კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2019 (105)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)

როგორ მოემზადა 170 საღამოსთვის ლოგინს მიჯაჭვული თათია ხაინდრავა და რატომ აფრიალებდა ის ორმოცი დღე შავ დროშას თავისი სახლის აივანზე

„ძალიან ბევრი წელი ვიცოცხლე ამქვეყნად, მაგრამ, არასდროს მიფიქრია, რომ ჩვენი თაობის ღვაწლს ვინმე ან რაიმე წაშლის. არ მიფიქრია იმიტომ, რომ ჩვენ ვიზრდებოდით მოკრძალებით უფროსი თაობისადმი. ცხოვრების დიდი ნაწილი კონსტანტინე გამსახურდიას ოჯახში გავატარე... 1937 წელს, როცა მამა დაიღუპა, ბიძამ – კონსტანტინემ აიღო ჩემზე მეურვეობა...“
უხმაუროდ, ძალიან მოკრძალებულად იცხოვრა. არასდროს არაფერი უთხოვია არც შემოქმედებით, არც პირად ცხოვრებაში. მას არ რგებია არცერთი წოდება და პრემია. მხოლოდ მერაბ კოსტავამ შეარქვა „უჩინო თათია“... სიმონ ხაინდრავა 18 წლის იყო კონსტანტინე გამსახურდიას 17 წლის დაზე, სოფიოზე რომ იქორწინა. შვილი 22 წელი არ უჩნდებოდათ და, აი, 22 წლის თავზე, გაგრაში, ქვეყანას მოევლინა თათია ხაინდრავა. იმ დროს გემით სეირნობდნენ გაგრასთან ახლოს, სოფიო რომ შეუძლოდ  გამხდარა და თათიაც გაჩენილა. ალბათ, ყველას კარგად გახსოვთ მაღალი, თხელი, ლამაზთვალება, ხავედროვანი, რბილი ხმის ტემბრით, მხატვრული კითხვის უბადლო შემსრულებელი. საზოგადოების ყურადღება თავისი პირადი ცხოვრებითაც მიიქცია, როცა თეატრალური ინსტიტუტის სტუდენტს, ისევე, როგორც იმ დროს ყველა  გოგონას, ერთი ძალიან მომხიბვლელი ყმაწვილი, უკვე პოპულარული რამაზ ჩხიკვაძე შეუყვარდა. მათ ქალიშვილი შეეძინათ. გულის სიღრმეში ჩხიკვაძეს ალბათ უხაროდა კიდეც შვილის შეძენა, მაგრამ ამას არ აღიარებდა; მეტიც, მათი მამაშვილური ურთიერთობა ცხოვრების არცერთ ეტაპზე არ შემდგარა. ძალიან მალე იგი სხვაზე, შვილიან ქალზე – ნატაშაზე ქორწინდება, რომელიც თავის მეგობარ გურამ საღარაძესთან ერთად ოდესაში გემით მოგზაურობისას გაიცნო. ნატაშასთან  ბედნიერი თანაცხოვრებით შეეცადა ის წარსულის დავიწყებას. ცნობილია, რომ ამ ფაქტის გამო გენიალურ მსახიობ რამაზ ჩხიკვაძეს ურთიერთობა დაეძაბა მშობლებთანაც. ამ დროს, მირანდა ხაინდრავა, რომელიც ძალიან ჰგავს მამას, რამაზის მშობლებთან – გრიგოლ და ელენე ჩხიკვაძეებთან იზრდებოდა. ბებია-ბაბუას ბავშვი ძალიან უყვარდა. გოგონა გაიზარდა. მან იცოდა, რომ ჰყავდა მამა, რომელსაც ის არ უნდოდა. მირანდასთვის რამაზ ჩხიკვაძე მხოლოდ გენიალურ მსახიობად დარჩა. წიგნში „თათია ხაინდრავა“ რამაზ ჩხიკვაძე არ არის ნახსენები. თათია ხაინდრავა მას არც არასდროს ახსენებდა; ცდილობდა, ჩვეულებრივად გაეგრძელებინა ცხოვრება თავის ერთადერთ ქალიშვილთან ერთად, რომლისთვისაც ის დედაც იყო და მამაც. მე მეტს აღარ გავაგრძელებ, გტოვებთ „უჩინო თათიას“ ცხოვრების ეპიზოდებთან –  ამ რუბრიკის ყველაზე საინტერესო დღიურებთან.

„ხელთათმანის ღილი“
„1937-მა წელმა ჩემს თავზე დიდ რისხვად გადაიარა. მამა დაიღუპა და იმ არეულ დღეებში პეროვსკაიას ქუჩიდან ავლაბარში, ბნელ და ნესტიან პაწაწინა ოთახში გადაგვასახლეს. აღარაფერი გაგვაჩნდა. დედაჩემი – სოფიო, კონსტანტინე გამსახურდიას ღვიძლი და, სწორედ იმ ბნელ ოთახში გარდაიცვალა... დედა „ვეფხისტყაოსნით“ ცხოვრობდა; ბებიამ – ელისაბედ თოფურიძემაც ზეპირად იცოდა. პავლე  ინგოროყვა იხსენებს – ნებისმიერ თავს გააგრძელებდა ელისაბედიო. მე კი „ვეფხისტყაოსანს“ კონსტანტინე მასწავლიდა... სკოლაში ძალიან ცუდად ვსწავლობდი მათემატიკურ საგნებს. ლექსის კითხვითა და ქართული ენის ცოდნით კი ნამდვილად გამოვირჩეოდი... დიდი გაჭირვებით დავამთავრე სკოლა და აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე (არაბული ენა) ჩავირიცხე... ამ პერიოდში მქონდა მომზადებული გრიშაშვილის „ხელთათმანის ღილი“, რომელიც სწორედ ამ განუმეორებელი პოეტის საღამოზე წავიკითხე. მეორე დღეს ბატონმა სოსომ დაურეკა ბიძაჩემს, მომკიდა ხელი და მიმიყვანა აკაკი ხორავასთან თეატრალურ ინსტიტუტში... ბატონი აკაკი სასწაულად მექცეოდა. ალბათ, ობოლი რომ ვიყავი, იმიტომ. ჩემთვის მუდამ ჰქონდა გადანახული ათი მანეთი. მაშინ თუმანი დიდი ფული იყო... ჩემმა გუგული ქებურიამ და მისმა მეუღლემ მირჩიეს – რობიკო სტურუას მოასმენინე შენი რეპერტუარიო. ერთ მშვენიერ დღეს, 48 წლის ასაკში, ვესტუმრე ჩვენს დიდებულ რეჟისორს. მთელი თვე მისმენდა. ზღვა მასალა მქონდა დაგროვილი. ერთი სიტყვით, რობერტ სტურუამ დამადგა ოქროს გვირგვინი. შვიდი თვე ვიმუშავეთ. მოიწვია მხატვარი მირიან შველიძე, კომპოზიტორი გია ყანჩელი, მაგრამ ბედისწერამ თავისი ქნა – მოსკოვში გადამაფრინეს სასწრაფო ოპერაციის გასაკეთებლად. მე მგონი, პრემიერაზე ფიქრმა გადამარჩინა – ლოგინს მიჯაჭვული, სულ ტექსტს ვბუტბუტებდი. 1975 წლის 17 მაისს კი ახალი ნაოპერაციევი და ცისფერ კაბაში გამოწყობილი წარვდექი მაყურებლის წინაშე. ამ პროგრამით 170 საღამო გავმართე... 14 ახალგაზრდასთან ერთად მოვამზადე „ვეფხისტყაოსნის“ კომპოზიცია. საშა იოსელიანი მონაწილეობდა (იმის სახელს ვენაცვალე) – ტარიელს განასახიერებდა...

ბნელ ოთახში
...ჩემი ყველაზე დიდი ბედნიერება ჩემი ქალიშვილი – მირანდა ხაინდრავა, ჩემი სტუდენტები და ჩემი ქვეყანაა. მე კი მხოლოდ ათი წელია, ბინა მაღირსეს, არადა, ჩემს მშობლებს ორჯერ წაართვეს კომუნისტებმა... პირველი ოპერაციიდან მერვე წელს კვლავ გამირთულდა ავადმყოფობა საძილე არტერიაზე და საყლაპავ მილზე. დღესაც ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზით ვარ. ვიხრჩობოდი 37 წელს მოცემულ ბნელ ოთახში. ვხედავდი, ქურთებსაც (ცუდი მათზე არაფერი მეთქმის) აკმაყოფილებდნენ ბინებით, მე კი სუნთქვა მიჭირდა. ავდექი და, გაჭირვებულ-გაწამებულმა, სასტიკი დეპეშა გავგზავნე ცენტრალურ კომიტეტში – ასეთ პირობებში ჩემი დატოვების შემთხვევაში, უცხოეთის ქვეშევრდომობას მოვითხოვ-მეთქი. გურამ ენუქიძემ, იცოცხლეთ, ნახევარ საათში გამომიძებნა ბინა – მშენებარე კორპუსის მეთორმეტე სართული გამოიმეტეს მხოლოდ. მეგონა, ვერც მოვესწრებოდი ახალსახლობას... ჩემი ქალიშვილი გრიგოლ ჩხიკვაძის შვილიშვილი გახლავთ. ბაბუასთან და ბებიასთან, ქალბატონ ელენესთან ცხოვრობდა და სწორედ მათ მისცეს არაჩვეულებრივი მუსიკალური განათლება. ჩემი შვილის ხელოვნებამ უფრო მეტი გემოვნება გამომიმუშავა და დამხვეწა კიდეც. ის შესანიშნავი მუსიკოსია. მას არაერთხელ ჰქონდა უცხოეთში წასვლისა და დარჩენის საშუალება, მაგრამ, ყოველი დილის გათენებას ორივენი რაღაცის იმედით ველოდებით.... ერთადერთი კინოროლი მაქვს ნათამაშები სიკო დოლიძის მიერ გადაღებულ ფილმში „კაცია ადამიანი“ (ელისაბედი). „დიდოსტატის მარჯვენაში“ პერსონაჟ „ცოქალას“ როლი მქონდა, მაგრამ რეჟისორმა ვახტანგ ტაბლიაშვილმა გადაღებული ფირიდან ამომჭრა.

„უჩინო თათია“, მერაბი და ზვიადი  
მერაბ კოსტავა ჩემი სალოცავი ხატი იყო. ერთხელ „რუსთაველის საზოგადოების” მიერ მოწყობილ ღონისძიებაზე მნახა საკონცერტო დარბაზში. ბიჭებს დაუძახა და უთხრა: მობრძანდით, გაიცანით უჩინო თათიაო. „უჩინო“ არტისტი კი იმიტომ ვარ, რომ ზოგიერთებივით განცხადებების კორიანტელი არ დამიყენებია: გინდა თუ არა დამსახურება მომეცით-მეთქი. არც ჩემი სიარულით ამიტალახებია კულტურის სამინისტროს შენობა. იმ ავბედით დღეს მთლად გაფითრებული დაბრუნდა ჩემი ქალიშვილი. მაშინვე ვკითხე: „ზვიადი?“  – „არა, მერაბიო!“ – მიპასუხა. ვფიცავ ჩემი ერთადერთი შვილის სიცოცხლეს და ჩემი ქვეყნის გადარჩენას, რომ სულერთი იყო, მერაბი იქნებოდა თუ ზვიადი, ჩემთვის ორივეს სიცოცხლის შეწყვეტა უდიდესი ტრაგედია იყო. მაშინვე დავხიე შავი მატერია და ორმოცი დღის განმავლობაში შავი დროშა ფრიალებდა ჩემი ბინის აივანზე. ახლაც მიკვირს, მე როგორ ვსუნთქავ, როცა მერაბ კოსტავა ცოცხალი აღარ არის. დის შვილიშვილიც მომიკლეს რუსთაველის პროსპექტზე – ლაშა ცინდელიანი. ოთხი თვის თავზე მამამ ვეღარ გაუძლო შვილის ტრაგედიას და თავადაც მოისწრაფა სიცოცხლე... ჩემი გაზრდილია ზვიადი, ჩემი! მთელი ცხოვრება ერთად ვიყავით! კაცს, რომელმაც „ვეფხისტყაოსნის’’ სახისმეტყველება დაწერა, განა შეეძლო, სამშობლო არ ჰყვარებოდა?! უთბილესი, ბავშვივით გულუბრყვილო იყო და სწორედ საკუთარმა გულუბრყვილობამ დაუშავა ბევრი რამ. არავითარი გაუწონასწორებელი და ნერვიული არ იყო ზვიადი, მას ხელოვნურად შეუქმნეს ყველაფერი!.. ქუთაისის თეატრში იური კაკულიამ „ზარები გრიგალში“ და „მთვარის მოტაცება“ დადგა და მე და ზვიადი პრემიერაზე მიგვიწყვია. ჩავედით ქუთაისში... იმ ღამეს კინაღამ დაგვაპატიმრეს. დიდი გაჭირვებით გამოვაპარეთ ზვიადი თბილისში, მე კი დაკითხვა მომიწყო „კაგებემ.” ზვიადი, რაც ჩეჩნეთში წავიდა, აღარ მინახავს....
                    „იგი, ვინც მიყვარდა დიდი სიყვარულით...“ 
... ჩემი ცხოვრების 72 წლიდან 52 ქართულ სიტყვას შევწირე. 19 წლის ასაკიდან ვმუშაობდი რადიოში და მერე, ტელევიზიის დაარსებისთანავე – იქაც, ოღონდ, შეგნებულად იშვიათად ვჩნდებოდი, რათა მაყურებლისათვის თავი არ მომებეზრებინა. მთელი საქართველო შემოვლილი მაქვს ჩემი საღამოთი „მზეო თიბათვისა“, რომლის რეჟისორი ბატონი რობერტ სტურუაა... ოცდაათი წელი მარჯანიშვილის თეატრში ისე ვიყავი, როლი არ მქონდა. სხვის მაგივრად თუ შემაგდებდნენ სცენაზე, თუმცა, რეზო თაბუკაშვილის პიესაში „რას იტყვის ხალხი“, მოხუცი ქალი ვითამაშე. პრემიერის ღამეს დოდო აბაშიძის დედა, ნინო ანდრონიკაშვილი ამოვიდა სცენაზე და იკითხა – სად არის ის ქალი, მოხუცს რომ თამაშობდაო. მე გრიმი აღარ მქონდა და ამიტომ ვერ მიცნო. როცა გაიგო, რომ ის მოხუცი მე ვიყავი, შემაქო – პირველი ხარო, მითხრა...  (თათია ხაინდრავას მიერ წაკითხული შ. ცვაიგის „უცნობი ქალის წერილი“ დღეს საქართველოს რადიოს „ოქროს ფონდში“ ინახება).  

მშვენიერი მირანდა და კონსტანტინეს მამალი
1937 წელს, როცა მამა დაიღუპა, ბიძამ – კონსტანტინემ აიღო ჩემზე მეურვეობა...   ხომ ამბობენ, მრისხანე იყოო, უკმეხი იყოო. არა, პირიქით, ძალიან ბევრი სითბო მახსოვს მისგან. ძალიან მანებივრებდა და ძალიან ვუყვარდი... მირანდა უყვარდა ისევე, როგორც დედაჩემს უყვარდა ზვიადი და თამრიკო... ერთხელ კონსტანტინე და ჩემი შვილი ეზოში სეირნობდნენ. ბიძაჩემს ბავშვი დაუსვამს და სახლში შესულა სიგარეტის გამოსატანად. მას ერთი მამალი ჰყავდა (მოგეხსენებათ, ძაღლებიც ყოველთვის ჰყავდა). ეს მამალი დასტაკებია პატარა მირანდას და, ის იყო, თვალი უნდა გამოეთხარა, რომ ძაღლმა გაფატრა. არასდროს დამავიწყდება კონსტანტინეს ნათქვამი: ბავშვისთვის თვალი რომ გამოეფატრა, თავს არ ვიცოცხლებდიო.   
                    პირველი სიყვარული და „სუკის“ ჯურღმულები 
მე, სულ ახალგაზრდას, ყოველთვის მაღიზიანებდა რუსთაველის პროსპექტზე სეირნობა. ჩემი ბავშვობის სიყვარული, რომელიც 19 წლის ასაკში დაიღუპა, მეუბნებოდა, როდესაც რუსთაველზე ვსეირნობდით: იცი, აქ როგორი ჯურღმულებია „სუკის“! იქ პოლიტიკური პატიმრები იტანჯებიანო... იყო ასეთი დიდი კაცი ამქვეყნად – ვიქტორ კუპრაძე, მაშინდელი განათლების მინისტრი, აკადემიკოსი, მათემატიკის უბადლო მცოდნე. მისი ვაჟი, გურამ კუპრაძე, ჩემი პირველი სიყვარული იყო. 19 წლის ასაკში დაიღუპა – თევზაობის დროს თავბრუ დაეხვა და დაიხრჩო. იმ დილას დედას საკაბის საყიდლად მივყავდი... გზაში გურამი და მისი მეგობრები შეგვხვდნენ. ვაიმე, ესღა მაკლდა ასე თმაგადაპარსული რომ მნახეო, – შეწუხდა გურამი, თან, მაშინ ცოტა გაბრაზებული ვიყავი მასზე... ფაჩა დეიდა (ასე ეძახდნენ დედაჩემს), იცით, როგორ მოგვენატრა თქვენი გაკეთებული ხაჭაპურებიო – უთხრეს. დღეს ჩვენ თევზს დავიჭერთ და პირდაპირ თქვენთან მოვალთო. დედაჩემმა, რასაკვირველია, დაპატიჟა ისინი. გურამი წარმოუდგენელი განათლების მქონე ახალგაზრდა იყო. რამდენჯერაც შევხვდებოდი, მუხლები მიკანკალებდა – მაშინ ასეთი სიყვარული იყო... ჰოდა, იმას გიყვებოდით, იმ დღეს სახლში რომ დავბრუნდით (მაშინ ბიძაჩემთან, კონსტანტინე გამსახურდიასთან ვცხოვრობდით), უცებ ტელეფონის ზარის ხმა გაისმა. ძაღლმა საშინელი ყეფა ატეხა, რამაც ძალიან ცუდად იმოქმედა ჩემზე. სხვა დროს მსგავსი რამ არ გაუკეთებია. ყურმილი ავიღე: ვიქტორ კუპრაძის ვაჟი წყალში დაიხრჩო, ვეძებთ და კონსტანტინემ თავისი „ვილისი“ გამოგვიგზავნოსო, – გაისმა ვიღაცის ხმა. ვიფიქრე, იტყუებიან-მეთქი, მაგრამ, მეორედ, უკვე რომ თქვეს, კონსტანტინეს სთხოვეთო... ეს უდიდესი ტრაგედია იყო ჩემს ცხოვრებაში. შემდეგ, როცა უკვე ქალიშვილი შემეძინა და ხუთი-ექვსი წლის გახდა, გურამის საფლავზე დავდიოდით და ხალხს მისი ცოლ-შვილი ვეგონეთ”.

скачать dle 11.3