კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ქალური ალღო

ტეტჩი ჩვეულებრივზე ოდნავ გვიან დაბრუნდა სახლში. ვივიენი იჯდა და ქარგავდა. მისი ქმარი ბოლო ორი კვირის განმავლობაში ძალიან უცნაურად იქცეოდა – მოღუშული იდგა ხოლმე და ვივიენის საუბარზეც კი არ რეაგირებდა, თითქოს სიტყვებს ყურს იქით ატარებდა. თუმცა ამჯერად ენერგიული ნაბიჯებით შემოვიდა ოთახში, ვივიენის წინ გაჩერდა და ხელისგულზე დადებული კოლოფი გაუწოდა:
– ახლა უკვე ვიცი, რომ მაპატიებ, შარშან დაბადების დღეზე ელექტროქურა რომ გაჩუქე. გახსენი!
ვივიენმა საქარგავს თავი ანება და კოლოფი გახსნა. ძვირფასი ქვის ელვარებამ თვალი მოსჭრა. ყელსაბამი ულამაზესი იყო, ბრილიანტის თვალიც მაცდუნებლად ციმციმებდა.
– ოღონდ, არ მითხრა, რომ ჩვენთვის ეს ზედმეტი ფუფუნებაა, – გააფრთხილა კაცმა.
– რა ვქნა, მიუხედავად იმისა, რომ ყელსაბამი ულამაზესია, მაინც უნდა გითხრა, იმიტომ, რომ ფული მართლა არ გვაქვს. საიდან მოიტანე ფული?
– ვივიენ, გახსოვს, ერთი წლის წინ ორი ათასი დოლარი ერთი კომპანიის აქციებში რომ დავაბანდე? მეჩხუბე კიდეც, აქციონერები წესიერ ხალხს არ ჰგვანან, ბანდიტების იერი აქვთ, რა გესაქმება მაგ ხალხთანო...
– მახსოვს. იმის თქმა ხომ არ გინდა, რომ არ დამიჯერე და ფული მაინც დააბანდე? – წარბი შეიკრა ვივიენმა.
– დიახ და, არაფერი წამიგია. სულ რაღაც წელიწად-ნახევარში ორი ათასმა დოლარმა ათასი დოლარი მოგება მომიტანა. ფულიც დავიბრუნე და მოგებაც. ყელსაბამი იმ ათასი დოლარით გიყიდე – მინდოდა, ძვირფასი სამკაული ჩემს ცოლსაც ჰქონოდა. ცუდია, რომ ფირმამ თავი ბანკროტად გამოაცხადა. სიამოვნებით გავაგრძელებდი მასთან თანამშრომლობას. ცოტათი შემეშინდა კიდეც, იმიტომ, რომ იმ მკვლელობის შემდეგ პოლიცია მისტერ ლიკნერს ფულის აქციონრებზე გაცემის უფლებას არ აძლევდა. ლამის ყველაფერი დავკარგე...
– მოიცა, რა მკვლელობაზე ლაპარაკობ? აბა, დალაგებით მოყევი!
ტეტჩმა მხრები აიჩეჩა:
– ვივიენ, რატომ გაინტერესებს  ასეთი რაღაცეები?
– იმიტომ, რომ ლოგიკა მაქვს, საქმის გამოძიებას კი სხვა არაფერი სჭირდება. დაიწყე, რაღას ელოდები!
– მოკლედ, ავტოსადგომზე ჰენგრი ბარსტროუ მოკლეს, კომპანიის „ტვინი“ და მისტერ ლიკნერის მარჯვენა ხელი. სწორედ მისი წყალობით გაათმაგდა კომპანიის შემოსავლები. ბარსტროუს აქციონერები არ ვიცნობდით. საერთოდ, მგონი, არც არავინ იცნობდა, უცებ კი მოკლეს. მენანება, ჩვენი აქციები მომგებიანი იყო. იცი, პოლიციას მკვლელის მოძებნა ძალიან გაუჭირდა. მისტერ ლიკნერს ალიბი აქვს – ის მისის ბარსტროუსთან ერთად ვახშმობდა, როცა მის ქმარს ორჯერ ესროლეს.
ვივიენს თვალები აუციმციმდა:
– ოჰო! ბარსტროუს ცოლი ღალატობდა? ეს უფრო საინტერესოა.
– არა. ბარსტროუს ცოლი ლიკნერს იმიტომ შეხვდა, რომ ქმრის ღალატის შესახებ შეეჩივლა.
– რაო?! – ცოლს ღალატობდა? ვისთან?
– კომპანიის ახალ მდივანთან. ძველი ორი თვის წინ გაუშვეს. ლიკნერმა თქვა, რომ ბარსტროუს ოთახში სისტემატურად უცვლიდა ნივთებს ადგილს, ის კი ჩხუბობდაო.
– რა თქვი, კომპანიაში რამდენი თანამშრომელიაო?
– სულ სამი: ბარსტროუ, ლიკნერი და მდივანი – დამხმარე მისტერ ბარსტროუსთვის.
– ხომ არ იცი, მისტერ ბარსტროუ დაზღვეული იყო?
– რა თქმა უნდა. კომპანიის დამფუძნებელიც და თანამშრომლებიც სიცოცხლეს აზღვევენ, ბარსტროუც სოლიდურ თანხად იყო დაზღვეული.
– და ახლა ამ თანხას მისი ქვრივი მიიღებს?
– რა თქმა უნდა!
ვივიენმა თვალები მოჭუტა:
– შეგიძლია, მისტერ ლიკნერი ჩვენთან მოიყვანო?
– რისთვის? ვივიენ, საგონებელში ნუ მაგდებ.
– იმისთვის, რომ ვუთხრა, ვინ არის მისი კომპანიის „ტვინის“ მკვლელი, თუკი საერთოდ მისტერ ბარსტროუ მოკლეს.
– რას ნიშნავს, თუკი საერთოდ მოკლეს? საცოდავი, დაკრძალეს კიდეც.
– ჰო, ეჭვი არ მეპარება, – თვალები მოწკურა ვივიენმა, – თანაც, თავდახურული კუბოთი.
ქმარმა მხრები აიჩეჩა. ცოლისთვის წინააღმდეგობა აღარ გაუწევია. იცოდა ვივიენის ჯიუტი და უცნაური ხასიათი – საწადელს აუცილებლად მიაღწევდა. ორი საათის შემდეგ ცოლ-ქმარი მისტერ ლიკნერს ჩაითა და ორცხობილებით მასპინძლობდა. ლიკნერი დაძაბული იჯდა.
– აბა, თქვენით მოყვებით, რა მოხდა სინამდვილეში და სად არის მისტერ „კომპანიის ტვინი“, თუ მე მოგიყვეთ საქმის დეტალური შინაარსი? – ჰკითხა თვალებაციმციმებულმა ვივიენმა.
ლიკნერი შეცბა:
– რა?! ამით რისი თქმა გინდათ?
– იმის, რომ ჯერ პოლიციისთვის არაფერი მითქვამს, არ მომიყოლია იმ სპექტაკლის შესახებ, რომელიც თქვენ და ბარსტროუმ დადგით. უფრო ზუსტი რომ ვიყო, დადგა იმან, თქვენ კი თქვენი როლი შეარსულეთ და, მინდა გითხრათ, რომ არცთუ უნიჭოდ. უკვე მიხვდით, როგორ გაგაცურეს მისის და მისტერ ბარსტროუებმა?
– დიახ, – ლიკნერმა თავი დახარა, – მაგრამ, პოლიციასთან საქმის დაჭერა არ მინდა. გაოგნებული ვარ, როგორ მიხვდით.
– ლოგიკით, მისტერ ლიკნერ და, კიდევ, ადამიანების ხასიათის კარგად ცნობით. დავიწყე იმით, თუ ვის შეიძლებოდა ნდომოდა ბარსტროუს სიკვდილი – მხოლოდ მის ცოლს. შურისძიება და ფული... ქალები ქმრებს ღალატს არ პატიობენ, თან, დაზღვევის თანხაც საკმაოდ სოლიდური იყო – მგონი, ნახევარი მილიონი, ხომ მართალია?! ანუ, შეიძლებოდა, მეფიქრა, რომ ბარსტროუ ცოლმა მოიშორა თავიდან, მაგრამ აქ ერთმა დეტალმა ჩამაფიქრა – მდივანი ქალი...
ლიკნერი ვივიენს მიაშტერდა და წაიბურტყუნა:
– ამასაც მიხვდით?
– რა თქმა უნდა. მდივანი ქალი მკვლელობამდე ორი თვით ადრე შეცვალეთ – სხვა, გამოუცდელი მოიყვანეთ, მაშინ, როცა კომპანიის საქმეები კარგად მიდიოდა... წინ მიდიოდა... რატომ – ამ კითხვაზე პასუხი მარტივი აღმოჩნდა: ძველი მდივანი ბარსტროუს სახეზე იცნობდა – სინამდვილეში ხომ ბარსტროუ არ მოუკლავთ. ის ორი თვის წინ გაიქცა და, მთელი ფული, მათ შორის აქციონერებისაც, თან გაიყოლა. აქციონერებს შორის ბანდიტებიც იყვნენ. წარმომიდგენია, რას გიზამდნენ, ლიკნერ... ამ დროს ბარსტროუს ცოლმა შემოგჩივლათ, რომ მისი საზიზღარი ქმარი საყვარელთან ერთად გაიქცა და ასეთი გეგმა შემოგთავაზათ: იპოვიდა ვინმე მსახიობს, მაწანწალას და ხელმოცარულს, რომელიც ბარსტროუს როლს შეასრულებდა ცოტა ხნით... მერე კი მკვლელსაც გამონახავდით. ქვრივი დაზღვევის თანხას მიიღებდა, რომლის ნაწილსაც თქვენ მოგცემდათ. ამ ფულით აქციონერებს გაისტუმრებდით და მისის ბარსტროუსაც დარჩებოდა უზრუნველი ცხოვრებისთვის. ახალი მდივანი ბარსტროუს სახეზე არ იცნობდა... ალიბი კი ორივემ გაიკეთეთ, როცა კაფეში შეხვდით ერთმანეთს მკვლელობის დღეს:
ლიკნერმა ამოიოხრა...
– ტეტჩი, თქვენი ცოლი ძალიან ჭკვიანია.
– დიახ, ჭკვიანი ვარ. თქვენ კი მოგატყუეს, მისტერ. ბარსტროუ და მისი ცოლი ერთი გუნდია. მათ ყველაფერი დაგეგმეს და ყველა დეტალი გათვალეს. როგორ მოტყუვდით ასე იოლად? ცოლმა და ქმარმა მოილაპარაკეს: ქმარმა კომპანია გაძარცვა და მიიმალა, ცოლმა მისი სიკვდილი უზრუნველყო, მოპარულ ფულს კი სადაზღვევო კომპანიიდან მიღებული თანხის ნაწილიც მიემატა. ჭკვიანი ქალი ყოფილა. დარწმუნებული ვარ, ახლა სადმე სამხრეთშია თავის ქმართან ერთად... აბა, რა ფასი აქვს ერთი კაცის სიცოცხლეს იმასთან შედარებით, რაც კუნძულებზე უნდა განიცადო?! მაგრამ პოლიცია აუცილებლად იპოვის მათ.

скачать dle 11.3