კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა მსხვერპლი შესწირა პროფესიას ვერო კალანდარიშვილმა და რატომ არ ამხელს ხოლმე მსახიობი მაია ასათიანის დობას

სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ ახალ სეზონს, როგორც ყოველთვის, ამჯერადაც ახალი პერსონაჟები მოჰყვა. მათ შორისაა გოგონა, რომელიც უკვე ყველასთვის ცნობილმა გმირმა გადაარჩინა. მის როლს მსახიობი ვერო კალანდარიშვილი ასრულებს, რომელიც მაყურებელს „შუა ქალაქიდან“ ახსოვს, მაგრამ, ალბათ, ბევრმა არ იცის, რომ ეს ახალგაზრდა და ნიჭიერი მსახიობი ჟურნალისტ მაია ასათიანის დაა.

 ვერო კალანდარიშვილი: „ჩემი ცოლის დაქალებამდე“ სერიალ „შუა ქალაქში“ ვმონაწილეობდი. მაშინ თეატრალური ინსტიტუტის მეორე კურსის სტუდენტი ვიყავი და ამ სერიალმა მნიშვნელოვანი გამოცდილება მომცა. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ახმეტელის თეატრში მოვხვდი, რაც ძალიან მიხარია. მალე საფრანგეთში მივდივართ გასტროლზე. ეს ჩემთვის პირველი გასტროლია და ძალიან ბედნიერი ვარ. რაც შეეხება „ჩემი ცოლის დაქალებს,“ აქ ქასთინგის მეშვეობით აღმოვჩნდი. მგონი, რაღაც პრობლემა მაქვს (იცინის): როცა ქასთინგზე მივდივარ, ყოველთვის ვფიქრობ, რომ როლზე არ დამამტკიცებენ და ამ პროფესიას თავი უნდა დავანებო. უბედნიერესი ვიყავი, როცა დამამტკიცეს. ძალიან ვნერვიულობდი, სანამ სერია ეთერში გავიდოდა. მეგობრები მირეკავდნენ და მეკითხებოდნენ: ხომ დღესაა, რომელ საათზე დაიწყება? ეკრანთან ვიჯექი და ნერვიულობისგან კანკალმაც კი ამიტანა (იცინის). საბოლოო ჯამში, კარგი გამოხმაურება მოჰყვა, რამაც ძალიან გამახარა.
– შენს რეალურ ცხოვრებაშიც ხომ არ გადაურჩენიხარ ვინმეს მსგავსი განსაცდელისგან?
– სიკვდილისგან უცხო ადამიანმა არა, მაგრამ ბაბუამ გადამარჩინა ბავშვობაში – ვიხრჩობოდი და წყლიდან მან ამომიყვანა. უცნაური შემთხვევა იყო. სიკვდილის მოახლოება, მით უმეტეს, როცა იხრჩობი, ყველას საშინლად წარმოუდგენია, მაგრამ, სინამდვილეში, მე სრული სიმშიდე და სიამოვნების შეგრძნება დამეუფლა – ალბათ, უკვე ძალიან ახლოს ვიყავი სიკვდილთან და ამიტომ. ამ დროს, რა თქმა უნდა, საბედნიეროდ, ბაბუამ წყლიდან ამომიყვანა. კიდევ იყო შემთხვევა, როცა მე და ჩემი მეგობარი ავარიაში მოვყევით და ჩვენთვის სრულიად უცნობმა ადამიანმა გვიპატრონა, დაგვაბინავა და, ისე წავიდა, არც სახელი უთქვამს და არც გვარი. მოგვიანებით ვეცადეთ, გვეპოვა, მაგრამ უშედეგოდ. დღემდე არ ვიცი, ვინაა და, თუ ახლა ამას კითხულობს, მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო, რისი საშუალებაც მაშინ არ მომეცა. მოკლედ, ვეძებ ჩემს გადამრჩენელს (იცინის). სერიალის სცენარი რომ წავიკითხე, გამეცინა და ჩემს მეგობარს დავურეკე, რომელთან ერთადაც მოვყევი მაშინ ავარიაში.
– სერიალზე მუშაობის პროცესი, ალბათ, სახალისოცაა...
– სიმართლე გითხრათ, ველოსიპედის ტარება კარგად არ ვიცი. გადაღებამდე ვივარჯიშე, მაგრამ, ერთ-ერთი დუბლის ჩაწერის დროს მაინც წავიქეცი და კარგადაც დავზიანდი. ასე რომ, ჩემი ტრავმებისა და სისხლის მხოლოდ ნაწილია გრიმი, ნაწილი კი ნამდვილად ჩემია. მოკლედ, მსხვერპლი შევწირე პროფესიას (იცინის). ერთი ძალიან სასაცილო შემთხვევაც მოხდა ამ სცენის ჩაწერისას: როგორც ჩანს, შემთხვევით იქ გამვლელმა ქალბატონმა კამერა ვერ დაინახა და ეს სცენა ნამდვილი ეგონა. მე „გულწასული“ ვარ და მესმის კივილი: „ვაიმე, ეს რა მოხდა! ვაიმე, რა დაემართა ამ გოგოს. ეს საზიზღარი მძღოლი, როგორ მიატოვა გოგონა ამ მდგომარეობაში?!” – უცებ მოირბინა, მსახიობები გასწი-გამოსწია და ბოლომდე ცდილობდა, ეპატრონა საწყალი და დაშავებული გოგოსთვის (იცინის).
– ვერო, შენს ძველ ინტერვიუს გადავხედე, სადაც გარკვეულ სირთულეებზე საუბრობდი, რომელმაც თვითმკვლელობაზე ფიქრებამდეც კი მიგიყვანა, მაგრამ, საბედნიეროდ, ეს გადალახე. თუ შეგიძლია ამ თემაზე საუბარი?
– დიახ, ეს პერიოდი გამოვლილი მაქვს. დღემდე ცოტა მიჭირს ამაზე საუბარი. ვერ ვიტყვი, რომ დეპრესია ერთი კონკრეტული მიზეზის გამო დამემართა. ეს ის პერიოდია, როცა ვარდისფერი სათვალე თითქოს ჩამომგლიჯეს და მივხვდი, რომ ცხოვრებაში უამრავი პასუხისმგებლობა მაქვს და ბევრი სირთულის გადალახვა მომიწევს. ყველა ადამიანი ისეთი არაა, როგორიც გგონია და მათთან ურთიერთობისას სიფრთხილე გმართებს. ამას დაემატა ჯანმრთელობის პრობლემებიც. ალბათ, ამ ყველაფერმა ერთად იქონია გავლენა და საკუთარ თავში ჩავიკეტე. მეგონა, რომ ვერასდროს ვერაფერი ვეღარ გამახალისებდა. თვითმკვლელობამდე არ მივსულვარ, მაგრამ, მსგავსი ფიქრები მქონდა. საბედნიეროდ, დროულად ვუთხარი დედაჩემს, რომ დახმარება მჭირდებოდა. პროფესიონალთანაც ვმკურნალობდი და, საბოლოო ჯამში, ყველაფერი დალაგდა. თუმცა, კარგიცაა, ეს ეტაპი რომ გამოვიარე, რადგან, ისეთად ჩამოვყალიბდი, როგორიც ახლა ვარ და ბევრი რამ უკეთ მესმის, მით უმეტეს – ჩემს პროფესიაში.
– რა ხდება შენს პირად ცხოვრებაში? ეს ალბათ, უკვე აინტერესებს მაყურებელს.
– ზუსტად იმ პერიოდში, როცა ჩემს პრობლემებთან ბრძოლა დავიწყე, ჩემს ცხოვრებაში ძალიან კარგი ადამიანი გამოჩნდა. მანამდე დარწმუნებული ვიყავი, რომ არა მხოლოდ მამაკაცის, არამედ, ახალი ადამიანის მიღების უნარიც არ მქონდა, მან კი დამანახვა, რომ უდიდესი სიყვარულის უნარი მაქვს და ეს ადამიანი უსაზღვროდ მიყვარს, რადგან, ზუსტად ისეთია, როგორიც მე მჭირდება. თითქოს ხელი მომკიდა და მძიმე პერიოდიდან გამომათრია. მეც გვერდში დავუდექი და, ორ წელზე ცოტა მეტია, ხელიხელჩაკიდებულები მოვდივართ.
– ეკრანზე შენს გამოჩენას და თაყვანისმცემლების კომპლიმენტებს როგორ შეხვდა?
– ველოდი, რომ აქ პრობლემას შევეჩეხებოდი, მაგრამ, აღმოჩნდა, რომ არა. პირიქით, ბოლომდე ჩემ გვერდითაა. მეუბნება, რა მოეწონა და რა – არა. თუმცა, გვქონია საუბარი იმაზე, რომ, შეიძლება, პატრნიორის კოცნა მომიწიოს. ჩემი შეყვარებული რომ მსახიობი იყოს და მე არა, შესაძლოა ეს მეც არ მომწონებოდა, მაგრამ, ავუხსენი, რომ ეს მხოლოდ თამაშია და სინამდვილეში პარტნიორი მსახიობის მიმართ პიროვნულად არანაირი გრძნობა არ მაქვს. ეს პრობლემას არ წარმოადგენს, თუმცა, ვხვდები, რომ ამასთან შეგუება რთულია და ამიტომ მეც ბევრ რამეს გაგებით ვუყურებ.
– ვერო, მაია ასათიანის და ხარ. მას უკვე დიდი ხანია, დამკვიდრებული აქვს სახელი. როგორ ფიქრობ, ამის გამო გაგიჭირდება, დამოუკიდებლად მოახერხო საკუთარი თავის დამკვიდრება?
–  თავიდან, შეიძლება, გამიჭირდეს, რადგან, ძალიან არ მინდა, მხოლოდ ისე აღმიქვამდნენ, როგორც მაიას დას. თავიდან ყველას ასეთი შეხედულება აქვს, რადგან, გულწრფელად რომ ვთქვა, ჯერ იმდენისთვის არ მიმიღწევია, რომ ჩემი სახელი დავიმკვიდრო. ამიტომ, ეს მომენტი არის და, სიმართლე გითხრათ, ცოტა არ მსიამოვნებს. ამიტომ, ვცდილობ ხოლმე, არ ვთქვა, რომ მაიას და ვარ. განა იმიტომ, რომ პრობლემა გვაქვს, უბრალოდ, მინდა, რომ მე, ვერონიკა კალანდარიშვილი, როგორც მსახიობი, ისე აღმიქვან.
– ის შენზე 15 წლით უფროსია და კარგად იცნობს იმ სფეროსაც, რომელშიც შენ მოღვაწეობ. თუ გაძლევს ხოლმე რჩევებს?
– ზოგადად, ვცდილობთ, ერთმანეთის საქმეებში ზედმეტად არ ჩავერიოთ. როგორც მაყურებელი, რა თქმა უნდა, მაძლევს რჩევებს. ასე იყო წინა სერიალშიც და ასეა ახლაც. ბევრჯერ უთქვამს ისეთი რამ, რისი გათვალისწინებაც აუცილებელი ყოფილა ჩემთვის. ზოგადად, როცა ქასთინგზე მივდივარ, სახლში ამის წინასწარ თქმა არ მიყვარს. შესაბამისად, სერიალის შესახებაც არ ჰქონდა მაიას წარმოდგენა. რომ დამამტკიცეს, მერე ვთქვი და როგორც ყოველთვის, დაიწყო: რატომ არ გვეუბნები?! ოჯახში ეს ცოტა სწყინთ, მაგრამ მირჩევნია, ჩემი საქმე ჩემი იყოს და მათ შედეგი ნახონ. ხოლო, თუ შენიშვნა ექნებათ, მითხრან და მე გადავწყვეტ, უნდა გავითვალისწინო თუ არა.
– როგორი დები ხართ შენ და მაია, როგორი ურთიერთობა გაქვთ?
– ჩვენ შორის სხვაობა 15 წელია, მაიას შვილ ნუცასა და ჩემს შორის სხვაობა კი – 6 წელი. მაიას ყოველთვის უფრო დედისა და დამრიგებლის ფუნქცია აქვს აღებული. დებივით უფრო მე და ნუცა მოვდივართ ბავშვობიდან. ჩემთვის წარმოუდგენელია, როგორ უნდა მქონდეს მასთან „დეიდური“ დამოკიდებულება. ისე, ცოტა უცნაურად გვაქვს როლები გაცვლილი (იცინის).
– შენს ცხოვრებაში თუ ერევა აქტიურად? პროფესიაზე უკვე ვისაუბრეთ, ამჯერად პირადს ვგულისხმობ.
– რატომღაც, ჩემს ოჯახს სულ აქვს ამის მცდელობა – ყოველთვის რაღაცეები აინტერესებთ (იცინის). მიმაჩნია, რომ პირადი ცხოვრება ჩემია და, ვცდილობ, რაღაც კედელი აღვმართო, მაგრამ, პატარა ინფორმაცია უნდა მივაწოდო, რომ ისინიც დაკმაყოფილებულები იყვნენ და მეც წყნარად ვიყო. თუმცა, რჩევა ხშირად მიკითხავს მათთვის.

скачать dle 11.3