ ცოლს.
– ვფიქრობ, „კალატოზში“ ნოდარიც უნდა გავაწევრიანოთ ოფიციალურად და რადგან სხვა საქმე არ აქვს, მე და ნუციკოს ამოგვიდგეს მხარში. რას იტყვით, ცუდი აზრია?
– მშვენიერია, – ერთხმად მიუგო ყველამ  თინას. ნოდარმა კი დაამატა:
– თანახმა ვარ. რასაც დამავალებთ, იმას გავაკეთებ.
***
მიუხედავად იმისა, რომ განძის მაძიებლებმა კარგად იქეიფეს და თითქმის გამთენიისას დაიძინეს. ქალებმა კაცები დილის რვა საათზე გააღვიძეს.
– აბა, გეყოფათ ძილი, – დასჭყივლა თინამ, – ვასიკო, სამსახურში არ დაგაგვიანდეს. ნოდარ, ადექი! უნდა წამოგვყვე საქმეზე. დიმკა...
– ეძინოს, – არ დაანება დიმკას გაღვიძება ნუცამ, – ქუჩაში მაინც არ გადის და რისთვის აღვიძებ?
– უკვე გამეღვიძა, – ბურტყუნით თქვა დიმკამ. ნელა წამოდგა. ჩაიცვა და სუფრაზე მდგარ ჭიქაში ასი გრამი არაყი დაასხა. დალია და თვალებგაბრწყინებულმა თქვა, – ცოტა სული მოვითქვი. ახლა შემიძლია, რამეშიც კი გამოგადგეთ.
ვასოს და ნოდარს, დიმკასგან განსხვავებით, „საპახმელიო“ ასი გრამი არ დაულევიათ. კაპიტანმა მალევე მოიწესრიგა თავი. ორი ლუკმა შეჭამა და მეუღლეს უთხრა:
– ალბათ, მანქანა გჭირდება, ხომ?
– შენც გჭირდება? – კითხვა შეუბრუნა თინამ.
– თუ დამჭირდა, ვინმეს გამოვართმევ. სამსახურში კი ტაქსით წავალ. აბა, თქვენ იცით! წავედი... – კაპიტანმა მეუღლეს აკოცა და წავიდა.
ქალებმა სუფრა განაახლეს. ოთხივემ მადიანად ისადილა და რომ დაასრულეს და მაგიდა აალაგეს, თინამ ნუცას უთხრა:
– ჯერ, ალბათ, სამშენებლო მოედნის მონახულება ჯობია და შემდეგ ჩამოვუაროთ სოციალური პროექტის მონაწილეებს. ხომ?
– კი. მეც ასე ვფიქრობ.
– ჰოდა, ძალიან კარგი. ნოდარიც ჩვენთან ერთად იმოძრავებს და პირველ ნათლობასაც მიიღებს.
– მე მზად ვარ სრულად თქვენს განკარგულებაში ვიყო.
– გაუცინა ნოდარმა ქალებს, – რაც გინდათ, დამავალეთ.
თინა და ნუცა ძალიან მალე მოწესრიგდნენ და ყველანი ბინიდან გავიდნენ. ქვევით რომ დაეშვნენ, თინამ ნუცას უთხრა:
– ნოდარი ხომ არ დავსვათ საჭესთან?
ნუცა ნოდარს მიუბრუნდა და ჰკითხა:
– ძამიკო, დაჯდები საჭესთან?
– სიმართლე გითხრათ, მაინცდამაინც კარგი ტარება არ ვიცი. თანაც, არც „პრავა“ მაქვს, – იუხერხულა ბიჭმა.
– აბა, როგორ აპირებდი გუშინ ჩვენი მანქანის წაყვანას? – გაეცინა თინას, – პირველივე „გაიშნიკი“ გაგაჩერებდა.
– ამდენი ფული რომ დავინახე, გონება ამერია და ყველაფერი გადამავიწყდა, – მიუგო ნოდარმა.
– კარგი, ეგ არაფერი. ტარებას ჩვენ გასწავლით, – თინამ ბიჭს გაუღიმა, საჭეს მიუჯდა და გვერდით ნუცა მოისვა. ნოდარი უკანა სავარძელზე მოკალათდა და „სამარა“ ადგილიდან დაიძრა.
– რომელ რაიონში აშენებთ სახლს? – იკითხა ნოდარმა.
– ვაშენებთ, – შეუსწორა თინამ, – შენ უკვე ჩვენი სრულუფლებიანი წევრი ხარ და რაც ჩვენ გვეხება, თანაბრად გეხება შენც. სახლს კი დიდი დიღმის დასახლებაში ვაშენებთ.
– გასაგებია, – თქვა ნოდარმა და დას თმაზე მიეფერა. გაუღიმა და ალერსიანად უთხრა:
– შენ ვერ წარმოიდგენ, როგორი გახარებული ვარ,  და რომ გამომიჩნდა. ძალიან მიყვარხარ, დაიკო!
– მეც ძალიან ბედნიერი ვარ და მეც ძალიან მიყვარხარ, ძამიკო! – ალერსიანადვე მიუგო ნუცამ ნოდარს და ძალიან თბილი მზერა მიაპყრო.
– თქვენ რომ გიყურებთ, სიხარულის ცრემლებს ვერ ვიკავებ, – თქვა თინამ, – მამათქვენი, ალბათ, თქვენი შემხედვარე ნეტარებაშია იმქვეყნად.
– ღმერთმა აცხონოს და გაანათლოს მამაჩვენი, – თქვა ნოდარმა. ნუცამ კი დაამატა:
– ჩვენი დედებიც ღმერთმა აცხონოს და გაანათლოს!
– ამინ, – თქვა ნოდარმა. თინამ კი პაუზის შემდეგ ნოდარს უთხრა:
– ნოდარ, ძმაო, ამ დღეებში ერთი პატარა კრიმინალი გვაქვს გასაკეთებელი და ხომ დაგვეხმარები?
– კრიმინალი? ხუმრობ?
– სულაც არა, – მიუგო თინამ და ბიჭს თვალი ჩაუკრა, – სიმართლეს გეუბნები.
– ვასომ იცის?
– რა თქმა უნდა.
– აბა, თქვი, რა კრიმინალია?
– რა და ამ დღეებში, ალბათ, ერთი კვირის, ათი დღის განმავლობაში სოციალური პროექტის მონაწილე მობინადრეების ბარაკები უნდა გადავბუგოთ.
– ბარაკები უნდა გადავბუგოთ?
– ჰო, ბარაკები უნდა გადავბუგოთ, – გაიმეორა თინამ.
– რა მიზნით? – დაინტერესდა ნოდარი.
– იქაურობა რომ დაცარიელდეს და ვაისმანის საგანძურის ძებნას შევუდგეთ. იქ მცხოვრებლებს კი ახალი სახლის აშენებამდე ბინებს ვუქირავებთ.
– გასაგებია, – გაეცინა ნოდარს.
ამასობაში თინამ დიდი დიღმის დასახლებისკენ გადაუხვია, მანქანა შემოღობილ ადგილას გააჩერა და ნოდარს უთხრა:
– აი, აქ უნდა აშენდეს ჩვენი სახლი. დავათვალიეროთ, შემდეგ კი სოციალური პროექტის მონაწილეებს მივხედოთ.
ახალმოსულები მანქანიდან გადმოვიდნენ და თხუთმეტი წუთის განმავლობაში ათვალიერებდნენ სამშენებლო მოედანს. ბოლოს ისევ მანქანაში ჩასხდნენ და ქალაქის ცენტრისკენ აიღეს გეზი.
– რას იტყვი, ნოდარ, მოგეწონა მშენებლობის ადგილი? – ჰკითხა ნოდარს ნუცამ.
– ვაკე არაა, მაგრამ, თუ გავითვალისწინებთ იმ ადამიანების საცხოვრებელ პირობებს, დასაწუნი არაფერი აქვთ, – მიუგო ნოდარმა, – თუმცა, ამ სახლის არასოციალური ბინების ნაწილის გაყიდვა გაჭირდება.
– რატომ  ფიქრობ ასე? – ლაპარაკში თინა ჩაერთო.
– ადგილის გამო. შორია და უკაცრიელი და, არა მგონია, რომ ფულიანმა კაცმა აქ იყიდოს ბინა.
– იყიდიან, – დამაჯერებლად თქვა თინამ და სიჩქარე გამოცვალა.
– რით მიიზიდავ?
– არასტანდარტული ბინებით, – მიუგო თინამ, – ჩვენი სახლის ბინები, ეგრეთ წოდებული ევროპული სტანდარტებითაა დაპროექტებული და საბჭოთა კავშირში ჯერ არსად აშენებულა ასეთი რამ. თანაც, სახლის მშენებლობის პარალელურად საჭირო ინფრასტრუქტურაც მოეწყობა და საკმაოდ დიდ ტერიტორიასაც გავამწვანებთ. ჰაერი აქ ცუდი არაა და მეტი რა უნდა ადამიანს საცხოვრებლად?
– მაინც მეეჭვება, რომ აქ ვინმემ ბინა იყიდოს.
– არ იყიდიან და ნუ იყიდიან, – ჩაეცინა თინას, – მეორე ნახევარშიც უბინაოებს შევასახლებთ. ჩვენი მთავარი მიზანი ხომ ვაისმანის საგანძურის პოვნაა და არა ფულის შოვნა ბინათმშენებლობის მეშვეობით. თუმცა, მაინც დარწმუნებული ვარ, რომ ამ პროექტის კომერციული მხარეც გაამართლებს.
– ღმერთმა ქნას, – გაიღიმა ნოდარმა, – მთავარი ეს არაა, ის გამოვიდეს ნეტავ, რისთვისაც ეს ყველაფერი კეთდება.
– გამოვა, – თქვა ნუცამ.
 ნოდარმა ნუცას გაუღიმა, თმაზე მიეფერა და უთხრა:
– დაიკო, მე შენი ძმა ვარ, თანაც უფროსი ძმა და შენზე ზრუნვა მევალება. ამიტომ, ნუ მიწყენ, თუკი შენი ამბებით დავინტერესდები.
– საწყენი რა არის. თქვი, რა გაინტერესებს, – მიუგო ნოდარს ნუცამ, თუმცა მიხვდა, რა თემაზეც სურდა მასთან საუბარი მის ნახევარძმას.
– ნუციკო, დიმკა შენი საქმროა? – ჰკითხა ნოდარმა.
– არ ვიცი, – მხრები აიჩეჩა გოგონამ.
– არ იცი? – გაუკვირდა ბიჭს.
– არა.
– ეგ როგორ?
– რა „როგორ” – კითხვა შეუბრუნა ძმას დამ.
– რა და, როგორ არ იცი, დიმკა შენი საქმროა თუ არა?
– როგორ და, დიმკას არც ცოლობა უთხოვია ჩემთვის, არც დავუნიშნივარ. სიყვარულიც კი არ აუხსნია ჩემთვის წესიერად და, როგორ ვთქვა, ჩემი საქმროა-მეთქი?
– რას ნიშნავს, სიყვარულიც კი არ აუხსნია წესიერადო?
– იმას, რომ ერთადერთხელ მითხრა, მიყვარხარო, ისიც, ჩვენი ბებიისა და ბაბუის საფლავზე, ღამით, როდესაც მამაჩვენის დატოვებულ ოქროს კუბოს ვეძებდით. მაშინ კი, აბა, რა დროს სიყვარულის ახსნა იყო?
– ჰო, მაგრამ უხერხული არაა, რომ მარტო ცხოვრობთ?
– შენ რა, ეჭვიანობ? – კისერი წაიგრძელა ნუცამ და გაეცინა.
– არა, უბრალოდ, ვიფიქრე, უხერხულია-მეთქი, რომ ახალგაზრდა ქალ-ვაჟი ცალკე ცხოვრობს... – ენის ბორძიკით თქვა ნოდარმა. თინამ კი ღიმილით დაამატა:
– დიმკა წესიერი ბიჭია და შენს დას ზედმეტს არაფერს აკადრებს. თვითონ ნუციკო არ მისცემს მას არანაირ საბაბს.
– ბოდიში, დაიკო, თუ რამე გაწყენინე, – ნოდარმა ნუცას თმაზე ჩამოუსვა ხელი, შემდეგ სიგარეტი გააბოლა.
– ერთი ღერი მეც მომაწევინე, – სთხოვა ნუცამ ნოდარს.
– შენ რა, ეწევი? – გაუკვირდა ბიჭს.
 ნუცამ სიგარეტი გააბოლა და მიუგო.
– იშვიათად. მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში, როცა ძალიან ცუდ ან ძალიან კარგ ხასიათზე ვარ.
– ნერვები მოგიშალე, გაწყენინე და ძალიან ცუდ ხასიათზე დაგაყენე, ხომ, დაიკო? – თქვა ნოდარმა.
– პირიქით, – გაეცინა ნუცას.
– რა პირიქით?
– რა და, ძალიან კარგ ხასიათზე დამაყენე. ცხოვრებაში პირველად ვიგრძენი, რომ მზრუნველი ძმა მიდგას გვერდით, რომელსაც შემიძლია დავეყრდნო, – უთხრა ნუცამ ძმას, თავზე ხელი გადაუსვა და გაუღიმა.
გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3