კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მძარცველთა საგანძური

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹22-42(773)

 – მიდი, დაურეკე, მე კი მანამდე სუფრისთვის რამეს მოვამზადებ, – თქვა ნუცამ და სამზარეულოსკენ გაემართა.
ვასო ჩხიკვაძემ სახლში დარეკა და მეუღლე ნუცასთან დაიბარა.
– ხომ მშვიდობაა, ვასიკო? – შეშფოთდა თინა.
– რა თქმა უნდა, მშვიდობაა, თინიკო. შენთვის სასიამოვნო სიურპრიზი მაქვს.
– მიყვარს სიურპრიზები, მოვფრინავ! – მიუგო თინამ და ყურმილი აპარატზე დადო.
კაპიტნის მეუღლე ძალიან მალე მივიდა ნუცასთან და მასპინძელს სუფრის გაშლაშიც კი მიეხმარა, ხოლო, ახალი ამბავი რომ გაიგო, ძალიან გაუხარდა და თქვა:
– ძალიან მომწონს ეს საქმე და, დარწმუნებული ვარ, მშვენივრად გავართმევთ თავს.
– ესე იგი, ძალიან მოგეწონა, ხომ? – უთხრა ვასომ ცოლს.
– ძალიან, ძალიან... – აღტაცებით მიუგო თინამ.
– მაშინ, ძველ სამსახურს თავი უნდა დაანებო.
– რა თქმა უნდა.
– გული არ გწყდება?
– კი, მაგრამ, რას იზამ. როგორც კი კოოპერატივს გავხსნით, მაშინვე დავტოვებ სამსახურს, – უთხრა თინამ ქმარს, შემდეგ ჭიქაში შამპანური დაისხა, სასმისი ასწია და თქვა:
– ჩვენს საქმეს გაუმარჯოს და ღმერთმა წარმატება მოგვაპოვებინოს!
***
ვაისმანის განძის მაძიებლები მეორე დღიდანვე შეუდგნენ საქმიანობას. კოოპერატივის გასახსენებლად საჭირო დოკუმენტაცია სამ დღეში შეკრიბეს და იუსტიციის სამინისტროს შესაბამის სტრუქტურაში შპს „კალატოზი“ დაარეგისტრირეს. ეს პროცედურა იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთი მაღალჩინოსნის კაბინეტში განხორციელდა და კაბინეტის მასპინძლის გარდა, მას თინა და ნუცაც ესწრებოდნენ.
– ესეც ასე. თქვენ უკვე რეგისტრირებულები ხართ და, შეგიძლიათ, ფუნქციონირებას შეუდგეთ, – უთხრა წითელსახიანმა მსუქანმა მელოტმა სტუმრებს. ბოლო ნაბეჭდ ფურცელზე დიდი, წითელღერბიანი ბეჭედი დასვა, ხელი მოაწერა და საბუთების დასტა ქალებს წინ დაუდო: – ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროთ.
თინამ ჩანთიდან შავი ცელოფნის ხვეული ამოიღო. მაღალჩინოსანს წინ დაუდო და უთხრა:
– აქ ხუთი ათასია და ღმერთმა თქვენც მშვიდობაში მოგახმაროთ.
– გმადლობთ, – მასპინძელმა სტუმრებს გაუღიმა და ქრთამი სასწრაფოდ მაგიდის შუა უჯრაში შეინახა, ქალები კარამდე მიაცილა, მაგიდას დაუბრუნდა და ფულის კუპიურები ყურადღებით გადათვალა. შემდეგ ასმანეთიანები მარაოსავით გაშალა, ტკიცინა კუპიურები დაყნოსა, ნეტარებისგან თვალები განაბა და თან დაინიავა...
– როგორ გაუბრწყინდა თვალები, როცა უთხარი, აქ ხუთი ათასიაო, – სიცილით უთხრა ნუცამ თინას, როდესაც ისინი მაღალჩინოსნის კაბინეტიდან გამოვიდნენ და კიბეზე დაეშვნენ.
– თავს დავდებ, რომ ახლა ის ფულების ცქერით ვერ ძღება და, შეიძლება, ეფერება კიდეც მათ, – სიცილითვე მიუგო თინამ ნუცას, – ალალი იყოს. ამ ხუთი ათასით ისეთი საქმე გაგვიკეთა, ათასჯერ ხუთიათასს ვიშოვით, უფრო მეტს თუ არა.
– ახლა საით?
– ახლა უკვე ბანკში. კრედიტის საქმეს მოვაგვარებთ და ქონების მართვის სამმართველოში გადავინაცვლებთ სამშენებლო ადგილის გასაფორმებლად. ერთი სიტყვით, ფორმალობები დაგვრჩა. მთავარი გაკეთებულია და დღესვე მოვრჩებით ყველაფერს.
– რომ მოვრჩებით, ჩემთან წავიდეთ და აღვნიშნოთ.
– რა თქმა უნდა, – მიუგო თინამ. „სამარას“ საჭეს მიუჯდა და მანქანა ადგილიდან დაძრა.
ცენტრალური ბანკის საკრედიტო განყოფილების უფროსის კაბინეტში შესულ ქალებს მასპინძელი მკაცრი და ოფიციალური გამომეტყველებით შეხვდა. მან სკამებზე მიუთითა ახალმოსულებს და უთხრა:
– გისმენთ. რაზე შეწუხებულხართ?
თინამ კაბინეტის მასპინძელს „კალატოზის“ დოკუმენტაცია წინ დაუდო:
– აი, ბატონო, ჩვენი ყველა საბუთი წესრიგშია. თქვენთან უნდა დაერეკათ კოოპარატივ „კალატოზის” თაობაზე.
კაბინეტის მასპინძელს არც კი დაუხედავს საბუთებისთვის, თინას ისე მიუგო:
– დიახ, დამირეკეს. სამასი ათასი მანეთის სესხს გულისხმობთ, ხომ?
– დიახ, ბატონო, – გაუღიმა თინამ.
– იცით, ვითარება ოდნავ შეიცვალა და ახალი ტარიფები გვაქვს, – უთხრა თინას კაბინეტის მასპინძელმა.
– კონკრეტულად?
– კონკრეტულად, საკომისიო თანხა გაორმაგდა და ხუთის მაგივრად ათი პროცენტის დატოვება მოგიწევთ.
– ანუ, თხუთმეტი ათასის ნაცვლად ოცდაათი ათასი უნდა გადავიხადოთ?
– დიახ.
თინიკო წამით ჩაფიქრდა, შემდეგ ნუცას მიაპყრო მზერა, რომელმაც უხმოდ ანიშნა, დაეთანხმეო და კაბინეტის მასპინძელს უთხრა:
– თანახმა ვართ. ორას სამოცდაათი ათასი – ჩვენ, დანარჩენი კი – საკომისიო. გააფორმეთ საბუთები.
კაბინეტის მასპინძელს თვალები გაუბრწყინდა, შემდეგ სტუმრებისკენ გადაიხარა და ხმადაბლა უთხრა:
– თანხა ახლავე გამოიტანეთ და საკომისიო ჩემთან დატოვეთ.
– გასაგებია, – ჩაეცინა თინას და დაამატა: – გააფორმეთ.
ბანკის მაღალჩინოსანმა სულ რაღაც ხუთ წუთში გააფორმა საბუთები, თინას მისცა და უთხრა:
– ამას წარუდგენთ და ფულს მოგცემენ. მიბრძანდით. პირველ სართულზე რომ ჩახვალთ, ხელმარცხნივ... გელოდებით.
თინა და ნუცა ფულის გასაცემ უზარმაზარ ოთახში ჩავიდნენ, რომელიც თორმეტ განყოფილებად იყო დაყოფილი და თითოეულში მოლარე იჯდა; მოლარეების უკან უზარმაზარი ღია სეიფები იდგა, რომლებიც ფულით იყო სავსე, მოლარეების ადგილსამყოფელი კი მომწვანო ფერის სქელი დაჯავშნილი შუშებით იყო შემოფარგლული. სალაროებთან, ძირითადად სხვადასხვა დაწესებულების ბუღალტრები და მათი თანმხლები პირები იდგნენ. ისინი ფულს იღებდნენ, რომ თავიანთ უწყებებში ხელფასები დაერიგებინათ.
– რამდენი ფულია... – უთხრა ნუცამ თინას.
– ალბათ, ათეული მილიონობით, – მიუგო თინამ, – აი, მეორე სალაროსთან მივიდეთ, იქ არავინაა.
ფულის აღების პროცედურამ სულ რაღაც ათიოდე წუთი წაიღო. თინამ სამასი ათასი მანეთი ჩანთაში ჩაიდო და ნუცასთან ერთად კვლავ ზევით ავიდა. კაბინეტის კარი დაუკაკუნებლად შეაღო და მაგიდას მიუახლოვდა. მერე ჩანთიდან სამი ცალი ასმანეთიანების დასტა ამოიღო, მასპინძელს მაგიდაზე დაუდო და ნუცასთან ერთად იქიდან დაუმშვიდობებლად გამოვიდა. კიბეზე რომ ეშვებოდნენ, ნუცამ თინას უთხრა:
– ბევრი წაგვღლიტა, ხომ?
– საზიზღარი ღორი... – ხელი ჩაიქნია თინამ და გასასვლელისკენ გაემართა.
თინას „სამარა“ ბანკის მიმდებარე ტერიტორიაზე, კიროვისა და სულხან-საბას ქუჩების კუთხეში იდგა და ქალები იქით გაემართნენ. ფულით სავსე ჩანთა თინას ეჭირა. მან მანქანის გასაღები ნუცას მისცა და უთხრა:
– შენ მიუჯექი საჭეს, მე კი გვერდით მოგიჯდები. იმ საზიზღარ ღორზე ისე გავნერვიულდი, მანქანის მართვის ხალისი დამეკარგა.
– კარგი, დამშვიდდი, – მიუგო ნუცამ, მანქანის კარი გააღო და საჭეს მიუჯდა.
თინამ ჯერ ფულით სავსე ჩანთა დააგდო უკანა სავარძელზე, შემდეგ მძღოლის გვერდით მოკალათდა და ნუცას უთხრა:
– წავედით, ნუციკო!
ნუცამ ძრავა ჩართო. უცებ მანქანაში ოცდახუთიოდე წლის ბიჭი შეხტა, რომელსაც მარჯვენა ხელში ცილინდრიანი იარაღი, „ნაგანის“ სისტემის რევოლვერი ეკავა, მარცხენაში კი შავი ფერის ჩანთა. ზუსტად ისეთი, როგორიც თინას ჰქონდა, რომელშიც ორას სამოცდაათი ათასი მანეთი იდო და უკანა სავარძელზე ეგდო. ბიჭმა ნუცას სავარძელს რევოლვერი მიადო და დასჭყივლა:
– ჩქარა გაიქეცი, თორემ გესვრი!
ნუცას, რატომღაც, არ შეშინებია, მანქანა ადგილიდან მოწყვიტა და მახარაძის ქუჩისკენ აიღო გეზი.
თინა ბიჭისკენ შებრუნდა და საკმაოდ მშვიდად ჰკითხა:
– „ძაღლები” მოგდევენ?
– ჰო, – თქვა ბიჭმა.
– რა დააშავე?
– ენა ჩაიგდე! – შეუღრინა ბიჭმა თინას. თინამ კი უთხრა:
– მოლარეს ჩანთა გამოსტაცე?
– ჰო. მერე შენ რა?
– არაფერი. უბრალოდ, დამაინტერესა, – მიუგო თინამ, – თუ ძმა ხარ, ეგ რკინა დაუშვი, შემთხვევით არ გავარდეს და ეს მშვენიერი გოგო არ მოკლა, თორემ, მძღოლის გარეშე დარჩები. მე ტარება არ ვიცი. შენ?
– მეკაიფები? – კვლავ შეუღრინა ბიჭმა.
– არა, ძმაო, მართლა გეუბნები, – მიუგო თინამ და უკან გაიხედა, – მე მგონი, „ძაღლები” არ მოგვდევენ. ალბათ, ვერ დაგინახეს, ჩვენთან რომ ჩაჯექი. კაროჩე, გადარჩი. სად მიგიყვანოთ?
თინას აუღელვებლობამ ბიჭიც დაამშვიდა. მან იარაღი დაუშვა და მიუგო:
– ზემოდან „დაკრუგე“ და ვერის გავლით რუსთაველის მეტროსთან ჩამიყვანეთ.
– რაზეა ბაზარი, – თქვა თინიკომ და ნუცას უთხრა: – ჭონქაძის ქუჩაზე ადი და იქიდან გადახვალ, – შემდეგ კვლავ მძარცველს მიუბრუნდა: – ბევრი მაყუთი, დაითრიე?
– არ ვიცი.
– მერე, დაითვალე და ცოტა ჩვენც შეგვახვედრე.
ბიჭმა ჩანთა გახსნა, დასტები სავარძელზე ამოყარა, დათვალა და თქვა:
– მაგარი კუშია – ცხრა ათას ხუთასი მანეთი.
– ჩვენ რამდენს გვიტეხავ?
– ხუთასს, – მიუგო ბიჭმა და დაამატა: – ჯერ მიმიყვანეთ და მერე გავსწორდეთ.
– მასე იყოს, – თქვა თინამ.
ამასობაში ნუცა ვერაზე დაეშვა, ბიჭმა კი თინას ჩანთას შეავლო თვალი და იკითხა:
– რა გაბერილია, რა გიდევთ?
– ისეთი არაფერი, ტრიაპკები.
– ტრიაპკები? – გაიმეორა ბიჭმა.
– ჰო. ქალის შმოტკებია. ბარიგასთან ვიყავით სოლოლაკში და იქ ვიყიდეთ.
ბიჭმა ალმაცერად შეხედა თინას, შემდეგ მისი ჩანთა გარედან მოსინჯა ხელით, ბოლოს კი გახსნა და, ფულის დასტები რომ დაინახა, თვალები გაუფართოვდა, თინას ზიზღნარევი მზერა ესროლა და უთხრა:
– მაბოლებდი, ხომ, შე წაკლა? რამდენი მაყუთი გქონიათ და წილს კიდევ მე მთხოვდი?
– მაგ ფულს ხელი არ დაედება! – მრისხანედ უთხრა თინამ.
– ვითომ რატომ? – ირონიულად ჩაეცინა ბიჭს.
– არ შეგერგება და იმიტომ.
– ამასაც ვნახავთ!
– რომ ნახავ, გვიან იქნება. ცეცხლს ეთამაშები.
– ხმა ჩაიწყვიტე, შე ბოზო! – ბიჭმა „ნაგანი“ სახესთან მიუტანა თინას. შემდეგ თავისი ნაძარცვი ფული თინას ჩანთაში ჩაყარა. ჩაკეტა და თქვა:
– სახლში დავითვლი. აქ, ალბათ, ასი ათასამდე იქნება.
– მანდ ზუსტად ორას სამოცდაათი ათასია. გირჩევ, შენი ფული აიღო, წახვიდე და შეირგო, თორემ, მაგასაც დაკარგავ.
– ხმა, თორემ, გწყვიტე ხახაში! – ირონიით მიუგო ბიჭმა.
 თინა გაჩუმდა. ნუცა ბოლო დაღმართზე დაეშვა, ქვაფენილი ჩაიარა, მეტროს მიმდებარე სკვერთან გაჩერდა და თქვა:
– მოვედით. გადადი!
ბიჭმა ქუჩა შეათვალიერა და როცა დარწმუნდა, საშიში არაფერი იყო, ქალებს უთხრა:
– ახლა მშვიდად გადადით მანქანიდან და არაფერი შეიმჩნიოთ. გასაღები კი ზამოკში ჩატოვეთ. იცოდეთ, პანიკა რომ ატეხოთ, ეგრევე დაგიშვებთ.
თინას გაეცინა და ირონიით უთხრა ბიჭს:
– აი, ნახე, თუ შეგრჩეს. მერე დავილაპარაკოთ, როცა ამ ფულიდან კაპიკსაც ვერ ეღირსები.
– ჩქარა, თორემ დაგიშვით! აუდეთ აქედან! ჩქარა, ჩქარა!
ნუცა და თინა მანქანიდან გადავიდნენ, მაგრამ ორივე კარი ღია დატოვეს. მძარცველი კი უკნიდან გადაძვრა საჭესთან. ამ დროს მას ვასო ჩხიკვაძე ეცა, ერთი ხელი კეფაში სთხლიშა და გათიშა, მეორით კი „ნაგანი“ აართვა, მანქანიდან გადმოათრია და ხელბორკილებით მოაჯირზე მიაბა, მისი რევოლვერი ჯიბეში ჩაიდო და იქვე მდგარი ქალებისკენ გაემართა. ჯერ ნუცა შეათვალიერა და ჰკითხა:
– როგორ ხარ, ნუციკო?
– კარგად, – მიუგო ნუცამ ვასოს და გაუღიმა.
კაპიტანი მეუღლეს მიუახლოვდა და ახლა მას ჰკითხა:
– შენ, საყვარელო?
– ცოტა ნერვები მაქვს მოშლილი.
– ამ ნაბიჭვარმა ხომ არ მოგიშალა? – ვასომ მოაჯირზე მიბმული მძარცველისკენ გაიშვირა ხელი, რომელიც უკვე გონზე იყო მოსული და ხაფანგში გაბმული თაგვივით იყურებოდა.
– ამან იმდენად არა.
– აბა, ვინ?
– ბანკში.
– ბანკში?! – გაიმეორა ვასომ.
– ჰო, იქ. ორმაგი საკომისიო დაგვატოვებინა და ქრთამად ოცდაათი ათასი მივეცით.
– არა უშავს, – ხელი ჩაიქნია ვასომ და ცოლს ჰკითხა:
– თვითონ მიხვალთ სახლში, თუ ვინმე გამოგაყოლოთ?
– რა დროს სახლია. ახლა ქონების მართვის სამმართველოში უნდა წავიდეთ.
– იცოდე, ფრთხილად! – გაეცინა კაპიტანს, – ვინმე მანიაკს არ გადაეყაროთ. ამ ნაგავს კი, – ვასომ მოაჯირზე მიბმული მძარცველისკენ გაიშვირა ხელი – სამინისტროში წავათრევთ.
თინამ ზიზღით შეხედა მძარცველს და მეუღლეს უთხრა:
– ჩემს ჩანთაში ამ კრეტინმა თავისი ნაძარცვი ცხრა ათასიც შეურია ჩვენს ფულს და ამოიღე.
კაპიტანმა ნაძარცვი თანხა ამოიღო და ქალები „სამარით“ გაისტუმრა. შემდეგ მძარცველი მოაჯირიდან მოხსნა და ხელბორკილები ზურგს უკან შეუკრა. თავის კოლეგებს მოუხმო, ბიჭი მანქანაში ჩასვეს და შინაგან საქმეთა სამინისტროში წაიყვანეს. თავდაპირველად, ვასო ჩხიკვაძემ მძარცველის სასტიკად ცემა განიზრახა იმის გამო, რომ მის ცოლს და ნუცას იარაღით ემუქრებოდა. თუმცა, რომ დაფიქრდა, გადაიფიქრა. „რაც არ უნდა იყოს, ამ ნაბიჭვარზე ბევრად საშიშ ბოროტმოქმედებს ვაფარებ ხელს და შეხმატკბილებული ვარ მათთან. მართალია, ეს ლაწირაკი ჩემს ახლობლებს შეეხო, მაგრამ მადლობა ღმერთს, რომ ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა. თინიკოს შეშინება და დათრგუნვა რომ იოლი არაა, ვიცი და ნუცაც მაგარი ყოფილა. ამ ნაბიჭვარს კი, მე რომ არ ვცემო, თავისიც ეყოფა. დიდ „სროკს“ შეთხრიან და ცხოვრება სცემს ამ უბედურს“, – გაიფიქრა ვასომ. დათრგუნულ მძარცველს მიუბრუნდა და ჰკითხა:
– ასეთ მძიმე დანაშაულზე რატომ წახვედი?
– თავანი მქონდა, – ამოილუღლუღა ბიჭმა.
– ანუ, წაგებული?
– დიახ.
– რაში წააგე?
– ზარში.
– რამდენი?
– ორი ათასი მანეთი.
– არ უნდა გეთამაშა. ახლა ეგ თავანი შეიძლება, მინიმუმ ათწლიანი პატიმრობა დაგიჯდეს.
– სამაგიეროდ, ფუფლოს ავცდები.
– რომ არ გეთამაშა, ორივეს აცდებოდი.
– ვერ ავცდი ორივეს, – ამოიოხრა ბიჭმა.
– იარაღი სად იშოვე?
– ჩემია.
– იყიდე?
– არა.
– აბა, საიდან?
– ბაბუაჩემისაა.
– ბაბუაშენის? როგორ?
– ძველი რევოლუციონერი იყო და მის „ზაგაჟნიკში“ ვიპოვე. თვითონ მკვდარია. ცოცხალი რომ იყო, მიყვებოდა – სტალინს და კამოს ვიცნობდი, ბავშვი რომ ვიყავი, ვეხმარებოდი და იმათმა მაჩუქესო.
– ბაბუაშენი კარგ საქმეს აკეთებდა. შენ კი მოლარეებს ძარცვავ, – გაეცინა ვასოს, ბიჭმა კი დაამატა:
– კამო და სტალინი ბანკებს ძარცვავდნენ. კიროვზე რომ ბანკია, სადაც მე ვიჩალიჩე, ის ბანკი პირველად მაგათმა გაიტანეს.
– სტალინსა და კამოს ედრები? – გაეცინა ვასოს, – იცი, რომ ქალები, რომლებსაც შენ იარაღით ემუქრებოდი, ჩემი უახლოესი ადამიანებია? ერთი ჩემი ცოლი, მეორე კი – და.
– ბოდიში, არ ვიცოდი, – თქვა მძარცველმა და თავი ჩაღუნა.
– თუმცა, სხვები... უცხოები რომ ყოფილიყვნენ, რა, ასე უნდა მოქცეოდი?
– მაპატიეთ. გავრბოდი და იმიტომ დავემუქრე. სროლა არც კი მიფიქრია. მხოლოდ შეშინება მინდოდა, – თავი იმართლა ბიჭმა.
– შეშინებული კი შენ გამოხვედი, – ჩაეცინა ვასოს.
– მოულოდნელად ამიყვანეთ. თავი უკვე სამშვიდობოს მეგონა, – თქვა ბიჭმა.
– სამშვიდობოს? – გაიმეორა ვასომ.
– დიახ. თავდაპირველად, მეტროთი უნდა გავქცეულიყავი. მაგრამ, როცა თქვენს ცოლს ჩანთაში დიდი თანხა ვუპოვე, მანქანით ვამჯობინე წასვლა და გავები.
– ვერც მეტროთი გაიქცეოდი და ვერც მანქანით. შანსი არ გქონდა, თავიდანვე კუდზე გაჯექი. შენი აყვანა ჯერ კიდევ ჭონქაძის ქუჩაზე შემეძლო, მაგრამ არ გავრისკე და უფრო ხელსაყრელ მომენტს დაველოდე. ასე რომ, გული ნუ დაგწყდება, – ჩაეცინა ვასოს.
კაპიტანი არ ცრუობდა. მძარცველის მოქმედება ჯერ კიდევ „გაის“ ავტოინსპექტორმა შენიშნა. მან რაციით გადასცა „სამარას“ მარკის მანქანის ნომერი, სერია და გამოდევნების უფლება ითხოვა. სამინისტროში კი კარგად იცოდნენ ვასო ჩხიკვაძის მანქანის ნომერი. ყველაფერს მიხვდნენ და პირდაპირ ვასოს დაუკავშირდნენ, რომელიც იმ დროს სოლოლაკში იმყოფებოდა ოპერაციაზე.
– ვასო, ფრთხილად იმოქმედე. ჩვენი ინფორმაციით, გამტაცებელი პატარა ბიჭია, თანაც შეიარაღებული, – სასწრაფოდ გადასცა კაპიტანს სამინისტროს მორიგემ ავტოინსპექტორის ინფორმაცია.
კაპიტანს კინაღამ ტვინში სისხლი ჩაექცა. ის ამ დროს ჭონქაძის ქუჩის დასაწყისში იდგა მანქანით. სწორედ მაშინ ჩაუარა ცხვირწინ მისივე „სამარამ“ და ჩხიკვაძემ კარგად გაარჩია მანქანაში მსხდომები და მორიგეს მიუგო:
– გასაგებია. ვიწყებ ფარულ გამოდევნებას. ამწუთას გამიარეს წინ და გადაეცით, რომ მთაწმინდა-ვერა-ვაკეში ყველა „გაიშნიკი“ მოხსნან ტრასიდან. მე თვითონ ავიყვან, წავედი.
ვასომ მართლაც ოსტატურად სდია საკუთარ მანქანას და ერთი გასროლის გარეშე, ასევე ოსტატურად აიყვანა მძარცველი, რომელიც რატომღაც ზიზღის გრძნობას არ იწვევდა და ეცოდებოდა კიდეც.
– უფროსო, შეიძლება, სიგარეტი მოვწიო? – ჰკითხა ვასოს მძარცველმა, რომელიც უკანა სავარძელზე ორ ოპერს შორის იჯდა.
– მოწიე, – მიუგო კაპიტანმა.
– მომაწევინე.
ვასო, რომელიც მძღოლის გვერდით იჯდა, უკან შეტრიალდა. ბიჭს სიგარეტი გაუწოდა, თან თავის კოლეგას უთხრა:
– ხელები გაუხსენი, მოწიოს.
მძარცველს ხელები გაუხსნეს. მან სიგარეტი ამოაცურა კოლოფიდან. ვასომ მოუკიდა და ბიჭმა ნეტარებით გააბოლა. კაპიტანი ბიჭს სახეზე დააკვირდა და ჰკითხა:
– რა გვარი ხარ?
– მდივანი, – მიუგო ბიჭმა.
– მდივანი? – შეცბა კაპიტანი.
– დიახ, მდივანი და ნოდარი მქვია.
– ესე იგი, ნოდარ მდივანი?
– დიახ. ნოდარ მდივანი, – დაუდასტურა ბიჭმა. კაპიტანს ნაღვლიანად გაუღიმა და ვასოს მოეჩვენა, რომ მის წინ მჯდომი ბოროტმოქმედი გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა ნუციკოს.
„ნოდარ მდივანი ხომ ნუციკოს მამას ერქვა. ნუთუ...“ – გაიფიქრა კაპიტანმა და მძარცველს ჰკითხა:
– დედ-მამა გყავს?
– ობოლი ვარ.
– ობოლი?
– დიახ.
– რამდენი წლის ხარ?
– ოცდასამის.
– ბავშვთა სახლის აღსაზრდელი ხარ?
– რატომ ბავშვთა სახლის?
– შენ არ თქვი, ობოლი ვარო?
– დედა ოთხი წლის წინ გარდამეცვალა და ის მზრდიდა.
– მამა?
– მამა არ მახსოვს. ჩვილი ვიყავი, როცა ის დაიღუპა. მესაზღვრე იყო და ჩინელებთან რომ რაღაც კონფლიქტი მოხდა, მამაც მაშინ დაღუპულა.
– სამწუხაროა, – თქვა ვასომ, – დედა რა პროფესიის იყო?
– მასწავლებელი იყო, ინგლისურის პედაგოგი, – მიუგო კაპიტანს ბიჭმა. ამასობაში მანქანა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიადგა და ვასომ დაკავებულს უთხრა:
– მოვედით. დანარჩენს დაკითხვაზე მეტყვი.
ოპერებმა ბიჭს ხელბორკილის დადება დაუპირეს, ვასომ კი გააჩერა.
– არ უნდა. აქედან სად გაიქცევა? მე თვითონ ავიყვან და გავაფორმებ.
ვასომ მძარცველი თავის კაბინეტში აიყვანა. სიგარეტის კოლოფი წინ დაუდო და უთხრა:
– მოწიე.
– გმადლობთ, – მიუგო ბიჭმა და გააბოლა.
– ნოდარ მდივანი, ხომ? ასე მქვიაო, ხომ არ მეშლება? – ჰკითხა კაპიტანმა და თვითონაც გააბოლა.
– არ გეშლებათ. ნამდვილად ნოდარ მდივანი ვარ, ოცდასამი წლის.
– და-ძმა გყავს?
– სამწუხაროდ, არა. დედისერთა გავჩნდი და დედისერთა მოვკვდები.
– სად ცხოვრობ?
– გლდანის მასივში.
– ალბათ, მარტო.
– დიახ. სამოთახიანი ბინა მაქვს.
– ალბათ, უცოლშვილო ხარ.
– დიახ.
– მდივანო, ახლა საკანში გაგიშვებ და დაისვენე. კრინტი არავისთან დაძრა და ასე თქვი – ჩემი დაჭერა გაუგებრობა იყოო. გესმის?
– გაუგებრობა? – გაუკვირდა ბიჭს.
– ჰო, ასე თქვი. ჩემ გარდა შენ არავინ შეგაწუხებს. საჭირო რომ იქნება, თვითონ გამოგიძახებ და ოქმი შევადგინოთ.
– თქვენი ნებაა, – მიუგო მძარცველმა და წამოდგა, რომ ბადრაგს გაჰყოლოდა. ვასომ კი სიგარეტის კოლოფი გაუწოდა და უთხრა:
– წაიღე. საკანში გამოგადგება.
მძარცველი რომ გაისტუმრა, ვასომ არქივში დარეკა და თავის ახლობელს უთხრა:
– გახსოვს, ადრე ინჟინერ ნოდარ მდივნის საქმე რომ გამოგართვი? ჰოდა, ძალიან გთხოვ, ისევ ის საქმე ამომიტანე.
თხუთმეტიოდე წუთის შემდეგ, კაპიტან ვასო ჩხიკვაძეს ნუცას მამის საქმე კაბინეტში მიუტანეს. ვასომ საქმე გადაფურცლა. შემდეგ ზედ დართული ფოტოები ამოიღო და დაათვალიერა. ერთი ამოარჩია. წინ დაიდო, დააკვირდა და თქვა: „ასეთი მსგავსება შეუძლებელია, თუ, რა თქმა უნდა, ახლო ნათესავი არაა. დარწმუნებული ვარ, რომ მძარცველი ნოდარ მდივანი ზონაში გარდაცვლილი ნოდარ მდივნის ვაჟი და ნუციკოს ძმაა“.
ვასო სკამიდან წამოდგა. გააბოლა და ოთახში ბოლთის ცემას მოჰყვა. მიუხედავად  იმისა, რომ ბიჭი დამნაშავე იყო და სასჯელს იმსახურებდა, მძარცველი მას შეეცოდა. თანაც, ნუციკოს ძმა იყო და იმაზე ფიქრობდა,  როგორ გამოეძვრინა ამ საქმიდან. ვასომ თავი გააქნია და გაიფიქრა: „ეგ რომ „სროკზე“ წავიდეს, სამუდამოდ დაიღუპება. არა და, როგორც ეტყობა, მამამისმა არც კი იცოდა მისი არსებობის შესახებ. ოქროს კუბის ქონების ნაწილი მასაც ეკუთვნის. ცოდოა. იქნებ, რამე მოვახერხო და „სროკი“ ავაცილო“.
კაპიტანმა ტელეფონის ყურმილი აიღო და ნუცასთან დარეკა.
– გისმენთ, – უპასუხა დიმკამ.
– ვასო ვარ.
– ვიცი, ხომ მშვიდობაა?
– კი. ქალები არ მოსულან?
– არა. რა ხდება?
– ალბათ, უკვე მალე მოვლენ და უთხარი, ორივე ჩემთან, სამსახურში მოვიდეს.
– რა ხდება, არ იტყვი?
– საქმე მაქვს.
– გასაგებია. ვეტყვი, – მიუგო დიმკამ და ყურმილი დაკიდა.
ვასომ ბადრაგი იხმო და დაკავებული ნოდარ მდივნის ამოყვანა სთხოვა. შემდეგ გაძარცვული მოლარის უწყებაში დარეკა და მოლარე დაკითხვაზე დაიბარა.
– ექვსი საათისთვის გელოდებით და თქვენს სახელზე საშვი იქნება დაშვებული, – უთხრა კაპიტანმა მოლარეს. ყურმილი დაკიდა და ბადრაგი გაისტუმრა. კართან მდგომ ბიჭს კი სკამზე მიუთითა და რომ დაჯდა, უთხრა:
– დაწვრილებით მომიყევი ყველაფერი.
– რა ყველაფერი? – ჰკითხა ბიჭმა.
– ძარცვას ვგულისხმობ.
– შეიძლება, მოვწიო?
– მოწიე.
ბიჭმა, ვასოს ნაჩუქარი სიგარეტი და ასანთი ამოიღო. გააბოლა და კაპიტანს უთხრა:
– ფული რომ წავაგე, დიდ საგონებელში ჩავვარდი და ჩალიჩი დავიწყე. ჯერ სესხება მინდოდა, მაგრამ ამხელა თანხას ვინ მანდობდა? შემდეგ ვიფიქრე, ვინმე მოქალაქეს გავძარცვავ ქუჩაში, ძვირფასეულობას წავართმევ, გავყიდი და თავანს ჩავაბარებ-მეთქი, მაგრამ ესეც გადავიფიქრე. ბოლოს ბაბუაჩემის „ნაგანი“ გამახსენდა და ინკასატორის გაძარცვა გადავწყვიტე. გუშინწინ და გუშინ სიტუაცია დავზვერე. დღეს კი უკვე შევასრულე.
– ჰოდა, სწორედ დღევანდელი საქმის დეტალები მაინტერესებს. ზუსტად შეგიძლია, ამიღწერო ყველაფერი?
– ვერ ვხვდები, –  მხრები აიჩეჩა ბიჭმა.
– მოკლედ, მაინტერესებს, სად იდექი, როგორ ჩაიგდე ხელში ჩანთა და ასე შემდეგ. მიხვდი, ახლა?
– გეტყვით, – მიუგო ნოდარ მდივანმა და დაამატა, – მოკლედ, მე ბანკის შესასვლელიდან ათი მეტრის მოშორებით ვიდექი და საკბილოს ველოდებოდი.
– საკბილოში რას გულისხმობ?
– ადვილად გასაძარცვს.
– დააკონკრეტე.
– ანუ, ეს უნდა ყოფილიყო ქალი და ერთი მხლებელი უნდა ჰყოლოდა, რომ ადვილად გამეძარცვა.
– გასაგებია. შემდეგ?
– საკბილო გამოჩნდა. ბანკიდან ხანშიშესული ქალი გამოვიდა. ხელში მას ჩანთა ეკავა და ნელა მიაბიჯებდა მანქანისკენ. მე მას მივუახლოვდი. ჩანთა ხელიდან წავგლიჯე და გავიქეცი. დანარჩენი კი თქვენ უკვე იცით.
– გასაგებია, – თქვა კაპიტანმა, – ესე იგი, მოლარემ ვერ დაგანახა?
– ვერა, – თავი გააქნია ბიჭმა.
ვასო ჩხიკვაძემ გააბოლა. წამოდგა და კაბინეტში ბოლთის ცემას მოჰყვა. ნოდარ მდივანი კი გაოცებული უყურებდა კაპიტანს და ვერაფერს ხვდებოდა. ვასომ კიდევ ორიოდე წუთი იარა და ბოლოს შიდა ტელეფონს უპასუხა:
– გისმენ, – ვასომ ტელეფონის ყურმილი დაკიდა და პატიმარს უთხრა:
– ახლა კარგად მომისმინე და ზუსტად ის გააკეთე, რასაც გეტყვი. გასაგებია?
– დიახ. გისმენთ, – მიუგო ბიჭმა.
– შენ ახლა ჩვენებაში დამიწერ, რომ ჩემს მანქანაში ჩემს ცოლთან და მის მეგობართან ერთად იმყოფებოდი. ამ დროს კი მანქანაში უცხო პიროვნება შემოიჭრა. იარაღით დაგემუქრათ და გაიძულათ მის ნებას დაჰყოლოდით. თუმცა, შენ მას წინააღმდეგობა გაუწიე და იარაღის წართმევა მოახერხე. ის კი მანქანიდან გადახტა და გაიქცა. გასაგებია?
– გასაგებია, – თქვა ბიჭმა. შემდეგ ჩაფიქრდა. ვასოს სიტყვები გაიაზრა და კაპიტანს უთხრა:
– დამცინით?
– ლოგიკური კითხვაა და გიპასუხებ, – არა, არ დაგცინი.
– აბა, რას ნიშნავს თქვენი სიტყვები?
– შენი გამოძვრენა მინდა ამ საქმიდან.
– მე ფული არ მაქვს და კაპიკს ვერ გადავიხდი.
– არც მინდა.
– აბა, რა ინტერესი გაქვთ? – ჰკითხა ბიჭმა. ამ დროს კარზე დააკაკუნეს და ვასო ჩხიკვაძემ ნოდარ მდივანს უთხრა:
– სულ მალე ყველაფერს შეიტყობ. ახლა კი შენს დას გაგაცნობ.
 ბიჭმა კაპიტანს გაოცებული მზერა ესროლა და მიუგო:
– მე და არ მყავს.
– გყავს. შენს დასაც ჰგონია, რომ ძმა არ ჰყავს. ერთი სიტყვით, მე მიყურე და ნახავ, – უთხრა ვასომ ბიჭს. შემდეგ კი ხმამაღლა დაიძახა!
კარი გაიღო და ვასო ჩხიკვაძის კაბინეტში თინა და ნუციკო შემოვიდნენ.
– დასხედით, – ვასომ ახალმოსულებს სკამებზე მიუთითა.
– ვასიკო, რა ხდება? – ჰკითხა მეუღლეს თინამ. ვასომ კი მიუგო:
– თინიკო, ძვირფასო, ნუციკოსა და ამ ბიჭს კარგად დააკვირდი და მითხარი, რას ამჩნევ?
თინა ყურადღებით დააკვირდა ახალგაზრდებს. შემდეგ მეუღლეს მიუბრუნდა და უთხრა:
– შენ გინდა თქვა, რომ...
– თინიკო, – ვასომ სიტყვა გააწყვეტინა ცოლს, – მიპასუხე, რას ამჩნევ და დასკვნები შემდეგ გამოვიტანოთ ოთხივემ. აბა, მიდი!
გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3