კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ აქვს თამარ გვერდწითელს მამაკაცებთან ყოველთვის დრამატული ურთიერთობა და რა მოთხოვნები აღარ ჭრიდა მასთან

ყველას ახსოვს პატარა, გამხდარი გოგონა, მოკლე თმით, სახეზე საყვარელი ჭორფლებით და უძლიერესი ხმით „მზიურიდან“. მისი ცხოვრებაც ყოველთვის ისევე საინტერესოა, როგორც მისი შემოქმედება – ეს თამარ გვერდწითელია, ძალიან თბილი ადამიანი და საინტერესო მოსაუბრე. საუბრობს ყველაფერზე, მათ შორის – პირად ცხოვრებაზეც.
– ქალბატონო თამარ, მინდა საუბარი  ცოტა შორიდან დავიწყოთ – „მზიურის“ არაჩვეულებრივი პერიოდიდან.
– იმ პერიოდში მე ვსწავლობდი ნიჭიერთა ათწლედში და მიწინასწარმეტყველებდნენ დიდ მუსიკალურ კარიერას ფორტეპიანოს განხრით. რასაკვირველია, 5 წლიდან რომ მეცადინეობს ბავშვი კლასიკურ მუსიკაში, სხვანაირად აზროვნებს, სხვა მიზნები აქვს და სხვანაირად წარმოუდგენია თავისი მომავალი. მიუხედავად იმ წარმატებებისა, რაც „მზიურში“ მქონდა, არ მიფიქრია იმაზე, რომ სცენაზე ვიდგებოდი როგორც მომღერალი.  
– როგორ ფიქრობთ, რა გახდა ამის მიზეზი – თქვენი არაჩვეულებრივი ხმა, დიდი სურვილი თუ იღბალი?                     
– მგონი, ყველაფერი ერთად. მაშინ მხოლოდ ის ფასდებოდა, ვინც საკავშირო სცენაზე გავიდოდა. პოსტსაბჭოთა სივრცეში ხომ ასეთი წესი იყო: ნებისმიერ სფეროში ჰქონდათ ერთი თუ ორი ადგილი, აქ არ არის ლაპარაკი იმაზე,  რომ შენ წარმოადგენ ქვეყანას, საუბარია ლიმიტზე. მოისმენდა საზოგადოება და იტყოდა: ჩვენ გვინდა, რომ ეს მომღერალი იდგეს სცენაზე და გამოდიოდეს მისი დისკები.  კონკურსებზე, სადაც მგზავნიდნენ, ყველგან ვიმარჯვებდი და, ალბათ, ეს იყო ამ წარმატების წინაპირობა. სერიოზული კონკურსები იმართებოდა, დიდი ორკესტრები ისხდნენ სცენაზე, ტარდებოდა რეპეტიციები, კონცერტები, მოკლედ, სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა მიდიოდა. 
– მე ვიცი, რომ დედა იყო ის ერთადერთი ადამიანი, ვინც თქვენგან, ასე ვთქვათ პროდუქტი შექმნა და  თქვენი ცხოვრება ასეთი გაბრწყინებული გახადა. „მზიურიდან“ მოყოლებული, ის დღემდე გიდგათ მხარში. 
– თავისთავად, იყვნენ პედაგოგები, რომლებსაც არასდროს ვივიწყებ და დღემდე ძალიან ძვირფასი ადამიანები არიან ჩემთვის, მაგრამ დედა მართლაც იყო ის ერთადერთი ადამიანი, ვინც გამიკვალა ცხოვრების გზა. მას ყოველთვის სჯეროდა ჩემი წარმატებების, უბრალოდ, ასეთ მასშტაბებს არ ელოდა. კიდევ, დიდი მნიშვნელობა აქვს რამდენად სწორ ადამიანებს შეხვდები ცხოვრებაში.  გარდა ამისა, არსებობს სინდისის უდიდესი ფაქტორი – შემოქმედებითი სინდისი და ღირსება, რომელიც უნდა ჰქონდეს ადამიანს, სხვანაირად ვერაფერს მიაღწევ. 
– ბევრი ქართველი მომღერალი წავიდა რუსეთში, მაგრამ ისინი მღერიან რესტორნებში, რუსულ ესტრადაზე კი ყველა პლუს-ფონოგრამაზე მღერის. ვინც ცოცხლად ასრულებს, ცოტა სხვა თვალით უყურებენ – მტრულად. თქვენ როგორ დაიმკვიდრეთ თავი რუსულ შოუ-ბიზნესში?   
– კი, ნამდვილად ასეა – დიდი დაპირისპირებებია, პარლამენტის დონეზე. იქ მართლა ძალიან რთულია დიდ სცენაზე მოღვაწეობა, ერთ-ერთი ურთულესი მდგომარეობაა და ამის მიღწევა იყო საჭირო.  სხვა ქვეყანაშიც რომ წავსულიყავი, ალბათ, იქაც ასეთივე წარმატებები მექნებოდა, მაგრამ, რუსეთი იმით გამოირჩევა, რომ მსოფლიოში უდიდესი ქვეყანაა. ადამიანი პიკს რომ მიაღწევს და თავისი პროფესიული ავტორიტეტი უჩნდება,  რასაკვირველია, უკვე გზა ხნილი აქვს.
– მაგრამ, იმ ფაქტორს, რომ ქართველი ხართ, არასდროს შეუშლია ხელი?
– ამ ფაქტორმა ბევრჯერ შემიშალა ხელი. პუბლიკამ დამაფასა და დიდი სიყვარული დამანახვა. იყვნენ ადამიანები, რომლებიც მხარში დამიდგნენ – სხვანაირად წარმატება არ არსებობს. თვითონ მომღერლებთან მაქვს ძალიან კარგი ურთიერთობა, ალამ თავისი სიმღერა მაჩუქა, მის სამ სიმღერას კი მისი ნებართვითა და ანოტაციით ვასრულებ. თვითონ ამბობს, რომ ამ სიმღერას ჩემ გარდა სხვა ვერავინ იმღერებს. ახლახან თავის სკოლა-სტუდიაშიც მიმიწვია – უნდა, რომ მის გუნდში ვიყო. ეს ჩემთვის სასიამოვნოა, მაგრამ, უნდა დავფიქრდე. მან იცის, რომ საგასტროლო ცხოვრება მაქვს; ისიც იცის, რომ ვოკალისტისთვის ძალიან რთულია ეს ყველაფერი:  2001 წლიდან ვცხოვრობ რუსეთში, მანამდე, ფრაგმენტულად, ხან პარიზში ვცხოვრობდი, ხან – ამერიკაში. მოსკოვი იმდენად იჭრება შენში, რომ ასე ადვილად ვერ ადგები და წამოხვალ. კი, ძალიან რთულია იქ ცხოვრება, სულ ბრძოლაა, მეგაპოლისი შთანთქავს ყველაფერს, მაგრამ, იმდენი გამარჯვება მომცა ამ პუბლიკამ, რომ ასე ადვილად ვერ დავთმობ.  როგორია, ასორმოცდაათმილიონიან რუსეთში ჩადიხარ და უნდა იპოვო შენი ადგილი. მოდი, ამას მუსიკალური ბედი დავარქვათ. მეორედ, ალბათ, ვერ შევძლებდი.
– არ გაგიჭირდათ თავიდან ამხელა ქვეყანაში ცხოვრება ფიზიკურად, მორალურად, მატერიალურად?
– ვცხოვრობდით სულ სასტუმროებში, უკვე ბოლოსკენ გაგვიჩნდა მოსკოვში მისამართი.  ბავშვი სწავლობდა ამერიკულ სკოლაში, მერე გადმოვიყვანეთ ბრიტანულ სკოლაში, იმიტომ, რომ მისთვის ინგლისური ენა პირველია. აქედან გამომდინარე, ვერც რუსულ და ვერც ქართულ სკოლაში ვერ მივიყვანდით. მატერიალური საკითხი იმდენად არ თამაშობდა როლს, რამდენადაც პირადი ფაქტორი. ძალიან რთული პერიოდი დაიწყო ჩემს პირად ურთიერთობებში. მაშინ იწყებოდა ყველაფერი და, არ შეიძლებოდა, ასე უკვალოდ ჩაევლო ამას, თითქოს ყველაფერი ერთმანეთს დაერთო, მაგრამ, ეტყობა, მზად ვიყავი ამისთვის. იმხელა პასუხისმგებლობა დამეკისრა... ბავშვისთვის ყველაფერი უნდა გამეკეთებინა. ვიყავით მხოლოდ მე, დედა და  სანდრო, რომელიც იყო პატარა. აი, ასე დავრჩით  ორი ქალი მამაკაცის გარეშე. ამერიკაში წავედით.  მერე სანდრო და დედა იქ დავტოვე და მე გასტროლებზე დავდიოდი. როგორც უკვე გითხარით, სანდრო სკოლაში იქ  დადიოდა. ძირითადად მაინც დედა იყო მასთან, ათი კაცის საქმეს აკეთებდა.
– ეს, ალბათ, ადვილად გადასადგმელი ნაბიჯი არ იყო. მერე ინანეთ ქმრისგან წამოსვლა?    
– სინანული ყველაფერს ახლავს, რაც ინგრევა ცხოვრებაში. სულ მეგონა, ჩემი ყოფილი მეუღლე ცოტა სხვანაირად მოიქცეოდა – დათმობდა იმ სიტუაციას, რომელშიც ცხოვრობდა და წამოვიდოდა იქ, სადაც ვართ  ჩვენ, მაგრამ სხვანაირად გადაწყვიტა ყველაფერი. მეც აღარ მიკვირდა და მივხვდი, რომ ეს პროცესი დასრულდება ისე, როგორც შეიძლება დასრულდეს ასეთი მდგომარეობა. გავშორდი და მორჩა.  ძალიან რთული იყო, მაგრამ, ვიყავი ძალიან ახალგაზრდა, მქონდა დიდი წარმატებები. მახსოვს, ყოველთვე დავფრინავდი ნიუ-იორკში დედასთან და ბავშვთან, მერე ვბრუნდებოდი უკან, რუსეთში. ნელ-ნელა გადავლახეთ ეს მძიმე პერიოდები – ყოველდღიურ საზრუნავს თითქოს მიაქვს  ყველაფერი ნეგატიური. 
– ყველაზე ბედნიერი როდის იყავით პირად ცხოვრებაში?
–  პირად თემაზე საუბარი რთულია, რადგან, მაინც დრამატიზმითაა აღსავსე. პირად ცხოვრებაში სულ ბრძოლებია, ჭიდილი. მუსიკა, წარმატება, პირადი – ყველაფერი ერთად იყო და, აქედან გამომდინარე, ბედნიერების ელფერი ჰქონდა ამ ყველაფერს; მაგრამ, წარმატებასაც და ქალურ ბედნიერებასაც თავისი საფასური აქვს. ძალიან დიდი ფასი ადევს ყოველგვარ ბედნიერებას და იმ მამაკაცსაც, რომელიც შენზე გიჟდება. ეს ყველაფერი დიდ ფასად დამიჯდა. ამიტომ უჩნდებათ პროტესტის გრძნობა და მერე ბრძოლას გიცხადებენ.  
– მუდმივად ხართ მამაკაცების ინტერესის ობიქეტი. როგორ იგერიებთ მას, ვინც არ გინდათ, რომ თქვენ გვერდით იყოს?
– როგორც მსახიობმა, შეიძლება, მიიღო კომპლიმენტები, მაგრამ ქალურ კომპლიმენტებს მე დიდად არ ვიღებ. ეს სხვა რაღაცაა. ჯერ ერთი, უნდა იცოდნენ, როგორ და რა ფორმით გითხრან ეს კომპლიმენტი. ეტყობა, ამ შემოქმედებითმა გზამ და კარიერამ ჩემს ხასიათზეც იმოქმედა. ვიცი, რომ გავხდი ძალიან მომთხოვნი როგორც ჩემი თავის, ისე სხვების მიმართაც. ერთია გარეგნობა და, მეორეა – როგორი ხასიათი გაქვს.
– ამბობენ, სწორედ ხასიათის გამო ხდება მამაკაცებთან თქვენი შეუთავსებლობა. 
– ერთი ქმარი ქართველი მყავდა, მეორე ქმარი  – რუსისა და ბერძენის ნარევი. მამაკაცებთან ყოველთვის დრამატული ურთიერთობა მაქვს. არა უშავს. გასაგებია მათი მოთხოვნები, მაგრამ, ჩემთან ეს მოთხოვნები უკვე აღარ ჭრიდა. ახლა რა უნდა შემომთავაზოს კაცმა ისეთი – მთვარეზე წაგიყვან და ხაჭაპური გამიკეთეო?! მგონია, რომ ძალიან სერიოზული ხანაა ჩემს  ცხოვრებაში, ამიტომ, საჭიროდ აღარ მიმაჩნია, კიდევ შევქმნა ოჯახი. საერთოდ, კი ყველაფერი ერთმანეთზეა დამოკიდებული – როგორც ფსიქოლოგიური, ისე ემოციური ფაქტორი. რასაკვირველია, მაშინ გააფორმებ ურთიერთობას და იქნები შენთვის კარგად და  მშვიდად. გავშორდი ამ ადამიანებს და მერე აღარც მიფიქრია გათხოვებაზე. მე არა ვარ იმ ტიპის ქალი, რომ სურვილი  მქონდეს, დავიპყრო მამაკაცი და ჩემს განკარგულებაში აღმოჩნდეს. ეჭვიანობის სცენები ხომ საერთოდ ყველასთან იყო, თავისი მოტივაციებითა და სიგიჟეებით. რასაკვირველია, ახნა-განმარტების მიცემას არ ვაპირებ. სიმტკიცის, სიძლიერის  გამომჟღავნებას არ ელოდებიან ქალისგან, ქალისგან ელიან სინაზეს, მორჩილებას. გასაგებია, როგორიც უნდა იყოს ქალი, მესმის, მაგრამ,  ეს მაინც შეუთავსებლობაა. 
– ესეც მინდოდა მეკთხა: ეჭვიანობა და ჭორები თქვენისთანა ლამაზი და წარმატებული ქალის ცხოვრებას ალბათ, ყოველთვის ახლავს თან.
–  აღარ მინდა იმ ეჭვიანობების სცენების გახსენება, რაც ჩემ გარშემო იყო გამართული – სულ რაღაცის მტკიცება, დარწმუნება, დიდი კონფლიქტები და  ამბები.... მახსოვს, ერთხელ მამაჩემი ჩამოვიდა თბილისიდან ამის გამო. ის ოჯახი ჩვენს ოჯახს დაუპირისპირდა – აგვიხსენით და მოვაგვაროთო. ურთიერთობაში არავინ ერევა, მაგრამ, როცა ქალიშვილის ქმარია, სხვანაირად ელაპარაკები, იმას უნდა აუხსნა. წარმოიდგინეთ, რა დონეზე დავიდნენ – დედაჩემი და მამაჩემი დასხდნენ და იმ ოჯახს დაელაპარაკნენ. ერთი თვე გასტანა ნორმალურმა ურთიერთობამ, მერე ისევ ისე დაიწყო. ხომ იცით, როცა  გიყვარს, თავს ვეღარ აკონტროლებ. ეტყობა, მათთან ასეა – საკუთრების გრძნობა დაეუფლა და სულ გაგიჟდა. აღარ შეგვეძლო ამის ატანა და ამიტომ დავშორდით. 
– მამაკაცის გამო თუ გიტირიათ და დეპრესიაში თუ ჩავარდნილხართ?
–  კი, როგორ არა. აი, ასე ვიწექი და ვტიროდი. მერე დედაჩემმა დაინახა ჩემი ნამტირალები თვალები და მამშვიდებდა. ღაპაღუპით მომდიოდა ცრემლები. რასაკვირველია, გენანება, იმ ადამიანის დაკარგვაც არ გინდა, მაგრამ, ოთხ დღეში დამთავრდა  ჩემი დეპრესია, რადგან,  კონცერტი მქონდა. რა უნდა მექნა? გადავისვი პუდრი და შევებრძოლე ჩემს თავს – ჩავქოლე მეორე ადამიანი, ის ხმა, რომელიც მეუბნებოდა, იტირეო. ისევ დაიწყო მუსიკა და ასე გრძელდება ცხოვრება. იცით, ეს რა მომენტია: ცდილობ, ტკივილი გაიყუჩო, თორემ, როგორ შეიძლება, დაგავიწყდეს შენი ცხოვრება?! შვილის გამო ბევრ რამეს ვერ ვამბობ, რადგან, განიცდის და გული სტკივა. ძალიან ემოციური ბიჭია და ამიტომ ამ თემას ყოველთვის გვერდს ვუვლი. ვერასდროს ვამბობ იმას, რაც მინდა, რომ ვთქვა, ანუ, ამ ყველაფრის  მიზეზი – როგორი იყო წინაპირობა და რატომ დამთავრდა ასე, რადგან, ყოველი სიტყვა გულზე ხვდება. ბევრი ქალია ჩემსავით რაღაცას ითმენს, რაღაცას ვერ ამბობს.
– არ გინდოდათ, კიდევ გყოლოდათ შვილები თუ, ეს ნაბიჯი იმიტომ არ გადადგით, რომ სიმღერაში ხელს შეგიშლიდათ?           
– რასაკვირველია, ახალგაზრდობაში მიფიქრია ამაზე, მაგრამ, მაშინ არ მინდოდა, სანდროს ენერვიულა. თან, უკვე აღარ ვიყავი მამამისთან, ეს  კი ყოველთვის განცდისა და ნერვიულობის საგანი ხდება ბავშვებში. სანდროს გამო არ გადავდგი ეს ნაბიჯი და, საერთოდ, მიმაჩნია, რომ გარკვეულ ასაკამდე შეუძლია ქალს ამაზე ფიქრი.
– სასცენო იმიჯის შეცლაზე თუ გიფიქრიათ? 
– ექსპერიმენტებიც მიყვარს და მიფიქრია კიდეც,  მაგრამ, ბოლოს მაინც ვუბრუნდები ჩემს ნამდვილ სახეს, რადგან, მაყურებელს უყვარს ასეთი თამარ გვერდწითელი და ახლა იმაზე ვფიქრობ, ეს იმიჯი როგორ შევინარჩუნო.
– არ შემიძლია, არ ვახსენო გოგი ცაბაძე, რომელიც გიწერდათ სიმღერებს; ასევე, შოთა მილორავა. როგორ გახსენდებათ ის დრო?           
– ახლაც ვიმღერე ბათუმში კონცერტზე „სიყვარული დაფრინავს“ და მთელი დარბაზი ამყვა – იყო ასეთი საოცარი მოვლენები ჩემს ცხოვრებაში. ბატონმა შოთამ კი დაწერა ჩემთვის სიმღერა „საქართველოს ბუნება“, რომელიც  გვინდა, რომ გავაორკესტროთ და ახალი შემართებით შევასრულო. შოთა მილორავა ჩემი პროფესორი იყო კონსერვატორიაში. ამ მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებულ ადამიანს გიჟურად უყვარდა მუსიკა და ამ ემოციებით ქმნიდა ყველა ნაწარმოებს.
– და, თქვენს ცხოვრებაში ასევე იყო და არის დიდი მაესტრო – მიშელ ლეგრანი. 
– მიშელ  ლეგრანი პატარა ბედის საჩუქარია ჩემი. ვერც ვიფიქრებდი, ასე სერიოზულად თუ გაგრძელდებოდა ჩვენი ურთიერთობა. მან დამიწერა ოთხი სიმღერა და მერე ჩვენი კონცერტების ხანაც დაიწყო. ჩემთვის ეს არის იმედის მომცემი ადამიანი. ასეთ მუსიკოსთან შეხვედრა ყველაფერზე მაღლა დგას, რასაკვირველია.

скачать dle 11.3